„მეცხრემდე თუ მიაღწია გადაიყოლებს ეს ტალღები ამ ხელისუფლებას და ამით დასრულდება ყველაფერი“

„მეცხრემდე თუ მიაღწია გადაიყოლებს ეს ტალღები ამ ხელისუფლებას და ამით დასრულდება ყველაფერი“

სასამართლო სისტემის მუშაობაში არსებული ბზარები უკვე სახეზეა - სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლებები თითქოს ცდილობენ, მდგომარეობა კონტროლიდან არ გავიდეს, მაგრამ ხარვეზები ხან ერთ შემთხვევაში იჩენს თავს ხან - მეორეში. არის თუ არა სიტუაციიდან გამოსავალი, ამ თემაზე ექსპერტი, ლევან ალაფიშვილი გვესაუბრება.

ლევან ალაფიშვილი: რასაც ვადევნებთ თვალს, ეს არის პირველი, ხილული შედეგი იმ პროცესისა, რომელიც პოლიტიკური ძალების და პირველ რიგში მმართველი პოლიტიკური გაერთიანების დამსახურებით მიმდინარეობს. ამ პროცესს დაერქვა მართლმსაჯულების რეფორმა, თუმცა შინაარსი ამ რეფორმისა რეალობიგან საგრძნობლად განსხვავდებოდა.

რომ შევაჯამოთ, პრემიერმა თავისსავე გუნდში უნდა მოიკითხოს იმის მიზეზი, რამაც მისი აღშფოთება გამოიწვია. ეს პროცესი მიმდინარეობდა პოლიტიკური ლოიალობის ნიშნით - პოლიტიკური ინტერესის გამო მიიღებოდა ხშირ შემთხვევაში გადაწყვეტილებები.

როგორც გამოიკვეთა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო გვევლინება პრობლემების სათავედ, თუმცა, პირიქით უნდა ყოფილიყო...

- ცხადია, როდესაც სისტემის შიგნით მიმდინარეობს რაღაც პროცესი და გარედან გარკვეული მხარდაჭერა ხდება, შეიძლება რაღაც გუნდი გამოიკვეთოს ლიდერად, მაგრამ საბოლოო ჯამში, სისტემაში დამკვიდრების შემდეგ ის ჩაკეტილი ჯგუფი რეზისტენტული ხდება გარე სამყაროსადმი - იქნება ეს საკანონმდებლო ორგანო, არასამთავროიბო სექტორი, მედია თუ სხვა.

გამოდის, რომ ეს რეზისტენტული ჯგუფი აცხადებს ჩვენ ვართ, მზად ვართ გემსახუროთ, მაგრამ ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით - თუკი ასეთი რამ სადმე ხდება და ჩვენში ამისი ნიშნები აშკარად არსებობს, ასეთ შემთხვევაში მმართველი პოლიტიკური ძალის დამსახურებაა ეს ყველაფერი - და ეს არ არის საბოლოო შედეგი, ჯერ კიდევ წინ გვაქვს სიურპრიზები. ჯერჯერობით მხოლოდ მოსამართლეთა მრავალრიცხოვანი დანიშვნები განხორციელდა, მაგრამ კიდევ იქნება სხვა მოვლენები.

რა ტიპის საფრთხეებზე შეიძლება იყოს ლაპარაკი?

- თავიდანვე მივუთითებდით, რომ არ შეიძლებოდა პოლიტიკური გადაწყვეტილებების რეფორმად წარმოჩინება და ახლა სწორედ ამის შედეგს ვადევნებთ თვალს.

გავიხსენოთ, რა ხდება ბოლო პერიოდში, მოქმედი მოსამართლეები იმის უფლებასაც კი აძლევენ საკუთარ თავს, რომ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ - ცდილობენ სახელმწიფოს მეთაური წარმოაჩინონ მხარედ - თავს გვესხმისო - ასე ამბობენ.

 როდესაც მოქმედი მოსამართლეები ასე იქცევიან, ეს ძალიან შორსაა დემოკრატიისგან, ასეთი მართლმსაჯულების სისტემა კი ძალიან შორს არის ობიექტურობისგან - ეს ყველაფერი არის იმის მიმანიშნებელი, რომ შესაძლოა მართლსაჯულება ჩამოყალიბდეს ჩაკეტილ სისტემად, რომელსაც მუდმივად ექნება მცდელობა, თუკი რაიმე აღიქვა მის საწინააღმდეგოდ, იმოქმედოს ერთიანად, შეთანხმებულად. მაგალითად, გავლენა მოახდინოს პოლიტიკურ პროცესებზე, მისი თანამომაწილე იყოს ან პოლიტიკურ პროცესებს დაუდოს სათავე.

