„მოსამართლის მანტიამოსხმული დამნაშავე გაცილებით საშიშია, ვიდრე კანონიერი ქურდების ჯგუფი“

„მოსამართლის მანტიამოსხმული დამნაშავე გაცილებით საშიშია, ვიდრე კანონიერი ქურდების ჯგუფი“

სასამართლო სისტემა რომ კრიზისშია, ამის შესახებ უკვე მოქმედი მოსამართლეები საუბრობენ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ირაკლი შავაძე აცხადებს, რომ სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი მასზე ზეწოლას ახორციელებს და მოსამართლის საქმიანობაში ჩარევას ცდილობს. მოსამართლე შავაძე ეჭვობს, რომ იუსტიციის საბჭომ უვადო მოსამართლედ გამწესებაზე უარი დავით მამისეიშვილთან დაპირისპირების გამო უთხრა. შავაძემ მოსამართლეობაზე თვითონვე თქვა უარი, რადგან მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა სააკაშვილის დროინდელი სისტემა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი, სასამართლო სისტემას დაუბრუნდა.

რა ხდება სასამართლო სისტემაში და რა ჯგუფი მართავს პროცესებს? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge საერთასორისო სამართლის ექსპერტს, ლია მუხაშავრიას ესაუბრა.

ბოლო თვეებია ვაკვირდებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გარშემო განვითარებულ პროცესებს, ვგულისხმობ მოსამართლეების უვადად დანიშვნას. რამდენად საშიში და რთული ვითარება მიმდინარებოს სასამართლო სისტემაში? სასამართლოს სისტემაში არსებულ პრობლემაზე დაკოლექტიურ მურუსიძეებზესაუბრობს მოქმედი მოსამართლე ირაკლი შავაძე...

ლია მუხაშავრია: ძალიან საშიში ვითარება გვაქვს. მოსამართლეების შერჩევა ხდება სრულიად სუბიექტურად. სამწუხაროდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო და განსაკუთრებით მოსამართლეთა ეს შემადგნლობა შეთქმულთა ბანდის სახით ჩამოყალიბდა. რომლებიც მხოლოდ მათთვის სასურველ და მისაღებ მოსამართლეებს ამწესებს არა გარკვეული ვადით, არამედ სამუდამოდ. ეს არის დაახლოებით 20–25 წელი, თუ მეტი არა.

წარმოიდგინეთ, რომ მომავალი 20–25 წელი სასამართლო კორპუსი დაკომპლექტებული გვეყოლება ისეთი მოსამართლეებით, რომლებიც ამ უკანონო შეთქმული ბანდის სურვილების და შეხედულებების მიხედვით არიან შერჩეული ანუ - მოსამართლეები, რომლებიც ნებისმიერ პოლიტიკურ დაკვეთას, თუ კერძო კორუფციულ ინტერესს გაიტანენ. ისინი არ იქნებიან მართლმსაჯულების და კანონიერების სამსახურში.

სხვათა შორის, ბატონ ირაკლი შავაძეს ვიცნობ და ვიცნობ მისი ერთ–ერთი საქმიდან. იცით, რომ როგორც ადვოკატი ბოლო 15 წელია შიდა სასამართლოებზე მონაწილეობას არ ვიღებ, მაგრამ ვესწრებოდი ჩემი ნაცნობის პროცესს, რომელსაც ირაკლი შავაძე წარმათავდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. გამიკვირდა, იმდენად ობიექტური და კარგი მოსამართლე დავინახე მისი სახით. სრულიად სამართლიანი და ჩემი აზრით კანონიერი განაჩენი გამოიტანა. აღვშფოთდი და ძალიან შემეშინდა, როდესაც გავიგე, რომ ეს მოსამართლე აღარ დაინიშნა უვადოდ, რადგან იუსტიციის საბჭომ მას ხმა არ მისცა.

გამოიკვეთა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები ხმას არ აძლევენ კვალიფიციურ, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ მოსამართლეებს. ეს უკვე ჩამოყალიბებული ტენდენციაა, მაგრამ ხმას აძლევენ საზოგადოებისთვის ცნობილ ძალიან ცუდ მოსამართლეებს და ნიშნავენ მოსამართლეებად. ძალიან საშიში ვითარებაა შექმნილი.

შეიძლება ითქვას, რომ სასამართლო კონკრეტული ჯგუფის მიერი იმართება შიგნიდან და უფრო საშიში პროცესებია, ვიდრე ჩანს?

– ამას უკვე მიღებული აქვს ძალიან საშიში ფორმა. ვხედვათ, ეს ჯგუფი ისე არის გაძლიერებული, რომ არ ერიდება თავისივე კოლეგას, იუსტიციის საბჭოს წევრს, ანა დოლიძეს და ნაზი ჯანეზაშვილს მიმართოს იმ ფორმით რაც სრულიად მიუღებელია. ანუ, ეს უკვე დასრულებული ფორმა არის. ახლა საკითხავია რა უნდა გაკეთდეს, რა ევალება საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომ ეს მდგომარეობა შეიცვალოს.

ჩვენ ვლაპარაკობდით იმაზე, რომ საზოგადოების ნდობა უნდა დაბრუნდეს სასამართლოს მიმართო, ასეთი პროცესები ნდობას კი არ დააბრუნებს, არამედ საზოგადოება ზურგს მიაბრუნებს სასამართლოსგან და სხვა ალტერნატივების მოძებნას დაიწყებენ დავის გადასაწყვეტად. ჩვენ უკვე აღარ გვინდა ვინმეს გავლენის ქვეშ ვიყოთ, აღარ გვინდა ვინმეს ფული გადავუხადოთ და ვინმესთან კორუფციულ გარიგებაში შევიდეთ იმისათვის, რომ ჩვენი დარღვეული უფლება აღვიდგინოთ.

როგორც ცნობილია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ნინო გვენატაძეს ხელი არ აქვს მოწერილი ამ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნაზე. შესაძლოა, რომ მათ ვერ მიიღონ უვადო მოსამართლის სტატუსი?

– საქართველოს უზენაესი სასამართლოს და იმავდროულად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ხელმოწერა, რა თქმა უნდა, ბევრს ნიშნავს. მის მიერ ხელმოწერილი განკარგულების გარეშე ეს მოსამართლეები უვადო მოსამართლეები ვერ გახდებიან. ამიტომ, მინდა ვურჩიო ქალბატონ ნინოს და მთელი საზოგადოების სახელით შევევედრო, არ მოაწეროს ხელი ამ ბრძანებას და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ მისცეს საშუალება, რომ დააქციონ ეს ქვეყანა. მოსამართლეები არიან ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები, მთელი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე პასუხს აგებენ ყოველ კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე. თუ სასამართლო სისტემა ასეთი მოსამართლეებით დაკომპლექტდა, ამ ქვეყანას არანაირი პროგრესი და წინსვლა არ უწერია. ასე რომ, ახლა ქალბატონ ნინოს ხელმოწერაზეა დამოკიდებული ამ ქვეყნის და სახელმწიფოს ბედ-იღბალი.

ნინო გვენეტაძეს კანონი აძლევს უფლებას, რომ ხელი არ მოაწეროს ამ მოსამართლეების დანიშვნას?

– დიახ, აქვს ამის უფლება. სწორედ იმიტომ არის აღჭურვილი ამ უფლებამოსილებით, რომ სწორედ მისი ხელმოწერის გარეშე საბოლოოდ ლეგიტიმური ვერ გახდება ეს გადაწყვეტილება. ის არის სასამართლო ხელისუფლების პირველი პირი და მას ეს შეუძლია და მან ეს უნდა გააკეთოს. უნდა შეაჩეროს ეს ბოროტება და სიძნელე, რომელიც მალე მთელ ქვეყანას მოედება. თუ ეს პროცესი არ შეჩერდა და თუ ვინმემ მას აქტიური წინააღმდეგობა არ გაუწია, ჩვენ ძალიან მძიმე შედეგებს მივიღებთ.

