რა კავშირი აქვს ფილიპ ხაჩიროვს ტატუნაშვილის მკვლელობასთან

რა კავშირი აქვს ფილიპ ხაჩიროვს ტატუნაშვილის მკვლელობასთან

საოკუპაციო რეჟიმი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე პასუხისმგებლობას იხსნის და ამტკიცებს, რომ ტატუნაშვილი გულის უკმარისობით გარდაიცვალა. ცხინვალის რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო ექსპერტი ამბობს, რომ ექსპერტიზა ტატუნაშვილის ცხედარს 22-23 თებერვალს ჩაუტარა, კვლევის შედეგად კი დაადგინა, რომ ცხედარს არც სისხლჩაქცევა, არც შიდა ორგანოების დაზიანება და არც თვის ტვინის დაზიანება აღენიშნებოდა, მას მხოლოდ ზედა და ქვედა კიდურების მცირე დაზიანებები აღმოაჩნდა. შესაბამისად, ოსი ექსპეტი ასკვნის, რომ ცხედარს წამების კვალი არ აღენიშნება.

ე.წ. გენპროკურორის წარმომადგენელი ვასილი პოლიაკოვი აცხადებს, რომ ტატუნაშვილმა სამართალდამცველს პისტოლეტი გამოსტაცა, რა დროსაც ძალოვანები იძულებულები გახდნენ, ფიზიკური ძალა და სპეცსაშუალებები გამოეყენებინათ, რის შედეგადაც ის კიბიდან დაგორდა, თავი შეუძლოდ იგრძნო და სუნთქვის პრობლემები შეექმნა.

მიუხედავად ამ განცხადებებისა, უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქართველი მეომარი ოკუპირებული ახალგორის რაიონის ე.წ. გამგებელმა ფილიპ ხაჩიროვმა საკონტროლო გასროლით მოკლა.

ფილიპ ხაჩიროვი ტატუნაშვილის მკვლელობასთან მის კავშირს უარყოფს და მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს პროვოკაციას უწოდებს. ამბობს, რომ ტრაგიკული მოვლენა აუცილებლად უნდა იყოს მაქსიმალურად ობიექტურად გამოძიებული და მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი დამნაშავის დადგენა და ბრალის წაყენება.

„ის ბრალდებები, რომელიც თბილისის ტელევიზიების გადაცემებისა და ჩემ მიმართ ისმის, დაგეგმილი პროვოკაციაა. ის მიზნად ისახავს ჩემს დისკრიმინაციასა და ხალხის უკმაყოფილების გამოწვევას. ვაცხადებ, რომ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვერ შეასრულებს სპეცსამსახურის ფუნქციას, ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის და ისინი ჩემს ბრძანებებს არ ემორჩილებიან, რადგან ჩემს დაქვემდებარებაში არ შედიან. გარწმუნებთ, რომ სიმართლე დადგინდება“, - განაცხადა ფილიპ ხაჩიროვმა.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს საერთაშორისო საზოგადოება და პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს. თავის მხრივ ოფიციალური მოსკოვი ამ დრომდე განმარტების გარეშე ტოვებს ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეს. კრემლის დუმილის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტში რუსეთის წინააღმდეგ ორი რეზოლუცია დარეგისტრირდა. მმართველი გუნდი საერთაშორისო გამოძიების დაწყებას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე დამკვირვებლების დაშვებას ითხოვს.

რეზოლუციის პროექტით, პარლამენტი რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების, დესტრუქციული ქმედებების შეწყვეტისკენ და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლის უზრუნველყოფისკენაც მოუწოდებს. საქართველოს პარლამენტი საერთაშორისო თანამეგობრობასაც მიმართავს და სთხოვს, მიიღოს ზომები, რათა მოხდეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა, მისი გარდაცვალების ფაქტზე ქართული მხარის მიერ საფუძვლიანი გამოძიების ჩატარება საერთაშორისო აქტორების ჩართულობით.

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებამ მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ ეს არ არის მხოლოდ გაყინული კონფლიქტი.

„ეს არის სპეციალური საპარლამენტო რეზოლუცია, რომელიც ინიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ. ამ რეზოლუციის მიზანია, ქართული და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიაპყროს ამ რთულ საკითხს. არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვამ მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ ეს არ არის მხოლოდ გაყინული კონფლიქტი, რომელიც ცხინვალში ან აფხაზეთში არსებობს, არამედ არის დემონსტრირება იმისა, რომ იქ არსებულ ვითარებას მშვიდობიანი მოქალაქეების, საქართველოს მოქალაქეების გარდაცვალებას იწვევს. ჩვენ უნდა აღვკვეთოთ მოვლენათა მსგავსი ტიპის განვითარება და სწორედ ესაა რეზოლუციის მიზანიც“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

რაც შეეხება რეზოლუციის მეორე პროექტს, რომელიც საქართველოს პარლამენტში „ევროპულმა საქართველომ“ დაარეგისტრირა, ოპოზიცია ოკუპანტებისთვის სანქციების დაწესებას და ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შედგენას ითხოვს. გიორგი კანდელაკის განცხადებით, თუ მხოლოდ რეზოლუციით შემოვიფარგლებით და კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადავდგამთ, ეს უბრალოდ „ორთქლის გამოშვება“ იქნება. მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის რეზოლუცია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას არ ითვალისწინებს.

