საქართველოს მთავარი პროკურატურა მზად არის, არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის აღსრულებაში მაქსიმალურად ჩაერთოს. ასევე, სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზის შედეგების გაცნობის შემდეგ გადაწყდება, არის თუ არა ტატუნაშვილის საქმეში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვის აუცილებლობა.
მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, გამოძიება ღია და საჯარო.
„დანიშნულია ექსპერტიზა. რაც შეეხება საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობას ამ საქმეში, ამაზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შედეგების მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას - არის თუ არა საჭიროება ამ საქმეზე ჩატარდეს საერთაშორისო ექსპერტიზა. რა თქმა უნდა, გამოძიება იქნება სრულიად გამჭვირვალე. საზოგადოება სრულად იქნება ინფორმირებული გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების შესახებ და ასევე ოჯახს ექნება სრული წვდომა გამოძიების შედეგებზე“, - აცხადებს ირაკლი შოთაძე.
ექსპერტიზის პირველადი შედეგებით ცნობილია, რომ ტატუნაშვილი ნაწამებია. განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის სხეულზე, პრაქტიკულად, ნაწილი არ არის დარჩენილი, რომ წამების კვალი არ აღენიშნებოდეს. როგორც სუბარმა აღნიშნა, ის ექსპერტიზის დეტალების განხილვაში არ შევა და თუ საჭიროდ მიიჩნევენ, ოჯახის წევრები თავად გამოაქვეყნებენ ექსპერტიზის დასკვნას.
„მე არ ვილაპარაკებ გამოძიების და ექსპერტიზის დეტალებზე. პირველივე წუთებიდან ვთქვით, რომ ოჯახის მიერ ნდობაგამოცხადებული ექსპერტი სახელმწიფო ექსპერტებთან ერთად ესწრებოდა თითოეულ დეტალს, რაც ექსპერტიზას უკავშირდებოდა. ასე რომ, ოჯახი და ექსპერტი თვითონ გადაწყვეტენ, გამოაქვეყნონ ყველა ის დეტალი, რომელსაც ჩათვლიან, რომ გარკვეულ ეტაპზე ამის გამოქვეყნება და საზოგადოებამდე მიტანა არის მნიშვნელოვანი. ზოგადად, რა თქმა უნდა, ვიტყვი, რომ მიცვალებულს ძალიან სერიოზული წამების კვალი აღენიშნება. პრაქტიკულად, სხეულის ნაწილი არ არის დარჩენილი, რომ ეს კვალი არ აღენიშნებოდეს. ამაზე შორს მე ამ ეტაპზე აღარ წავალ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოდის ინიციატივით და თვლის, რომ არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას მკვლელობებთან დაკავშირებით საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი განაცხადი უნდა შეიტანოს. პრეზიდენტის პოზიცია ჟურნალისტებს საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა გააცნო.
„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი სამართლებრივი ტრიბუნა, რომლის გამოყენების შესაძლებლობა საქართველოს აქვს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ, ძალიან მაღალი ლეგიტიმაციის და ავტორიტეტის მქონე ორგანოს მიერ დადასტურდეს, რომ რუსეთი დე ფაქტო აფხაზეთისა და დე ფაქტო „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელია და სწორედ მას ეკისრება პასუხისმგებლობა ყველა უფლებადარღვევაზე, რომელსაც ამ ტერიტორიებზე აქვს ადგილი“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
მისი განცხადებით, როგორც წესი, გადაწყვეტილებას ამ საკითხთან მიმართებაში იღებს მთავრობა, სარჩელი კი, იუსტიციის სამინისტრომ უნდა მოამზადოს.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს საკითხი იქნება დასმული და განხილული, რადგან ჩვენ, როგორც სახელმწიფომ ეს ტრიბუნა და ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ დაისვას რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხი“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძეს განცხადებით, საქართველო მომავალშიც გააგრძელებს საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებას, რათა ყველამ აგოს პასუხი და, რა თქმა უნდა, რუსეთმა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს.
„რა თქმა უნდა, ჩვენ მოვითხოვთ, დაისაჯონ დამნაშავეები, როგორც არჩილ ტატუნაშვილის, ასევე გიგა ოთხოზორიას, დავით ბაშარულის და ყველა იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომელიც ჩადენილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას, განვიხილავთ ყველა მექანიზმს, რათა დამნაშავეებმა პასუხი აგონ“, - განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ ჯანელიძემ.
პრეზიდენტის ინიციატივის საპასუხოდ, უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ რეზოლუციის ტექსტში არის მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ ტატუნაშვილის საქმეზე უნდა მოხდეს ობიექტური გამოძიება და ეს უნდა უზრუნველყოს ქვეყანამ.
„ეს არის უპირველეს ყოვლისა ჩვენი ინტერესი, რომ სწორედ ჩვენმა შესაბამისმა ორგანოებმა უზრუნველყონ გამოძიება, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორების და ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით და მათი ჩართულობით. მე ვფიქრობ, ჩვენ ჯერ ჩვენი ქვეყნის ფარგლებში უნდა ვიმოქმედოთ, ჩვენი შესაბამისი ორგანოების საშუალებით განვახორციელოთ საგამოძიებო მოქმედებები და ამის შემდეგ შეგვიძლია ვიფიქროთ, ყველა სხვა დამატებით ღონისძიებაზე“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
ინიციატივას, რომელიც ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სახელმწიფოთაშორისი სარჩელის შეტანას გულისხმობს, მხარს უჭერს „ევროპული საქართველო“. სერგი კაპანაძე ამბობს, რომ ეს წინადადება თავდაპირველად არასამთავრობო სექტორის მხრიდან წამოვიდა და მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი მას მხარს უჭერს.
„თუ სახელმწიფო ამ ნაბიჯს გადადგამს, მხოლოდ მისასალმებელი იქნება. ბუნებრივია, ეს არ არის ნაბიჯი, რომელიც მყისიერ შედეგებს მოიტანს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, რუსეთის წინააღმდეგ სამართლებრივად საბრძოლველად, ისევე როგორც ჩვენი საერთაშორისო პოზიციების გასამაგრებლად და ამ კონკრეტულ შემთხვევაში დამნაშავეების დასასჯელად, უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.