„საქართველოში ერთკაციანი სოფლების არსებობა აღარავის უკვირს“

„საქართველოში ერთკაციანი სოფლების არსებობა აღარავის უკვირს“

მაღალმთიან დასახლებათა ნუსხა პერიოდულად იზრდება. ამჯერად მას სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, შიდა და ქვემო ქართლის 15 სოფელი დაემატა. კერძოდ, საკირე, ტაძრისი, ზვარე, მუხურა, ბეგიაური, გედსამანია, ღოღეთი, ბრდაზორი და სხვა.

თუმცა საინტერესოა, მაღალმთიანი დასახლებებისთვის გათვალისწინებული შეღავათები რამდენად გაავსებს მოსახლეობისგან დაცლილ მთას? ამის შესახებ For.ge-ს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, დემოგრაფი ანზორ თოთაძე ესაუბრა.

გასულ წელს მაღალმთიანი სოფლებისთვის გათვალისწინებული შეღავათით 7 272-მა ოჯახმა ისარგებლა, რომელთაც 2017 წელს შვილი შეეძინათ. ამას ემატება შეღავათებით მოსარგებლე 69 803 პენსიონერი, 14 150 სოციალური პაკეტის მიმღები, ასევე, ექიმები, ექთნები, პედაგოგები, სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთვნელები, მთაში მუშაობით დაინტერესებული მეწარმეები. რამდენად ქმედითია ეს ღონისძიებები, რომ მთაში მოსახლეობა დამაგრდეს?

- თუკი ამ ადამიანებს სახელმწიფო ეხმარება, ამას რა სჯობს? პრინციპში, 15 სოფელი ბევრი არ არის, მაგრამ მრავალი სოფელი საერთოდ არ შედიოდა მთიანი სოფლების ნუსხაში, თუმცა მაინც შეიყვანეს, რათა დახმარებები იქაურ მცხოვრებლებსაც მიეღოთ. ახლა გამოკვლევას ვატარებ და გამოკითხულთა თითქმის 80% ამბობს, რომ, თუკი შობადობა წახალისდება, კიდევ გააჩენს შვილს. 600 კაცამდე გამოვკითხე და მხოლოდ ერთი ადამიანი შემხვდა, რომელმაც მითხრა, სამასი ლარი რომ მომცენ მესამე შვილზე, ეს რა არის, რას ეყოფაო? ასე თუ მივუდექით, მაშინ გამოდის, რამდენი ბავშვიც გაჩნდება, სახელმწიფომ უნდა არჩინოს. ამიტომ, თუ მოხერხდება და სამასი ლარი მიეცემათ მესამე შვილზე ზუსტად იმ რეგიონებში, სადაც მძიმე დემოგრაფიული სიტუაციაა და შობადობა დაბალია, ეს ნამდვილად წაადგება დემოგრაფიას. შესაძლოა, 300 ლარი ცოტა იყოს, მაგრამ ასე ცოტა-ცოტათი მერე თანდათანობით მივდივართ იქითკენ, როგორმე გავაუმჯობესოთ დემოგრაფიული ვითარება. სულ 3 მილიონ 700 ათასი ვართ, აქედან 700 ათასს ასცდა პენსიონერთა რიცხვი, სოციალურად დაუცველთა რიცხვი ასი ათასობითაა, მილიონზე მეტი ბავშვია და ამ 3 მილიონ ნახევარი ადამიანიდან, რომელთა შორისაც ძალიან ცოტა მუშაობს, უნდა არჩინოს ეს ბავშვებიც, პენსიების თანხაც გაიღოს და სოციალურად დაუცველი ადამიანებიც უზრუნველყოს. ეს საკმაოდ რთულია. ჩვენისთანა პატარა ქვეყანაში, სადაც ეკონომიკური სიძნელეებია, ძალიან ძნელია, გავაკეთოთ ისე, როგორც ეკადრება მრავალშვილიან ოჯახებს. რაც არის, ესეც კარგია, თუმცა შეიძლება, ცოტა მეტი ფინანსური სახსრები ვეძებოთ, რომ ჩვენმა მოსახლეობამ ღირსეულად აღზარდოს საკუთარი შვილები.

