„ჩვენი ტყეები დასუსტებულია და ამიტომაც უამრავი მავნებელი ეტანება“

„ჩვენი ტყეები დასუსტებულია და ამიტომაც უამრავი მავნებელი ეტანება“

გასულ საუკუნეებში მავნებლები საქართველოში ასე არ იყვნენ გავრცელებულნი და არც დიდი სამეუნეო ზიანი მოუტანიათ. ახლა კი ახალი სახეობის მწერები უტევენ საქართველოს ტყეებს.

ამის მიზეზი ისაა, რომ ჩვენი ტყეები დასუსტებულია და ვეღარ უმკლავდება მავნებლებს. ამიტომაც ჩინეთ-იაპონია-კორეიდან შემოჭრილ აზიურ ფაროსანაზე რომ არაფერი ვთქვათ, ჩვენს ხეებს პერიოდულად ემტერებიან ახალი ინვაზიური მავნებლები.

ახალი მავნებლების შესახებ For.ge აგრარული უნივერსიტეტის სატყეო ინსტიტუტის ტყის დაცვის განყოფილების უფროსს, დოქტორ არჩილ სუპატაშვილს ესაუბრა.

წინა საუკუნეებში საქართველოში მავნებლები ასე არ იყვნენ გავრცელებულნი. ამჯერად რამ გამოიწვია მათი მოძალება?

- ეს იმითაც აიხსნება, რომ კარანტინი გაუქმდა და, რაც უნდათ, ის შემოაქვთ. კონტროლი ნაკლებია. თუმცა მავნებლების მატება მარტო ამითაც არ აიხსნება. ამ ყველაფერს კლიმატური პირობებიც განაპირობებს. კლიმატი ჩვენთანაც შეიცვალა. მაგალითად, ბზის ალურა საშიში მავნებელია. ალურას გამო უნიკალური ჯიშის კოლხური ბზა ფაქტობრივად განადგურების პირას იყო. ეს აგრესიული მავნებელი საქართველოში გავრცელებული კოლხური ბზის ენდემურ ჯიშს საფრთხეს უქმნიდა.

ამ ორიოდე წლის წინ ბზის ალურას წინააღმდეგ დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორია თერმული ნისლის ტექნოლოგიითა და შესხურებით დამუშავდა, რაც გარემოსთვის უსაფრთხოდ მიიჩნეოდა.

- დიახ, თანაც, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტრადიციულად ჩვენ აღვნიშნავთ ბზობას და ბზობის დღესასწაულზე თბილისში შემოტანილ ბზის ტოტებსაც შემოჰყვებოდა ეს მავნებელი, რაც საფრთხეს უქმნიდა აღმოსავლეთ საქართველოში არსებულ ბზის კორომებსაც და სხვა მცენარეებსაც. ბზის ალურას პეპელა იკვებება ბზის ფოთლებითა და ახალგაზრდა ყლორტებით, ზოგჯერ ქერქითაც. სხვათა შორის, ეს იტალიური მავნებელი 2012 წელს სოჭის ოლიმპიური სოფლის გასამწვანებლად შემოტანილ ბზის სარგავ მასალას შემოჰყვა. 2014 წლიდან ბზის ალურა საქართველოში აფხაზეთის გავლით გავრცელდა და მოკლე დროის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში განადგურების პირას მიიყვანა ეს უძვირფასესი მცენარე-ბზა.

ცნობილია კიდევ ექვსკბილა ქერქიჭამია, ეს მავნებელი ბუნებაში ისედაც არსებობდა, მაგრამ ექვსკბილა ქერქიჭამიამ 1941-45 წლებში საირმეში გაახმო მილიონნახევარი კუბამეტრი ხე. ძალიან გამრავლდა და საირმის სატყეო მეურნეობაში ერთ ადგილს დაარქვეს წითელი მინდორი, რადგან ამ ექვსკბილა ქერქიჭამიამ წითლად გაახმო ნაძვნარი. დღესაც წითელი მინდორი ჰქვია იმ ადგილს, რადგან ხე რომ გახმა, წითელი ადგილი დარჩა. მას შემდეგ ქერქიჭამია ასე მასიურად არ გავრცელებულა. სამამულო ომის შემდგომ პერიოდში ქერქიჭამიასთან ბრძოლის მიზნით ხეები მოჭრეს, გაქერქეს. ახლაც არსებობს ქერქიჭამია ბუნებაში, ჩვენს ტყეებში, მაგრამ ჯერ დასაშვებ რაოდენობას არ არის გადაცილებული. თუმცა მოსალოდნელია, ესეც გამრავლდეს. სხვათა შორის, ამ მავნებლისგან დასაცავად მეტყევეები საჭერ ხეებს ვიყენებდით, შემოვკოდავდით ამ ხეებს, ფიზიკურად ვასუსტებდით, ზედ სახლდებოდა ათასობით ქერქიჭამია, რომელთაც მერე ვანადგურებდით. ხეებზე შესხურებებიც კეთდებოდა, ვიყენებდით, ასევე, სასარგებლო მწერებს ამ მავნებლების წინააღმდეგ.

მოგვიანებით უკვე ლაფნიჭამია აბობოქრდა, რომელიც მანამდე არც ყოფილა ჩვენთან. ლაფნიჭამია ლიტერატურაშიც არ არის. თუმცა გლობალური დათბობა რომ დაიწყო, ხეები დასუსტდა. როგორც კი ხეები დასუსტდება, იმ წუთასვე მავნებელი ეცემა ზედ. ლაფნიჭამიამ ნაძვის ტყეები დაასუსტა, ხეები რომ დასუსტდა, მერე ამ დასუსტებულ ხეებზე წამოვიდა მბეჭდავი ქერქიჭამია. ახლა არის მბეჭდავი ქერქიჭამიის პრობლემა. თუ ადრე ჩვენ ხელოვნურად ვასუსტებდით ხეებს და იმას ესეოდა მბეჭდავი ქერქიჭამია, ახლა ლაფნიჭამიით დასუსტებულ ხეებზე აბობოქრდა მბეჭდავი ქერქიჭამია. არსებობს ექვსკბილა ქერქიჭამია, მბეჭდავი ქერქიჭამია, ნაძვის დიდი ლაფნიჭამია, კენწეროს ქერქიჭამია. ეს მავნებლები წიწვოვანებზე, ნაძვებზე ბინადრობენ. პრობლემას ქმნის ის, რომ ლაფნიჭამიები ნაყოფიერდებიან ხის ქერქის ქვეშ და გარეთ რომ გამოვლენ, მამლების დაჭერა და განადგურება საქმეს აღარ შველის, რადგან შიგნით უკვე ხდება განაყოფიერება და დედალი 250 ცალ კვერცხს დებს.

ისედაც დასუსტებულ ჩვენს ტყეებს ხან ხანძარი უტევს, ხან მავნებლები უტევენ. ფაქტია, ჩვენ ვერც გლობალურ დათბობას შევაჩერებთ. გამოდის, ხეების მავნებლების წინაშე უძლურია ჩვენი ქვეყანა?

- მსოფლიოში გლობალური დათბობის პროცესი მიმდინარეობს და ამას ვერაფერს ვუშველით. მთავარია, ხელი შევუწყოთ ამ მავნებლების ბიოლოგიურ მტრებს. ბიოლოგიურ მტრებს არც შესხურება სჭირდებათ, არც ბრძოლის განსაკუთრებული მეთოდი. ეს ბიოლოგიური მტრები თავად აგნებენ თავიანთ საჭმელს, ანუ ამ შემთხვევაში, ჩვენი გარემოსთვის საშიშ მავნებლებს. თანაც, ეს ბიოლოგიური მტრები ფუტკრებს არ ერჩიან, მხოლოდ მავნებლის ბაზაზე იზრდებიან და საზრდოობენ. დღევანდელ დღეს ჭადრის ბაღლინჯოს პრობლემაცაა, რასაც ფრანგები ჭადრის ვეფხვს უწოდებენ. ჭადრის ბაღლინჯო მწუწნავია, ჩაასობს ფოთოლს თავის წვეტიან ნექტარს და იქიდან წვენით იკვებება. მერე თავის სპეციალურ წვენს უშვებს შიგნით ფოთოლში, რის შემდეგაც ქლოროზი ვითარდება, ყვითლდება და ხმება ფოთოლი.

ჭადრის ბაღლინჯო ჩვენთან კრასნოდარიდან, შავი ზღვისპირეთიდან შემოვიდა. ეს მავნებელი ჩვენთან მანამდე არ იყო. ზუგდიდში ვნახე პირველად. სხვათა შორის, მოსკოვიდან დამირეკეს, კრასნოდარიდან წამოვიდა და თქვენთან მალე გამოჩნდებაო. დავიჭირე კიდეც. ერთი წელიწადი მოუნდა წიფის გვირაბამდე მოსვლას, მერე უკვე წიფის გვირაბის იქითაც გადავიდა აღმოსავლეთ საქართველოში, შემდეგ გადავიდა ბათუმში და იქიდან თურქეთს „ეწვია“. მასთან ბრძოლა ძალიან რთულია, რადგან, მოგეხენებათ, ჭადრის ხეები მაღალია და იმ სიმაღლეზე ყველგან ვერ მიწვდები ჭადრის ბაღლინჯოს. თანაც, ისინი ფოთლის ქვეშ იყრიან თავს და ზევიდან რომ ასხურებ, ფოთლის ქვეშ იმალებიან. ამიტომაც მათი ბიოლოგიური მტრები უნდა გავამრავლოთ და ამ მტრებმა უნდა შეჭამონ ჭადრის ბაღლინჯოები.