ტატუნაშვილის ცხედარს ექსპერტიზა უკვე საქართველოში ჩაუტარდება

ტატუნაშვილის ცხედარს ექსპერტიზა უკვე საქართველოში ჩაუტარდება

ერგნეთის საგუშაგოზე არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებას, რომელიც „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ ჩართულობით მოხდა, ქართული მხრიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კახა ქემოკლიძე, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

„არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს, რომელიც 19 მარტს, საღამოს გადმოგვეცა, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდება, რის შემდეგაც მოხდება მისი გადასვენება ოჯახში“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, ტრაგიკული ფაქტის სათანადო გამოძიება აუცილებლად მოხდება.

„ჩვენი ყველა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურა, ჩვენი პარტნიორები ინტენსიურად მუშაობდნენ ამ საკითხზე და ყველა შესაძლო მექანიზმი იქნა ამოქმედებული. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც წვლილი შეიტანა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საქმეში და გვინდა განვაცხადოთ, რომ აუცილებლად მოხდება ამ ტრაგიკული ფაქტის სათანადო გამოძიება. ამ მძიმე წუთებში კი, მნიშვნელოვანია ოჯახს და ახლობლებს მიეცეთ მიცვალებულის დატირების და მასთან გამომშვიდობების საშუალება, ხოლო სახელმწიფოს და საზოგადოებას - ღირსეული პატივი მივაგოთ მას“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

„წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა“ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, როგორც ნეიტრალური შუამავლის დახმარებით მოხდა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება.

„წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი მოვლენების დაწყებიდანვე გამოთქვამდა მზაობას ჩართულიყო არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების პროცესში.

ორგანიზაციის საქმიანობა მხოლოდ ჰუმანიტარულ მიზნებს ემსახურება. არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელშეწყობითა და ცხედრის გადმოსვენების სტანდარტული პროცედურების სრული დაცვით მოხდა. ამის შემდეგ, ოჯახის გადაწყვეტილების შესაბამისად, ცხედარი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ერგნეთში გადაეცა“, - ნათქვამია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის განცხადებაში.

როგორც ერგნეთის საგუშაგოსთან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განაცხადა, ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადასცემოდა.

დეფაქტო გენპროკურატურის თანამშრომლებმა კომიტეტის წარმომადგენლებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მასალებიც გადასცეს, რომელშიც ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზია დასახელებული. ცხედრის გადაცემა ცხინვალის პროზექტურაში მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო „რესის“ ცნობით, საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა „ლენინგორში“ დააკავეს, რომელიც ეჭვმიტანილი იყო სადაზვერვო-დივერსიულ საქმიანობასა და 2008 წლის აგვისტოში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობაში.

სააგენტოს ინფორმაციით, გაქცევის მცდელობისას, სამართალდამცველებმა ტატუნაშვილის წინააღმდეგ ფიზიკური ძალა გამოიყენეს, რის შედეგადაც ის კიბეზე დაგორდა. მოგვიანებით იგი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მიყვანიდან ორ საათში გარდაიცვალა.

სააგენტოს ცნობით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის რესპუბლიკური ბიუროს პროზექტურაში 22-23 თებერვალს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გაკვეთამ აჩვენა, რომ სიკვდილის მიზეზი გულის მკვეთრი უკმარისობაა. მათივე ცნობით, ქართულ მხარეს ტატუნაშვილის ცხედართან ერთად, ის სატრანსპორტო საშუალებაც გადმოეცა, რომლითაც გარდაცვლილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე შევიდა.