„რუსეთში ვინც აშკარად ჩადის, მეხუთე კოლონას არ წარმოადგენს, რადგან მეხუთე კოლონა ფარულად მუშაობს“

„რუსეთში ვინც აშკარად ჩადის, მეხუთე კოლონას არ წარმოადგენს, რადგან მეხუთე კოლონა ფარულად მუშაობს“

„ბალტიისპირეთში არ აღმოჩნდა არც ერთი ძალა, რომელიც რუსებთან მეგობრობაზე ალაპარაკდებოდა. რუსებმა იქ ინტერფრონტიც ვერ შექმნეს, განსხვავებით, საქართველოსგან, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პერიოდულად დაადგებიან ხოლმე ჩრდილოეთის გზას“, - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში.

თუ ვირწმუნებთ პრემიერის ნათქვამს, რომ საუბრისთვის რუსეთმა ღია სივრცე დატოვა, როგორი უნდა იყოს ჩვენი შემდგომი ნაბიჯები რუსული შემონათვალის შემდეგ?

ვახტანგ ძაბირაძე: ის, რომ რუსეთმა დატოვა ღია სივრცე, არც მეტი, არც ნაკლები, მხოლოდ დიპლომატიური ფრაზაა. უბრალოდ, ჩვენს პრემიერს რეაგირება უნდა მოეხდინა რუსეთისგან გამოგზავნილ პასუხზე, რაც სწორედ მისი განცხადების საპასუხოდ გაკეთდა რუსეთის მხრიდან. ამიტომაც პრემიერმა ეს არაფრისმთქმელი ფრაზა ჩადო თავის განცხადებაში. აქედან რაიმე სიკეთეს ჩვენ ვერ დაველოდებით და ეს არც იქნება სიკეთე. რეალურად, მთელი ამ 30-წლიანი დაპირისპირების განმავლობაში, რაც ჩვენსა და რუსეთს შორის ღია დაპირისპირება არსებობს, რუსეთს თავისი პოლიტიკა არ შეუცვლია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ხან ორი რუსეთი ვახსენეთ, ხან სამი და რა არ მოვიგონეთ.

ფაქტია, რომ ორივე მხრიდან იცვლებოდა რიტორიკა, იყო დათმობები, სნგ-შიც შევედით, გავაკეთეთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, მაგრამ რუსეთის პოლიტიკა ჩვენს მიმართ მაინც არ შეცვლილა. ეს პოლიტიკა უცვლელია დღესაც. პუტინი ცდილობს, აღადგინოს რუსეთის იმპერია საბჭოთა იმპერიის ფარგლებში. მან მშვენივრად იცის, რომ მთლიანად სოციალისტური სისტემის ფარგლებში რუსეთის გავლენის აღდგენა შეუძლებელი იქნება, რადგან გასულია ბალტიისპირეთიც, მაგრამ საბჭოთა კავშირის დანარჩენი ნაწილის აღდგენა და ერთიან სახელმწიფოდ ჩამოყალიბება რუსეთის სურვილია. ასეთი გადაწყვეტილების ფონზე არჩევანი ნამდვილად არ გვაქვს. ვერაფერს ვიზამთ, რადგან აქ ლაპარაკია იმაზე, რომ უარი უნდა ვთქვათ დამოუკიდებლობაზე. არც ნატოსთან კავშირი, არც ევროკავშირი არაფერ შუაშია. რეალური მიზანია საბჭოთა კავშირის აღდგენის სურვილი რუსეთის მხრიდან. ამან გამოიწვია აფხაზეთის კონფლიქტიც, ცხინვალის რეგიონის კონფლიქტიც, ყარაბაღიც, მოლდოვაც და უკრაინის კონფლიქტიც.