ამდენი ხანია, ღირსეულ სიბერეზე, ღირსეულ მოხუცებულობაზე ვლაპარაკობთ. წლები გადის, ამ ტერმინს ვიმეორებთ და ისე მიდიან ხანდაზმული ადამიანები საიქოში, რომ ვერ ეღირსნენ ღირსეულ სიბერეს. არ დაგვავიწყდეს, რომ „ნაციონალების“ დროს აბსოლუტურად არაფერი გაკეთებულა მოსახლეობისთვის. მათ დემოგრაფიული პრობლემებისთვის თითიც არ გაუნძრევიათ. 2014 წლიდან მოყოლებული, ექვს რეგიონში, სადაც მძიმე მდგომარეობაა (მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე იბადება), ყოველთვიურად 150 ლარს აძლევენ. მთაში აძლევენ 200 ლარს. თუ გავითვალისწინებთ, რომ მთის კანონის შედეგად ცოტათი გაზრდილი პენსიებია და ისინი 216 ლარს იღებენ. ეს ბევრი არ არის, მაგრამ არც ცოტაა სოფლისთვის.

მთის მიმართ პოლიტიკამ რაიმე შედეგი გამოიღო, თუ მთა ისევ მოხუცების ამარად არის დარჩენილი?

- რა თქმა უნდა, ძირითადად მოხუცები არიან დარჩენილნი, რადგან უცბად ხომ არ წავა ვინმე მთაში და დასახლდება? ბევრი სოფელი გაქრება, მაგრამ, გარკვეულწილად, მთის ცალკეულ სოფლებში ცხოვრების ხარისხი, ჯანმრთელობა ცოტათი მაინც გაუმჯობესდება. ეს სოფლები გამოარჩიეს იმით, რომ მაღალმთიანია, თუ არ ვცდები, 800 მეტრზე ზემოთაა და რამდენად მძიმე მდგომარეობაა ამ სოფლებში, სწორედ ამის მიხედვით ხდება მათი გამორჩევა. ფაქტობრივად, დაცარიელებულია რაჭა, ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი. თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდება, იმერეთი 25 წელიწადში დაცარიელდება და, ასევე, სხვა რეგიონები.

იმერეთის მაგალითი ხშირად მომყავს, რადგან 1989 წელს იმერეთში 767 ათასი კაცი ცხოვრობდა. 2002 წელს -700 ათასი, ხოლო 2014 წელს -534 ათასი. მოსახლეობის რაოდენობა რაც უფრო მცირდება, მით უფრო სწრაფად მიმდინარეობს გაუკაცრიელების პროცესი. ოპონენტები გვეტყვიან, როგორ, ახლა ვინც დაიბადება, ის ამ 25 წელიწადში მოკვდება, თუ რა იქნება? კი არ მოკვდება, მაგრამ იმერეთში, სადაც 25 წლის წინ თითქმის 800 ათასი კაცი ცხოვრობდა და ახლა მოსახლეობამ მნიშვნელოვნად იკლო, ეს მონაცემები განა დაცარიელებას არ ნიშნავს? განა დაცარიელება არ არის, რომ რაჭა-ლეჩხუმის მოსახლეობა დღეს სულ რაღაც 26 ათასია, მაშინ, როცა 1970 წელს 67 ათასი კაცი იყო. ონსა და ამბროლაურში ყოველწლიურად 400-500 კაცით მეტი იღუპება, ვიდრე იბადება და თითქმის ნახევარი საუკუნეა, სულ ასეა. ლენტეხში უკვე ვეღარ ჩერდება მიგრაციული პროცესი.

ერთკაციანი სოფლების შესახებ რას გვეტყვით? კონკრეტულად რომელი სოფლები ცარიელდება და რომელ რეგიონში?

- 3 ათასზე მეტი სოფელია საქართველოში, მათგან გაუკაცრიელებულია 223 სოფელი, ანუ იმ სოფლებში აღარავინ ცხოვრობს. ერთკაციანი და ორკაციანი სოფელი საქართველოში ძალიან ბევრია. კერძოდ, ჩვენ გვაქვს 39 ერთკაციანი სოფელი, ორკაციანი - 46 სოფელი, სამკაციანი - 27, ოთხკაციანი - 23, ხუთკაციანი - 21 სოფელი. მთლიანობაში, ერთიდან ათ კაცამდე რომ ცხოვრობს, ასეთი 255 სოფელია და ეს ძალიან ბევრია. ძირითადად, ეს სოფლები მცხეთა-მთიანეთშია. მცხეთა მთიანეთის 111 სოფლიდან თითოეულში ერთიდან ათ კაცამდე ცხოვრობს. თუშ-ფშავ-ხევსურეთი ფაქტობრივად დაცლილია. ინფრასტრუქტურა არ არის ამ სოფლებში, რადგან ძალიან ძნელია, ერთ-ორ ან ათკაციან სოფლებში გზები, გაზი გაიყვანო. ეს დიდ ხარჯებს უკავშირდება.