მხსნელი სიტყვა - „მიხეილ მესხი“

მხსნელი სიტყვა - „მიხეილ მესხი“

დღევანდელი მოგონებების წერილი ქართული ფეხბურთის ისტორიას მიეძღვნება. იყო დრო როდესაც ფეხბურთით თავი მოგვქონდა და თანამემამულე მობურთალეები თავისი წარმატებებით არაერთ სიამოვნებას გვანიჭებდნენ. სამწუხაროდ ეს დრო წარსულში დარჩა და დღეს საამაყო აღარაფერი დაგვრჩა: ცარიელი სტადიონები, ეროვნული გუნდის ტრადიციად ქცეული უღიმღამო ასპარეზობა, მუდმივი წარუმატებლობები ევროთასების შეჯიბრში. ეს დღეს, მაგრამ გასახსენებელი მაინც ბევრი გაგვაჩნია...

თბილისის „დინამოსა“ და მოსკოვის „ცეესკას“ საფეხბურთო მატჩები ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა. შეხვედრა ისე არ ჩაივლიდა, რომ რაიმე ინციდენტი არ მომხდარიყო.

სახელოვანი, დაუმარცხებელი „ცეესკა“, რომელშიც ბელადის ვაჟს, ვასილ სტალინს, სხვადასხვა კუთხიდან ჩამოყვანილი ვარსკვლავები ჰყავდა შეკრებილი, განსაკუთრებით ქართველ ვირტუოზებს უფრთხოდა. ტექნიკურ ქართველებს არმიელები უხეშად ეთამაშებოდნენ, მწყობრიდან გამოჰყავდათ ქართველი ვარსკვლავები და ამის წყალობით, გვიგებდნენ. ერთ-ერთი მორიგი მატჩის დროს, ჯერ პაიჭაძე დაგვიმტვრიეს მალულად, შემდეგ ბერძენიშვილი.

მსაჯმა ეს ვერ შენიშნა. არც ჩვენების აპელირება მიიღო და ხელ-ფეხგახსნილი არმიელები შეტევაზე გადმოვიდნენ და რომ იტყვიან, დაგვასხდნენ. ერთ-ერთი შეტევის დროს გრიგორ ფედოტოვს ჩინებული პასი გაუჭრეს და მეკარის პირისპირ დატოვეს. გოლი გარდაუვალი იყო, მაგრამ მსაჯის სასტვენი გაისმა და ფედოტოვი გაჩერდა, რადგან თამაშგარე ეგონა. დინამოელთა კაპიტანმა შოთა შავგულიძემ კი, ბურთი სახიფათო ზონიდან გამოიტანა. სინამდვილეში, სწორედ ფედოტოვის უკან მდგომმა შავგულიძემ „მიუსტვინა“ მსაჯივით რუს ფორვარდს და გააჩერა. მსაჯმა კი ვერაფერი გაიგო, რადგან გოლის მოლოდინში ფეხზე წამომდგარი მაყურებელი გუგუნებდა და არაფერი ისმოდა. იგივე განმეორდა მეორედაც. ფედოტოვმა კვლავ „ჭამა“, მაგრამ ამჯერად თავი  ვერ შეიკავა, შევგულიძეს მივარდა და კოჭში ფეხი უთავაზა... მსაჯს ეს ეპიზოდი არ გამოჰპარვია და რუსი ბომბარდირი გააძევა.

ლიდერის დაკარგვამ არმიელები საბოლოოდ მოშალა. დინამოელებს კი ფრთები შეესხათ და მრისხანე მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხეს მისივე მოედანზე.

დავით ყიფიანზე უამრავი რამ დაწერილა. თუმცა, თავად სიტყვაძუნწს, ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა, მით უმეტეს – ჟურნალისტებთან. პოპულარული იყო, მაგრამ მილიონ კაცთან მეგობრობას არ იჩემებდა. თუმცა, ვისთანაც მეგობრობდა, მათთვის უკან არაფერზე დაიხევდა. თანაც, ამას ისე აკეთებდა, სხვისი ღირსება არ შეელახა.

