პარლამენტი აფგან მუხთარლის გატაცების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობაზე იმსჯელებს. საკითხს კიდევ ერთხელ „ევროპულმა საქართველომ“ დააყენა. ელენე ხოშტარიას განცხადებით, საპარლამენტო უმცირესობა მზადყოფნას გამოთქვამს, თუკი უმრავლესობა აფგან მუხთარლის საქმეზე დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს, კომისიას დადგენილების პროექტით მინიჭებული სახელი გადაერქვას და მმართველი გუნდისათვის მისაღები სახელი ეწოდოს.
ელენე ხოშტარიას საპასუხოდ, უმარვლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ „ევროპულ საქართველოს“ მიმართ, აქვთ თუ არა ისეთი ინფორმაცია, რასაც საჯარო გამოსვლებში მუხთარლის საკითხზე საუბრისას ვერ ახმოვანებენ და ამას გაახმოვანებენ მხოლოდ მაშინ, თუ კომისია შეიქმნება.
„აუცილებლად უნდა დავადასტურო, რომ ალოგიკურს ნამდვილად არაფერს ვხედავთ ამ მოთხოვნაში. კითხვებს ყოველთვის პასუხი უნდა გაეცეს, მაგრამ არსებობს გარკვეული ლოგიკაც, რა შემთხვევაში შეიძლება მართლაც რაღაც ნაბიჯი გადაიდგას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ, რომელმაც ხოშტარიას საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით სამი შეკითხვა დაუსვა.
1. „ამ საქმესთან დაკავშირებით კონკრეტულად, რა მოლოდინები გაქვთ? რა პროცედურული მექანიზმები მიგაჩნიათ, რომ გვექნება ჩვენ - კომისიის შემადგენლობაში ვინც ვიქნებით ან ვინც იქნება, რაც არ აქვს პროკურატურას, საგამოძიებო ორგანიზაციას?“
2. „გაქვთ თუ არა ისეთი ინფორმაცია, რაც საჯარო გამოსვლებში ამ საკითხზე საუბრის დროს არ ან ვერ ახმოვანებთ და ამას გაახმოვანებთ ისეთ შემთხვევაში, თუ კომისია შეიქმნება?“
3. „წინა ხელისუფლების დროს, ალბათ, გახსოვთ, რომ 3 თვიანი წინასაგამოძიებო ვადები არსებობდა, რაც შემდგომ შეიცვალა და მე სწორად მიმაჩნია, რომ შეიცვალა. მათ შორის იყო საერთაშორისო პრაქტიკა, საქმის სპეციფიკები, ვადა შეიძლებოდა გაგრძელებულიყო მაქსიმუმ 12 თვემდე და ასეთი ვადა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში დღეს საერთოდ არ არსებობს. ეთანხმებით თუ არა, ამ მიდგომას?“.
კოლეგას ელენე ხოშტარიამ უპასუხა და ახალი ინიციატივით მიმართა: „კომისიას რაც თქვენ გენებოთ ის დავარქვათ. ახლავე დამიწერეთ თქვენი ვერსია და დავარქვათ ის, რაც თქვენ გნებავთ - თუ გინდა დავარქვათ, „ხელისუფლების პასუხების კომისია“ ან „ჩვენ არაფერში ვართ დამნაშავე - რაც თქვენ გნებავთ“.
ცხადია, პასუხის, პასუხმა არ დააყოვნა. დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა ელენე ხოშტარიას კითხვით მიმართა, აქვს თუ არა მორალური და ზნეობრივი უფლება, პარლამენტის ტრიბუნასთან იდგეს და მუხთარლის საქმეზე კითხვებს სვამდეს. პაპუაშვილმა ასევე იკითხა, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა სპეკულაციებისა და ქვეყნის ასარევად ხომ არ სჭირდებათ.
„არც თქვენი პოლიტიკური თუ საპარლამენტო ცხოვრების წესი, არც თქვენი საქმიანობა იმის უფლებას არ მაძლევს, რომ თქვენს განცხადებებს და თქვენს გულწრფელობას სერიოზულად შევხედო. რა საჭიროა კომისიის შექმნა, თუკი უკვე ყველაფერი იცით, თუ რომელი მანქანიდან რომელ მანქანაში გადასვეს და ასე შემდეგ... ყველაფერი უკვე გამოგიძიებიათ და მტკიცებით ფორმაში ლაპარაკობთ.
ძალიან საყვარლად კი მოყევით, თურმე ჟურნალისტი პურის საყიდლად მიდიოდა და კაცმა რა დააშავა... ასე პურის საყიდლად, დროს სატარებლად, შეყვარებულებთან შესახვედრად მიდიოდნენ ის ახალგაზრდა ბიჭები ქუჩებში რომ ჩახოცეთ, მაგრამ მაშინ არავითარი კომისიის შექმნა არ მოგდომებიათ. რატომ უნდა ვენდო აფგან მუხთარლის სიტყვებს, რომელიც ჩემი ქვეყნისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ საშინელ განცხადებებს აკეთებს და არ ვენდო გამოძიებას ან რატომ უნდა გენდოთ თქვენ - თქვენს ყალბ აღშფოთებასა და გულზე მჯიღის დაკვრას?!“, -მიმართა უმცირესობას ზაზა პაპუაშვილმა.
კიდევ ერთ საქმეზე, რაზეც ოპოზიცია და ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“ საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, 22 ნოემბრის ანტიტერორისტული სპეცოპერაციის საქმეა. რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ როცა ჩახოცვებზე საუბრობენ, ნუ ავიწყდებათ, რომ მძინარე ადამიანებს ხოცავენ ახლა. გოცირიძემ საუბარი აფგან მუხთარლის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე საუბრით დაიწყო, შემდეგ კი ჩატაევის სპეცოპერაციის საქმეზე გაამახვილა ყურადღება.
„ფაქტობრივად, უმრავლესობა ხელს აფარებს მთავრობის მიერ ჩადენილ დანაშაულს. რეალურად, მათ არ უნდათ, გამოძიებული იქნას ეს საქმე, ვინაიდან იციან რეალურად, რომ ამაში დამნაშავე არის საქართველოს ხელისუფლება.
ამ საკითხის შემდეგ ჩვენ გამოგვაქვს მეორე საკითხი, რომელიც ასევე ითვალისწინებს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, ჩატაევის ტერორისტული დაჯგუფების თბილისის ცენტრში შემოსვლისა და იქ საბრძოლო არსენალის შექმნის, განვითარებული მოვლენების გამო, რომელმაც ერთი სამართალდამცველის და თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლე შეიწირა. როცა ჩახოცვებზე ლაპარაკობენ, ნუ ავიწყდებათ, რომ მძინარე ადამიანებს ხოცავენ ახლა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.