„თითი ნამდვილად არ აქვს მოჭრილი, გაკვეთა გაკეთდა საეჭვო დეტალებზე და ალბათ, ის დაზიანება ნახა იმან, ვინც ეს ინფორმაცია გაავრცელა“

„თითი ნამდვილად არ აქვს მოჭრილი, გაკვეთა გაკეთდა საეჭვო დეტალებზე და ალბათ, ის დაზიანება ნახა იმან, ვინც ეს ინფორმაცია გაავრცელა“

ექსპერტიზის პირველადი მონაცემებით არჩილ ტატუნაშვილის გვამს მთელი სხეულის მიდამოში მრავლობითი ხასიათის დაზიანებები აღენიშნება. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ტატუნაშვილს მოკვეთილი აქვს საჩვენებელი თითი, ამ ინფორმაციას for.ge-სთან საუბრისას არ ადასტურებს ოჯახის მიერ აყვანილი ექსპერტი, ირაკლი თოიძე, რომლის განცხადებით, გარდაცვლილს შენარჩუნებული აქვს ათივე თითი, თუმცა მისი თქმით, დაწყებულია გვამის ლპობის პროცესი.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი 26 დღიანი ლოდინის შემდეგ ოჯახს გადაეცა. ოკუპანტები ცხედრის გადმოსვენების გაჭიანურების მიზეზად ექსპერეტიზის პასუხებს ასახელებდნენ, რომლსაც სეპარატისტები, მათივე განმარტებით, რუსეთიდან ელოდებოდნენ.

ცხედრის გადმოცემასთან ერთად, ქართულ მხარეს ექსპერტიზის დასკვნაც გადაეცა, რომელშიც აღნიშნულია: „არჩილ ტატუნაშვილი მწვავე გულის უკმარისობით გარდაიცვალა, რომელიც მიოკარდიის მწვავე იშემიის დადგომის შემდეგ განუვითარდა. გარდა ამისა, ტატუნაშვილი ცეროზით და მწვავე ჰეპატიტით იყო დაავადებული. გარდა ამისა, ტატუნაშვილის ცხედარს დაჟეჟილობა და სისხლჩაქცევა აღენიშნებოდა, რომლებიც როგორც დაზიანება კვალიფიცირდება, რამაც ჯანმრთელობას მსუბუქი ზიანი მიაყენა და არ შეიძლება მიჩნეული იყოს სიკვდილის დადგომის მიზეზად“, - ასეთია საოკუპაციო რეჟიმის დასკვნა.

ამ დასკვნას არ ენდობა ოფიციალური თბილისი, შესაბამისად, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს რამდენიმე საათის განმავლობაში ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა უტარდებოდა, რომლის დასკვნა დაახლოებით ორ კვირაში გახდება ცნობილი. პროცესში ჩართულია ოჯახის მიერ დაქირავებული ექსპერტი ირაკლი თოიძე, რომელის განცხადებით გარდაცვლილს სხეულზე მრვალობითი ხასიათის დაზიანება აღენიშნება.

for.ge ირაკლი თოიძეს ესაუბრა.

პირველადი დათვალიერებით თუ შეგიძლიათ თქვათ რა სახის დაზიანება აქვს მიყენებული და ნაწამებია თუ არა არჩილ ტატუნაშვილი?

ირაკლი თოიძე: პირველადი მონაცემებით შემიძლია ვთქვა, რომ გვამს სხეულის თითქმის მთელ მიდამოში აღენიშნება მრავლობითი ხასიათის დაზიანებები, რაც დიდი ალბათობით მიუთითებს წამების კვალზე.

რა სახის დაზიანება აღენიშნება გვამს?

- მრავლობითი სისხლნაჟღენთები, ნაჭდევები. დაიწერება ექსპერტიზის დასკვა და იქ დეტალურად იქნება მოცემული დაზიანებების შესახებ.

არსებული დაზიანება, რომელიც აღენიშნება, გახდებოდა მისი სიკვდილის მიზეზი?

- თითქმის ყველა შესაძლებელი მდგომარეობიდან აღებული იქნა გვამური მასალა. უკვე ლაბორატორიებიდან მოგვივა პასუხები და ამის მერე დაიწერება საბოლოო დასკვნა, რა გახდა სიკვდილის მიზეზი. წინასწარ ვარაუდებზე საუბარი არასწორია.

დაზიანებები, რომელიც მთელი სხეულის მიდამოში აღენიშნება, ეს ცეცხლსასროლი იარაღით არის მიყენებული?

- ახლა დაწვრილებით პასუხს ვერ გაგცემთ. როგორც უკვე გითხარით აღენიშნება მრავლობითი ხასიათის დაზიანებები.

არსებული ინფორმაციით დაწყებულია ლპობის პროცესი, ამის დადასტურება თუ შეგიძლიათ?

- მცირედად დაწყებულია ლპობის პროცესი.

თუ დასტურდება ინფორმაცია საჩვენებელი თითის მოკვეთასთან დაკავშირებით?

- არა. თითი ნამდვილად არ აქვს მოჭრილი. გაკვეთა გაკეთდა საეჭვო დეტალებზე და ალბათ, ის დაზიანება ნახა იმან, ვინც ეს ინფორმაცია გაავრცელა. როგორც გითხარით ტატუნაშვილს აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, თითები შენარჩუნებული აქვს.

რაც შეეხება მოტეხილობას, ამ შემთხვევაში რა მგდომარება გვაქვს?

- რენტგენი გადაღებული იქნა მთელ გვამზე, ტლანქი ხასიათის მოტეხილობები ნანახი არ იქნა. კიდურებზე იყო საეჭვო დეტალები და რენტგენის დასკვნის შემთხვევაში დადგინდება ჰქონდა თუ არა კიდურები მოტეხილი.

თუ გაეცანით იმ დასკვას, რომელიც ტატუნაშვილის ცხედარს ცხინვალში ჩაუტარდა და რა წერია ამ დასკვნაში?

- რა თქმა უნდა, წავიკითხე ექსპერტის ის დასკვნა, რომელიც გვამს ახლდა. დაზიანებები, რაც გარეგნულად ეტყობა აღწერილია და სიკვდილის მიზეზი უწერიათ გულსისხლძარღვთა უკმარისობა.

ქართულ მხარეს შეუძლია დაადგინოს რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, ეს იყო გულსისხლძარღვთა უკმარისობა, თუ მისი სიკვდილის მიზეზი გახდა წამება?

- ამ კითხვებზე პირველადი ექსპერტიზის შემთხვევაში პასუხის გაცემა შუძლებელია. ამ ყველაფერს სჭირება კომპლექსურ-კომისიური ექსპერტიზა, რომელიც დაინიშნება მასში რამდენიმე ექსპერტი მიიღებს მონაწილეობას. აუცილებელია ჩატარდეს კომპლექსურ-კომისიური ექსპერტიზა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად - მხედველობაში მაქვს მინესოტას პროტოკოლი, სტამბოლის პროტოკოლი, რათა დადგენილ იქნას წამების სავარაუდო ფაქტსა და გარდაცვალების მიზეზს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი.