დონბასში სიტუაციის „დარეგულირების“ პუტინისეული გეგმა აფხაზეთისა და ცხინვალის პრობლემების „გადაჭრის“ ანალოგიურია. ვლადიმერ პუტინი ირწმუნება, თითქოს რუსეთი დონბასის მთელ ტერიტორიაზე გაეროს სამშვიდობო ძალების განლაგების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ამ საკითხებზე საჭიროა დონბასის და ლუგანსკის არაღიარებულ რესპუბლიკებთან საუბარი.
„ახლა ამბობენ, მშვიდობისმყოფელები ყველგან უნდა იდგნენ. ფაქტობრივად, საუბარია იმაზე, რომ მთელი ეს ტერიტორია საერთაშორისო კონტროლის ქვეშ მოექცეს. ეწინააღმდეგება თუ არა ამას რუსეთი? ჩვენ, სულ მცირე, წინააღმდეგნი არ ვართ, მაგრამ საჭიროა ამ არაღიარებულ რესპუბლიკებთან საუბარი. მიდით და მოელაპარაკეთ, მაგრამ ამის გაკეთება არავის სურს“,-ამბობს ვლადიმერ პუტინი.
პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ეს იგივე სცენარია, რაც სამაჩაბლოსა და აფხაზეთთან მიმართებით მოგვისმენია რუსეთის მხრიდან. თუმცა დონბასი და არაღიარებული რესპუბლიკები რას გააკეთებენ რუსეთის გარეშე ისევე, როგორც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთზეა დამოკიდებული, ეს არავინ იცის. სწორედ ეს არის რუსეთის მექანიზმი და რუსეთის საპასუხო ქმედება იმაზე, რასაც დასავლეთი ახორციელებს მის წინააღმდეგ.
„ეს არის ნაჯახისებური პოლიტიკა, მაგრამ ასეთია რუსეთი. ამერიკელები, დასავლეთელები სხვანაირად მოქმედებენ. როგორც უყვართ ხოლმე ჩვენში გამოთქმა, ამერიკელები მოქმედებენ პინცეტით, ხოლო რუსები მოქმედებენ ნაჯახით. თუ ახალი ბირთვული იარაღი ნამდვილად რეალურია და ასეთი უპირატესობა ექნება რუსეთს, მაშინ შეიძლება დასავლეთი გარკვეულ დათმობაზე წაიყვანოს თუნდაც დონბასთან მიმართებით, რადგან უკრაინა მაინც რუსეთის გავლენის სფეროა. რუსეთი ისე აღიქვამს უკრაინას, როგორც საკუთარ გავლენის სფეროს. მე რომ მკითხოთ, თავის დროზე ბევრი შეცდომა დაუშვა რუსეთმა უკრაინის მიმართ, მაგრამ ახლა ნაჯახისებური მეთოდით ცდილობს, უკან დაიბრუნოს თავისი გავლენის სფეროს სახელმწიფო.
საერთოდ, პუტინი და ბევრი პოლიტიკოსი თვლის, რომ ეს ერთი ცივილიზაციისა და ერთი წარმოშობის ხალხია. კიევის რუსეთიდან დაიწყო რუსეთის ისტორია, მოგვიანებით უკრაინელებს მიხაილო გრუშევსკიც ჰყავდათ, რომელმაც დაწერა უკრაინის ისტორია, თუმცა რამდენად სამართლიანია ეს ისტორია, ეს უკვე სხვა თემაა“, - აღნიშნა თამარ კიკნაძემ.
საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ პუტინი კატეგორიულად ეწინააღმდეგება დონბასის მთელ ტერიტორიაზე გაეროს სამშვიდობო ძალების განლაგებას. რუსეთის პოზიცია თავიდანვე ასეთი იყო, რომ სამშვიდობო ძალები ერთმანეთს უნდა დააშორონ, დააცილონ, ანუ გამყოფი კორდონი უნდა შექმნან, რაც ანალოგიურია იმ სცენარის, მოვლენების როგორი განვითარებაც აწყობთ რუსებს და რაც არაერთხელ გაიმეორეს აფხაზეთისა და ცხინვალის შემთხვევაში. მათი მიზანია სეპარატისტთა მხარდაჭერა და სტატუს კვოს შენარჩუნება, ანუ ის, რომ კონფლიქტის მოწესრიგება რეალურად არ მოხდეს.
„დონბასის მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მიუდგება ამ პრობლემას საერთაშორისო საზოგადოება. უკრაინას შესწევს ძალა, თავისი შეიარაღებული ძალების გამოყენებით დონბასი გაწმინდოს დამნაშავე ელემენტებისგან, სეპარატისტებისგან და იქ კონსტიტუციური წესრიგი აღადგინოს. ამავდროულად, უკრაინის ხელისუფლების განცხადებაც ცნობილია, რომ მათ სურთ, მოლაპარაკების გზით, მშვიდობიანი მეთოდით აღადგინონ დონბასში სახელმწიფოებრივი წესრიგი, გაითვალსწინონ ის კანონიერი უფლებები და სურვილები, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას აქვს. აქ უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო თანამეგობრობის როლი და ადგილი, რამაც უნდა აიძულოს რუსეთი, გადადგას რეალისტური ნაბიჯები. ჯერჯერობით, რასაც რუსეთი დონბასში აკეთებს, მკაფიოდ უჩვენებს, რომ ეს არის პოლიტიკური მანიპულაციები მიმართული იქითკენ, რომ კონფლიქტის მოწესრიგება არ მოხდეს და ამან დასავლეთში უკრაინის ინტეგრაციის პროცესი შეაფერხოს. ასევე, თუკი შესაძლებელი იქნება, რუსეთი მზად არის, პოლიტიკური ხელმძღვნელობაც კი შეცვალოს უკრაინაში, რაც მსოფლიომ არ უნდა დაუშვას“, - აცხადებს ირაკლი მენაღარიშვილი, რომლის აზრითაც, დონბასის არაღიარებულ რესპუბკლიკებთან საუბარი არაფრის მომცემი იქნება და ეს ნიშნავს, რომ ამგვარი სამშვიდობო ოპერაცია არასდროს შედგება.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ დონბასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ვაჭრობა მიმდინარეობს. დონბასში სიტუაციის ესკალაცია უკვე აღარავის სურს, რადგან დონბასი ეს არის ღია ჭრილობა და ღია ფრონტალური დაპირისპირება.
„რუსეთი კიდევ რას უმზადებს უკრაინას ამ საქმეში, არავინ იცის. ახლა ყველა ცდილობს, მოახდინოს ამ პრობლემის კონსერვაცია იმისთვის, რომ რუსეთს არ მისცეს საშუალება, აგრესიული ელემენტები წარმოაჩინოს უკრაინის წინააღმდეგ. დონბასის არაღიარებულ რესპუბლიკებთან საუბარი არაფერს მისცემს გაეროს უსაფრთხოების სამშვიდობო ძალებს, რადგან ასეთივე მოდელი აპრობირებული იყო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ასეთი მოდელის განმეორება ცინიზმია რუსეთის მხრიდან“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ ჩვენთან საუბარში.