რუსეთისგან მიღებული უსტარის შემდეგ პრემიერმა აღნიშნა, რომ საუბრისთვის რუსეთმა ღია სივრცე დატოვა. თუმცა ეს ღია სივრცე სადამდე იქნება ღია, უნდა ველოდოთ თუ არა რუსეთისგან მიპატიჟებას, თუ აგრესიულად დავაპატიჟებინოთ თავი ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს, ამის შესახებ არავინ საუბრობს.
რა უნდა იყოს ჩვენი შემდგომი ნაბიჯები რუსეთთან მიმართებით?! ამის შესახებ ანალიტიკოსებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ სიტუაცია უკიდურესად მძიმეა, დასავლეთი უკვე დაეჯახა რუსეთს, ამიტომ საქართველოს მხრიდან თამაში, რომ ხან აქეთ ვართ და ხან იქით, აღარ გამოვა. ჩვენ უკვე ვიქნებით ან დასავლეთის მხარეს, ან აღმოვჩნდებით რუსეთის გავლენის სფეროში. სხვა ალტერნატიული ვარიანტი საქართველოსნაირ მოწყვლად რეგიონში გამორიცხულია.
„ადრე თუ გვიან საქართველოს წინაშე ეს საკითხი პირდაპირ ქირურგიული დანის ფონზე დაისმება და მოგვთხოვენ, ან აქეთ ვიყოთ, ან იქით. ჩვენი გეოსტრატეგიული ფონი უმძიმესია. აქამდე ჩვენ ვახდენდით ლავირებას, რადგან დასავლეთი ნაკლებად აკრიტიკებდა რუსეთს და ცდილობდა, რაღაცნაირად თავიდან აეცილებინა დაპირისპირება. ახლა კი დასავლეთი უცებ გადავიდა ხისტ ფორმებზე და პირდაპირ დაპირისპირებაზე, მით უმეტეს, სკრიპალის მოწამვლის მერე. ამიტომ სიტუაცია საკმაოდ რთულია. გიორგი კვირიკაშვილს არ ვამტყუნებ, ნებისმიერი პრემიერი ასე მოიქცეოდა და ამ წერილს დაწერდა, რადგან ჩვენ გვინდა ჩვენი მოქალაქის ცხედრის გადმოსვენება, რაც რეალური სახელმწიფოებრივი გამოწვევაა და ნებისმიერი საშუალება უნდა გამოვიყენოთ ამისთვის. შესაბამისად, გიორგი კვირიკაშვილის წერილი უნდა დაწერილიყო, მაგრამ უნდა გაგვეთვალისწინებინა არსებული ფონი. ფაქტობრივად, რუსეთმა ჩვენ გვაიძულა, ზუსტად ასეთი პათოსით გამსჭვალული წერილი დაგვეწერა. საქართველოს ბერკეტები არ გააჩნია, კავკასიის გეოპოლიტიკურ სივრცეში სიტუაცია ჩვენს საწინააღმდეგოა. სომხეთს თავი რომ დავანებოთ, თურქეთი, ირანი და აზერბაიჯანი, ფაქტობრივად, მოსკოვის ორბიტაზე მოძრაობენ. საქართველო ერთადერთია, რომელიც წინააღმდეგობას უწევს რუსეთს ამ ალყაშემორტყმულ სივრცეში. მოსკოვი თანდათანობით ხუთავს, ახრჩობს კავკასიას თავის მარწუხებში. როცა ანაკონდა შემოგვეხვევა, რა უნდა ვქნათ? მოსკოვი-ანკარა-თეირანი -ასეთი ფორმატი უკვე შექმნილია. მოსკოვი-ბაქო-თეირანი-ეს ფორმატიც მოქმედებს. ამ დღეებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ოთხეულის ფორმატში მიიღო მონაწილეობა თურქეთ-საქართველო-ირან-აზერბაიჯანის მონაწილეობით. სწორედ ასეთი კონფიგურაციაა და ამ მახეში გავებით.
გავოცდი, როცა ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ასეთ ფორმატში იღებდა მონაწილეობას. გაიხსენეთ, რომელ არაფორმალურ გაერთიანებაში გაწევრიანდა საქართველო? გაიხსენეთ ისიც, რომ სწორედ თბილისში უნდა ჩატარდეს ამ ოთხეულის შეხვედრა. ეს რა გამოდის? გამოდის, რომ ჩვენ რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორებთან-სომხეთთან და ირანთან შევდივართ ალიანსში რეგიონული ფორმატის მიხედვით?“ - აცხადებს ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში.
მისივე განმარტებით, მართალია, თურქეთი ნატოს წევრია, მაგრამ ყველას ახსოვს ერდოღანის ბოლოდროინდელი მოქმედებები, რომელმაც რუსეთის სტრატეგიული შეიაღარება შეისყიდა. ვახტანგ მაისაია აღიარებს, რომ პირადად იგი პროდასავლური და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომხრედ რჩება, მაგრამ რეალობა სულ სხვაა. ჩვენ გამუდმებით ვიძახით, დასავლეთი, დასავლეთი, მაგრამ რეალობა სხვას ამტკიცებს. მიხეილ ჯანელიძის ჩასვლაც ბაქოში ამის პირდაპირი გამოხატულება იყო. სხვათა შორის, კვირიკაშვილიც რომ ჩავიდა ბაქოსა და ერევანში, ესეც შემთხვევით არ მომხდარა, რადგან ბაქოსა და ერევანს პირდაპირი კავშირები აქვთ მოსკოვთან.
„რატომ ჩადიოდა ბაქოსა და ერევანში? სწორედ ამ ვიზიტებს მოჰყვა მისი წერილი რუსეთის ხელისუფლების სახელზე. ასე რომ, როგორც წესი, ყველაფერი წინასწარ მზადდება“.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“, - სწორედ ეს არის საქართველოს არსი. ამიტომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ ისეთნაირად მომართულნი, თუ რას იტყვის რუსეთი. უბრალოდ, ჩვენ რაც ვიცით და, როგორც ვიცით, სწორედ ის უნდა ვაკეთოთ.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენ რას გავაკეთებთ. მთელი ჩვენი პოლიტიკა ასე უნდა იყოს აწყობილი და არ აქვს მნიშვნელობა, რას იტყვის რუსეთი. კვირიკაშვილი ძალზე სწორად იქცევა. ის ამბობს, რომ ჩვენ ვართ ღია სალაპარაკოდ, ოღონდ ეს ლაპარაკი ჩვენს უკანდახევას სულაც არ ნიშნავს. ჩვენ, როგორც კაცები, ადამიანები უნდა ველაპარაკოთ ერთმანეთს. საქართველოში მთავარია ღირსება, სიკეთე, ხოლო კვირიკაშვილს ღირსების თვალსაზრისით უკან არ დაუხევია“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.