„რუსეთის დაშლა გარდაუვალია თუნდაც იმიტომ, რომ იგი მთელ ცივილიზებულ სამყაროს უპირისპირდება“

„რუსეთის დაშლა გარდაუვალია თუნდაც იმიტომ, რომ იგი მთელ ცივილიზებულ სამყაროს უპირისპირდება“

რუსეთის პრეზიდენტი ისევ ვლადიმირ პუტინია - აფხაზეთი ოკუპირებული. სად ვართ და რა შანსი აქვს საქართველოს ნატოში გაწევრიანების? - ამ თემაზე For.ge ეკონომიკის ექსპერტს, პროფესორს, აზიკო სისვაძეს ესაუბრა.

რას ფირობთ ნატოში საქართველოს გაწევრიანების შესაძლებლობისა და ვადების შესახებ?

- დასავლეთი თავს იკავებს ჩვენი გაწევრიანებისაგან ძალიან მარტივი მიზეზის გამო - ამას, შესაძლოა, საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესია მოჰყვეს სირიული ვარიანტით, რაც მრავალ ქვეყანას და პირველ რიგში ნატოსაც ჩაითრევს. ამ პირობებში არსებობს ორი გამოსავალი: პირველი, რუსეთი იმდენად უნდა დასუსტდეს, რომ წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ შეძლოს და მეორე, ისეთი გეოპოლიტიკური სიტუაცია მომწიფდეს, რომ ნატოსათვის ჩვენი გაწევრიანება სასიცოცხლოდ აუცილებელი გახდეს, თუნდაც სტრატეგიული მდებარეობის თვალსაზრისით. ეს შეიძლება მოხდეს როგორც უახლოეს წლებში, ისე საკმაოდ შორეულ მომავალში.

რამდენიმე პოლიტიკური პარტია კატეგორიულად მოითხოვს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების მიზნით რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის გამართვას. რას იტყოდით ასეთი მოლაპარაკების პერსპექტიულობის შესახებ?

- არა მგონია ამ პარტიების წარმომადგენლები იმდენად გაუთვითცნობიერებლები იყვნენ ისტორიაში, არ იცოდნენ, რომ რუსეთს წართმეული ტერიტორიები უომრად არასოდეს არავისთვის დაუბრუნებია, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც თვითონ იმდენად იყო დასუსტებული, რომ წინააღმდეგობის გაწევის უნარი აღარ შესწევდა. ამიტომ ჩვენ მოთმინებით უნდა დაველოდოთ რუსული იმპერიის მესამე და საბოლოო დაშლას, რაც გარდაუვალია იმის გამო, რომ მან სრულად ამოწურა განვითარების შესაძლებლობები. მას ღრღნის, როგორც შინაგანი წინააღმდეგობები და ეკონომიკური ჩამორჩენილობა, ისე უპრეცენდენტო მზარდი საერთაშორისო ზეწოლა.

ანალიტოკოსთა ნაწილს მიაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნისათვის რუსეთის დაშლა არაა ხელსაყრელი მისი დამანგრეველი შედეგების გამო...

- ეს პრობლემისადმი ალოგიკური მიდგომაა. ვინმეს სურს თუ არა, აღნიშნული მიზეზების გარდა, რუსეთის დაშლა გარდაუვალია თუნდაც იმიტომ, რომ იგი მთელ ცივილიზებულ სამყაროს უპირისპირდება და უაღრესად მტკივნეულ პოლიტიკურ-ეკონომიკური იზოლაციის მარწუხებში მოექცა. ასე რომ, წამზომი უკვე ჩართულია. ჩვენ, უბრალოდ, მზად უნდა შევხვდეთ ამ პროცესებს, რათა მისგან მინიმალური ზიანი და მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ. მზაობაში ვგულისხმობ მაღალგანვითარებული ეკონომიკით განპირობებულ ისეთ სამხედო ძლიერებას, რომ გავუძლოთ აგონიაში მყოფი რუსეთის ნებისმიერ სამხედრო ინტერვენციას.

გამოდის, რომ უახლოეს მომავალში ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების იმედი არ უნდა გვონდეს?

