საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით „გირგვლიანის შესწორებების“ საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში, სისხლის სამართლის კოდექსის 12 მუხლში ცვლილებება შევა და აგრეთვე, კოდექსს 2 ახალი მუხლი დაემატება, რომელთაგან ერთი შეეხება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ თანამდებობრივი უფლებამოსილებით ან მდგომარეობით ბოროტად სარგებლობას, მეორე კი, ამ პირების მიერ უკანონო ბრძანების ან დავალების გაცემას.
წარმოდგენილი ცვლილებები ასევე ეხება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებაში უკანონო ჩარევას გამომძიებლის, პროკურორის, ადვოკატის, მოსამართლის, ნაფიცი მსაჯულის საქმიანობაში ხელის შეშლას და აგრეთვე - ქმედებებს, რომლებიც ითვალისწინებენ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენის შესახებ ბრძანების ან დავალების გაცემას.
პასუხისმგებლობა მკაცრდება იმ პირთა მიმართაც, რომლებიც ასეთ ბრძანებას ან დავალებას შეასრულებენ. აღნიშნული სახის ცვლილებით სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ გაცემული დანაშაულებრივი ბრძანების ან დავალების შესრულება დამამძიმებელ გარემოებად შეერაცხება შემსრულებელს. გარდა ამისა, შესწორებების ერთ-ერთი მიზანი იქნება გირგვლიანის საქმეზე ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულება.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის განცხადებით, „გირგვლიანის შესწორებებით“ მმართველი გუნდი ხაზს უსვამს იმ მიზანს, რომ ვერც ერთმა ხელისუფალმა ვერ შეძლოს ყველაზე მნიშვნელოვანის, ადამიანის ღირსების ხელყოფა მომავალში. მისი თქმით, აუცილებელია, რომ საკანონმდებლო დონეზე გამოხატოს ქვეყანამ პოლიტიკური ნება ქართული საზოგადოებისა, უმკაცრესად დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც თეორიულად გაბედავენ და მსგავს ქმედებას ჩაიდენენ.
„ღირსება, რომელიც ჩვენ საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში ადამიანის უფლებების თავში პირველ ადგილზე განვსაზღვრეთ, არის ჩვენი პოლიტიკის ქვაკუთხედი და ყველა დემოკრატიული საზოგადოების აუცილებელი შემადგენელი. სამწუხაროდ, არც თუ ისე შორეულ წარსულში, როდესაც სახელმწიფო არათუ იცავდა ამ უფლებას, არამედ თავად გვევლინებოდა მის უპირველეს ხელმყოფად, სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესმა თანამდებობის პირებმა შეიწირეს ახალგაზრდა ადამიანი. მისი სიცოცხლის მოსპობა მოხდა სასტიკი მეთოდებით და ამ დანაშაულის დაფარვაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები, სახელმწიფო ხელისუფლების სამივე შტო, რაც სტრასბურგის სასამართლომაც დაადასტურა“, - აცხადებს სოფიო კილაძე.
როგორც დეპუტატი აცხადებს, ეს არის კონკრეტული, რეზონანსული მაგალითი იმისა, როგორ არ უნდა მოექცეს სახელმწიფო ადამიანს, როგორც ობიექტს.
„სამწუხაროდ, ის არ იყო არც პირველი და არც უკანასკნელი მსხვერპლი იმ განუკითხაობისა, რომელიც ანადგურებდა ადამიანებს, ეპყრობოდა მათ არასათანადოდ. ასეთ სისტემურ დარღვევებს სჭირდება სისტემური პასუხი. ამდენად, ვფიქრობთ აუცილებელია, რომ საკანონმდებლო დონეზე გამოხატოს ქვეყანამ პოლიტიკური ნება ქართული საზოგადოებისა, უმკაცრესად დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც თეორიულად გაბედავენ და მსგავს ქმედებას ჩაიდენენ“, -განაცხადა სოფიო კილაძემ.
„ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებას“ სანდრო გირგვლიანის სახელის გამოყენება პოლიტიკური ქულების დასაწერად სჭირდება. დეპუტატის თქმით, არ შეიძლება გირგვლიანის სახელის დარქმევა საკანონმდებლო ცვლილებისთვის და მისი სახელის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის.
„ევროპული საქართველოსთვის“ კატეგორიულად მიუღებელია პოლიტიკური ქულების დასაწერად, ტრაგიკულად გადაცვლილი ადამიანის სახელის გამოყენება. „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ფარისევლობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ მიუხედავად, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებისა, არც ერთი ფიგურანტის, ვინც მერაბიშვილის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა, ფარცხალაძე, სუბარი და ღარიბაშვილი, რომელთაც დანაშაული დაფარეს და ჩაფარცხეს, გამოძიება არ მიმდინარეობს.
ამიტომ „ქართულ ოცნებას“ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ კანონის უზენაესობის მიდგომა კი არ აქვს, არამედ პოლიტიკური ქულების დაწერა უნდა და ხშირად გამეორება გირგვლიანის გვარის, რაც დაუსრულებელი პოლიტიკური სპეკულაციის მცდელობაა. არ შეიძლება გირგვლიანის სახელის დარქმევა საკანონმდებლო ცვლილებისთვის და მისი სახელის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია პოლიტიკური ნების არსებობა, რომ კანონდარღვევის ყველა შემთხვევა, მათ შორის სასამართლოზე ზეწოლა და თანამდებობის ბოროტად გამოყენება თუ სხვა, დასჯილი იყოს.
„დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, როდესაც არაერთი საქმე დაგროვდა, პოლიციის მიერ ძალის გადამეტება, სხვადასხვა დანაშაულებები რჩება დაუსჯელი, მაშინ, როდესაც მურუსიძე დაინიშნა უვადოდ სასამართლოში, მე არ ვფიქრობ, რომ ეს ცვლილებები რეალურად რაიმე შედეგს მოიტანს, რადგან შესაბამის პოლიტიკური ნება კანონის აღსრულების არ არსებობს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.