თავის დროზე უნდა ეზრუნა ჩვენს ხელისუფლებას იმაზე, რომ მომხდარიყო რეალური რეფორმა და არა კონკრეტული პოლიტიკური ინტერესებისთვის მიღებული ფრაგმენტული გადაწყვეტილებები წარმოეჩინა რეფორმად. ჯერ ერთი ტალღაო, მერე - მეორეო და ა.შ. მეცხრემდე თუ მიაღწია გადაიყოლებს ეს ტალღები ამ ხელისუფლებას და ამით დასრულდება ყველაფერი. მარტო მათ კი არა, სახელმწიფოსაც გადაიყოლებს და დემოკრატიას ამ სახელმწიფოში. ეს არ არის ის საკითხი, რომელსაც მარტივად შეიძლება მიუდგე.

ამაზე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებაა დამოკიდებული, ინვესტიციეების ზრდა, სოციალური მდგომარეობა, ინსტიტუციებისადმი ნდობა, დემოკრატიულობის ხარისხი. წინააღმდეგ შემთხვევაში ერთადერთი გზაა დარჩენილი და ეს სრული ქაოსია - როდესაც საზოგადოებას აღარ აქვს ნდობა სისტემისადმი.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე აპირებს, საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადოს, რომ პროცესების დარეგულირება მოხდეს. ეს არის რეალური გამოსავალი?

- ნინო გვენეტაძე, სამწუხაროდ, მისდამი ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, იქცა ამ სისტემის პატარა ჭანჭიკად - თვითონვე აღიარა, ძალადობის მსხვერპლი ვარო - როდესაც ამას ამბობს მართლმსაჯულების პირველი პირი, იქ აშკარად ყველაფერი რიგზე არ არის.

საქართველოში დაახლოებით 280 მოსამართლეა, 60-მდე მოსამართლე უკვე დაინიშნა და ახლა ასწორებენ ხარვეზებს? რამდენი ხანია რაც არასამთავრობო სექტორი ლაპარაკობს, რომ კრიტერიუმების შემუშავება იყო საჭირო?! გადაწყვეტილებები რომ გაუმჭვირვალეა, წინასწარ შეთანხმებით რომ იღებენ გადაწყვეტილებებს და ა.შ. ეს მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი?! ამ ყველაფერს შიგნიდან არ ადევნებდნენ თვალს?! პრემიერმა რომ გააკეთა განცხადება, ამის შემდეგ დაინახეს, რაც ხდება?- ეს ხომ ძალზე არასერიოზული და შემაშფოთებელია?!

როგორც ჩანს, ახლა დაიწყეს გამოსავალზე ფიქრი, დანიშვნებთან დაკავშირებით მორატორიუმზეც კი იყო ლაპარაკი - თქვენი შეფასებით, რა შეიძლება იყოს ეფექტური ნაბიჯი, რომელიც შედეგს მოგვიტანს და არა მორიგი კორექტირება, რომელიც ვერაფერს შეცვლის?

- ხანძარი რომ გაჩნდება, შეიძლება ვიღაცამ ადრე ჩააქროს - ვიღაცამ - გვიან, მაგრამ ხანძარი მაინც თავისას გააკეთებს და დაწვავს იქაურობას, რაღაცას გააფუჭებს. ხელისუფლების გონიერება იმისთვის იყო საჭირო, რომ ხანძარი არ გაჩენილიყო, თორემ ახლა რა მნიშვნელობა აქვს რას გააკეთებენ? - როდესაც 70-მდე მოსამართლე დანიშნული გყავს, დანარჩენებს რას ეუბნები? მოსამართლეების ნახევარი უვადოდ გეყოლება გამწესებული და დანარჩენები ვადიანი მოსამართლეები იქნებიან? რა განწყობები შეიქმნება სისტემის შიგნით ამაზე ვინმეს უფიქრია? მით უმეტეს, რომ ისედაც ჯგუფებადაა დაყოფილი მართლმსაჯულების სისტემა - ყველაფერი შიგნიდან დაინგრევა ასეთ შემთხვევაში.