ყველა საუბრობს იმაზე, რომ კონკრეტული ჯგუფი მართავს სასამართლო სისტემას, მაგრამ არავინ ამბობს ეს რა ჯგუფია, რომელსაც პროცესები მიჰყავს ცუდი სცენარისკენ. ვინ შეიძლება მართავდეს მოსამართლეთა ამ ჯგუფს?

– ეს არის ძალიან კვალიფიური, გამოცდილი და კარგად განსწავლული ჯგუფი იურისტებისა, რომლებმაც ძალიან ზედმიწევით და კარგად იციან, თუ რა დანაშაულებზე აქვთ ხელი მოწერილი, როდესაც გამოჰქონდათ ისეთ განაჩენები, რომელიც წამების შედეგად მიღებულ მტკიცებულებებს წარმოადგენდა, როდესაც ბრალი არ იყო დადასტურებული, მაგრამ პროკურატურის მოთხოვნებს ისინი უაპელაციოდ აკმაყოფილებდნენ და წინააღმდეგობას არ უწევდნენ სააკაშვილის რეჟიმის დროს შექმნილ სასტიკ სისტემას.

ისინი ბოლო ინსტანციაზე თავისი ხელმოწერით საბლოო ლეგიტიმაციას უკეთებდნენ დარღვეულ უფლებებს. მათ ძალიან კარგად ესმოდათ თუ რა დანაშაულის მთავარი მონაწილე ხდებოდნენ ამით. სხვა საკითხია, რომ ეს ხდებოდა შიშით, ტერორით, ნებაყოფლობით, თუ განზრახ, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ მათ ძალიან კარგად აქვთ გაცნობიერებული, თუ რა უმძიმესი დანაშაულის თანამონაწილეები არიან.

თუმცა ასე არ ფიქრობს გიორგი მიქაუტაძე. ცდილობს პასუხისმგებლობისგან გაანთავისუფლოს ის მოსამართლეები, რომელთა უკანონო განაჩენით სულხან მოლაშვილი, სერგო თეთრაძე და სხვა პატიმრები გარდაიცვალნენ...

– არანაირად ეს არ არის არგუმენტი. საერთაშორისო სამართლით, თუკი მტკიცებულება წამებით და უკანონო გზით არის მოპოვებული, ის არის დაუშვებელი. სასამართლოს რომ ასეთი მტკიცებულებები საქმეებში დაუშვებლად ეცნო, იმ საქმეებიდან ქვა–ქვაზე არ დარჩებოდა. შესაბამისად, ისინი გამოძიებას კი არ ჩაატარებდნენ, უბრალოდ, დაუშვებელ მტკიცებულებად გამოაცხადებდნენ.

რასაც ბატონი მიქაუტაძე ამბობს, ეს არის თვალთმაქცობა და საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა, რომ თითქოსდა მათ არ ჰქონდათ შესაძლებლობა და არ ჰქონდათ უფლებამოსილება. მათ ეს უფლებამოსილება ჰქონდათ და იმავდროულად მათ ძალიან კარგად ესმით, რომ ამ უფლებამოსილების არშესრულებისათვის მათ ჩადენილი აქვთ ისეთი დანაშაული, რომელსაც ხანდაზმულობა არ აქვს. ღრმად მწამს, რომ მოვესწრები იმ დროს, როდესაც საქართველოში ეს ხანდაუზმელი დანაშაულები გამოძიებული იქნება და ყველა პირს ამისთვის პასუხი მოეკითხება.

ანუ, მოსამართლეთა ეს ჯგუფი უვადო დანიშვნით ცდილობს პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას?

– რა თქმა უნდა, ცდილობენ იმ პასუხისმგებლობას დააღწიონ თავი, როცა მანტიამოსხმულები ემსახურებოდნენ სრულიად საშინელ რეჟიმს და ამართლებდნენ სრულიად დაუშვებელ მეთოდებს, რაც ხდებოდა პროკურატურასა და გამოძიებაში. მათ სჭირდებათ მოსამართლის იმუნიტეტი და მით უკეთესი თუ ეს იმუნიტეტი არის უვადო. წარმოგიდგენიათ როგორი დანაშაულებრივი შემადგენლობის არის ეს ჯგუფი? მათ არ სჭირდებათ კეთილსინდისიერი მოსამართლეები. მეტიც, არც ერთი კეთილსინდისიერი მოსამართლე ამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვერ გადის და უვადოდ არ ინიშნება.

