Amnesty International საქართველოში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექნიზმის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს

Amnesty International საქართველოში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექნიზმის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს

2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე, საერთაშორისო ორგანიზაცია „ემნისთი ინთერნეშენალი“ მორიგ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც რამდენიმე გახმაურებული საქმე მოხდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა ვერ უზრუნველყო და ადამიანის უფლებების დარღვევებისათვის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა დაუსჯელობა შენარჩუნდა.

„ემნისთი ინთერნეშენალის“ ანგარიშში მოხვდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაადგილების შეზღუდვა. ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსულმა სამხედრო ძალებმა და აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სეპარატისტული რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლებებმა დე ფაქტო საზღვრის მიმდებარედ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა გააგრძელეს. ასევე აღნიშნულია, რომ საზღვრის „არალეგალურად“ კვეთის ბრალდებით, ათეულობით ადამიანის დროებით დაკავებისა და დაჯარიმების შემთხვევები დაფიქსირდა.

„ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარედ მავთულხლართების გაბმის გახშირებულმა პრაქტიკამ ადგილობრივი მოსახლეების უფლებების შელახვა გააგრძელა – საკუთარ ბოსტნებზე, საძოვრებსა და სახნავ-სათეს მიწებზე ხელმისაწვდომობის დაკარგვამ მათი მუშაობის, საკვებისა და ცხოვრების სათანადო დონის უფლებები შეზღუდა“, – ნათქვამია ანგარიშში.

რაც შეეხება გახმაურებეულ საქმეებს, ანგარიშში ვრცლად არის საუბარი აჯერბაიჯანელი ჟურანლისტის გატაცებისა და დემირელის სახელობის კოლეჯის მმართველის დაკავების ფაქტებზე. აღნიშნულია, რომ საქართველოს გარშემო რეპრესიული პოლიტიკის მორევში მყოფ ქვეყანათა წრე შეიკრა, სადაც ადამიანის უფლებების დაცვა უცხო ხილი გახდა.

ანგარიშის თანახმად, რეგიონში შექმნილმა ამ რეალობამ საქართველოზეც იქონია გავლენა, რასაც აფგან მუხთარლისა და მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეებიც ადასტურებს. საერთაშორისო ორგანიზაცია თვლის, რომ რთული გეოპოლიტიკური ვითარების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დაცვა გამონაკლისის გარეშე უნდა უზრუნველყოს.

„ემნისთი ინთერნეშენალი“ აღნიშნავს, რომ მუხთარლის ბრალდებების შესწავლის მიზნით გამოძიება დაიწყო, მაგრამ გამოძიების მიერ რაიმე არსებითი შედეგის მიღწევის შესახებ ცნობილი არ არის, რასაც ორგანიზაცია საგანგაშოდ მიიჩნევს.

რაც შეეხება მუსტაფა ემრე ჩაბუქს, ანგარიშში გაკრიტიკებულია დევნილთა სამინისტრო და ხაზგასმით არის აღნიშული, რომ თურქეთში დაბრუნების შემთხვევაში, ჩაბუქს წამების და არასათანადო მოპყრობის რეალური საფრთხე ემუქრებოდა მაგრამ ამის მიუხედავად, მისი განაცხადი საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ასევე აღნიშნულია, რომ წინასაექსტრადიციო პროცესები გრძელდება. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, არ მოხდეს ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიცია.

ლევან ასათიანის განცხადებით, თუ განხორციელდება ექსტრადიცია, არსებობს დიდი ალბათობა, რომ ჩაბუქი წამების რისკის ქვეშ აღმოჩნდება.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში რეალური რისკის ქვეშ დადგება მისი ფუნდამენტალური უფლებები. კონკრეტულად კი ის შეიძლება აღმოჩნდეს წამების რისკის ქვეშ, დიდი ალბათობაა იმისა, არ მოხდეს სასამართლო პროცესის სამართლიანად წარმართვა და ასევე სხვა დარღვევებს ჰქონდეს ადგილი.

თუკი ჩაბუქის ექსტრადიცია მოხდება, Amnesty International-ის პოზიციის მიხედვით, ეს იქნება ამ ადამიანის არასამართლიანად გადაცემა, ეს იქნება საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სტანდარტების დარღვევა, ეს იქნება საქართველოს ვალდებულებების დარღვევა როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა ვალდებულებების“, – განაცხადა ლევან ასათიანმა.

თავის მხრივ მუსტაფა ემრე ჩაბუქს იმედი აქვს, საქართველოს სასამართლო არ მიიღებს მისი ექსტრადირების გადაწყვეტილებას. მას სჯერა, რომ საქართველო არის დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყანა და თავის გადაწყვეტილებაშიც იქნება თავისუფალი.

