„რუსეთი ისეთ მდგომარეობაშია, რომ ახალ კონფლიქტებს ეძებს“

„რუსეთი ისეთ მდგომარეობაშია, რომ ახალ კონფლიქტებს ეძებს“

არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხი იქნება მთავარი, რაზეც ქართული მხარე ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ისაუბრებს. ოფიციალური თბილისი ელოდება, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის შესაბამისი ჩართულობით უზრუნველყოფილი იქნება ეფექტური გამოძიება საქართველოს შესაბამისი უწყებების მხრიდან და საჭიროების შემთხვევაში ასევე უზრუნველყოფილი იქნება საერთაშორისო ჩართულობაც. საერთაშორისო ჩართულობის აუცილებლობაზე საუბრობს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის შეფასებით, რუსეთი საქართველოსთან ახალი ომის მიზეზს ეძებს

for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

რასამთავრობოები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, გამოიყენოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული სამართლებრივი მექანიზმი - სახელმწიფოთშორისი საჩივარი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევის ფაქტებზე. თუ მოვლენათა გავითარებას გადავხედავთ, რამდენად მძიმე ვითარებაში ვიმყოფებით, შეიძლება ითქვას, რომ ბეწვის ხიდზე გვიწევს გავლა?

რამაზ საყვარელიძე: ის რაც მოხდა, არის მთელი ქვეყნის ტრაგედია, მთელი ქვეყანა არის ჭირისუფალი. ანალოგიური მდგომარეობა და შეიძლება უფრო დიდი მასშტაბითაც ჩვენ უკვე გვქონდა. რუსეთმა 2008 წელს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მყოფი ქართული მოსახლეობის ინტენსიური დაბომბვა დაიწყო. როგორც მერე გაირკვა, მას საჯარისო დანაყოფებიც მომზადებული ჰყავდა, იქნებ-და ქართულ მხარეს ვერ მოეთმინა და საკუთარი ძალით ეცადა მოქალაქეების დაცვა. ეს პროვოკაცია იყო ის ანკესი, რომელზეც ქართული მხარე წამოეგო. ყველამ ვიცით ამას შემდეგ რაც მოჰყვა.

რუსულ მხარეს არ უნდა მივცეთ საბაბი იმისა, რომ ამგვარი სამართლიანი ემოციები სათავისოდ გამოიყენოს და შემდეგ საერთაშორისო საზოგადოებასთან ლაპარაკის დროს, რომ ქართული მხარე არის აგრესორი. ასეთი თამაში რომ რუსეთისთვის დამახასიათებელი თვისება არის, ეს ჩვენ უკვე ვნახეთ. შესაბამისად, ეს მოწოდებაც, რომ მოდით, ჩვენ თვითონ გადავწყვიტოთ, იმავე საფრთხის წინაშე გვაყენებს, როგორშიც 2008 წელს ვიყავით.

იქნებ მიზანიც ეს არის. არსებობს კი ომის საფრთხე?

- შეიძლება ეს არ არის ომის საფრთხე, მაგრამ შეიძლება ეს ვითარება აღმოჩნდეს იმ პოლიტიკური დემაგოგიის გაშლის საბაბი, რომლითაც რუსეთი ეცდება საქართველოს საერთაშორისო იმიჯში შიეტანოს ბზარი. როგორც მინიმუმ, ეს საფრთხე არის. რუსული მხარე ეცდება ტატუნაშვილის ცხედარი არ გადასცეს საქართველოს, რადგან პირველი მიზეზი შეიძლება იყოს ქართველების პროვოცირება და მეორე - დაზიანებები, რომელიც მიცვალებულს აქვს. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ ამ რეგიონში ირღვევა ადამიანის უფლებები, რისი გახმაურება არ აწყობს რუსეთს. ამიტომ, მისთვის შეიძლება სახეირო იყოს ძალის გამოყენება.

ვხედავთ, რომ პოლიტიკურ ზეწოლაზე რუსეთს პრაქტიკულად არ აქვს რეაქცია. არ ანაღვლებს საერთაშორისო საზოგადოების აზრი. გამოსავალი სად არის?

- ქართულმა მხარემ მაქსიმალურად უნდა მიაწოდოს ინფორაცია საერთაშორისო საზოგადოებას არა მარტო იმ დანაშაულზე, რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არამედ ისიც, რომ შეიძლება საქართველოს მოსახლეობის შეჩერება გახდეს კიდევ უფრო ძნელი და თუკი საერთაშორისო საზოგადოება არ იპოვის რუსეთზე ზემოქმედების ბერკეტებს, შესაძლებელია ახალი კონფლიქტების გაღვივება, თავისი მძიმე შედეგებით. დღეს, რუსეთი ისეთ მდგომარეობაშია, რომ ეძებს ახალ კონფლიქტებს.

რატომ ეძებს ახალ კონფლიქტს საქართველოსთან, რომლის 20% ოკუპირებული აქვს. რას აძლევს რუსეთს ახალი კონფლიქტი საქართველოსთან, რომელსაც ძალიან მძიმე ეკონომიკური მდგომარება აქვს? უკრაინიდან აქცენტი ისევ საქართველოს მიმართულებით გადმოიტანა?