სიტუაცია ჩიხურია. ამდენად, შემდგომ ნაბიჯებს რუსეთთან ურთიერთობის დათბობისთვის არც უნდა ველოდოთ?
- სიტუაცია სულ ჩიხური იყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ რუსეთთან მოლაპარაკების ყველა საშუალება დავხუროთ. მუდმივად უნდა ვაწარმოოთ მოლაპარაკება. შეიძლება, მართლაც წყლის ნაყვა იყოს მთელი ეს მოლაპარაკება, მაგრამ მისი შენარჩუნება აუცილებელია იმ კონტექსტში, რაც წეღან ვახსენე. ხვალ და ზეგ შეიძლება დადგეს ეს საკითხი და ჩვენ ნულიდან არ უნდა დავიწყოთ ურთიერთობა. ჩვენ უნდა გვქონდეს ეს სივრცე, გნებავთ, ამას ფანჯარა დაარქვით. შედეგი აქედან ამ წუთში, დღესა და ხვალ არ იქნება, მაგრამ ეს ფანჯარა უნდა იყოს ღია, მუდმივად უნდა ვილაპარაკოთ. როცა მთლიანად რუსეთის პოლიტიკა შეიცვლება და სიტუაცია მომწიფდება, როგორც ეს 90-იან წლებში საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის მიმართ მოხდა, მაშინ ჩვენ უნდა გვქონდეს ურთიერთობები თუნდაც ღია ფანჯრის დონეზე.

აქ უნდა ვმოქმედებდეთ დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად. ოღონდ კიდევ ერთი მომენტია, ჩვენ არ უნდა ვიყოთ წამყვანი ამ დაპირისპირების ავანგარდში. უნდა გავაცნობიეროთ, რომ სულ სხვა როლი და ფუნქცია გვაკისრია. ჩვენ ნეიტრალიტეტში ვერ ვიქნებით და, ალბათ, არც უნდა ვიყოთ, მაგრამ არანაირი აგრესიული რიტორიკა გულის მოფხანის გარდა შედეგს ვერ მოგვიტანს. ამიტომ პრაგმატული პოლიტიკა უნდა გვქონდეს რუსეთთან და გვახსოვდეს, სანამ რუსეთი ჩვენთვის ოკუპანტად რჩება, ვინ უნდა ელაპარაკოს რუსეთს? ამ შემთხვევაში, პოლიტიკურ წრეებს ვგულისხმობ. პოლიტიკურ წრეებში კი ოკუპანტთან ლაპარაკის უფლება აქვს მხოლოდ ხელისუფლებას, არანაირი ოპოზიციური დიალოგები არ შეიძლება და არც უნდა არსებობდეს.

რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ საქართველოში მხოლოდ ის პოლიტიკური ძალები არსებობენ, რომლებიც რუსეთისგან ითხოვენ, უარი თქვას ჩვენი ტერიტორიების ანექსიაზე. ამაში უნდა დარწმუნდნენ რუსები, ისევე, როგორც თავის დროზე დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ბალტიისპირეთი ადრე თუ გვიან აუცილებლად მოწყდებოდა რუსულ ორბიტას. რუსებს ეს კი არ დასიზმრებიათ, არამედ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ასეთნაირად წარმართეს თავიანთი ურთიერთობა რუსეთთან.

თუმცა დასავლეთიც უფრო მეტად დაეხმარა ბალტიისპირელებს, ვიდრე საქართველოს, რომელსაც ძირითადად მხოლოდ სიტყვიერად ეხმარებიან.

- ჩვენს თავს თავად ავუტეხეთ უბედურება. იმდროინდელი ერთი ფრაგმენტი შემიძლია გავიხსენო. მაშინ, როდესაც ბალტიისპირეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა და, შესაბამისად, საბჭოთა კავშირმაც ეკონომიკური ბლოკადა გამოუცხადა ბალტიისპირეთს, მას მთელი მსოფლიო უკიჟინებდა, მოეხსნა ბლოკადა და აღედგინა ურთიერთობები ბალტიისპირეთთან. ასეთ დროს ჩვენ იმდენად „გვეყო ჭკუა“, რომ რუსეთის იმპერიას შევებრძოლეთ და სამტრედიაში გზები გადავკეტეთ, რათა მიწა არ გაეტანათ. თუკი კვლავაც ასეთ პოლიტიკას განვახორციელებთ, ბუნებრივია, რუსები ამას გამოიყენებენ. ასეთი სიბრიყვე აღარ უნდა გავაკეთოთ.

