ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებულ დაავადებათა სამკურნალოდ 120 მილიონი ლარი დაიხარჯა

ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებულ დაავადებათა სამკურნალოდ 120 მილიონი ლარი დაიხარჯა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ცნობით, 2016 წელს დახარჯული თანხის 60% თბილისის კლინიკებში გადაირიცხა. ეს იმით აიხსნება, რომ რეგიონების მოსახლეობის ნაწილი სამკურნალოდ დედაქალაქის საავადმყოფოებს მიმართავს, რაც რეგიონების კლინიკებში მიმართვიანობის პროცენტს ამცირებს.

აუდიტის სამსახურმა ჰაერის დაბინძურებით გამოწვეულ დაავადებათა შორის დაასახელა ასთმა, ბრონქების პრობლემები, ფილტვებისა და რესპირატორული დაავადებები, ხველება, ინტოქსიკაცია, ლიმფომა, ფილტვის კიბო, კარდიოვასკულარული დაავადება, ლეიკემია, ობსტრუქციული ქრონიკული დაავადება და სხვა.

კვლევის მიხედვით, დაავადებები ძირითადად განპირობებულია ურბანული დაბინძურებით, გაუმართავი ტრანსპორტით. საქართველოში რეგისტრირებულ ავტომობილთა 37% თავმოყრილია თბილისში. ამდენად, ჰაერის ძირითადი დამაბინძურებელია ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი, მრეწველობა, მეტალურგიული კომბინატები, ცემენტის ქარხნები, ქიმიური მრეწველობის ობიექტები, ძველ შენობათა დემონტაჟი, სამშენებლო ნორმების დაუცველობა, ბადეების უგულებელყოფა, ასევე, სოფლის მეურნეობის შხამ-ქიმიკატთა მოხმარება.

ამ ყველაფრის შედეგად კი გარემოში გაიფრქვა აზოტის დიოქსიდი (NO2), ნახშირორჟანგი (CO2), ნახშირჟანგი (CO), ოზონი (O3), მტვრის ნაწილაკები (PM2,5; PM10).

მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაცია „ეტიკის“ ხელმძღვანელი ამირან შენგელია For.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ რატომღაც 120 მილიონს ვხარჯავთ მკურნალობისთვის მაშინ, როცა უმჯობესია პრევენციულად ვიზრუნოთ გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. მისივე თქმით, წინასწარ პრობლემის აღკვეთა უფრო ადვილია, ვიდრე მისი მკურნალობა. ამიტომ ვინც გარემოს აბინძურებს, ის უნდა დაჯარიმდეს. მით უმეტეს, რომ ტექნოლოგია ვითარდება, საწარმოებს თავისუფლად შეუძლიათ, ფილტრები დაამონტაჟონ და ქიმიური ქარხნებიდან, ფაბრიკებიდან წამოსულმა მავნე ნივთიერებებმა გარემო არ დააბინძუროს.

„კომუნისტების დროს ათასი ფაბრიკა-ქარხანა მუშაობდა, მაინცდამაინც ფილტრები არ ეკეთათ, მაგრამ ასე დაბინძურებული ჰაერი არ იყო. დღეს კი გარემოს დაბინძურებაზე პასუხს არავინ აგებს. უფრო სწორად, ვერავინ აგებს პასუხს, რადგან ძალიან ძნელია, ვინმეს დაუმტკიცო, რომ მის მიერ შემოტანილი ცუდი ბენზინის გამონაბოლქვისგან ვიღაც დაავადდა. ამიტომ არასამთავრობოებმა ან კვლევითმა ლაბორატორიებმა უნდა დადონ ასეთი დასკვნები, რომ, მაგალითად, ადამიანების ამდენ პროცენტს დაუავადდა ფილტვები და ეს სწორედ ჰაერის დაბინძურების ბრალია. ეს ბრალეულობა სასამართლოშიც უნდა დაამტკიცონ.

საინტერესოა, სად მიდის სიგარეტის აქციზი? წესით, ის უნდა მიდიოდეს ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციაში, რადგან, ვინც სიგარეტს ეწევა, ზედმეტ გადასახადს იხდის მისგან მოწეული სიგარეტის კვამლისგან გამოწვეული ავადმყოფობის სამკურნალოდ. ნავთობის აქციზსაც რატომ იხდიან? ნავთობის სრული წვა რომ არ ხდება და მისი გამონაბოლქვი ფილტვების თუ სხვა დაავადების სამკურნალოდ უნდა მიემართებოდეს. ამისთვის უნდა იხარჯებოდეს აქციზებზე გადახდილი თანხები. მსოფლიოში ყველგან არის დაწესებული აქციზის გადასახადი. ადამიანი რატომ უნდა ავადმყოფობდეს სხვა ადამიანის მიერ დაშვებული შეცდომის გამო? ქორწილში ადამიანთა ჯგუფი რომ მოიწამლება, ძალიან ძნელი დასამტკიცებელია, რამ გამოიწვია მოწამვლა - ლიმონათმა, ხორცმა თუ თევზმა? იგივეა ესეც, უნდა გაირკვას, ადამიანები ჰაერმა მოწამლა თუ საჭმელმა? თავის მხრივ, ჰაერი რითია მოწამლული? მანქანებით თუ ქარხნების გამონაბოლქვით? ამიტომ კომპლექსური ღონისძიებები უნდა გატარდეს, ერთი კომპონენტის გამოსწორება საქმეს არ უშველის. ამისთვის სახელმწიფო მოთხოვნაც უნდა არსებობდეს, სურვილიც და ნებაც“, - აცხადებს ამირან შენგელია.

