„რუსეთმა, ახლა ჯობია, გაიწიოს და მოკეტოს!“

„რუსეთმა, ახლა ჯობია, გაიწიოს და მოკეტოს!“

ბრიტანეთის პრემიერის ულტიმატუმს რუსეთის საპასუხო რეაქცია მოჰყვა - მოსკოვი უარყოფს, რომ მომხდართან რაიმე კავშირი აქვს - რუსი ჯაშუში, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი 4 მარტს, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან გონებადაკარგულ მდგომარეობაში აღმოაჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოიწამლნენ.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ოფიციალურ მოსკოვს ახსნა მოსთხოვა, თუ როგორ მოხდა ბრიტანეთის ტერიტორიაზე სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის რუსული წარმოების შხამით მოწამვლა.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა გევინ უილიამსონმა კი განაცხადა, რომ რუსეთის ქმედება სოლსბერიში აბსოლუტურად აღმაშფოთებელი და მიუღებელია.

„ჩვენ მივიღეთ ზომები და რეალურად რუსეთმა, ახლა ჯობია, გაიწიოს და მოკეტოს“, - განაცხადა უილიამსონმა. მისი თქმით, ბოლო დროის განმავლობაში ქვეყნებს შორის ურთიერთობა უფრო დაიძაბა და ახალი ცივი ომის დაწყება გამორიცხული არ არის.

მოკლედ, ბრიტანეთი რუსეთთან მაღალ დონეზე ყველა სახის დიპლომატიურ კავშირს წყვეტს, მათ შორის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ლონდონში ვიზიტს, ხოლო რუსეთში დაგეგმილ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს არ დაესწრებიან დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენლები და მთავრობის წევრები.

უკვე ცნობილია, რომ დიდი ბრიტანეთი 23 რუს დიპლომატს გააძევებს. როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ოფიციალურმა მოსკოვმა არ უპასუხა ლონდონის მოთხოვნას, განემარტა, თუ როგორ მოხვდა რუსეთში შემუშავებული მომწამლავი ნივთიერება დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის ტერიტორიაზე ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების გამოყენება, „დიდი ალბათობით“, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით მოხდა.

ჯონსონის განცხადებით, სოლსბერიში მომხდარი თავდასხმა რუსეთიდან იყო მართული, ასევე დადასტურდა, რომ გამოყენებული ნივთიერება „ნოვიჩოკი“ რუსეთში იყო შექმნილი და იქვე ინახებოდა. თუმცა, მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსი ხალხის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ და პრობლემები პუტინთან და კრემლთან არის დაკავშირებული, ამასთანავე, ის იმედოვნებს, რომ მიმდინარე მოვლენები რუსოფობიაში არ გადაიზრდება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის იგორ კონაშენკოვის თქმით, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი „ბაზრის ქალის რიტორიკით“ საუბრობს.

„დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მიერ ნაჩვენებმა ბაზრის ქალის რიტორიკამ მშვენივრად წარმოაჩინა მისი ინტელექტუალური იმპოტენცია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ლონდონის ბრალდებები რუსეთთან მიმართებში უსაფუძვლოა“, - განაცხადა რუსეთის თავდაცვის უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი კი მიიჩნევს, რომ სერგეი სკრიპალის მოწამვლაში ოფიციალური ლონდონის მიერ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დადანაშაულება მიუტევებელი დიპლომატიური შეცდომაა.

„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ რუსეთს არაფერი აქვს საერთო ამ ისტორიასთან“, - განაცხადა პესკოვმა.

მისივე შეფასებით, პუტინის მოხსენიება მომხდართან კავშირში შოკისმომგვრელია.

სკრიპალის საქმეს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც გამოეხმაურა და ბრიტანელებს ურჩია, ყოფილი ჯაშუშის მოწამვლის ინციდენტში ჯერ თავად გაერკვნენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, მოსკოვი ლონდონის საპასუხოდ, ასევე გააძევებს ბრიტანელ დიპლომატებს რუსეთიდან.

როგორც ცნობილია, რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების დაწესებას საფრანგეთიც გეგმავს და აღნიშნულის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტი უახლოეს დღეებში შესაბამის განცხადებას გააკეთებს.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აქამდე არსებული და ცნობილი ყველა ფაქტი ქმნის საფუძველს, რომ საქმეში რუსეთის ბრალეულობა გამოვლინდეს.

„ვესაუბრე დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს და ჩვენ ვართ ღრმა დისკუსიებში - ძალიან სამწუხარო ვითარებაა. უეჭველად ჩანს, რომ ამის უკან რუსები დგანან. ეს არის ის, რაც არასოდეს უნდა მომხდარიყო და ამას ძალიან სერიოზულად ვუდგებით“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

როგორც ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა აღნიშნა, სოლსბერიში მომხდარი შემთხვევა მესიჯია მომავალი ორმაგი აგენტებისთვის, რომ თავს ვერსად იგრძნობენ უსაფრთხოდ.

„სამწუხაროდ, რუსეთის ტაქტიკაა მოსინჯოს რეაქცია. იმ შემთხვევაში, თუ პასუხი სუსტია, ისინი განაგრძობენ ჩვეულ სტილში მოქმედებას. 2008 წელს საქართველოში შეჭრის შემდეგ იყო ამის დაგმობა, მაგრამ მალევე ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. ჩვენ ჭკუა ვერ ვისწავლეთ“, - განაცხადა ლიტვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

რამდენად მწვავე იქნება ევროპის სხვა ლიდერთა რეაქცია, უახლოეს დღეებში გახდება ნათელი, ლინას ლინკევიჩიუსი მოელის, რომ ორშაბათს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დიდი ბრიტანეთი სრულ მხარდაჭერას მიიღებს ევროკავშირისგან.