როცა ჩვენ დამოუკიდებლობამიღებულ ბალტიისპირეთს ვხედავდით, იმაზე ვკამათობდით, არჩევნების გზით შეიძლებოდა თუ არა დამოუკიდებლობის გამოცხადება და არჩევნებისვე გზით შეიძლებოდა თუ არა ხელისუფლებაში მოსვლა. სანამ ასეთ ელემენტარულ რაღაცებზე ვიკამათებთ, მანამდე რუსეთი ყოველთვის შეძლებს თავისი მიზნების განხორციელებას. ჩვენ რომ მაშინ სხვანაირად მოვქცეულიყავით, სრულიად სხვა რეალობა, სხვაგვარი ვითარება იყო და სხვაგვარ შედეგსაც მივიღებით, მაგრამ მოვახერხეთ ის, რაც მოვახერხეთ.

წარსული წარსულია, პრობლემა ის არის, რომ ახლაც ისევ არ მოვახერხოთ ასეთი რაღაცები. სწორედ ამ კონტექსტში ვამბობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა იმ პერიოდში ბალტიისპირეთში სახალხო ფრონტები და რაღაცები შექმნა, მან ესტონეთშიც კი ვერ შეძლო ინტერფრონტის შექმნა. ესტონეთს იმიტომ ვახსენებ, რომ ესტონეთში თითქმის 50% რუსულენოვანი მოსახლეობაა, რომელიც ომის შემდგომ ჩასახლდა. ჩვენთან კი ინტერფრონტების შექმნა რუსეთმა მოახერხა უმტკივნეულოდ, წარმატებით, კონფლიქტის გაჩაღებით და ათასი რამეებით. ჩვენ ასეთები ვართ, საკუთარ შეცდომებზე ამიერიდან მაინც ვისწავლოთ. როცა ამას მოვახერხებთ, მაშინ შევძლებთ, რეალურად მოვწყდეთ რუსულ პოლიტიკურ ორბიტას. თორემ სამეზობლო, ეკონომიკური და ყველანაირი სხვა ურთიერთობა, რა თქმა უნდა, რუსეთთან დარჩება. ჩვენ გვინდა რუსეთთან ურთიერთობა და ეს აუცილებელიცაა, მაგრამ, ამასთანავე, გვინდა, ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ და ჩვენს თავს თვითონვე მივხედოთ.

რუსებმა შემოგვთავაზეს, თავად მოველაპარაკოთ აფხაზებსა და ოსებს, მაგრამ ეს სივრცე რამდენადაა დახშული თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ აფხაზებსა და ოსებს ყოველთვის ექნებათ რუსეთის იმედი და რუსული ზურგი?

- დავიწყოთ იქიდან, რომ პრემიერის წერილში არ იყო ნახსენები აფხაზეთი, როგორც სახელმწიფო და ცხინვალის რეგიონი, როგორც სახელმწიფო. პრემიერმა აფხაზებთან და ოსებთან დიალოგისას უბრალო ხალხი იგულისხმა. თუმცა რუსებმა ეს შეატრიალეს და უკან ისე დაგვიბრუნეს, თითქოს ჩვენ დამოუკიდებლად ვცანით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები. ამიტომ როდესაც ასეთ მნიშვნელოვან განცხადებას აკეთებს პრემიერი, ცოტა უფრო მოზომილი უნდა იყოს და სერიოზულად დაფიქრდეს, ვისთან აგზავნის გზავნილს. უნდა ვიცოდეთ, რომ რუსები მუდმივად პროვიცირებას ცდილობენ და შეეცდებიან, ჩვენი ნათქვამი უკუღმა შეაბრუნონ. ზუსტად უნდა იყოს ჩამოყალიბებული ყველა ფრაზა, წინადადება, აზრი, რათა ორაზროვანი წაკითხვით არ მოხდეს მისი ინტერპრეტირება.

თქვენ ახსენეთ, თუ ვინ უნდა წავიდეს რუსებთან მოსალაპარაკებლად. თუკი ჩვენი ოპოზიცია არ უნდა მიდიოდეს რუსეთში, ჩვენ მაინც ვხედავთ, რომ ზუსტად ეს ოპოზიციონრები ჩადიან გამალებით მოსკოვში, მაგრამ რას ლაპარაკობენ, კაცმა არ იცის.

