დღევანდელი წერილის გმირი შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერია. „მხიარულ როჯერს“ საქართველოში არაერთი თაყვანისმცემელი გააჩნია. შვეიცარიელი 37 წლის ბრძანდება. „ხანდაზმული ასაკის“ მიუხედავად კარიერის დასრულებაზე ჯერ არ ფიქრობს და საჩოგბურთო მოედნებზე კვლავინდებურად წარმატებით ასპარეზობს. წლების სიმძიმე ფედერერს არ ეტყობა და მუდამ ბრწყინვალე სათამაშო ფორმაში იმყოფება.
როჯერ ფედერერი დღეს საკუთარ საჩოგბურთო ბიოგრაფიას თავად გაიხსენებს.
“ბავშვობიდანვე მინდოდა, რომ კარგი ჩოგბურთელი გავმხდარიყავი. როცა პროტურში ჩავერთე, მხოლოდ პირველობა მსურდა. სანამ კორტზე ვარ, ერთადერთი მიზანი მექნება - ვიყო ნომერ პირველი! როცა კარიერას დავასრულებ, მინდა ვთქვა: „რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე" და ამ სიტყვების სიმართლეში ბოლომდე დარწმუნებული ვიყო.
ოპტიმისტი ვარ - ცხოვრებას იმედის თვალით ვუყურებ. ვთვლი, რომ ყველა ცვლილებას, რაც ჩემს თავს ხდება, მხოლოდ უკეთესობა მოაქვს. რაც შეეხება კარიერას, მიმაჩნია, რომ ვარ ადამიანი, ვისაც „უყვარს მოგება" და არა მოთამაშე, ვინც „წაგებას ვერ იტანს". მარცხი სპორტის თანამდევია და ვიცი, რომ ერთი, თუნდაც მნიშვნელოვანი ფინალის წაგება ხელს ვერ შემიშლის.
ძალიან ძნელია წლიდან წლამდე ფორმაში ყოფნა, რეჟიმის დაცვა, კორტზე მხოლოდ გამარჯვებისთვის გასვლა, მუდმივად პირველობისთვის ბრძოლა, არნახული ზეწოლის გაძლება, მაგრამ... იცით, რომ არა ჩოგბურთი, ვერ ვნახავდი უამრავ ქვეყანას, არ მექნებოდა იმდენის საშუალება, რაც ამ თამაშმა მომცა, ასე რომ, წუწუნი უადგილოა. თანაც, ჩემი საქმე მეუღლეს დიდ სიამოვნებას ანიჭებს, მშობლები და მეგობრები ბედნიერნი არიან და თანაც, ხომ ყველამ ვიცით, რომ ასე 70 წლამდე არ ვიცხოვრებ!
სანამ სიდნეიში შევხვდებოდი, მირკას სხვადასხვა ტურნირებიდან ვიცნობდი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ახლოს ვიყავით. ჩვენ იქ, ოლიმპიურ სოფელში დავახლოვდით და ბოლო დღეს, როცა დავემშვიდობე და ვაკოცე, ვიგრძენი, რომ ჩვენი ურთიერთობა ასე არ უნდა დასრულებულიყო. მიხარია, რომ ის გაგრძელდა და დღეს ჩვენ ერთად ვართ.
მე და მირკას ბევრი რამ გვაერთიანებს, საერთო ინტერესები გვაქვს და ვგრძნობთ, რომ ერთმანეთისთვის ვცხოვრობთ. მასთან ყველა თემაზე შემიძლია ძალიან დიდხანს საუბარი და ეს სიამოვნებას მანიჭებს - კარგად ვისვენებ. ჩემთვის ის მხოლოდ მეუღლე არ არის, მირკა ისეთი მეგობარია, როგორიც ყველას უნდა ჰყავდეს.
ყოველ დილით ძალიან კარგ ხასიათზე ვიღვიძებ და რომ ვფიქრობ რატომ, პასუხი ერთია - ცხოვრება მიხარია! კორტს მიღმა ყოველთვის მხიარული ვარ და სიმართლე გითხრათ, ჩვენი ურთიერთობის პირველ წლებში მირკას ეს ძალიან უკვირდა.
როცა კორტზე ვარ, ვცდილობ მარცხმა წყობიდან არ გამომიყვანოს. კარიერის დასაწყისში ერთი-ორჯერ ჩოგანი მოვისროლე, ბურთს ფეხი დავარტყი, მაგრამ კარგა ხანია ასეთი რამ აღარ დამმართნია. დღეს ვარჯიშისას უფრო ვღიზიანდები, ვიდრე კორტზე... არ მოგატყუებთ - არ მიყვარს, როცა მოთამაშე კორტზეა და ცუდი დარტყმის და აცილებული ბურთის გამო ღიზიანდება.