- არსებობს გამოსავალი, თუ ხელისუფლებას ეყოფა გამბედაობა ამაზე წავიდეს. კერძოდ, მოვთხოვოთ ევროკავშირსა და აშშ-ს ხელისუფლებას დაუწესოს რუსეთს დამატებითი მკაცრი ეკონომიკური სანქციები არა „გაბუტობანას“ პრინციპით, არამედ ისეთი ზომით და თანაც მზარდი ტენდენციით, რომ ჩვენი მიტაცებული რეგიონების ფლობა მისთვის დანამგრეველი გახდეს.

კი, მაგრამ რუსეთსაც ხომ შეუძლია ჩვენს წინააღმდეგ საპასუხო სანქციების დაწესება?

- ვერც ერთი დიდი ეროვნულ-პოლიტიკური მიზანი შესაბამისი პოლიტიკური რისკების, დანაკარგების და ხარჯების გარეშე ვერ მიიღწევა. 2018 წლის იანვრის მდგომარეობით რუსეთის წილი ჩვენს ექსპორტში 12,9%-ს შეადგენს. აქტიური საერთაშორისო მარკეტინგული ღონისძიებებით მისი ჩანაცვლება სავსებით შესაძლებელია.

არსებობს გარანტია, რომ აფხაზებმა და ოსებმა ქართულ სახელმწიფოში დაბრუნება ისურვონ?

- საამისოდ ჯერ ჩვენ თვითონ უნდა მოვმწიფდეთ, როგორც ეკონომიკური პოტენციალის, ისე პოლიტიკური კულტურის თვალსაზრისით. კერძოდ, რუსეთისაგან გაცურებულ აფხაზ და ოს ძმებს იმაზე გაცილებით უკეთესი სოციალური პირობები უნდა შევთავაზოთ, ვიდრე ეს რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობაში აქვთ. ამასთან, მათ პოლიტიკური დაცულობის გარანტიაც უნდა ჰქონდეთ. როგორ ფიქრობთ, მათი ხელმძღვანელები ისურვებენ კი საკუთარი სეპარატისტული რეგიონებით იმ ქვეყანაში დაბრუნებას, რომლის პოლიტიკური ლიდერები ერთმანეთთან სამკვდრო-სასიკვდილოდ არიან დაპირისპირებული? ასე ხომ პირადად მათ პირად თავისუფლებას და სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე? ჩვენთვის ამაზე უარესს თვით პუტინიც კი ვერ ინატრებდა.

როგორც თქვენ ამბობთ, ყველა ძირითადი ეროვნული პრობლემის გადაჭრა საბოლოოდ მაღალგანვითარებული ეკონომიკის შექმნაზე დაიყვანება, რაც თავის მხრივ რადიკალური ეკონომიკური რეფორმების გზითაა შესაძლებელი. როგორ შეაფასებდით ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკას ამ მიმართულებით?

- მეურნეობრივი აქტიურობის მიხედვით ეკონომიკური პოლიტიკა შეიძლება იყოს პასიური, კონსერვატიული ან რეფორმატორული. პასიური ეკონომიკური პოლიტიკის მიზანია მხოლოდ არსებული სიტუაციის კონტროლი და მიმდინარე რუტინული პრობლემების გადაწყვეტა, რაც ეკონომიკურად ჩამორჩენილი ქვეყნების გამოუცდელი ხელისუფლებისთვისაა დამახასიათებელი. იგი მოქმედებას იწყებს მხოლოდ „ურმის გადაბრუნების“ შემდეგ, როდესაც მდგომარეობის გამოსწორება უკვე შეუძლებელი ხდება. ამასთან, მუდმივად იმყოფება „ეკონომიკური ხანძრის“ ქრობის უშედეგო მცდელობის მდგომარეობაში, რომლის პრევენციას ვერასოდეს ახერხებს. კონსერვატიულ-მიზნობრივ ეკონომიკურ პოლიტიკას ახორციელებენ წარმატებული ქვეყნების მთავრობები არსებული ეკონომიკური სისტემის განმტკიცებისა და მოსალოდნელი საფრთხეების პრევენციის მიზნით. რეფორმატორული მიზნობრივი პოლიტიკის შემოქმედნი, როგორც წესი, მაღალი პოლიტიკური კულტურის მქონე ინოვაციურად მოაზროვნე სამთავრობო გუნდებია, რომლებიც მკვეთრ სოციალურ-ეკონომიკურ ნახტომებზე არიან ორიენტირებულნი. ჩვენი ხელისუფლება სამწუხაროდ უპირატესად პასიურ ეკონომიკურ პოლიტიკას ახორციელებს.

სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის რომელი მეთოდებითაა შესაძლებელი ეროვნული მეურნეობის რეფორმირება?

- ეროვნული მეურნეობის რადიკალური რეფორმირება მოითხოვს ეკონომიკური პოლიტიკის ყველა მიმართულების, მეთოდის და ინსტრუმენტის კომპლექსურ გამოყენებას. ასეთია ფისკალური, მონეტარული, საუნვესტიციო, მულტიპლიკატორ-აქსელერატორული, საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკა და სხვა. მათ შორის ყველაზე ეფექტური ფისკალური პოლიტიკაა.

რა იგულისხმება ფისკალური პოლიტიკაში, რა არის მისი არსი?

- ფისკალური ანუ საგადასახადო-საბიუჯეტო პოლიტიკა ემყარება გადასახადების განაკვეთებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების (სახელმწიფო დაკვეთების და ეკონომიკის პრიორიტეტული დარგების სუბსიდირების მიმართულებით) მანევრირების გზით ეკონომიკაზე ზემოქმედებას დასახული მიზნების მისაღწევად. მისი განხორციელების შესაძლებლობას ქმნის ასეთი პოლიტიკის მჭიდრო კავშირი ერთობლივ მოთხოვნასა და მიწოდებასთან. ეს უკანასკნელნი კი უშუალოდ განსაზღვრავენ ისეთ ფუნდამენტურ მაკროეკონომიკურ მოვლენებსა და პროცესებს, როგორიცაა ფასების დონე და ინფლაცია, წარმოების ფაქტორთა დატვირთვა, ერთობლივი შიგა პროდუქტის მოცულობა, ეკონომიკური ზრდის ტემპი, მაკროეკონომიკური წონასწორობა, წარმოების ეფექტიანობა, სოციალური კეთილდღეობა და სხვა. თავის მხრივ, ფისკალური პოლიტიკა საგადასახადო და საბიუჯეტო ხარჯების პოლიტიკის მიმართულებებს მოიცავს.

კონკრეტულად რომელი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტაა შესაძლებელი ფისკალურ პოლიტიკის გამოყენებით?

- მაგალითად კრიზისული პროცესების პრევენცია და მისი უარყოფითი შედეგების განეიტრალება; ეკონომიკური ზრდის, სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის და ინოვაციური განვითარების დაჩქარება; ეკონომიკის დარგებს შორის რესურსების რაციონალური განაწილება და ოპტიმალური დარგობრივი სტრუქტურის ჩამოყალიბება; ეკონომიკის მასშტაბით ეკონომიკური რესურსების და წარმოების ფაქტორების სრული დატვირთვა; უმუშევრობის და ინფლაციის შენარჩუნება ოპტიმალურ დონეზე; სოციალური სამართლიანობისა და ჰარმონიულ საზოგადოებრივ ურთიერთობათა უზრუნველყოფა; საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზრებზე ეროვნული ბიზნესის კონკურენტუნარიანობის დაცვა; ატიმონოპოლიური რეგულირება შემზღუდავი საგადასახადო ბარიერების დაწესების გზით; დემოგრაფიული პროცესების რეგულირება და სხვა. ეს ყველაფერი ცარიელი სიტყვები კი არაა, მათი რეალურობა წარმატებული ქვეყნების გამოცდილებამ მრავალგზის დაადასტურა.

რამდენად სრულყოფილია ჩვენში გამოყენებული საგასახადო სისტემა და უზრუნველყოფს თუ არა იგი ეკონომიკური რეფორმების გატარებას?

