არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე რეზოლუციის ახალი პროექტი, სავარაუდოდ, 21 მარტს პლენარულ სხდომაზე გავა. წინასწარი ინფორმაციით, ცვლილებები უმრავლესობის მიერ ინიცირებულ რეზოლუციის პროექტში განხორციელდება, რომელსაც დაემატება უმცირესობის შეთავაზება, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შექმნასთან დაკავშირებით.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო აქტიური პრევენციული ზომები მივიღოთ ჩვენი მოქალაქეების დასაცავად. ირაკლი კობახიძე მოხარულია, რომ საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის რეზოლუციის ტექსტზე შეთანხმება შედგა.
„ნათლად არის დაფიქსირებული ჩვენი პოზიცია იმ უსამართლობასთან დაკავშირებით, რომელიც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში. მე მოხარული ვარ, რომ უახლოეს პლენარულ სხდომაზე ჩვენ ერთხმად დავამტკიცებთ შესაბამის რეზოლუციას“, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე განმარტებით, ხელისუფლება ძალიან დიდი ხანია აქტიურად მუშაობს, რათა სამართალი აღსრულდეს იმ პირთა მიმართ, რომელთაც ჩადენილი აქვთ დანაშაული და ამის გამოხატულებაა ისიც, რომ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა გიგა ოთხოზორიას მკვლელის მიმართ და შესაბამის სასჯელიც არის შეფარდებული და საერთაშორისო ძებნაც გამოცხადებულია.
„ეს მუშაობა გაგრძელდება და რეზოლუცია ქმნის ძალიან კარგ საფუძველს იმისათვის, რომ კიდევ უფრო გააქტიურდეს ჩვენი ძალისხმევა ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვის თავლსაზრისით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, საკამათო არაფერია, ერთიან, ძლიერ რეზოლუციას მივიღებთ, პრინციპული დებულებებით და მასში გათვალისწინებული იქნება ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაც. მდინარაზე მიიჩნევს, რომ ეს რეზოლუცია იქნება გზავნილი საერთაშორისო პარტნიორებისთვის.
„ჩვენ ყოველთვის გვაქვს ჩვენი საერთაშორისო მხარდამჭერების იმედი და ეს იქნება ერთ-ერთი მძლავრი ბერკეტი იმისთვის, რომ გარკვეული პრევენცია მოვახდინოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაში. ჩვენი შეხედულები იყო, რომ ტექსტში უნდა ეწეროს მსჯავრდებული და ბრალდებული პირები, რათა არ იყოს გაურკვევლობა, მათ შორის სამართლებრივი. ეს იყო დისკუსიის ერთ-ერთი კომპონენტი და ოპოზიციამ გაიზიარა. იურიდიულად და პოლიტიკურად რეზოლუცია დახვეწილია და ეს არის გზავნილი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომ ისინი დაგვიდგნენ გვერდით ის საკითხში, რომ ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, გარკვეული დისკომფორტი შეექმნათ იმ ადამიანებს, რომლებიც კონკრეტულ დანაშაულში იქნებიან მხილებული“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მომზადებული პარლამენტის რეზოლუციის პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 15 ივნისამდე პარლამენტს უნდა წარუდგინოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა ანუ - „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“.
მთავრობისადმი ეს დავალება ასახულია პროექტში, რომელიც უმრავლესობისა და უმცირესობის შეთანხმებული ვარიანტია. ამასთან, პარლამენტი მთავრობას მიმართავს, მიიღოს ზომები საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების მიერ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ დასახელებულ პირთა მიმართ ყველა შესაძლო შეზღუდვის, მათ შორის სავიზო, ქონებრივი და ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასთან დაკავშირებული შეზღუდვების დასაწესებლად და სამართლის აღსრულების ხელშესაწყობად.
როგორც „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე აცხადებს, ეს იქნება ქართული სახელმწიფოს ერთიანი პასუხი ტატუნაშვილის მკვლელობაზე.
„ეს იქნება დოკუმენტი, რომელიც არა მხოლოდ მისცემს პოლიტიკურ შეფასებას, რომ რუსეთს, როგორც ოკუპანტს ეკისრება სრული პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა, არამედ რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დააწესებს კონკრეტულ მექანიზმებს იმისთვის, რომ ასეთი ტიპის დარღვევები აღარ მოხდეს და ყველა ვინც დამნაშავეა ქართველების გატაცებაში, წამებაში და მკვლელობაში ყველას მიმართ გამოყენებული იყოს მაქსიმალური ზომები მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განმარტებით, რეზოლუციის პროექტში არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას სახელის გვერდით დავით ბაშარულის სახელიც დაფიქსირდება, რომელიც 2014 წელს გაუჩინარდა და როგორც შემდეგ გაირკვა, ოკუპირებული რეჟიმის მიერ მისი სიცოცხლის ხელყოფა მოხდა.
გარდა ამისა, რეზოლუციის პროექტს დაემატება პუნქტი დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებით.
როგორც ჩანს, რეზოლუციას ელოდება საერთაშორისო საზოგადოებაც როგორც ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა განაცხადა, ფაქტია, რომ ტატუნაშვილის ცხედარი ჯერაც არ არის დაბრუნებული ოჯახისთვის, რაც ძალიან სერიოზული შეშფოთების მიზეზია.
„ევროკავშირი იყო პირველი ორგანიზაცია, რომელმაც გააკეთა განცხადება ტატუნაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების თაობაზე. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს და გვესმის საქართველოს ხელისუფლების პოზიციაც. ფაქტია, რომ ტატუნაშვილის ცხედარი ჯერაც არ არის დაბრუნებული ოჯახისთვის, რაც ძალიან სერიოზული შეშფოთების მიზეზია. ჩვენ გამოვხატავთ ამ შეშფოთებას დიპლომატიური თანამშრომლობის ფარგლებში“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა კი აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევის ნებისმიერი ფაქტი უპასუხოდ არ დარჩება და ამისთვის ხელისუფლება ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტთან მიმართებაში ჯერ კიდევ აქვს კითხვები. დეპუტატი სალომე სამადაშვილი ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, დაუჭერს თუ არა მხარს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რეზოლუციას, რომლის ტექსტი საპარლემენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის შეთანხმდა.
„ჩვენი პრინციპული მოთხოვნა აღნიშნულ რეზოლუციასთან დაკავშირებით იყო ის, რომ ტექსტში უნდა ჩადებულიყო რეალური, ქმედითი ნაბიჯები რუსეთზე საერთაშორისო პოლიტიკური წნეხის გაზრდის მიზნით. ჩვენ კომიტეტის წინა სხდომაზე დავაყენეთ ჩვენი წინადადებები, რომლებიც შეეხება საერთაშორისო თანამეგობრობასთან კონსულტაციების დაუყოვნებლივ დაწყებას რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხზე. ეს მოთხოვნა იმ ტექსტში, რაც ჯერჯერობით ვნახეთ, გათვალისწინებული არ იყო“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.