ადრე ვცდილობდი რთული კომბინაციებით მეთამაშა, მაგრამ ახლა ასეთ რამეს ძალიან იშვიათად ვაკეთებ - მარტივად თამაშს არაფერი სჯობს. რაც მთავარია, შედეგიანია. ისე, განვლილ წლებს რომ ვიხსენებ, ვხვდები, რომ როგორც მოთამაშემ ძალიან დიდი ცვლილება განვიცადე. სხვებისთვის ეს, ალბათ, შეუმჩნეველია.
ყველაზე ძალიან პირველ წრეში ვნერვიულობ - სტარტზევე მარცხი ჩემთვის ტრაგედიაა. ფინალისკენ ყველაფერი იცვლება - ბოლო მატჩებში ვცდილობ საუკეთესოდ ვითამაშო და უმეტეს შემთხვევაში ეს გამომდის კიდეც.
ბევრს ჰგონია, რომ ძალიან იოლია ამდენი ტურნირის მოგება. იოლად არაფერი მოდის. უიმბლდონის პირველად მოგებამდე წლების მანძილზე დღეში თითქმის 8-10 საათი ვვარჯიშობდი. არ დაიჯეროთ თუ ვინმე იტყვის, რომ იოლად გაიმარჯვა. ეს ძალიან დიდი სიცრუეა!
პიტერ კარტერის დაღუპვამ (შვეიცარიის ნაკრების კაპიტანი, როჯერის მწვრთნელი და მეგობარი) თითქოს გამომაფხიზლა: მივხვდი, რომ ყველაფერი ძალიან მალე შეიძლება დასრულდეს და თუ რაიმეს გაკეთება მსურს, სამომავლოდ არ უნდა გადავდო. „ხვალ" შეიძლება აღარ დადგეს.
უიმბლდონსა და ამერიკის ღია პირველობაზე თავიდანვე ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს, მაგრამ როლან გაროზე ყოველთვის მიჭირდა. ისე, პირველი უაილდქარდი სწორედ საფრანგეთში მივიღე და პირველ წრეში პატრიკ რაფტერთან დავმარცხდი. ის მატჩი, წაგების მიუხედავად, მაინც კარგად მაგონდება.
უიმბლდონი ჩემთვის ყოველთვის ნომერ პირველ ტურნირად დარჩება.
პოპულარობა? შვეიცარიაში ვცხოვრობ და ეს არ მაწუხებს. ჩვენთან პაპარაცები თითქმის არ არიან და ეს მხოლოდ მიხარია. ისე, ისინი არც სხვა ქვეყნებში მაწუხებენ. როგორც ჩანს, არ ვარ ნიუსმეიქერი - ღამის კლუბებში არ დავდივარ და თუ რომელიმე საღამოზე მეპატიჟებიან, მხოლოდ მეუღლესთან ერთად. ასეთი ცხოვრება მსიამოვნებს, პაპარაცებს კი, ალბათ, არა.
როცა ჟურნალ-გაზეთებს ვკითხულობდი და მაკრიტიკებდნენ, ძალიან ვღიზიანდებოდი, ქება კი პირიქით, მსიამოვნებდა. მერე მივხვდი, რომ პრესა უარყოფითად მოქმედებდა ჩემზე და საერთოდ შევეშვი კითხვას. ჩოგბურთზე უამრავი ჟურნალისტი წერს, მაგრამ კარგად - რამდენიმე.
როცა ახალგაზრდა ვიყავი, სხვანაირად ვთამაშობდი - ძლიერი მოწოდება, ბადესთან გასვლა - ეს იყო ჩემი სტილი. ასე თამაშობდნენ ჩემი კერპები ედბერგი, ბეკერი და სამპრასი. მაგრამ თანდათანობით მივხვდი, რომ ჩოგნების ახალ თაობასთან ერთად ჩოგბურთიც შეიცვალა - ადვილი გახდა მიღებაზე თამაში, რაც შემტევ სტილს ვერ ესადაგებოდა.
ყოველთვის ვამბობდი, რომ იღბალი საჭირო რამაა. როგორც კარტში, აქაც უნდა გაგიმართლოს, მაგრამ მეორეს მხრივ, შენც უნდა იშრომო და იღბალს უბიძგო, რომ შენსკენ გადმოიხაროს.
რა თქმა უნდა, ძალიან მსიამოვნებს კარგი საბანკო ანგარიში რომ მაქვს, მაგრამ კარიერის დასაწყისში ამაზე არც მიფიქრია - მხოლოდ ტიტულები მსურდა. ისე, პროტურში პირველივე მატჩის წაგების მიუხედავად რამდენიმე ათასი დოლარი რომ ჩამირიცხეს, ჩემთვის ეს საოცრება იყო!
ბევრს გაუკვირდა ნადალთან მარცხის შემდეგ რომ ვიტირე, მაგრამ ყოველთვის ასეა, როცა ვაგებ. 5 წლის ვიყავი, წაგების გამო პირველად რომ ვიტირე.
