„მგონია, ოსურ მხარეს სურდა კვალის დაფარვა და რუსეთმა ხელი დააფარა“

„მგონია, ოსურ მხარეს სურდა კვალის დაფარვა და რუსეთმა ხელი დააფარა“

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს გარდაცვლავებიდან თითქმის ერთი თვის თავზე გადმოეცა - ქართული ხელისუფლება ყველა დონეზე ცდილობდა, ცხედარი ოჯახს გადასცემოდა, თუმცა მოხდა ისე, როგორი ვარაუდიც არსებობდა თბილისში და ეს დაემთხვა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებას.

სწორედ ამიტომ, საინტერესოა, რა გახდა ზემოქმედების ბერკეტი და ეს ის კითხვაა, რომელიც რუსეთთან მიმართებაში დიდი ხანია აქტუალურია არა მხოლოდ საქართველოში - საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობამ შეასრულა თავისი როლი თუ რუსეთმა კიდევ ერთხელ გამოიყენა შანსი და გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ მისი პოლიტიკური ნება არის გადამწყვეტი და მასზე ზემოქმედების ბერკეტი მსოფლიოს არ გააჩნია.

ექსპერტები თვლიან, რომ მოხდა ისე, როგორც ჩათვალა რუსეთმა საჭიროდ, თუმცა თავისი როლი შეასრულა საქართველოს ხელისუფლებამაც და საერთაშორისო თანამეგობრობამაც.

ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ვიდრე ქართული ექსპერტიზის დასკვნა არ მომზადდება, ძნელია იმისი განსაზღვრა, თუ რა აღმოჩნდა გადამწყვეტი.

„თუ გარდაცვალება გამოწვეული იყო წამებით, არაადამიანური მოპყრობით, გამოდის, რომ მეორე მხარეს ჰქონდა დროის პრობლემა და სპეციალურად გაწელეს დრო, რათა გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენა ქართულ მხარეს ვერ შეძლებოდა, ან გაძნელებოდა“,- მიიჩნევს ვახტანგ ძაბირაძე.

მისივე აზრით, შესაძლოა მიზეზი სხვა რამეც ყოფილიყო, მაგალითად - ძალის დემონსტრირება.

„არის მესამე ვერსიაც - შესაძლოა, ცდილობდნენ პროვოკაცია მოეწყოთ, რადგან ამას მოჰყვა აღშფოთება ქართული მხარისგან - თავის დროზე, სწორედ მსგავსმა ფაქტებმა გამოიწვია კონფლიქტები და დაძაბულობები“, - აცხადებს ძაბირაძე.

მისი შეფასებით საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან კარგად იმუშავა, თუმცა გადამწვეტი მაინც ალბათ, საერთაშორისო საზოგადოების ჩართვაა, რომლის ორგანიზებაც საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა.

„შექმნილმა ფონმა, სავარაუდოდ, ალბათ, რუსეთიც შეაწუხა, რადგან საკმაოდ არასახარბიელო სახით გამოჩნდა მსოფლიოს წინაშე“,- თვლის ძაბირაძე.

ექსპერეტი, მამუკა არეშიძე აღნიშნავს, რომ ადრე თუ გვიან, მაინც უნდა დაებრუნებინათ, მაგრამ ეს იყო კონსოლიდირებული ძალისხმევის შედეგიც და დაკავშირებული იყო რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებთანაც.

„ცხედარი ისე იყო დამახინჯებული, მოსკოვს არ სურდა, რომ მათ ხელქვეითთა არასწორი ქმედება მსოფლიო საზოგადოების მსჯელობის საგანი გამხდარიყო. საბოლოოდ, კი შეიძლება, ყველა ამ კომპონენტის გაერეთიანებას, იგივე, საერთაშორისო წითელ ჯვარს, მსოფლიო ლიდერებს, ეკლესიას დიდი როლი მიუძღვით“,- აცხადებს არეშიძე.

ექსპერტი, სოსო ცინცაძე თვლის, რომ გადამწყვეტი როლი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებმა შეასრულა, რადგან ცხედრის გადმოცემა მოხდა არჩევნების მეორე დღეს და ასე ვთქვათ, რუსეთმა ამისთვისაც მოიცალა.

