გვარამია ფიქრობს, რომ რუსეთი „ქართული მარშის“ ხელით ებრძვის

გვარამია ფიქრობს, რომ რუსეთი „ქართული მარშის“ ხელით ებრძვის

„რუსთავი 2“-ის შენობასთან, „ქართული მარშის“ წევრების აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს. არხის წარმომადგენლების ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა ტელეკომპანიის თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ასევე დააზიანეს მანქანა, რომლითაც ჟურნალისტი გიორგი გაბუნია გადაადგილდებოდა.

აქციის მონაწილეები გიორგი გაბუნიასგან, 18 მარტს, გადაცემა P.S-ში გაბუნიას მიერ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშის მოხდას მოითხოვენ. აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, აღნიშნული ტექსტით გიორგი გაბუნიამ შეურაცხყოფა მიაყენა მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლს.

„მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ, რადგან ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, რადგან ბიძინამ ყველა ხე თავის ეზოში გადარგა“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ აჭარაში ხეების მოჭრის ფაქტზე საუბრის.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ უკვე განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ის ეთიკის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გამოეცხადოს საყვედური, რამეთუ მის მიერ აზრის გამოხატვა ლახავდა ქრისტიან მორწმუნეთა პირად რელიგიურ გრძნობებს.

გვარამიამ არხის სახელით ბოდიში მოუხადა ყველა იმ მორწმუნეს, ვისი გრძნობებიც უნებურად შეილახა ტელეკომპანიის ჟურნალისტის განცხადებებით.

„ამ მორწმუნეებში არ ვგულისმობ იმ ადამიანებს, ვინც დღეს აქ იყვნენ. ეს ადამიანები ჩვენს მიერ არ განიხილებიან ქრისტიანებად. არც ერთი მოძალადე არ განიხილება ჩვენს მიერ ქრისტეს მიმდევრად. შესაბამისად, თავისთავად ცხადია ამ ადამიანებს არ ვგულისხმობ“,- განაცხადა გვარამიამ.

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ხელისუფლებისგან ტელეკომპანიის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ცალკეული პირებისა და ორგანიზატორების სისხლის სამართლებრივი წესით მკაცრად დასჯას ითხოვს.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, „რუსთავი 2“ მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, პოლიტკურ ძალებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ხალხს.

„ჩვენი ტელევიზია დგას ანგარიშსწორების რისკის წინაშე რუსეთიდან მართული და დაფინანსებული ძალების მხრიდან. მოგიწოდებთ, გააკეთოთ ყველაფერი, რაც თქვენს ძალებში შედის, რათა დაცული იყოს ჩვენი უსაფრთხოება და ჟურნალისტური თავისუფლება. ვაფრთხილებ საქართველოს ხელისუფლებას, არა მარტო ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას, „რუსთავი 2“-ის რომელიმე თანამშრომელზე ნებისმიერი ზემოქმედების, მათი თავიდან ერთი ღერი თმის ჩამოვარდნაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას“, - განაცხადა გვარამიამ.

მანვე მოუწოდა ხელისუფლებას რომ დღეიდან მათ მართებთ უფრო სერიოზულად და პასუხისმგებლობით მიუდგნენ საკითხს და საზოგადოებას დაუდასტურონ, რომ ეს ძალა ხელისუფლების მხრიდან არ არის მართული.

„თუ ისინი უმკაცრეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ მიეცნენ და არ მოხდა მათი იზოლაცია საზოგადოებიდან, ჩვენ უფლებას ვიტოვებთ ჩავთვალოთ, რომ ეს ძალა მართულია საქართველოს ხელისუფლების მიერ“, - განაცხადა გვარამიამ.

პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ „რუსთავი 2“-ის შენობასთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურნენ და ტელეკომპანიის თანამშრომლებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

„ჟურნალისტებსა და თანამშრომლებს დღეს თავს დაესხა აგრესიული მოქალაქეების ჯგუფი. ეს იყო უკანონო ქმედება, რომლითაც მასში მონაწილეებმა შელახეს ადამიანების უფლებები, დაემუქრნენ და ზიანი მიაყენეს მათ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას. ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ და ვუპირისპირდებით ამ თავდასხმის წამქეზებლებსა და მონაწილეებს, რომლებიც თავს უწოდებენ „ქართულ მარშს“. ადამიანებთან ფიზიკური ანგარიშსწორება და მათთვის თავისუფლების აღკვეთა შეუძლებელია ახსნილი და გამართლებულ იყოს რომელიმე, მათ შორის რელიგიური, გრძნობის შეურაცხყოფით.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის შეუფერებელია და შეურაცხმყოფელიც სწორედ ისეთი გრძნობები, რომლებიც მას მსგავსი აგრესიისა და ანგარიშსწორებისკენ უბიძგებს“.

პოლიტიკური პარტია მიმართავს ხელისუფლებას და მოითხოვს, გამოიძიოს მომხდარის ყველა მიზეზი, ხოლო დამნაშავეებმა კანონის წინაშე აგონ პასუხი.

„თუ თავის ამ უმნიშვნელოვანეს მოვალეობას, ყველანაირი ძალადობისა და უკანონობისგან დაიცვას მოქალაქეები, არ შეასრულებს ხელისუფლება, საზოგადოებაში კიდევ უფრო გავრცელდება ძალადობა, რასაც აუცილებლად მოჰყვება გამოუსწორებელი შედეგები“, - ნათქვამია განცხადებაში.