ახალგაზრდების მხრიდან გამოწვევა ძალიან მსიამოვნებს. ახლა ჩემთვის ეს, ალბათ, უმთავრესი მოტივაციაა.
ვერ ვიტყვი, რომ არ მინდა ჩემი გოგონები ჩოგბურთელები გახდნენ, მაგრამ არაფერს დავაძალებ. ვნახოთ, სჯობს თავად გადაწყვიტონ ყველაფერი.
ხშირად მეკითხებოდნენ როდის ვაპირებდი ჩოგბურთიდან წასვლას. ადრე ვპასუხობდი, რომ ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ, მაგრამ ასე არ მოხდა. ლონდონში ვთქვი, რომ ძალიან მინდა რიოს ოლიმპიადაზე ასპარეზობა და ვნახოთ, შეიძლება 2016 წელს მართლა წავიდე დიდი ჩოგბურთიდან.
რა იქნება ჩოგბურთის შემდეგ? არ ვიცი, ამაზე ჯერ არ მიფიქრია. შესაძლოა სამპრასივით საჩვენებელი მატჩები გავმართო ან მწვრთნელი გავხდე, მაგრამ დღეს მხოლოდ კარიერა მაღელვებს.
როგორ ვხარჯავ გამომუშავებულ თანხას? მშობლებს ახალი სახლი ვუყიდე, ჩემთვის ალპებში დიდი მიწის ნაკვეთი შევიძინე და საკუთარი სახლი ავაგე... ძალიან მიყვარს სპორტული ავტომობილები - დროგამოშვებით თავს ამის უფლებასაც ვაძლევ... მსოფლიოს გარშემო მხოლოდ პირველი კლასით ვმოგზაურობ და კიდევ, უფრო და უფრო მომწონს იტალიელი დიზაინერების შეკერილი ტანსაცმლის შეძენა, განსაკუთრებით პრადა მიზიდავს. ფული, გარკვეულწილად, ცხოვრებას გიადვილებს.
ფეხბურთი ძალიან მიყვარს, ის ჩემთვის ნომერ მეორე სპორტია. ჩოგბურთი რომ არა, ალბათ, ფეხბურთელი ვიქნებოდი. ადრეც სიამოვნებით ვთამაშობდი ფეხბურთს და ახლაც ასეა. მშვენიერი შეგრძნებაა, როცა ათ თანაგუნდელთან ერთად გადიხარ მოედანზე და გამარჯვების სიხარულს იზიარებ. 2008 წელს, როცა შვეიცარიამ ავსტრიასთან ერთად უმასპინძლა ევროპის ჩემპიონატს, ძალიან ამაყი ვიყავი.
საყვარელი ფეხბურთელი? ასეთი ორია: ზინედინ ზიდანი და ფრანჩესკო ტოტი.
ჩვენ, ჩოგბურთელები საკუთარი თავის პატრონები თავად ვართ, ჩვენ განვსხვავდებით ფეხბურთელებისგან, რომლებსაც არ შეუძლიათ რამდენიმე დღე შვებულება აიღონ, რათა, ვთქვათ, თხილამურებით ისრიალონ ან პლაჟზე ინებივრონ. ჩოგბურთელი თავად ირჩევს, რომელ ტურნირში მიიღოს მონაწილეობა და რომელი გამოტოვოს. შეჯიბრების რაოდენობა ფიზიკურ ფორმაზე, კარიერის გეგმებზე და ცხადია, სპონსორებზეცაა დამოკიდებული. მაგალითად, დაუშვებელია დიდი სლემის ან მასტერსის სერიის ტურნირების გამოტოვება. თუ ჯანმრთელად ვარ, ამაზე უარს არასდროს ვიტყვი. ზოგი ჩოგბურთელი წელიწადში 34-35 ტურნირში მონაწილეობს, მაგრამ ჩემთვის 16-17 მაქსიმუმია.
ძალიან მინდა, რომ გულშემატკივრებს ოცდაათი წლის შემდეგაც ვახსოვდე. მინდა, რომ მათ როჯერ ფედერერი არამარტო კარგ ჩოგბურთელად მოიგონონ, არამედ როგორც ქველმოქმედად.
ძალიან სასიამოვნოა, როცა მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, სასიამოვნო ტიპი იყო.
განვიცდი თუ არა წაგებულ ფინალებს? რა თქმა უნდა, მაგრამ ამაზე უფრო გამარჯვებებზე ვფიქრობ. წლების შემდეგ, როცა კარიერას დავასრულებ, ჟურნალისტები და გულშემატკივრები მომიგონებენ, როგორც, ვთქვათ, 77 ტურნირის მომგებს და არა როგორც 25 ფინალში დამარცხებულს. ეს ძალიან კარგია!”