- საქართველოში ამჟამად მოქმედ საგადასახადო სისტემას საფუძვლად უდევს სრული სამეწარმეო თავისუფლების იდეა, მსხვილი მძარცველური მონოპოლისტური ბიზნესის იდეოლოგია „ლიბერტარიანიზმი“ და შესაბამისად, ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში ველური კაპიტალიზმის პირობებში ა. სმიტის მიერ შემუშავებული დაბეგვრის პრინციპები, რომლისთვისაც ცალკეული გადასახადის განაკვეთები ერთგვაროვანია. შესაბამისად, მეწარმეობის ყველა ფორმა და დარგი თანაბარ საგადასახადო პირობებშია ჩაყენებული, არ არის გამოკვეთილი სტრატეგიული სოციალურ-ეკონომიკური პრიორიტეტები და გამორიცხულია ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირების შესაძლებლობა. ასეთი გამთანაბრებლობითი საგადასახადო სისტემის გამოყენების მოტივად თითქოსდა მისი სამართლიანობა მიაჩნიათ. თუმცა რეალურად იგი უკვე თავისთავად უსამართლოა, რამდენადაც განსხვავებული ეკონომიკური, ტექნიკური და ფინანსური შესაძლებლობის მქონე მცირე, საშუალო, მსხვილი და მონოპოლიური, სასარგებლო თუ უსარგებლო, მაღალრენტაბელური და დაბალრენტაბელური ბიზნესი ერთი და იგივე განაკვეთებით იბეგრება.

საგადასახადო პოლიტიკის სრულყოფის რომელ ძირითად მიმართულებებს გამოყოფდით?

- ეკონომიკური პოლიტიკის სხვა მეთოდებთან ერთად საგადასახადო პოლიტიკის გამოყენება მისი ეკონომიკური ფუნციების სრულად განხორცილების საფუძველზე განსაკუთრებით აუცილებელია ეკონომიკის რადიკალური რეფორმირების პირობებში. ამ გარემოების გათვალისწინებით მიზანშეწონილია არსებული საგადასახადო სისტემისა და შესაბამისი კანონმდებლობის შემდეგი მიმართულებით გარდაქმნა: პირველი - მოგებისა და ქონების გადასახადის განაკვეთების რანჟირება მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესისათვის. ამჯამად ასეთი რეფორმა უკვე იწყება, თუმცა არა განაკვეთების ოპტიმიზაციის თვალსაზრისით. კერძოდ, მცირე ფირმებში ეკონომიკური ზრდის მოტივაციის მიზნით მიზანშეწონილია რეგრესიული განაკვეთების, საშუალო ზომის ფირმებში შედარებით მაღალი პროპორციული განაკვეთების გამოყენება, მსხვილ ფირმებში კი მონოპოლიზაციის ტენდენციების შეზღუდვის მიზნით კიდევ უფრო გაზრდილი და ამასთან, პროგრესიული განაკვეთების დაწესება;

მეორე - ინოვაციურ ეკონომიკაზე გადასვლის, უახლესი ტექნიკისა და ტექნოლოგიების დანერგვის დაჩქარების და ახალ სახეობათა პროდუქციის წარმოების მოტივაციის მიზნით რეინვესტირებულ მოგებაზე გადასახადისაგან უნდა გათავისუფლდეს არა ყველა, როგორც ეს ამჟამადაა, არამედ მხოლოდ ეკონომიკის პრიორიტეტული დარგები, მათ შორის ისინი, ვინც მოგებას ინოვაციურ განვითარებაზე და ტექნოლოგურ გარღვევებზე წარმართავს;

მესამე - ინოვაციური ეკონომიკის ფორმირების საფუძვლის - განათლებისა და მეცნიერების მოტივაციის მიზნით ამ სისტემაში დასაქმებული პედაგოგები, პროფესორები და მეცნიერები საშემოსავლო გადასახადისაგან სრულად უნდა გათავისუფლდენენ. საჯარო სამსახურებსა და ბიზნესში დასაქმებულ უმაღლესი განათლების სპეციალისტთა საშემოსავლო გადასახადის განაკვეთები უნდა შემცირდეს აკადემური ხარისხის ამაღლების პროპორციულად. კერძოდ, მაგისტრისათვის იგი არ უნდა აღემატებოდეს ხელფასის 10%-ს, ხოლო დოქტორისათვის - 5%-ს. ასევე ყოველგვარი გადასახადისაგან უნდა გათავისუფლდეს საგამომცემლო ბიზნესი, ავტორები და წიგნით მოვაჭრე მაღაზიები;