„21 თებერვალს, ჩვენ გამოვედით „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შედგენის ინიციატივით. ამ ინიციატივის მთავარი არსი არის, რომ იმ პირების მიმართ, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად არიან ჩართული ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში, გატარდეს კონკრეტული სანქციები. იქნება ეს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, საბანკო ტრანზაქციების განხორციელების შეზღუდვა თუ მრავალი სხვა, რაც მათ ცხოვრებას გაართულებს. კონკრეტული ნაბიჯების გადაუდგმელობის შემთხვევაში, ეს იქნება უბრალოდ „ორთქლის გამოშვება“. გამოვა, რომ რუსეთს ეს ყველაფერი შერჩება და მომავალში არანაირი შემაფერხებელი, რომ რუსეთმა აღარ გადადგას მსგავსი ნაბიჯები, აღარ ექნება“, - აცხადებს გიორგი კანდელაკი.

საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა, არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის თაობაზე მომზადებულ რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით პარლამენტის ფარგლებში მსჯელობა გააგრძელოს და თუკი ოპოზიციის მიერ შეთავაზებული წინადადებები მისაღები იქნება, მათზე იმსჯელოს. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ეს არის საკითხი, რომლის მიმართ საჭიროა პოზიციების კონსოლიდაცია.

„საუბარი და შეჯიბრი იმის შესახებ, პარლამენტი უმრავლესობის რეზოლუციას მიიღებს თუ უმცირესობის, არ არის სწორი. დარწმუნებული ვარ, ყველა პოლიტიკური ძალა მზადაა მოახდინოს საერთო სახელმწიფოებრივი კონსოლიდაცია და მტკიცე პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირება. თავისთავად ცხადია, რომ უმრავლესობა მხარს თავის საკუთარ რეზოლუციას დაუჭერს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიმსჯელებთ იმ წინადადებებზე, რომელიც უმცირესობას ან სხვა პოლიტიკურ ძალებს ექნება. უმრავლესობა არის მზად რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით პარლამენტში მსჯელობა გააგრძელოს“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი სესიაშვილმა.

რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციის მიღებას მხარს უჭერს „ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა როგორც სალომე სამადაშვილი განმარტავს რეზოლუცია არ უნდა იყოს კიდევ ერთი ფარატინა ქაღალდი, სადაც სურვილების დეკლარირება ხდება.

„ამიტომ ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება, დაფიქსირდეს, აპირებს თუ არა ჩვენი სახელმწიფო, დაიწყოს შესაბამისი დიპლომატიური მცდელობა იმისთვის, რომ ჩვენ დავიწყოთ რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე საუბარი იმ შემთხვევაში თუ ის ვითარება გაგრძელდება, რაც დღეს გვაქვს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„პატრიოტთა ალიანსში“ ჯერ გადაწყვეტილი არ აქვთ, დაუჭერენ თუ არა მხარს რუსეთის წინააღმდეგ პარლამენტში შესულ რომელიმე რეზოლუციას. გიორგი ლომიას შეფასებით, მთელმა მსოფლიომ დაადო სანქციები რუსეთს, მაგრამ ეს სანქცია არ მუშაობს და პირიქით, უფრო გაძლიერდა რუსეთი ამ სანქციების ფონზე.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ საოკუპაციო რეჟიმს სურს დიალოგი, რაც ხდება დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, თუნდაც, ტატუნაშვილთან დაკავშირებით, ასეთი რამ არ აწყობდა საოკუპაციო რეჟიმს, არც რუსეთს არ აწყობდა, მაგრამ გარკვეულმა ძალებმა მოახდინეს ის, რაც მოხდა. გარკვეულ ძალებს ეს აწყობთ. აწყობდა ადრე, აწყობს ად ყოველთვის ენდომება, რომ მსგავსი პროცესი ვითარდებოდეს საოკუპაციო ტერიტორიაზე, ასევე ყოველთვის დაბრალდეს ოკუპანტს, რუსეთს და არ შედგეს დიალოგი“, - აცხადებს გიორგი ლომია.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით საქართველოს პატრიარქი რუსეთის პატრიარქს წერილობით მიმართავს. საქართველოს ეკლესია მის ხელთ არსებული ყველა რესურსის გამოყენებაზე საუბრობს. დეკანოზი შალვა კეკელიას განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ჩამოსვენებამდე სასულიერო პირები წილკაანში, გარდაცვლილის ოჯახში პანაშვიდებს გადაიხდიან.

„ეს არა მარტო ოჯახის, არამედ მთელი ქვეყნის უდიდესი ტკივილია, ჩვენი გმირი დაიღუპა. სასულიერო პირები ვფიქრობთ, რომ ოჯახის გვერდით დავდგეთ, ვიდრე ცხედარს არ ჩამოასვენებენ და პანაშვიდები გადავიხადოთ ჩვენი გმირის სულის მოსახსენებლად“, - ამბობს მამა შალვა.

კითხვაზე პასუხი, როდის მოხდება ცხედრის ქართული მხარისთვის გადმოცემა, ამ დრომდე არ არსებობს. განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი აცხადებს, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი უახლოეს დღეებში იქნას გადმოსვენებული.

„ეჭვი გვაქვს, რომ არჩილ ტატუნაშვილი დაჭერისას არის ნაწამები. კონკრეტულად როდის მოხდება ცხედრის გადმოსვენება, ვერაფერს ვიტყვი. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ტატუნაშვილის ცხედარი უახლოს დღეებში იქნას გადმოსვენებული, ასევე იმისთვისაც, რომ გათავისუფლდნენ ისინი, ვინც მასთან ერთად დააკავეს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.