„გარდა ამისა, საქართველოს დაუმტკიცეს, რომ რუსეთისათვის არაფერს ნიშნავს არც ამერიკის ელჩის, არც სახელმწიფო დეპარტამენტის ან ევროკავშირის და ევროსაბჭოს განცხადებები, რომ რუსეთზე ზეწოლა არ შეიძლება და ეს მეთოდი არაეფექტურია, ამისი დამტკიცება უნდოდათ და არჩევნების შედეგებიც ამაზე მეტყველებს“, - აცხადებს ცინცაძე.

ექსპერტისთვის გაუგებარია, რატომ მოხდა ასე, რომ როდესაც რუსეთი იზოლაციაშია და თითქმის აღარავინ აღარ ელაპარაკება, ამ დროს რეკორდული რაოდენობის ხმებს იღებს პუტინი. როგორც სოსო ცინცაძე თვლის, ჩანს, პუტინმა შეძლო, რუსებისთვის იმის დამტკიცება, რომ ერთი სახელმწიფო, ანუ რუსეთი წინ აღუდგა მთელ მსოფლიოს.

მოლაპარაკებები ცხედრის გადოცემის თაობაზე მიმდინარეობდა ყველა დონეზე და მასში აქტიურად იყო ჩართული საქართელოს ეკლესია. იმედიც გაჩნდა, რომ რაკი რუსული ეკლესია დიდი დოზით არის წარმოდგენილი პოლიტიკაში, შესაძლებელი გახდებოდა, მოვლენებზე ზემოქმედება, თუმცა, როგორც ჩანს, ესეც ვერ მოხერხდა. სავარაუდოდ, მთელ ამ პროცესს იმაზე მეტი პოლიტიკური დატვირთვა გააჩნდა რუსეთისთვის, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა.

ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ თუ მიზანი პროვოცირება იყო, შესაძლებელია, დროის გაწელვა რუსულ ინტერესში ყოფილიყო, მაგრამ თუ მიზანი კვალის, ანუ დანაშაულის დაფარვა გახლდათ, მაშინ უშუალოდ მისი ინტერესი არ უნდა ყოფილიყო.

„მაინც მგონია, რომ ოსურ მხარეს სურდა კვალის დაფარვა და რუსეთმა ხელი დააფარა“,- თვლის ძაბირაძე.

როგორც სოსო ცინცაძე აღნიშნავს, გადმოცემის დაჩქარება რუსეთის ეკლესიაზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, ან მას ჰქონოდა იმ დონის გავლენა, რომ მისი აზრი გაეთვალისწინებინათ პოლიტიკურ წრეებს, ცხედარი დიდი ხნის გადმოცემული იქნებოდა.

„ცუდი პერიოდიც დაემთხვა, რადგან ყველა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებით იყო დაკავებული. რამდენადაც ცნობილია, რუსულ დასკვნაში ნათქვამია, რომ გულის უკმარისიობამ გამოიწვია გარდაცვალება, მაგრამ აღნიშნულია, რომ არსებობდა დაზიანებები. ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელია, სამომავლოდ, დასახელდეს დაკავების დროს წინააღმდეგობის გაწევა და ა.შ. ანუ რუსეთმა სალაპარაკო სივრცე დაიტოვა“,- აცხადებს სოსო ცინცაძე.

ცინცაძე თვლის, რომ თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რათა პროცესი დაჩქარებულიყო, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენს ხელისუფლებას ბევრი არაფერი შეუძლია.

„თუ მკაცრები ვიქნებით შეფასებაში, შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენს ხელისუფლებას თითქმის არაფერი არ შეუძლია, რადგან თავისი გასაჭირი აქვს ევროპასაც და ამერიკასაც. ჩვენი მოქალაქე იყო და ჩვენ ვიყავით გადმოცემის ვადებით დაინტერესებული, თუმცა უცხოეთისთვის ამას ნაკლებად აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. იყო შეშფოთება, მაგრამ ამის გამო რუსეთისთვის სანქციები ჯერ არავის დაუწესებია“,- თვლის ცინცაძე.

პოლტოლოგის შეფასებით, მოსკოვმა კიდევ ერთხელ დაუმტკიცა თბილისს, რომ მასზე კონფრონტაციული რეჟიმი არ მოქმედებს.

