გერმანიის შემდეგ უკვე საფრანგეთის მთავრობა ქვეყნის საიმიგრაციო კანონმდებლობისა და თავშესაფრის მინიჭების წესების გამკაცრების ინიციატივით გამოდის. კანონპროექტის მიხედვით, არალეგალი მიგრანტების დაკავების პერიოდი, რომელიც ამჟამად 45 დღეს შეადგენს, 90 დღემდე იზრდება. ასევე მცირდება თავშესაფრის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის ვადები, ხოლო საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის ერთწლიანი პატიმრობისა და ჯარიმების შემოღება იგეგმება.
საფრანგეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ სურთ, ემიგრაციის საკითხებში უფრო მტკიცედ და სამართლიანად იმოქმედონ, ამიტომ კანონპროექტის მიხედვით არასრულწლოვანთათვის თავშესაფრის მინიჭება მარტივდება და ორჯერ მცირდება ვადა, რომლის განმავლობაშიც სახელმწიფო ორგანოებმა თავშესაფრის მინიჭების შესახებ განცხადება უნდა განიხილოს.
ფარგულმა მხარემ სოციოლოგიური კვლევებიც გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, გამოკითხულთა 63% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი ემიგრანტია. 2017 წელს საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 100 000-ს გადააჭარბა.
გერმანიის მთავრობა მათი ქვეყნის დატოვების სანაცვლოდ უცხოელებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს 3000 ევრომდე ფულად მხარდაჭერას სთავაზობს. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გერმანიის მთავრობის და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ურთიერთთანამშრომლობით ხორციელდება. პროექტი – „REAG/GARP - Reintegration and Emigration Programme for Asylum-Seekers in Germany (REAG); Government Assisted Repatriation Programme (GARP)“, სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, მატერიალურ და არამატერიალ დახმარებას სთავაზობს. პროგრამის (REAG/GARP) ფარგლებში გათვალისწინებულია, როგორც სამშობლოში დაბრუნების სამგზავრო ხარჯების ანაზღაურება, ასევე არსებობს დამატებითი ფინანსური დახმარების მიღების შესაძლებლობა.
პროგრამის მიხედვით, აღნიშნული მხარდაჭერა ვრცელდება საქართველოს მხოლოდ იმ მოქალაქეებზე, ვინც გერმანიაში უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე, 2017 წლის 27 მარტამდე შევიდა და რომლებსაც უარი ეთქვათ თავშესაფრის მინიჭებაზე გერმანიაში, მაგრამ არ გასულა მათთვის ქვეყნის დატოვებისთვის შესაბამისი უწყების მიერ მიცემული ვადები; ასევე პირებს, რომელთა თავშესაფრის მინიჭების შესახებ განხილვის პროცესი არ დასრულებულა, გარდა ამისა, საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც დაუკმაყოფილდათ ლტოლვილის სტატუსი, მაგრამ ნებაყოფლობით სურთ საქართველოში დაბრუნება.
პროგრამის მიხედვით, ფინანსური დახმარებასთან ერთად ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველებს პროგრამა აძლევს საშუალებას თავად განსაზღვრონ დაბრუნების თარიღი და დაგეგმონ გამგზავრებასთან დაკავშირებული სხვა დეტალები. ისინი მგზავრობენ დამოუკიდებლად და ოფიციალური უწყების წარმომადგენელი თანმხლები პირის გარეშე.
გერმანული მხარის განცხადებით, 2018 წლის 28 თებერვლამდე არსებობს შესაძლებლობა, აღნიშნულმა პირებმა მიიღონ დამატებით 3000 ევრომდე რაოდენობის ფულადი მხარდაჭერა, სამშობლოში საყოფაცხოვრებო პირობების დასაკმაყოფილებლად. პროგრამა მიზნად ისახავს გერმანიაში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას და მათ რეინტეგრაციას. პროგრამით 2016 წელს საერთო ჯამში 54 000 -მა ადამიანმა ისარგებლა. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინიტრომ უკვე მიმართა გერმანიაში საქართველოს საელჩოს.
საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გერმანიაში არალეგალურად მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, გერმანიის მთავრობის მიერ მიცემული შესაძლებლობით ისარგებლონ. მისი თქმით, გერმანიის მთავრობა სთავაზობს სპეციალურ პირობებს, ფინანსურ დახმარებას და იმ ხარჯების ანაზღაურებას, რომელიც მათი დაბრუნებისთვის არის საჭირო. მინისტრს იმედი აქვს, რომ ეს იქნება კონკრეტული შედეგის მომტანი ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ სამშობლოში დაბრუნება.
