„ინტელიგენციის კოლექტიურმა წერილმა“ ქართული მედია და სოციალური ქსელი გამოაცოცხლა. მართალია, ცალკეულმა ხელმომწერებმა უარყვეს საკუთარი ხელწერა, ან სულაც მოხსნეს თავისი ხელმოწერა აღნიშნული წერილიდან, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საერთაშორისო ორგანიზაციები დიდი პათოსით არ გაეცნენ ამ წერილს, სადაც ბრალდების უნებლიე ადრესატებად გამოდიოდნენ. წერილის თანახმად, სწორედ პროდასავლურმა პოლიტიკამ და ქართველთა სწრაფვამ ნატოს სამხედრო ალიანსისკენ გაართულა საქართველოს ურთიერთობა რუსეთთან და ჩვენი ქვეყნის განვითარება შეაფერხა.
მხატვარმა თემო გოცაძემ ინტელიგენციის კოლექტიური წერილიდან საკუთარი ხელმოწერა მოხსნა. For.ge-სთან კომენტირებისას დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ საკუთარი პოზიცია ფეისბუკზე დააფიქსირა. ამ პოზიციის თანახმად, თავდაპირველად მან ხელი მოაწერა წერილს, მაგრამ არა იმას, რომ დასავლურმა კურსმა შეაფერხა საქართველოს განვითარება, არამედ იმას, რომ საქართველოს წარმოჩენა მსოფლიო ასპარეზზე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე წარმოუდგენლად მიაჩნია. საქართველოს სწრაფვას დასავლეთისკენ კი ალტერნატივა არ აქვს.
ინტელიგენციის კოლექტიურ წერილზე ხელის მოწერის ფაქტს უარყოფს მსახიობი გოგი ქავთარაძეც. თუმცა აქ მთავარია არა ის, ამ წერილზე ხელი რეალურად მოაწერეს თუ არა ინტელიგენციის წარმომადგენლებმა, არამედ ხომ არ იყო მიზანმიმართულად შემოგდებული ეს წერილი, რათა ნატოს მიმართ ნიჰილისტური განწყობა მოესინჯათ.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ვერსია ამ წერილის მიზანმიმართულად შემოგდების შესახებ სავსებით რეალურია და ამას ბიძგი მისცა ლუკ კოფის ინიციატივამ ნატოში საქართველოს გაწევრიანების თაობაზე აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიების გარეშე. ვახტანგ მაისაიას აზრით, როგორც ჩანს, ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა ძალიან კარგად დაიჭირეს ეს იმპულსი და გამოიყენეს საკუთარი მიზნების განხორციელებისთვის. სწორედ ამ კუთხით იყო ეს წერილი წარმოდგენილი, რადგან მისმა ავტორებმა იცოდნენ, რომ ჩვენი საზოგადოების უმრავლესობას არ მოეწონებოდა ნატოში გაწვრიანება ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის გარეშე.
„მანიპულაციისთვის ეს კარგი თემაა, მაგრამ ამას მოჰყვა ისტერია, რასაც მე ნეოტროცკისტულ ისტერიას ვუწოდებ და ეს უფრო უარესია. კერძოდ, ევროინტეგრაციის მომხრეების მხრიდან ამ ადამიანებზე თავდასხმა ზუსტად ანტინატოსეული და ანტიდასავლური მიდგომაა. ვინ უფრო ასხამს წყალს რუსულ პროპაგანდასა და რუსულ რბილ ძალაზე? ე.წ. ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომხრეები, თუ ე.წ. ევრაზიელები? გამორიცხული არაა, ორივენი ერთ ფლანგზე მუშაობდნენ. თვითონ ამ წერილის დაწერის ინიციატივის მიღმა რუსული ინტერესია და ასეთივე რუსული ინტერესია ამ წერილის ირგვლივ ატეხილი ისტერია და კონტრშეტევა, რომელიც ძალზე ცუდი ფორმით განხორციელდა ერთ-ერთ ტელევიზიაში. ვისაც უნდა, იმას ეწყინოს, მაგრამ ეს იყო ტროცკისტების ზეიმი, კოლექტიური ჟირინოვსკის სინდრომი, რაც ცუდ როლს თამაშობს ჩვენს ევროატლანტიკურ ინტეგრაციულ მიმართულებაზე. მე მგონი, ესეც მოსკოვიდანაა წამოსული“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.
პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ინტელიგენციის კოლექტიური წერილის ხელმომწერებს შორის ასაკოვანი ადამიანებიც არიან, მათ სრულიად სხვაგვარი ნდობა აქვთ მოსაუბრის მიმართ, ამიტომ არ არის სწორი, რომ ეს ადამიანები მოატყუონ. თაკო ჩარკვიანის აზრით, როგორც ჩანს, ამ ადამიანებს მიუტანეს წერილი და უთხრეს, რომ მე-5-6 მუხლში წერია, რომ ნატოში მიგვიღებენ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე და ისინიც აღელდნენ. თუმცა მას შემდეგ, რაც გაერკვნენ სიტუაციაში, კარგი ქნეს, რომ საკუთარ ხელმოწერაზე უარი თქვეს.
„რუსეთთან საომარ მოქმედებაშია ჩვენი ქვეყანა და მიხარია, რომ ერთგვაროვანი დამოკიდებულება იყო ფეისბუკზე ჩემი პოზიციის მიმართ. აქ ჩემს თავს კი არ ვგულისხმობ, არამედ ჩემს პოზიციას. ყველა რუსეთუმე პოლიტიკანს, ვინც მე ვიცი, მოგვარებული აქვს საქმე დასავლეთში. მათ შორის, მოგვარებული აქვს სამედიცინო მომსახურების, კაპიტალის დაბანდების საკითხები საზღვარგარეთ. ამ დროს ახალგაზრდა თაობამ რა დააშავა? 30 წელიწადია, ერთი და იმავე გუნდის გამო ქვეყანა რატომ უნდა იყოს უკან დახეული? ევროპული ღირებულებები რა არის? ჯეროვნად დაფასებული სიბერე, ღირსეული პენსია, განათლება, სოციალური დახმარება. ხომ შეიძლება, მეხუთე კოლონა შეჩერდეს საქართველოში?! გუშინ ვთქვი კიდეც ეთერში, მე არ ვარ ნოე ჟორდანიას ფანი, უფრო ილიას თაყვანისმცემლად მივიჩნევ თავს, მაგრამ 1921 წელს, დამოუკიდებლობა როდესაც დავკარგეთ, მენშევიკური მთავრობა ისე წავიდა ემიგრაციაში, რომ მომავალ თაობას მარცხის დოკუმენტი, კაპიტულანტური დოკუმენტი არ დაუტოვა. შესაბამისად, სამომავლოდ ჩვენი სახელმწიფოებრიობის საფანელიც სწორედ ეს გახდა. ჩვენ შეგვიძლია მტერს ვუთხრათ, რომ კაპიტულანტური მარცხის დოკუმენტი არ არსებობს. ამ დროს კი შენ რა ღმერთი გაგიწყრა, რომ წერ წერილს, დიპლომატიურ კორპუსთან მიდიხარ და ეუბნები, რომ თურმე ევროატლანტიკური სივრცის გამო პრობლემები შეექმნა საქართველოს. განა საქართველოს ნატოს არჩევამდე არ შეექმნა პრობლემები? განა რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობის გამო ყოველთვის არ ღიზიანდებოდა? სწორედ რუსულ ინტერესში იყო ამ წერილის დაწერა, რადგან მასში პირდაპირ წერია, თითქოს დასავლეთის გამო შეიქმნა ეს კონფრონტაცია. ეს საფუძველშივე უკვე ტყუილია“, - აცხადებს თაკო ჩარკვიანი და ლუკ კოფის ინიციატივასაც ეხმიანება.
მისი თქმით, ლუკ კოფის ინიციატივაში საერთოდ არ წერია მსგავსი რამ, თითქოს ჩვენ შეგვიძლია ნატოში ინტეგრაცია დროებით დაკარგული ტერიტორიების გარეშე. იქ გერმანიის მაგალითიც იყო მოყვანილი, ამიტომ ამის განხილვა იყო საჭირო და არა რუსეთუმეების მიერ ამ ფაქტის გამოყენება და ხალხისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდება, თითქოს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე გვთხოვენ ნატოში შესვლას. თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ ნატოში ტერიტორიების გარეშე შესვლას არასდროს დათანხმდება. მისი ოცნებაა, სწორედ გამთლიანებული საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. ამასთან, პუბლიცისტი ფიქრობს, რომ რთული სიტუაციიდან გამოსავალი ისრაელმაც კი ნახა, პირდაპირ სამოკავშირეო ხელშეკრულება დადო ამერიკასთან და, კარგი გაგებით, ლიმონივით გამოწურა ეს ქვეყანა.