„დასავლეთის კონფრონტაციულ რეჟიმს მიუძღვის დიდი წვლილი იმაში, რომ პუტინმა არჩევნებში ლამის 100%-ით გაიმარჯვა. როგორც ჩანს, მოსწონთ რუსებს, რომ პუტინი მზად არის, აღუდგეს ნახევარ მსოფლიოს“,- თვლის სოსო ცინცაძე.

სავარაუდოდ, ორი კვირის შემდეგ ქართული ექსპერტიზა დადებს მეტ-ნაკლებად ზუსტ საექსპერტო დასკვნას, თუმცა თუ დადასტურდა, რომ ძალადობრივ სიკვდილს ჰქონდა ადგილი, ეს რამდენად მისცემს საქართველოს, სხვა ტონით დაელაპარაკოს მეორე მხარეს, ძნელი სათქმელია. ექსპერტები თვლიან, რომ ეს ბევრს არაფერს შეცვლის.

ვახტანგ ძაბირაძის აზრით, სამწუხარო რეალობაა, რომ საქართველოს იმაზე მეტი, რასაც აკეთებს, სხვა არაფრის გაკეთება არ შეუძლია, რადგან არ ცნობს იურიდიულ სტატუსს, საერთაშორისო მექანიზმები იქ არ მოქმედებს და ქართული მხარე დიდი ხანია ითხოვს, დამკვირვებლების შეყვანას, რასაც მეორე მხარე არ თანხმდება.

„გარდა ამ ქმედებებისა, არაფერი შეგვიძლია. მალე, მიიღებენ რეზოლუციასაც, სადაც რუსეთის ქმედებებზეც არის საუბარი და ამაზე მეტი ამ ეტაპზე ჩვენ სამწუხაროდ, არაფერი შეგვიძლია“,- აცხადებს ძაბირაძე.

მისივე აზრით, შედეგი დამოკიდებულია დროზე - ამას ითვალისწინებს ჟენევის ფორმატიც.

„ვიცით, ვინ არის ოთხოზორიას მკვლელი, ვიცით, სადაც იმყოფება, მაგრამ არ გვაქვს მისი გასამართლების ბერკეტები - ასეთი რეალობაა და ამ რეალობიდან გამოსავალი არ არსებობს, ისევ იმ ველში უნდა დავრჩეთ, სადაც ვართ - ეს არის არაღიარების პოლიტიკა და საერთაშორისო საზოგადოების მუდმივი ჩართულობა“,- აცხადებს ძაბირაძე.

მამუკა არეშიძის შეფასებით, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ასეთი ფორმულა გამოდის:

„რუსეთის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებმა სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში, ჟენევის ფორმატის არსებობის პირობებში, დააკავეს ადამიანი, რომელზეც ეჭვი მიიტანეს, რომ იყო დივერსანტი, წამებით მოკლეს და გვამი დამალეს. აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებას აქვს უზარმაზარი კოზირი, რომ საერთაშორისო ასპარეზზე სერიოზული ზეწოლა განახორციელოს რუსეთზე.

ეს პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება გამოიყენებს ამას თუ არა, ეს სხვა საკითხია. სამაგიეროდ, საერთაშორისო საზოგადოება ამას აუცილებლად გამოიყენებს.

ვიცი შემთხვევები, როდესაც სულ არ იდგა საქართველოს საკითხი და ისე გამოუყენებიათ საქრთველოს წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებები საერთაშორისო მოლაპარაკებების დროს რუსეთის წინააღმდეგ. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა სულ ახლახანს იყო, როდესაც დასჭირდა დიდ ბრიტანეთს, უცებ გაახსენდა საქართველო. აქამდე უკრაინა იყო წინა პლანზე და საქრთველო არ ჩანდა, დასჭირდა ტერეზა მეის და გაახსენდა საქართველოც. ხშირ შემთხვევაში საქართველო ვაჭრობის საგანია დიდი პოლიტიკური შეჯახებების დროს, სხვადასხვა დონეზე, ფორმატით და შინაარსით“,- მიიჩნევს მამუკა არეშიძე.

როგორც სოსო ცინცაძე თვლის, ძალადობით სიკვდილი რომ დადასტურდეს, სულ ცოტა, ცეცხლსასროლი იარაღის კვალი უნდა დადადტურდეს, რადგან სხვა შემთხვევაში იქნება რუსული დასკვნა - ქართული დასკვნის წინააღმდეგ.