- აქცენტებში ნუ „შევეჯიბრებით“ უკრაინას, იქ უფრო მძიმე პრობლემებია. მაგრამ პოლიტიკაში ხშირად ხდება ხოლმე, შეიძლება მოვლენა არ იყოს დაგეგმილი, მაგრამ შემდეგ მხარეებმა გამოიყენონ სათავისოდ და უფრო მძიმე შედეგები მოჰყვეს მოვლენებს, ვიდრე თავიდანვე იყო ჩადებული. პირველი მსოფლიო ომი დაიწყო ინციდენტით, რომლის უკან ნამდვილად არ იდგა სტრატეგიული ჩანაფიქრები. მაგრამ თუკი შევხედავთ რუსეთის ინტერესებს, ვფიქრობ, უნდა დავუძახოთ რუსეთში მოქმედ იმ ანალიტიკოსებს, რომლებიც აკრიტიკებენ პუტინის პოლიტიკას. მათი შეფასებით რუსეთი ისევ ეძებს მცირე, მაგრამ გამარჯვების მომტან ომს, საკუთარ მოსახლეობაში პოზიციების გასამყარებლად.

სულ ცოტა ხნის წინ, რუსეთმა საშინელი მარცხი იწვნია სირიაში. იქაც თავხედობის ხარჯზე უნდოდა მიზნის მიღწევა. იმ ბაზას შეუტია, სადაც ამერიკელები იყვნენ. ამერიკელების მხრიდან საპასუხო ნაბიჯის შემდეგ, რუსეთმა 300-მდე სამხედრო დაკარგდა ისე, რომ ამერიკას არც ერთი ჯარისკაცი არ დაუკარგავს. მოვლენების ამ ფონზე რუსეთის სამხედრო სისუსტე იკვეთება. როგორც რუსი ანალიტიკოსები ამბობენ, რუსეთის მთავრობას ახლა ისევ უდგას იმის აუცილებლობა, სადმე ლოკალური გამარჯვება მოიპოვოს.

საქართველო არის ის ადგილი, სადაც რუსეთი შეძლებს ლოკალური გამარჯვების მოპოვებას?

- შეიძლება ეს ფაქტი, ვგულისხმობ ტატუნაშვილის მკვლელობას, ჩაფიქრებული არ არის საიმისოდ, რომ მერე მასშტაბურ კონფლიქტში გადაზარდოს, მაგრამ თუკი კონფლიქტი გაჩნდა, რუსეთი სათავისოდ გამოიყენებს. რუსეთს თვლის, რომ გაუვა და ბუნებრივია, რომ ასეთი მოლოდი აქვს საქართველოსთან მიმართებაში. ამიტომ, ასეთ მდგომარეობაში ჩაგდებულ რუსეთს, რომელსაც ახლა გამარჯვება სჭირდება, არ არის სასურველი გამარჯვების სცენარი მივსცეთ, სადაც ამგავრი იდეები შეიძლება გაუჩნდეს.

მით უმეტეს, რომ შენ დღეს უფრო ხარ დასავლეთთან მჭიდრო კონტაქტში, ვიდრე 2008 წელს. დღეს შენი დამარცხება უკვე დასავლეთის დამარცხების ტოლფასი იქნება რუსეთისთვის. 2008 წელს იგი დასავლეთს ებრძოდა და ჩვენ ამიტომ დაგვარტყა. სადაც გასდის, იქ ცდილობს მოუგოს დასავლეთს ესა თუ ის დაპირისპირება. 2008 წლის ომის ერთ-ერთი მიზანი იყო, ეჩვენებია, რომ დასავლეთი უძლურია რუსეთთან ურთიერთობაში.

რა ალტერნატივა გვაქვს, რითაც შეიძლება დავუპირისპირდეთ რუსეთს?

- საკუთარი ხელით სამართლის აღდგენამ ვნახეთ სადამდე მიგვიყვანა. პატარა ქვეყანა ვართ. სხვა ალტერნატივები, გარდა დასავლური გაერთიანებისა, რომელიც რუსეთს შეიძლება მოთხოვნებით დაუპირისპირდეს, ჯერჯერობით არ არსებობს. დღეს რუსეთი მთელი დასავლური მსოფლიოსთვის არის სახიფათო. ჩვენ გვიპირისპირდება ის ქვეყანა, რომელიც მთელ მსოფლიოს უპირისპირდება და ეჭიდავება. ამ ჭიდაობაში ჯერჯერობით რუსეთი წაგებული არ არის. არც მოგებული არ არის.

დასავლეთის პოლიტიკა აგებულია იმაზე, რომ დროთა განმავლობაში ეს ეკონომიკური სანქციები ბზარს შეიტანს თვითონ რუსეთის სახელმწიფოებრიობაში. უნდათ, რომ ეკონომიკა გამოაცალონ. ფაქტიურად დასავლეთი დროზე მუშაობს. დასავლეთს ასეთი გრძელვადიანი მიზანი აქვს რუსეთთან დაპირისპირებაში, ამიტომ შენი აჩქარება არაფრის მომტანი არ იქნება. შენც ამ რეჟიმში უნდა ჩადგე. შენც მოლოდინის რეჟიმში უნდა ჩადგე და თვალი ადევნო იმას, რა ხდება რუსეთის ეკონომიკაში, თუ პოლიტიკაში.

მეორე მხრივ შენ გაქვს პრესპექტივა, როგორიც არის აღმოსავლური ხაზი, ჩინეთის ხაზი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოსთვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში, ვიდრე ევროპული ხაზია. ოღონდ ამას ჩამოყალიბება, მომწიფება და განვითარება სჭირდება. ჩვენ დღესვე ვითხოვთ პრობლემის გადაჭრას, მაგრამ სიტუაცია ამის საშუალებას არ იძლევა.