ეს ამბავი დავით ყიფიანის გარდაცვალების შემდეგ მისმა სიყრმის მეგობარმა გაიხსენა: დიდი სპორტიდან წასვლის შემდეგ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა მწვრთნელობა დაიწყო. მისი მეგობარი მაშინ უმუშევარი გახლდათ და თავისთან წაიყვანა – ახალგაზრდა პერსპექტიული მოთამაშეების აღმოჩენა, შერჩევა და მსგავსი საქმეები დაავალა. ისიც ჩაერთო მუშაობაში – დადიოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, დაბრუნებული კი დეტალურად აცნობდა მოპოვებულ ინფორმაციას დავით ყიფიანს. ისიც, როგორც მეგობარს ეჩვენებოდა,  ყურადღებით ისმენდა მის რჩევებს და ითვალისწინებდა კიდეც. ყოველი თვის ბოლოს „სელექციონერი“ მშვიდი სინდისით მიდიოდა მოლარესთან კუთვნილი გასამრჯელოს მისაღებად. ასე გადიოდა დრო.

ერთ დღეს დავით ყიფიანმა მწვრთნელობას თავი დაანება და მისმა მეგობარმა მხოლოდ ამის შემდეგ გაიგო საოცარი ამბავი: „სამსახურში“ მისულმა აღმოაჩინა, რომ მისი თანამდებობა არ არსებობდა. ეს ყველაფერი, თავის სელექციიან-ხელფასიანად, დავით ყიფიანის მოგონილი და დადგმული „კომბინაცია“ აღმონდა და „ხარჯსაც“ „ყიფო“ (როგორც მას მეგობრები და თანაგუნდელები ეძახდნენ) საკუთარი ჯიბიდან იღებდა, რომ გაჭირვებულ მეგობარს მხარში ამოსდგომოდა.

1960 წელს თბილისი მსოფლიოს ჩემპიონი ქვეყნის, ბრაზილიის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს, "ბაიას" მასპინძლობდა. სტუმართა გუნდში ეროვნული ნაკრების რამდენიმე წევრი, მათ შორის ცნობილი ჯალმა სანტოსი თამაშობდა. სამხრეთამერიკელები არ მალავდნენ, რომ მხოლოდ გამარჯვება სურდათ და თანაც დიდი ანგარიშით, მაგრამ... "დინამომ" "ბაიას" ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანა.

აგვისტოს იმ ცხელ საღამოს მესხმა დიდებული წარმოდგენა გამართა და მსოფლიოს ჩემპიონებს ტექნიკური ფეხბურთის გაკვეთილი ჩაუტარა. ერთ ეპიზოდში, როცა მიშა რამდენიმე მოწინააღმდეგეს გაექცა, მაყურებელი უცნაური სანახაობის მომსწრე გახდა: მესხს მისი ფინტებით აღფრთოვანებული ჯალმა სანტოსი მიუახლოვდა, მოეხვია და გადაკოცნა. იმავე წელს მიხეილ მესხმა, სსრკ-ის ნაკრების შემადგენლობაში, ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მალე  ნაკრები სამხრეთ ამერიკაში გაემგზავრა. მესხს ბუენოს-აირესში, 120 ათასი მაყურებლით გაჭედილ სტადიონზე, არგენტინის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ მოუხდა თამაში. ტექნიკური ფეხბურთით განებივრებული არგენტინელები ქართველი გარემარბის ფინტებმა ისე გააოცა, რომ ტრიბუნებზე "მესხი, მესხის" სკანდირება დაიწყეს, თამაშის შემდეგ კი მაისური შემოახიეს და რელიკვიად დაინაწილეს.

5 წლის შემდეგ სსრკ-ის ნაკრები "მარაკანას" სტადიონზე მსოფლიოს ჩემპიონს, ბრაზილიის ეროვნულ გუნდს ხვდებოდა.

მეორე ტაიმის ერთ ეპიზოდში მესხის ზურგს უკან პელე აღმოჩნდა. ქართველმა ისეთი მოძრაობა გააკეთა, თითქოს ბურთს აჩერებდა, სინამდვილეში გაატარა და პელეს ფეხებშუა გაუძვრინა. "ფეხბურთის მეფე" შეცბა, შემდეგ ახარხარდა, მეტოქეს წამოეწია, ზურგზე შეახტა და კოცნა დაუწყო... 