- პრობლემა ის კი არ არის, რომ რუსეთში რომელიღაც პოლიტიკოსები ჩადიან და თურმე იქ რაღაც ცუდს აკეთებენ, ან ხომ არ არიან რუსებთან შეკრულნი, ე.წ. მეხუთე კოლონა? სინამდვილეში, ვინც რუსეთში ჩადის, მეხუთე კოლონის წარმომადგენელი უბრალოდ ვერ იქნება, რადგან ჩვენ კარგად ვიცით, ვინც არიან ისინი, თავისი სახელებითა და გვარებით. მეხუთე კოლონა ზუსტად ის მეხუთე კოლონაა, რომელიც ჩვენ არ ვიცით და ფარულად მუშაობს რუსულ სახელმწიფოსთან. თუმცა ეს ხალხი როცა ჩადის მოსკოვში, რუსეთში ჩნდება აზრი, რომ საქართველოში არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც მზად არიან, უარი თქვან დასავლეთზე და ისევ მიბრუნდნენ რუსეთთან.

როდესაც ბალტიისპირეთზე ვლაპარაკობ, იქ არ აღმოჩნდა არც ერთი ძალა, ინტერფრონტიც კი ვერ შექმნეს, რომელიც შეძლებდა და რუსებთან მეგობრობაზე ალაპარაკდებოდა. ამიტომაც რუსები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ბალტიისპირეთში ასეთი ძალის მობილიზება შეუძლებელი იყო. რახან დარწმუნდნენ, რომ ეს შეუძლებელია, რუსები შეეგუვნენ იმ აზრს, რომ ეს ქვეყნები უთუოდ მოწყდებოდნენ საბჭოთა ორბიტას. ჩვენთან მიმართებით კი, სანამ რუსებს ექნებათ იმის განცდა, რომ საქართველოში არსებობენ ძალები, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთთან პოლიტიკურ ურთიერთობას და მზად არიან, უარი თქვან დასავლურ ღირებულებებზე, მანამ რუსეთი მუდმივად ეცდება, გაააქტიუროს ქმედებები საქართველოში. ასეთი ძალები თუ არ იქნება, რა თქმა უნდა, მაინც დაიწყება ასეთი ძალების შექმნა. გულუბრყვილო არავინაა და კარგად ვიცით, რომ რუსეთს საქართველოში საკმაოდ ძლიერი მეხუთე კოლონა ჰყავს, მაგრამ ეს მაინც არის მოქმედებათა მეორე ეშელონი. ამიტომაც ოპოზიციის წასვლა და რუსებთან საუბარი წარმოუდგენელია მაშინ, როდესაც ეს ქვეყანა ოფიციალურად გამოცხადებული გვყავს ოკუპანტად. ასეთი რამ არ უნდა კეთდებოდეს და ეს კონკრეტულ პოლიტიკოსთა მხრიდან არასახელმწიფოებრივი აზროვნებაა.

მაგრამ რუსეთში ამ პოლიტიკოსების წასვლის აკრძალვა და ჩრდილოეთის კარის ჩაკეტვა შეგვიძლია?

- მათ ამას ვერ ავუკრძალავთ, მაგრამ ასეთი საზოგადოებრივი აზრი უნდა ჩამოყალიბდეს. როდესაც საზოგადოებრივი აზრი ჩამოყალიბდება, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელები არ უნდა ურთიერთობდნენ ოკუპანტთან, მაშინ ისინიც შეწყვეტენ ამ ურთიერთობებს. ჩვენ რომ ნორმალური სახელმწიფო ვიყოთ, ვის აქვს უფლება, ოკუპანტთან ხელისუფლების გარდა რომელიმე პოლიტიკოსი ლაპარაკობდეს? მაგრამ არ ვართ ასეთი სახელმწიფო. გამომდინარე ჩვენი მდგომარეობიდან, არ შეგვიძლია, კატეგორიულად სამართლებრივი ბარიერი დავუწესოთ ამ ხალხის ჩასვლას რუსეთში და მათ მიერ გამართულ მოლაპარაკებებს, მაგრამ საზოგადოებრივი ბარიერი მაინც უნდა შევქმნათ. ასეთი ბარიერის არსებობა აუცილებელია.