იმ ფაქტის გამო, რომ ჩვენ ნატოში ვერ შევედით, პუბლიცისტი ისევ ჩვენს ხელისუფლებას ადანაშაულებს. მისი თქმით, თავადაც მონაწილეობდა ამ ხელისუფლების არჩევისას, ოღონდ 2012-ში, მას შემდეგ აღარ მიუცია მათთვის ხმა, რადგან ეჭვი შეიტანა ასეთი სტაგნაციისა და უძრაობის გამო.
„უკვე მე-6 წელი გავიდა, მაგრამ არც ერთი ქარხანა არ გახსნილა, სულ ასე დამყაყებულად გვაქვს საქმე. კარგით, წინა ხელისუფლებას არ ვაპატიეთ სისასტიკე და გავისტუმრეთ, მაგრამ ექვსი წელი გავიდა და ახლა ნამდვილი სტაგნაციაა. როცა ვიზალიბერალიზაცია მოხდა, ვიფიქრე, იქნებ, ჩემი ეჭვი ახლანდელი ხელისუფლების მიმართ უსაფუძვლო იყოს-მეთქი? მე არ მაინტერესებს პარტია ან თანამდებობა, ვერც ერთ თანამდებობაზე ვერ მნახავთ, მაგრამ მსურს, ჩემი ქვეყანა ფონს გავიდეს. ჩემს გარშემო არიან მწერლები, პოეტები, მხატვრები, გაღატაკებული უნიჭიერესი ხალხი. ხომ შეიძლება, რაღაც აღირსონ ამ ადამიანებს. სახელმწიფოსგან ხომ უნდა ჩანდეს მათზე ზრუნვა? თუმცა შენ თუ მუდმივად რუსულ პროპაგანდას ეწევი, თუკი ასეთ დოკუმენტებს ქმნი და დიპლომატიურ კორპუსს მიადგები, ხომ გეტყვის დასავლეთი, სულ კარგად იყავითო? ამერიკის ელჩი გამოვიდა და გვითხრა, კარგად ჩამოყალიბდით, რა გინდათო. ჩვენ ტყვია მიზანში მოვახვედრეთ და რუსეთუმეებს არ დავუთმეთ. ქალი გამოვიდა და თქვა, ბედნიერი ვიქნები, პუტინის მაგვარი პრეზიდენტი მყავდესო. თუ ეს იმიტომ თქვა, რომ თვლის, რუსეთისთვის კარგია პუტინი, მე ვთვლი, რომ ცუდია პუტინი, რადგან ამხელა ბრწყინვალე მადნეულის ქვეყანა, რომელსაც ლამის მთელი მენდელეევის ცხრილი მოეპოვება, ალმასიდან დაწყებული, ოქროთი, რკინით, გაზით დამთავრებული, დიდ სიღატაკეში ცხოვრობს“, - აცხადებს თაკო ჩარკვიანი.
მისივე თქმით, სწორედ პუტინი აცხოვრებს საკუთარ ხალხს სიღარიბეში. მართალია, ზოგიერთები ამბობენ, ნატოზე ორჯერ ძლიერი შეიარაღება აქვს რუსეთსო, მაგრამ სწორედ იმ შეიარაღებით ხოცავს რუსეთი ქართველებს უკვე საუკუნეებია. ზემოხსენებულის მიუხედავად, თაკო ჩარკვიანი ფიქრობს, რომ საქართველოში მომხდარ მსგავს გაუგებრობებში ცოტათი მაინც ჩვენც ვართ დამნაშავეები, რადგან საქართველოს კონსტიტუციით, ოკუპაციის კანონის მიხედვით, ოკუპანტის პროპაგანდა ეთერში დასჯადია. ამიტომ თაკო ჩარკვიანი უკვე მერამდენე წელია, საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს, აამუშავონ ოკუპაციის შესახებ კანონი.