თამაშის შემდეგ გასახდელში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯონ კენედის ძმა, სენატორი რობერტ კენედი შევიდა და მესხს სამახსოვრო ფოტოს გადაღება სთხოვა. მას შემდეგ ნახევარი საუკუნე გავიდა, მაგრამ მიშას თამაში სამხრეთ ამერიკაში ბევრს დღემდე ახსოვს. პოლიტიკოსმა ლევან ბერძენიშვილმა გვიამბო:

"ქართველთა ჯგუფს "მარაკანას" სტადიონზე ეგზალტირებულმა ბრაზილიელმა გულშემატკივარმა შემოგვიტია - არ ვიცით, საიდან ხართ, ეს ჩვენი ტრიბუნაა, წაეთრიეთო. ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ხან სტალინი ვახსენეთ, ხან შევარდნაძე, მაგრამ არაფერმა გაჭრა. მერე ვთქვი, მესხი-მეთქი და ბრბოც წამში დამშვიდდა. ყველა უცებ მეგობრად იქცა. ზოგს მიშა თავად ჰყავდა ნანახი, ზოგმაც გადმოცემით იცოდა. ერთი სიტყვით, ბრაზილიაში მხსნელი სიტყვა არის მესხი!"

მოგონებების დასასრულს ბატონი ეროსი მანჯგალაძე გავიხსენოთ - ერთნაირად წარმატებული იყო როგორც სცენაზე, ასევე საფეხბურთო რეპორტაჟების დროსაც. ის შესანიშნავად ართმევდა თავს ამ ორ საქმეს. თუმცა, ზოგჯერ ისეც ხდებოდა, რომ სპექტაკლი და საფეხბურთო მატჩი ერთმანეთს ემთხვეოდა. ასეთ დროს, დიდი ეროსი უხერხულ მდგომარეობაში ვარდებოდა და გამოსავლის ძებნა კურიოზულ სიტუაციაში აგდებდა.

ერთხელ, სპექტაკლი „ჭინჭრაქა” და თბილისის „დინამოს” სათასო მატჩი კვლავ ერთმანეთს დაემთხვა. სპექტაკლის რეჟისორმა, მიხეილ თუმანიშვილმა ეროსი მკაცრად გააფრთხილა:

– იცოდე, სპექტაკლს ვერ გააცდენ. უნდა ითამაშო. გაცდენა არ გაბედო, პირადად შეგამოწმებო.

მეორე მხრივ, ტელერადიოკომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ძიძიგურმაც იგივე უთხრა ეროსის...

ბევრი ფიქრის შემდეგ, ეროსიმ დახმარება ერთ ნაკლებადცნობილ მსახიობს სთხოვა (მის ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებთ), რომელიც უბადლო იმიტატორი იყო და განსაკუთრებით კარგად ბაძავდა ეროსის. ერთი სიტყვით, ეროსიმ ეს მსახიობი „დინამო” სტადიონზე მიიყვანა, საკომენტატორო ჯიხურში გამოკეტა, რომ ბლეფი არავის შეემჩნია. თვითონ კი, „ჭინჭრაქას” სათამაშოდ გაემართა. სპექტაკლი რომ მორჩა, ეროსი პირდაპირ თეატრიდან გაემართა ტელერადიოკომიტეტის შენობაში, რომ როგორც მაშინ იყო მიღებული, აკაკი ძიძიგურს ხლებოდა და დავთარში ხელი მოეწერა, გაწეული სამუშაოს შესახებ. მატჩი იმ დროისთვის უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო. ბატონი კაკო ძიძიგური ეროსის დერეფანში შეეფეთა და გაოცებულმა შეხედა. მერე კი გაეცინა, კაბინეტში შეიპატიჟა და ჰკითხა:

– ხომ არ დაიღალე, რა სწრაფად მოსულხარო.

– დიახ. ვფიქრობდი, ხელს მოვაწერ და გავიქცევი, რეპეტიცია მაქვსო. – მიუგო ეროსიმ და ერთი სული ჰქონდა, ხელი მოეწერა და წასულიყო. თამაშის ანგარიში ჯერ არ იცოდა და ბატონ კაკოს რომ ეკითხა, სწორ პასუხს ვერ გასცემდა.

კაკო ძიძიგურმა კი, ეროსის ალმაცერად შეხედა. შემდეგ ჩართო რადიო და ეროსის გასაკვირად, მისი დუბლიორის ხმა გაისმა. საქმე ისაა, რომ თამაშის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა და რადგან სათასო მატჩი იყო, დამატებითი დრო დაინიშნა. თამაში „დინამომ” მოიგო. კაკო ძიძიგურმა კი, ბოლომდე მოასმენინა „ლაივში” ეროსის თავისივე რეპორტაჟი და მშვიდობიანად გაუშვა.