ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, 18 მარტს, რუსეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე მოქმედმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაიმარჯვა.
წინასწარი მონაცემებით, მან ამომრჩეველთა ხმების 73,9% მიიღო. ეგზიტპოლის შედეგებით, მეორე ადგილზე „კომუნისტების“ კანდიდატი, პაველ გრუდინინი (11,2%), ხოლო მესამე ადგილზე „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი (6,7%) გავიდა. ტელეჟურნალისტმა ქსენია სობჩაკმა ამომრჩეველთა ხმების 2,5% მიიღო, რაც მეოთხე ადგილია.
მთავარი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, რომელსაც ვლადიმერ პუტინმა არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცა, აცხადებს, რომ რუსეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნები დარღვევით მიმდინარეობდა და ხმის მისაცემად ხალხი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიჰყავდათ.
„33 ათასზე მეტი ადამიანი აკვირდება ჩვენგან არჩევნებს. მათ პირდაპირ ეთერსა და ინტერნეტ სივრცეში უპრეცედენტო დარღვევების შესახებ კონკრეტული ფაქტები გაავრცელეს. ხალხი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიჰყავთ საარჩევნო უბნებზე. რუსეთის არჩევნების ისტორიაში პირველად, დილით იყო საარჩევნო უბნებზე ყველაზე დიდი აქტივობა, ანუ ამომრჩევლების უმეტესობა დილის 8:00 საათზე მივიდა ხმის მისაცემად. ყველა დაადასტურებს, რომ ეს არანორმალურია, უბრალოდ ყველას აიძულებდნენ მისვლას, ადრეც ასე იყო და ეს უბრალოდ პუტინის გადარჩევაა, მეტი არაფერი. ამის მიუხედავად, ზოგიერთ რეგიონში, იქაც კი სადაც დამთავრდა ეს ე.წ. არჩევნები, ჩვენი დამკვირვებლების მონაცემებით, წნეხის გათვალისწინების მიუხედავად, აქტივობა დაბალია 2012 წელთან შედარებით“, - განაცხადა ალექსეი ნავალნიმ.
პრეზიდენტობის კანდიდატმა, ქსენია სობჩაკმა ყველა ოპოზიციურად განწყობილ ადამიანს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ საუკეთესო გამოსავალი ერთიანი ოპოზიციური კანდიდატი იქნებოდა.
„საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, რომ რუსეთის მოქალაქეებს ერთიანი ოპოზიციონერი კანდიდატი ჰყოლოდათ. ამაში დარწმუნებული ვარ. ხმების რა რაოდენობას აიღებს პუტინი, დღეს პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენი ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქე მოვა არჩევნებზე, ეს უნდა გვესმოდეს, აქ არაფერია გაუგებარი. ეს ჩვეულებრივი მათემატიკაა, რაც უფრო მეტი ვიქნებით, მით ნაკლებ ხმას მიიღებს პუტინი“, - განაცხადა ქსენია სობჩაკმა.
რუსეთის პრეზიდენტმა საკუთარი არჩევანი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიაში გახსნილ საარჩევნო უბანში გააკეთა. აღსანიშნავია, რომ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეც პუტინმა ამავე საარჩევნო უბანში გააკეთა თავისი არჩევანი.
„დარწმუნებული ვარ იმ პროგრამის სისწორეში, რომელსაც მე ქვეყანას ვთავაზობ“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების გამო ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვარზე გამშვები პუნქტები დროებით დახურა, ხოლო ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ფარგლებში 13 საარჩევნო უბანი გაიხსნა.
კარნეგის ფონდში რუსეთის პროგრამის უფროსი მკვლევარი პოლ სტრონსკი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ მომავალი ექვსი წლის განმავლობაში, რომელიც შესაძლოა მისი ბოლო ვადა იყოს, ვლადიმერ პუტინი მეზობლებსა და საქართველოზე ზეწოლას გააგრძელებს.
სტრონსკი მიიჩნევს, რომ ვიდრე პუტინი უკრაინასა და სირიაშია ჩართული, ეს სხვა ქვეყნებს და საქართველოს აძლევს დროს. თუმცა, საქართველო კვლავ დაუცველია რუსეთის პირისპირ.
„საქართველო ჯერ ისევ დგას აგრესიული რუსეთის პირისპირ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ადგილი აქვს ადმინისტრაციული საზღვრის მოძრაობას და მავთულხლართების გადაადგილებას. ეს ძალზე შემაშფოთებელია. ჩვენ დასავლეთში ხშირად ვაკეთებთ ფოკუსირებას რუსეთის ქმედებებზე სირიაში. ამ დროს, საქართველო ჯერ ისევ დარტყმის და საფრთხის ქვეშაა. მე არ ვფიქრობ, რომ რუსეთი მოახდენს საქართველოს დესტაბილიზაციას უახლოეს მომავალში, თუმცა ის გააგრძელებს ზეწოლას თბილისზე. ეს ქართველი ხალხისთვის ძალზედ შემაშფოთებელია. საჭიროა, დასავლეთი უფრო მჭიდროდ თანამშრომლობდეს საქართველოსთან და იყოს მტკიცე საქართველოს მხარდაჭერაში ზეწოლასთან გამკლავებისას“, - აცხადებს პოლ სტრონსკი.
კენანის ინსტიტუტის მკვლევარი მაიკლ კოფმანი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ საქართველოს შემთხვევაში რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თბილისის ნატოში გაწევრიანების ხელის შეშლაა. მისივე თქმით, სანამ თბილისი წევრობის სამოქმედო გეგმას არ მიიღებს და წევრობის რეალური პერსპექტივა არ გაჩნდება, რუსეთისთვის სტატუს კვო მომგებიანია.
„ვფიქრობ, რუსეთი კმაყოფილია მისი პოზიციებით საქართველოში. რუსეთი კარგად აკვირდება იმას, თუ რამდენად სურს ნატოს, დაეხმაროს საქართველოს შეიარაღებით. ჩვენ ვიცით, რომ გასულ წელს საქართველომ მიიღო ჯაველინის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, თუმცა ეს რუსეთისთვის ნაკლებად შემაშფოთებელია ვიდრე ის, თუ რამდენად სერიოზულად განიხილება საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანების თემა, მიიღებენ თუ არა ისინი წევრობის სამოქმედო გეგმას. და სანამ მოსკოვი ფიქრობს, რომ საქართველო ნატოში არ წევრიანდება, ეს მას კომფორტულ სიტუაციაში ამყოფებს“, - აღნიშნავს მაიკლ კოფმანი.