ამის ნათლი მაგალითი არის ირაკლი შავაძე. უფლება არ მაქვს დავასახელო სხვები, მაგრამ ერთი შემიძლია დაგისახელოთ, ეს არის ქალბატონი მარინა გლოველი, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებს ასაჩივრებს სასამართლოში და ჰოი საოცრებავ, სასამართლოს არ სურს მისი სარჩელების განხილვა და ამ საკითხებში არსებითად განხილვა. ძალიან ცალსახაა, რომ ამ ქალბატონს კვალიფიკაციაც სხვაზე მაღალი აქვს, გამოცდილებაც, განათლების და ადამიანურობის მხრივ სხვაზე უკეთესი კანდიდატია, მაგრამ იმის გამო, რომ ის კეთილსინდისიერი მოსამართლე იყო თავის დროზე და მომავალშიც ასეთი იქნება, რა თქმა უნდა, ამ დაჯგუფებას არ აწყობს ასეთი ქალბატონის მოსამართლის მანტიით შემოსვა.

ეს ძალიან საშიში პროცესია, რომელიც უკვე ჩამოყალიბებულია. ამ ადამიანებმა, როდესაც თავის დროზე მურუსიძე გაიყვანეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად, რომელიც ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ეს დანაშაულებრივი ჯგუფი გამყარებულიყო თავის პოზიციაში და უფრო მეტიც, უვადოდ დანიშნულიყო, ახლა უკვე თავგასულები არიან. ძალიან შემაშფოთებელი ვითარებაა. პოლიტიკურმა ხელისუფლებამ ამის ალაგმვაზე უნდა იფიქროს, რადგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სახით ისეთი ურჩხული იქნება, მერე ყველა სხვას გადაყლაპავს.

მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით კითხვები აქვს პრემიერმინისტრს, თუმცა გიორგი მიქაუტაძე ფიქრობს, რომ პრემიერი შეცდომაშია შეყვანილი და მას არასწორი ინფორმაცია აქვს. ნაწილი თვლის, რომ პრემიერი არ უნდა ჩაერიოს სასამართლო ხელისუფლების გადაწყვეტილებაში. როგორ ფიქრობთ, დაგვიანებული არ არის მთავრობის პირველი პირის რეაქცია?

– თუ აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირი და საკანონმდებლო ხელისუფლება არ ჩაერევა ამ პროცესში, გარწმუნებთ, რომ ეს ურჩხული პირველ რიგში მათ გადაყლაპავს და მერე დაერევა სხვა დანარჩენებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს აუცილებლად წინ დახვდება დღევანდელ ხელისუფლებას, როცა არჩევნები მოაკაკუნებს და არჩევნები ძალიან მალე მოაკაკუნებს. ძალიან საშიშია თავგასული სასამართლო, რომელიც დანაშაულებრივი სუბიექტებისგან არის დაკომპექტებული და რომლის მიზანია ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს ეს ხელისუფლება.

ასეთ დაჯგუფებასთან და ორგანიზებულ კვალიფიცურ დაჯგუფებასთან ბრძოლა არის სახელმწიფოს უპირველესი ამოცანა. დღეს ყურადღება ეთმობა კანონიერ ქურდებთან ბრძოლას და თურმე ისინი არიან საზოგადოებისთვის საშიში და არავინ არ ფიქრობს იმაზე, რომ მოსამართლის მანტიამოსხმული უვადოდ დანიშნული დამნაშავე გაცილებით საშიშია, გაცილებით მეტ პრობლემას და ზიანს მოუტანს ამ ქვეყანას, ვიდრე ნებისმიერი ერთ ჯგუფად გაერთიანებული დამნაშავე კრიმინალური დამნაშავეები, რა გინდა ავტორიტეტი და კანონიერი ქურდი იყოს.