„არაფერი არ შეიცვლება - ჩვენ დავკარგეთ ჩვენი მოქალაქე, რომელიც გულის შეტევით არ მომკვდარა - ის აწამეს“

„არაფერი არ შეიცვლება - ჩვენ დავკარგეთ ჩვენი მოქალაქე, რომელიც გულის შეტევით არ მომკვდარა - ის აწამეს“

26 დღიანი ლოდინის შემდეგ, საოკუპაციო რეჟიმმა ქართულ მხარეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი გადასცა. ცხედართან ერთად მოხდა გარკვეული მასალების გადმოცემაც, მათ შორის ექსპეტიზის მასალების. ამ მასალების შესწავლა შემდგომი გამოძიების თემაა. ცხედრის გადმოცემა უშუალოდ „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ ჩართულობით მოხდა.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს, სადაც ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა. ექსპერტიზის ბიუროს შენობაში იმყოფებოდნენ გარდაცვლილის მამა, ახლობლები, სასულიერო პირები და ხელისუფლების წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ ცხედარის გადმოცემას ქართული მხარე 26 დღის განმავლობაში ითხოვდა. მოლაპარაკების პროცესში ჩართული იყო „წითელი ჯვარი“, ასევე, საქართველოს საპატრიარქო და უშუალოდ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, რომელმაც დახმარება რუსეთის პატრიარქს სთხოვა.

ჯერჯერობით უცნობია ექსპერტიზის საბოლოო პასუხი, თუმცა ის რადიკალურად განსხვავდება იმ ვერსიისგან, რასაც დეფაქტო ხელისუფლება ავრცელებდა. არსებული ინფორმაციით, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო გულის შეტევის ფაქტს გამორიცხავს, რადგან ზედაპირული დათვალიერებით ცხედარს ძალადობის კვალი ეტყობა.

სააგენტო „რესი“-ის ინფორმაციით, „გაქცევის მცდელობისას, სამართალდამცველებმა ტატუნაშვილის წინააღმდეგ ფიზიკური ძალა გამოიყენეს, რის შედეგადაც ის კიბეზე დაგორდა. მოგვიანებით იგი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს... არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გაკვეთამ აჩვენა, რომ სიკვდილის მიზეზი გულის მკვეთრი უკმარისობაა“.

სეპარატისტების მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას არ ენდობა ქართული მხარე. დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარს ეეჭვება, რომ ცხინვალში ჩატარებული ფსევდოგამოძიება რეალობასთან ახლოს იყოს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ქართული გამოძიება სიმართლის დადგენას შეძლებს... გარდაცვალების მიზეზებზე ჯერჯერობით ცხადია ვერაფერს ვილაპარაკებთ, თუმცა, პირველივე ინფორმაციისთანვე, რაც ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ გაავრცელა, ჩანდა, რომ ადგილი ჰქონდა ძალადობას არჩილ ტატუნაშვილის მიმართ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ქართული მხარე ახლა ექსპერტიზის მოლოდინშია. თუმცა, ანალიტიკოსი ზურაბ აგლაძე ფიქრობს, რომ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში ქართული მხარისთვის არაფერი არ იცვლება, გარდა იმისა, რომ ოფიციალური თბილისი ფაქტს დაადასტურებს და საერთაშორისო საზოგადოებას წარუდგენს ყველა მასალას, რომლითაც დასტურდება წამების კვალი.

„კიდევ ერთხელ საერთაშორისო საზოგადოებამ რაც შეიძლება მეტი წნეხი უნდა განახორციელოს რუსეთის მხარეზე. ფაქტია, და ჩვენ დავინახეთ, რომ ამ რეგიონს აკონტროლებს რუსეთი და რუსეთის მხრიდან ეს იყო ერთგვარი ძალის დემონსტრირება, რომ ისინი მართავენ ამ შოუს. არაფერი არ შეიცვლება გარდა იმისა, რომ ჩვენ დავკარგეთ ჩვენი მოქალაქე, რომელიც გულის შეტევით არ მომკვდარა - ის აწამეს. მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საერთაშორისო საზოგადოება დავრაზმოთ, რომ რაც შეიძლება მეტი წნეხი განხორციელდეს რუსეთზე“, – აცხადებს ზურაბ აგლაძე.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ მკვლელობის დადასტურების შემთხვევაში ქართულ მხარეს მიეცემა ბრალდების წაყენების უფლება. მაგრამ რა იცვლება იმით, თუკი ქართული მხარე ასეთ ბრალდებას წარადგეს, პოლიტოლოგის შეფასებით, ეს უკვე სხვა საკითხია.

„დღეს ყველა ვართ მოწმე იმისა, რომ მკვლელობაში სდებენ ბრალს რუსეთს და რუსეთი ამას არაფრად აგდებს. ამიტომ, თქმა იმისა, რომ თუ საქართველო ამ პრეტენზიას წარადგენს, მას აუცილებლად შედეგი მოჰყვება, ძნელია. მაგრამ ქართული პოლიტიკისთვის სამომავლოდ მნიშვნელოვანია რუსეთისთვის ამ ბრალდების წაყენება.

გარდა იმისა, რომ ტატუნაშვილის მკვლელობა ტრაგიკული იყო, ის გარკვეული თვალსაზრისით პოლიტიკურად იყო საინტერესო და რატომ – ეს იყო ფაქტიურად ტექსტი იმისა, რომ რუსეთი საქართველოს მიმართულებით გააგრძელებს სიტუაციის გართულებას თუ არა. გარკვეულ ეტაპზე გამოვლინდა, რომ რუსეთს საქართველს მიმართულებით სიტუაციის გართულება არ უნდოდა. ეს გამოვლინდა იმაში, რომ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა კი დააგვინა, მაგრამ მეორე მხრივ სწრაფად გაანთავისუფლა ის ახალგაზრდები, რომლებიც ტატუნაშვილთან ერთად დააკევს, ეს რეაქცია უკვე ნიშნავდა იმას, რომ რუსეთი ცდილობდა დამატებითი პრობლემები არ შეექმნა. ის, რომ ტატუნაშვილის ცხედარი დაბრუნებულია, ეს დადასტურებაა იმისა, რომ რუსეთი ცდილობს ეს თემა მისთვის მტკივნეული არ იყოს“, – ამბობს რამაზ საყვარელიძე.