მეოთხე - ეკონომიკის ოპტიმალური დარგობრივი სტრუქტურის ჩამოყალიბების მიზნით ეკონომიკის პრიორიტეტულ დარგებს საგრძნობი საგადასახადო შეღავათები უნდა დაუწესდეთ, რაც ამ დარგებში შიდა ინვესტირების გააქტიურებასთან ერთად სხვა დარგებიდან წარმოების ფაქტორთა გადმოდინებას და მათ დაჩქარებულ განვითარებას გამოიწვევს;

მეხუთე - ეკონომიკის ანტიმონოპოლიური რეგულირების მიზნით მონოპოლიურ ბიზნესს, რომელიც ზემოგებას იღებს არა ინოვაციური სამეწარმეო საქმიანობით, არამედ მოსახლეობის, ჯანსაღი კონკურენტული ბიზნესისა და სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების უკანონო მეთოდებით მითვისების ხარჯზე, სახიფათო მონოპოლიური ბარიერის მიღწევის შემდეგ უნდა დაუწესდეთ მოგების, ქონების და ბრუნვის პროგრესიული საგადასახადო განაკვეთები ისეთი ზომით, რომელიც ზემოგებას მთლიანად ამოიღებს. ამ პირობებში მონოპოლიური მდგომარეობა მსხვილი ბიზნესისათვის არახელსაყრელი გახდება და ეს პრობლემა ავტომატურად მოიხსნება;

მეექვსე - სავაჭრო ბალანსის ქრონიკული დეფიციტის დაძლევის მიზნით იმპორტირებულ სასოფლო-სამეურნეო საქონელზე, რომელიც მწარმოებელ ქვეყნებში სუბსიდირების გამო დემპინგური ფასებით შემოდის, საბაჟო გადასახადი იმ ზომით უნდა დაწესდეს, რომელიც ადგილობრივ და შემოტანილ საქონელს თანაბარ კონკურენტულ პირობებში ჩააყენებს. ამავე პრინციპით იმპორტის გადასახადი უნდა გაიზარდოს საქონელთა იმ ჯგუფებზე, რომელთა წარმოების სანედლეულო ბაზა და პირობები ქვეყანაში არსებობს;

მეშვიდე - საექსპორტო პოლიტიკის რაციონალიზაციის მიზნით შესაბამისი გადასახადისაგან უნდა გათავისუფლდეს არა ყველა სახის საქონელი, როგორც ეს ამჟამადაა, არამედ მხოლოდ საბოლოო მოხმარებისათვის განკუთვნილი პროდუქტები, ხოლო ნედლეულსა და მასალებზე იმ ზომის გადასახადი დაწესდეს, რაც ამ ფორმით მათ გატანას ეკონომიკურად მიზანშეუწონელს გახდის. ეს გამოიწვევს ქვეყანაში მათ გადამამუშავებელ დარგებში სამუშაო ადგილების და დამატებული ღირებულების შექმნას.

ოგორ ფიქრობთ, რამდენად გამოიღებს ეფექტს გადასახადისაგან ბიზნესის გათავისუფლება მოგების რეინვესტირებულ ნაწილში?

- ეს შეზღუდული საგადასახადო რეფორმა მთელი რიგი ხარვეზებით ჩატარდა. კერძოდ, პარალელურად განხორციელდა ისეთი დამატებითი ფისკალური ღონისძიება, რომელიც არა მარტო მოსალოდნელ ეფექტს ანეიტრალებს, არამედ შესაძლოა სხვა გაცილებით უარესი შედეგების პროვოცირებაც კი გამოიწვიოს. კერძოდ, სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი საგადასახადო დანაკლისის კომპენსაციის მიზნით გაიზარდა აქციზური გადასახადი ნავთობპროდუქტებზე, ავტომობილებზე, ალკოჰოლურ და თამბაქოს ნაწარმზე.