რა კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს დასავლეთი, სავარაუდოდ, ხანგრძლივი მსჯელობის საგანი გახდება, თუმცა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატის, ლეიბორისტული პარტიის წევრის სტივენ კინოკის განცხადებით, დიდმა ბრიტანეთმა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის გადატანა უნდა მოითხოვოს.

„ჩემი აზრით, ჩვენ სერიოზულად უნდა მივმართოთ ფიფა-ს, რომ მსოფლიო ჩემპიონატი 2019 წელს სხვა ქვეყანაში ან ქვეყნებში ჩატარდეს. პუტინმა მილიარდობით რუბლი ჩადო მსოფლიო ჩემპიონატში და ამ ღონისძიებას საკუთარი რეჟიმის რეკლამირების საშუალებად განიხილავს“, - განაცხადა კინოკმა.

აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გამოცხადებული ბოიკოტი არ ვრცელდება ინგლისის საფეხბურთო ნაკრებზე, რომლის მონაწილეობის საკითხსაც ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია წყვეტს.

საფრანგეთის, გერმანიის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება უკვე გაავრცელეს, ისინი გმობენ სამხრეთ ინგლისში, სოლსბერიში მომხდარ ინციდენტს.

„ეს პირველი შემთხვევაა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა ევროპის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის გამოიყენეს რუსეთში შემუშავებული ნერვულ-პარალიტიკური ქიმიური ნივთიერება“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ინციდენტი დიდი ბრიტანეთის სუვერენიტეტზე თავდასხმად არის შეფასებული, რომელიც თითოეული მათგანის უსაფრთხოებას ემუქრება.

ბერლინი, ვაშინგტონი და პარიზი ეთანხმებიან ბრიტანეთის მთავრობის შეხედულებას, რომ არ არსებობს საქმეში რუსეთის თანამონაწილეობის დამაჯერებელი ალტერნატივა.

ქვეყნის ლიდერები ასევე მოითხოვენ, რომ მოსკოვმა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას ინფორმაცია მიაწოდოს ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ქალაქ სოლსბერის საავადმყოფოში ГРУ-ს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი 6 მარტს გადაიყვანეს. 66 წლის სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩებიან.

2006 წელს მოსკოვის საოლქო სამხედრო სასამართლომ სერგეი სკრიპალს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურობისას 1990-იან წლებში სკრიპალი ბრიტანულმა დაზვერვამ გადაიბირა და ის ოფიციალურ ლონდონს სახელმწიფო საიდუმლოს შემცველ ინფორმაციას გადასცემდა. 2010 წელს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სკრიპალი და ჯაშუშობისთვის გასამართლებული კიდევ ორი პირი შეიწყალა და აშშ-ში დაკავებულ 10 ადამიანზე გაცვალა.

როგორ იმოქმედებს მოსკოვის ირგვლივ აგორებული სკანდალი საპრეზიდენტო არჩევნებზე, ძნელი სათქმელია, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ძალიან მცირე დროა დარჩენილი იმისათვის, რომ რუსულმა საზოგადოებამ მომხდარის გაანალიზება მოასწროს და მით უმეტეს, ეს მათ არჩევანზე აისახოს - შესაბამისად, მოლოდინი, რომ რუსეთის ლიდერობას პუტინი სხვას „გადააბარებს“, არ არსებობს.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, რაც რუსეთს საპრეზიდენტო არჩევნების წინა დღეებში შეემთხვა - იქამდე ვიდრე ევროპა სკრიპალის საქმეზე მსჯელობისა და გადაწყვეტილების მიღების რეჟიმშია, ვაშინგტონმა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. შესაბამისი სია ამერიკის ფინანსთა სამინისტროს გვერდზე გამოქვეყნდა. თუმცა ეს შეზღუდვები სხვა თემას ეხება და გასულ წელს, ამერიკაში მიღებული კანონის შესაბამისად დაწესდა - სიაში მოხვდნენ პირები და კომპანიები, რომლებსაც ვაშინგტონი ამერიკის არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს. ხაზინის დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები 2016 წელს აშშ-ს არჩევნებში ჩარევისა და კიბერშეტევების გამო შემოიღეს.

„დღევანდელი ქმედება მიმართულია დესტაბილიზაციისკენ რუსეთის უწყვეტი ძალისხმევის წინააღმდეგ, რომელიც დაიწყო ამერიკის არჩევნებში ჩარევით, რომელთა გაგრძელება გახდა კიბერშეტევები, მათ შორის ისიც, რაც მოხდა 15 თებერვალს - კიბერშეტევა „NotPetya“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა.

უკვე ცნობილია, რომ მოსკოვი ვაშინგტონის ბოლო სანქციებს პარიტეტის პრინციპით უპასუხებს და „შავ სიაში“ ამერიკელების ახალ ჯგუფს შეიყვანს.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, ასე იქცევიან ამერიკული პოლიტიკური სიჯიუტის გამო, მისივე თქმით, სხვა ზომების მიღებაც არის შესაძლებელი, თუმცა მაინც დატოვებენ „მოლაპარაკებებისთვის პატარა ფანჯარას ვაშინგტონთან ურთიერთობების სტაბილიზაციისთვის“.