მისივე თქმით, საქართველოში იმდენი ქარხანა მაინც არც მუშაობს, რომ ქარხნებს დავაბრალოთ ჰაერის დაბინძურება. ამ ყველაფერში ძირითადად მაინც მანქანების გამონაბოლქვია დამნაშავე. დილით რომ ჰაერი სუფთაა, შუადღისას მომწამვლელია და არავინ ატარებს პრევენციულ ზომებს. ყველასთვის ნათელია, რომ ჩვენი ჰაერი დაბინძურებულია, ეს უამრავჯერ თქმულა, მაგრამ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჰაერი ცუდი არ იყოს?! სამწუხაროდ, ამას არავინ აქცევს ყურადღებას.

ამირან შენგელიას თქმით, თბილისში 340 ათასი მანქანა დადის, აქედან ნახევარზე მეტი ტექნიკურად გაუმართავია, სადაც ბენზინის წვა სრულყოფილად არ ხდება. თუმცა ამის გამო არავინ დაუსჯიათ.

„მეც მიჭირს, ვინმეს დავადო ხელი, რომ თბილისში ჰაერის დაბინძურება კონკრეტულად ამის და ამის ბრალია, რადგან ხვალ, ვთქვათ, ბენზინის გამყიდველი მოვა ჩემთან და მეტყვის, ჩემი ბრალია? უნდა გავჩუმდე, რადგან შესაძლოა, მანქანაში ჩასხმული ზეთი არ იყო ხარისხიანი და იმის ბრალი იყო ჰაერის დაბინძურება. გარდა ამისა, მეორადი ავტოსაბურავები შემოდის. მანქანა რომ მოძრაობს, ავტოსაბურავიც ბრუნავს და იფხვნება, ჰაერში კი ვრცელდება ამ მეორადი რეზინისაგან წამოსული მავნე ნივთიერება და უარყოფით ზეგავლენას ახდენს ფილტვებსა და სასუნთქ ორგანოებზე. ცხადია, ახალი რეზინა უფრი მდგრადია, ვიდრე მეორადი. რომელი ერთი პრობლემა ჩამოვთვალოთ. მანქანის ხუნდები, თუ კარგად არ არის გაკეთებული, აკეთებენ აზბესტისგან. შეხედავ ლამაზია, მაგრამ მალე ცვდება და ჰაერშიც გაიბნევა აზბესტი, ანუ ეს უხარისხო ხუნდებია“.

თსუ-ის პროფესორი, სურსათის ექსპერტი ეთერ სარჯველაძე აცხადებს, რომ ჩვენი ჰაერი დაბინძურებულია და, თუკი ამით გამოწვეული დაავადება აღმოჩნდა, ცხადია, დაავადებულ ადამიანს უნდა ვუმკურნალოთ. ამიტომაც დაიხარჯა მკურნალობაზე 120 მილიონი, რაც ცოტა არ არის. თუმცა პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს პროფილაქტიკა, რადგან პროფილაქტიკა ყველაზე კარგი დაზღვევაა დაავადების გაუვრცელებლობისთვის.

„უკვე დაწყებულია ავტოტრანსპორტის ტექნიკურ კონტროლზე საუბარი, რათა შემცირდეს გამონაბოლქვებიანი მანქანების რაოდენობა. არაეთილირებული ან გაუწმენდავი ბენზინი საშიშია, რადგან მასში ტყვიის რაოდენობა მეტია, რაც ჰაერშიც გამოიყოფა. მოგეხსენებათ, ტყვია მძიმე მეტალია, რომელიც ძალზე ცუდად მოქმედებს ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ამასთან ერთად სხვა ნივთიერებების კომპლექსიც ვრცელდება ჰაერში, რაც ჩვენი ჯანმრთელობისთვის არასასურველია. მთავარი დამაბინძურებელი ფაქტორი მაინც იაფად ნაყიდი მანქანებია, რომლებიც უცხოეთის ბაზრებზე ჩამოიწერა და აქ შემოვიდა. ასევე, საუბარია, ქარხნებზე, რომლებიც უფილტროდ უშვებენ მომწამვლელ ჰაერს გარემოში, რაც სასტიკად აკრძალულია“,-აღნიშნა ეთერ სარჯველაძემ For.ge-სთან საუბარში.