პრობლემის ასეთ გადაწყვეტისას შემდეგი გარემოებანი არ იქნა გათვალისწინებული: პირველი - სასურველი შედეგის მისაღებად, ეკონომიკური ზრდით გამოწვეული დამატებითი ერთობლივი მიწოდება უნდა დაბალანსებულიყო ერთობლივი მოთხოვნის შესაბამისი გადიდებით. რეალურად კი აქციზის გადასახადის განაკვეთების მომატებამ ერთობლივი მოთხოვნა შეკვეცა. ამ პირობებში ერთობლივ მიწოდებასა და ერთობლივ მოთხოვნას შორის წონასწორობის რღვევა ეკონომიკური ზრდის ისედაც დაბალ ტემპს შეამცირებს;

მეორე - საგადასახადო რეფორმა კიდევ უფრო ხელსაყრელ პირობებში აყენებს მონოპოლიებს, რომლებიც უკვე დიდი ხანია ეკონომიკის კიბოდ და მეურნეობრივი პროგრესის შემაფერხებელ მუხრუჭად გადაიქცნენ;

მესამე - გაძვირებულ ნავთობპროდუქტებს მოსახლეობასთან ერთად ბიზნესიც მოიხმარს, რის გამოც იმატებს წარმოების ხარჯები, მცირდება მოგება და შესაბამისად, იკვეცება საინვესტიციო სახსრები;

მეოთხე - გაძვირებული ნავთობპროდუქტების ღირებულება მრავალგზის აღირიცხება ბიზნესის ხარჯებში, რაც ზრდის ფასებსა და ინფლაციის დონეს;

მეხუთე - საგადასახადო რეფორმა განხორციელდა ისედაც შეჭირვებული მოსახლეობის ცხოვრების პირობების კიდევ უფრო გაუარესების ხარჯზე. ამ გარემოებათა გამო ეკონომიკური და აქედან გამომდინარე სოციალური მდგომარეობის კიდევ უფრო მეტად გაუარესებაა მოსალოდნელი.

აღნიშნული ნაკლოვანებების გარდა, გათვალისწინებული არ იქნა მაკროეკონომიკური პრიორიტეტები. კერძოდ, მიზანშეწონილი იყო საგადასახადო შეღავათი შეხებოდა არა ყველა, არამედ მხოლოდ იმ დარგებს, რომლებსაც შეუძლიათ დააჩქარონ სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი და ინოვაციურ ეკონომიკაზე გადასვლა, უზრუნველყონ იმპორტშემცვლელი დარგების განვითარება, აამაღლონ ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი, განავითარონ სასოფლო სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი მრეწველობა და სხვა.

აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით პრობლემის გადაწყვეტის გაცილებით უკეთესი ვარიანტი იქნებოდა ბიუჯეტის დეფიციტის შესავსებად საგარეო ვალის აღება და ისეთი სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების დაფინანსება, რომელიც ერთობლივ მოთხოვნას ადეკვატურად გაზრდიდა. ამ პირობებში არა მარტო ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი და პროგრესული დარგობრივი სტრუქტურული ძვრები იქნებოდა მიღწეული, არამედ საბიუჯეტო და მოსახლეობის სამომხმარებლო ხარჯებიც დაიზოგებოდა.

რამდენად აქვს ახლანდელ ხელისუფლებას 2020 წლის არჩევნებში გამარჯვების შანსი?

- წინა ორი ხელისუფლება არჩევნებში დამარცხდა მაშინ, როდესაც მოქმედება დაიწყო პრინციპით - „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“ - თქვენ რამდენიც უნდა ილაყბოთ, მაინც ჩვენსკენ მოვითლითო. ამ მხრივ გამონაკლისი არც ახლანდელი ხელისუფლებაა. თუ მის სხვა „დამსახურებებსა და ღირსებებსაც“ მივიღებთ მხედველობაში, „ქართული ოცნება“ უკვე გაცრუებული ოცნებების პარტიად იქცა და ამდენად, მისი დროც უიმედოდ იწურება.