„გვინდა, რომ ვიზალიბერალიზაციის დარღვევის ყველა ის გზა ჩავკეტოთ, რომლითაც შეიძლება ეს პროცესი დაზიანდეს. ჩვენ დავიწყეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რათა ვუპასუხოთ იმ წუხილებს, რომელიც გაჩნდა ჩვენი პარტნიორების მხრიდან, პირველ რიგში ორმხრივი ფორმატების ფარგლებში.
მოგეხსენებათ, შს მინისტრის მოადგილე უკვე იმყოფებოდა ვიზიტით გერმანიაში, ავსტრიაში და იგეგმება მისი ვიზიტები სხვა ქვეყნებში, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს ორმხრივი თანამშრომლობა ამ მიმართულებით. იუსტიციის სამინისტრო მუშაობს გვარის ცვლილების რეგულაციებზე, რათა რეადმისირებული პირის მიერ არ მოხდეს გვარის გადაკეთება და შემდეგ დაბრუნება ევროპაში“, – აცხადებს მიხეილ ჯანელიძე.
მინისტრის განცხადებით, საქართველო დაიცავს იმ პირების უფლებებს, რომლებიც ევროპაში მიდიან არა კრიმინალური მიზნით, არამედ ჯანმრთელობის პრობლემების გამო, თუმცა მისი თქმით, რეადმისია არის ის პროცესი, რომელიც შეთანხმებულია ორ სახელმწიფოს შორის და ჯდება ყველა საერთაშორისო ნორმაში.
„რეადმისიის განხორციელების უფლება აქვს ევროკავშირის წევრ ნებისმიერ ქვეყანას და ჩვენ გვაქვს აღებული ვალდებულება, რომ მივიღებთ რეადმისირებულ მოქალაქეებს საქართველოში. აქ არანაირი საგანგაშო მონაცემები არ გვაქვს, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, რომელიც რეადმისიის თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება და ჩვენ ჩვენი საკონსულოების მეშვეობით პროცესს აქტიურად გავაკონტროლებთ, რათა არ იყოს გადაცდომები და ჩვენი მოქალაქეების კანონიერი უფლებები იყოს დაცული.
რაც შეეხება ჯანდაცვის და სხვა ტიპის სოციალურ პრობლემებს, უნდა ითქვას, რომ თავშესაფარი პირველ რიგში ეძლევათ იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ პოლიტიკური დევნის ან ადამიანის უფლებების კუთხით დევნის შესაბამისი საფრთხე თავის ქვეყანაში. საქართველო აღიარებულია უსაფრთხო ქვეყნად ევროკავშირის 7 წევრი სახელმწიფოს მიერ.
შესაბამისად, ამ მოთხოვნებს აქვს ძალიან მცირე შანსი დაკმაყოფილების. რაც შეეხება სოციალურ პირობებს, საქართვერლო დღეს არ არის ის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ისეთივე სოციალური დაცვა შესთავაზოს საქართველოს მოქალაქეებს, როგორიც მაგალითად გერმანიას ან სხვა ქვეყანას, მაგრამ სოციალური პირობების დაკმაყოფილება არ წარმოადგენს თავშესაფრის მოთხოვნის სარგებელს“, – აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის სხვადასხვა ქალაქიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია აქტიურად მიმდინარეობს. მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში 65 ქართველი გამოაძევეს, მიზეზად უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დარღვევა სახელდება. დეპორტირებულებს შორის არიან ისეთი მოქალაქეები, რომლებიც გერმანიაში უვიზო მიმოსვლის შემოღებამდე წავიდნენ. მათ ნაწილს ჰყავს გერმანიის მოქალაქე ოჯახის წევრები, ბავშვები, რომლებიც გერმანიაში ცხოვრების დროს შეეძინათ. გერმანიაში მცხოვრები ქართველების ინფორმაციით, შესაძლოა, ამ დღეებში დაახლოებით 500–600 ადამიანის დეპორტაცია მოხდეს, რადგან გერმანიის სასამართლოში მათ საქმეებს დაჩქარებული წესით განხილვა მიმდინარეობს.