ვფიქრობ, რეფორმის ხელახლა დაწყებაზე უნდა ვიმსჯელოთ - წესით, ქვეყნის პირველმა პირმა ჯერ იმას უნდა მოჰკითხოს პასუხი, ვინც ამას რეფორმა დაარქვა.

მინისტრის პასუხისგება სიატუაციას გამოასწორებს?

- საქმეც მაგაშია, რომ არა - ეს საკმარისი არ იქნება და რეფორმის ხელახლა დაწყებაზეა ლაპარაკი. მარტო ერთი პოლიტიკური ძალა არ უნდა იყოს ამ რეფორმის მომზადებაში ჩართული. თუ გვინდა, რომ რეალურად ეფექტური სისტემა მივიღოთ, ყველა უნდა იყოს ჩართული, ვისაც კი შესაბამისი კომპეტენცია გააჩნია და ყველამ უნდა გაიზიაროს პასუხისმგებლობაც - პოლიტიკოსებმა - პარლამენტში, საზოგადოებამ - გარეთ. ეს უნდა ავიყვანოთ ეროვნული მნიშვნელობის ნიშნულამდე და არა ერთი, რომელიმე პარტიის იმედად დავტოვოთ პროცესი.

ამას იმიტომ ვამბობ, რომ კარგად დავინახეთ, სადამდეც მიგვიყვანა გნებავთ, წინა ხელისუფლების რეფორმირებულმა სასამართლომ და გნებავთ ამ ხელისუფლებისამ. მომავალი კიდევ უფრო შემაშფოთებელია, თუ გადავხედავთ იმ პერსპექტივას, რაც ისეთი სისტემის წყალობით შეგვექმნება, როგორიც დღეს გვაქვს. ნუ დაგვავიწყდება, რომ ისედაც უამრავი გამოწვევები აქვს ქვეყანას.

რა შეცდომა იყო დაშვებული?

- როცა ჯერ კიდევ არ იყო სისატემა გაწმენდილი და გაფილტრული არაჯანსაღი მემკვიდრეობისგან, არ შეიძლებოდა პირდაპირ ასეთ სისტემაზე გადასვლა. მივიღეთ ის, რომ ფიზიკურად რაიმეს შეცვლა შეუძლებელია - იუსტიციის საბჭოს უმრავლესობის ხელშია თუნდაც მათივე თანამდებობაზე ყოფნა-არყოფნა.

ვფიქრობ, ხელისუფლება ხვდება რაც დააშავა - სხვას რომ თავი დავანებოთ ინვესტიციების შემცირება, ბიზნესის მიერ გაკეთებული შემაშფოთებელი განცხადებები, რომ სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა დაბალია, ეს სერიოზული სიგნალი უნდა გამხდარიყო. საჯარო განცხადებები ჩამოვთვალე, თორემ დახურულ კარს მიღმა შეხვედრების დროს რას ითმენს ჩვენი ხელისუფლება, იგივე უცხოელებისგან, ეს კიდევ სხვა თემაა.

პირველ რიგში ის უნდა გავაანალიზოთ რა იყო შეცდომა და თვალები კი არ უნდა ვაბრიალოთ, ჭეშმარიტების ბოლო ინსტანცია ვარ და ყველაფერი ვიციო.

ჩვენი ხელისუფლება სასამართლოს ეთამაშება და პოლიტიკურ თამაშში შესული სასამართლო ხელისუფლება არ ნიშნავს დემოკრატიას. პოლიტიკური ინსტიტუტები ერთმანეთის დასაბალანსებლად არის შექმნილი, არა ერთმანეთთან ჩასახუტებლად და ყველა ერთად საზოგადოებას უნდა ემსახურებოდეს.

რეფორმა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, დავუშვათ, დავიწყეთ თავიდან, ამასობაში, რაც არის, მისი რღვევა თუ მოხდა, რამდენად მტკივნეული შეიძლება იყოს კატაკლიზმები?

- ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად გააცნობიერებს, რომ დახმარება სჭირდება და რამდენად სწრაფად გაუღებს კარს ამისათვის გნებავთ, საერთაშორისო, ან ჩვენს საზოგადოებას. რამდენად სწრაფადაც მოხდება ეს ყველაფერი, იმდენად დაჩქარებული და ფართომასშტაბიანი რეფორმა შეიძლება მივიღოთ.