„Amnesty International არის ადამიანის უფლებების კუთხით ყველაზე ძლიერი საერთაშორისო ორგანიზაცია. მინდა მადლობა გადავუხადო, ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელს საქართველოში. ის ჩემი ძალიან დიდი მხარდამჭერი იყო სახალხო დამცველის აპარატთან და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად. დაკავების პერიოდი დასრულდა, მაგრამ სასამართლო გრძელდება. იმედი მაქვს, საქართველოს სასამართლო არ მიიღებს ჩემი ექსტრადირების გადაწყვეტილებას. მჯერა, რომ საქართველო არის დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყანა და თავის გადაწყვეტილებაშიც იქნება თავისუფალი“, – განაცხადა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა.

საერთაშორისო ორგანიზაცია „ემნისთი ინთერნეშენალი“ მორიგ ანგარიშს უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები. საპარლამენტო უმცირესობა ამბობს, რომ საქართველოსთან მიმართებაში ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ნეგატიური ანგარიში აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს. ტრადიციას არ ღალატობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი და აცხადებს, რომ ანგარიში საგანგაშოა და ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.

„ანგარიში არის საგანგაშო, ვხედავთ, რომ საქართველოს რეპუტაცია ნადგურდება ყოველდღიურად. საქართველო, რომელიც რეგიონში უნდა იყოს მართლაც დემოკრატიის სამაგალითო ქვეყანა, რომელიც თავის სტრატეგიულ მნიშვნელობას სწორედ იმით აძლიერებს, რომ მეზობელი ზოგიერთი სახელმწიფოსგან განსხვავებით ადამიანის უფლებები დაცულია, საქართველო ემსგავსება კიდევ ერთხელ პოსტსაბჭოთა სივრცის მორიგ ქვეყანას, რომელიც ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს. მსგავსი ანგარიშები დიდ პრობლემას შეუქმნის ჩვენი ქვეყნის ევროპულ დღის წესრიგს, ჩვენს ურთიერთობებს ნატო-სთან“, – ასე ფიქრობს სალომე სამადაშვილი.

ფრაქცია „ევროპული საქართველო“ კი ისევ მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისია შექმნის აუცილებლობაზე საუბობს და როგორც გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.

„ამ ავტორიტეტული ორგანიზაციის ანგარიში, სადაც მუხთარლის საქმე თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი, არის კიდევ ერთი არგუმენტი თუ რატომ უნდა შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელსაც „ევროპული საქართველო“ და საპარლამენტო უმცირესობა გასული წლის ივნისიდან ითხოვს“, – ამბობს გიორგი კანდელაკი.

„ემნისთი ინთერნეშენალის“ ანგარიშში მოყვანილ ფაქტებს და ოპოზიციის ბრალდებებს არ იზიარებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში ბევრი რამ კეთდება. უმრავლესობაში განმარტავენ, რომ საქართველოს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს ვალი და პრიორიტეტია, ერთი მხრივ, ადამიანის უფლებების დაცვა, ხოლო მეორე მხრივ, სტრატეგიულ პარტნიორებთან სწორი, სახელმწიფოებრივად გააზრებული პოლიტიკის წარმოება.

ეკა ბესელიას განცხადებით, მთავარი, რაც ამ ანგარიშშია, ეს არის დამოუკიდებელი საგამოძიებო მექნიზმის შექმნა, ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია, საკანონმდებლო პროცედურები დაწყებულია. მისი თქმით, გამოწვევები, რაც რჩება და რაზეც არის მინიშნება, არის მუშაობის პროცესში.

„დამოუკიდებელი საგამოძიებო მექნიზმის შექმნის საკითხი უკვე გადაწყვეტილია, მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება. ჩვენ პარლამენტში განხილვას დავიწყებთ და ვფიქრობ, მალე დასრულდება. უახლოეს მომავალში გვეყოლება ინსპექტორი, რომელსაც დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის აღსრულების კუთხით სპეციალური მანდატი ექნება.

რაც შეეხება სხვა ინდექსებს, რასაც ვაკვირდებით, საქართველომ სხვადასხვა ინდექსში, დაახლოებით 28 პუნქტში გაიუმჯობესა პოზიცია. არამარტო რეგიონშია ლიდერი ქვეყანა, არამედ ბევრ მეზობელ ქვეყანას გავუსწარით სხვადასხვა კოეფიციენტში და რეფორმების კუთხით კარგი მაჩვენებელია. ის, რაც დარჩა გამოწვევად და რაზეც არის მინიშნება, არის სამუშაო პროცესში და არის რეფორმის ნაწილი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ“, – აცხადებს ეკა ბესელია.