„შეიძლება იყოს განცხადებები, მაგრამ ყველაზე კარგი ტესტია, შევხედოთ, რამდენად გაიზიარებს თბილისის სანქციებს საერთაშორისო საზოგადოება“,- აცხადებს სოსო ცინცაძე.

მისი შეფასებით, ოთხოზორიას მკვლელს ისედაც დაიჭერენ თუ საქართველოში ჩამოვა და არც საბანკო ანგარიშები შეიძლება ჰქონდეთ ოს ლიდერებს ევროპაში, მაგრამ თუ ეცოდინებათ, რომ ვერასოდეს ვეღარ ჩავლენ ევროპასა და ამერიკაში, ეს უკვე ქმედით ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს და დიკომფორტი შეექმნათ.

თუმცა ცინცაძე მიიჩნევს, რომ ქართულ მხარეს, ყოველ შემთხვევაში, მმართველ გუნდს, დიდი იმედი არ უნდა ჰქონდეს საერთაშორისო მხარდაჭერის და ამ ვარაუდს ხელისუფლების ზედმეტი სიფრთხილე უჩენს.

გარდა ამისა, ცინცაძე ფიქრობს, რომ ევროპელ ბიზნესმენებსაც დისკომფორტს უქმნის რუსეთითვის უკვე დაწესებული სანქციები და შეიძლება ითქვას, ძლივს აკავებენ მათ ევროპელი ლიდერები. ცინცაძის აზრით, შესაძლოა, სწორედ ამიტომ, დასავლეთის ინტერესში ნაკლებად იყოს სანქციების დამატებით გამკაცრება.

„გერმანიამ საჯაროდაც განაცხადა, რომ მისი სანქციების მოტივაცია არის უკრაინა და მინსკის შეთანხმება. საქართველო გახდება კიდევ ერთი მოტივაცია? - ეს არის საკითხავი“,- აცხადებს სოსო ცისცაძე.

მამუკა არეშიძე თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლება იყო საკმაოდ აქტიური და საკუთარ თავსაც კი გადააჭარბა. რეზოლუციის მიღებაც საკმაოდ საინტერესო პროცესია, თუმცა ექსპერტი ეჭვობს, რომ თუ სასანქციო სიებში მოხვდება რუსული მხარე, მოსალოდნელი იქნება საპასუხო რეაქცია რუსეთის მხრიდან.

მისთვის ასევე გაუგებარია, რატომ ხდება ამ რეზოლუციის მიღება ჟენევის შეხვედრის წინ.

„სავარაუდოდ, მოსალოდნელია, ჟენევის შეხვედრის დროს დეკლარაციის მიღების საკითხი დადგეს. წინააღმდეგი ვარ ნებისმირი ხელშეკრულებისა სეპარატისტულ მთავრობებთან, თუმცა დეკლარაციის დონეზე შეიძლება ლაპარაკი - გარღვევაც კი იქნებოდა სამშვიდობო მოლაპარაკების ფარგლებში.

ამას თუ წინ უძღვის რეზოლუცია, რომელსაც თან ერთვის სია, შესაძლოა კონტრეფექტურიც კი აღმოჩნდეს. რუსეთის გაღიზიანებას არავინ არაფრად დაგიდევთ, მაგრამ მე მაღელვებს რუსეთის საპასუხო სია - არ არის გამორიცხული მასში მოხვდნენ ადამიანები, რომლებიც 2008 წლის კონფლიქტში იღებდნენ მონაწილეობას, ან უარესი - მასში უკრაინაში მებრძოლი ჩვენი თანამემამულეები შეიყვანონ - ეს არის საფრთხილო“,- აცხადებს არეშიძე.

რაც შეეხება დასავლთს, მამუკა არეშიძე თვლის, რომ დასავლეთი ქართულ რეზოლუციას გაითვალისწინებს, მაგრამ მხოლოდ მაშინ ექნება სასანქციო სიის შედგენას აზრი, თუ ის მოიცავს მთელ სპექტრს საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ძალებისა და დამნაშავეევისა, სხვანაირად კი ამას აზრი არ ექნება.