რა ხდება რეალურად „იბერიას“ გარშემო? – ბიზნესი ტელევიზიისთვის თუ ტელევიზია ბიზნესისთვის

რა ხდება რეალურად „იბერიას“ გარშემო? – ბიზნესი ტელევიზიისთვის თუ ტელევიზია ბიზნესისთვის

უკვე რამდენიმე დღეა, ტეკელომპანია „იბერიას“ წარმომადგენლები ღიად საუბრობენ, რომ ტელევიზიის მთავარ დამფინანსებელ „ომეგა ჯგუფზე“ ზეწოლა ხორციელდება და ეს სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს უქმნის არხს.

„ომეგა ჯგუფი“ საქართველოს პარლამენტის დეპუტატის - ნატო ჩხეიძისა და მისი მეუღლის, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის - ზაზა ოქუაშვილის საკუთრებაა. ტელეკომპანია „იბერია“ კი - ნატო ჩხეიძეს ეკუთვნის.

რაც შეეხება საქმის დეტალებს - „იბერიას“ ხელმძღვანელობის განცხადებით, დემპინგის გამო „ომეგა ჯგუფმა“ 100 მილიონი დოლარით იზარალა. თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, „ომეგა ჯგუფი“ არა დემპინგის, არამედ მის მიერვე მორიგი კომპანიის დარეკეტების წარუმატებელი მცდელობის მსხვერპლია.

არსებული მონაცემებით, ამ თემით სპეკულირება „ომეგა ჯგუფმა“ მას შემდეგ წამოიწყო, რაც British American Tobacco-სგან მილიონობით დოლარი ვერ მიიღო. აღსანიშნავია, რომ „ომეგა ჯგუფმა“ ამ პრაქტიკას ერთხელ უკვე მიმართა. მაშინ მათ მოახერხეს, რომ სპეკულირებითა და რეკეტით კომპანია „ფილიპ მორისისგან“ 30 მილიონი დოლარი მიეღოთ. საქართველოს ბაზრის დაკარგვის შიშით მაშინ კომპანია „ფილიპ მორისი“ დათმობაზე წავიდა, „ომეგა ჯგუფთან“ შეთანხმება გააფორმა და მოთხოვნილი, არარეალურად დიდი თანხის - 75 მილიონი დოლარის ნაცვლად, 30 მილიონი გადაიხადა.

საინტერესოა, რომ თუკი „ომეგა ჯგუფი“ „ფილიპ მორისს“ წარმოებაზე სადისტრიბუციო ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებდა და 75 მილიონ დოლარს ითხოვდა, British American Tobacco-სთან დავა ზიანის მიყენების ბრალდებით დაიწყო.

„ომეგა ჯგუფმა“ British American Tobacco-ს ერთ-ერთი პროდუქციის თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად გაყიდვაში დაადანაშაულა და სანაცვლოდ კოლოსალური თანხის - 100 მილიონი დოლარის გადახდა მოითხოვა. თანხის რელევანტურობაზე საუბარი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც „ომეგა ჯგუფი“ საქართველოში თამბაქოს ბაზრის მხოლოდ 5%-ს ფლობს და ასეთი თანხა მთლიანად, ბოლო 10 წლის განმავლობაშიც კი არ მიუღია.

სარჩელის პირველ ინსტანციაში შეტანის შემდეგ, სასამართლომ საქმის არსში გარკვევამდე „ფილიპ მორისის“ ქონების მსგავსად, „ბრითიშ ამერიქან ტობაკოს“ პროდუქციაც დააყადაღა, თუმცა 1 კვირაში, მტკიცებულებების გაცნობის შემდეგ, ეს გადაწყვეტილება გააუქმა.

2017 წელს, British American Tobacco-მ „ომეგა ჯგუფს“ 100 მილიონი დოლარის სასამართლო დავა სააპელაციოს შემდეგ უზენაეს სასამართლოშიც მოუგო. უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო საქმე განსახილველად მიეღო და ამ გადაწყვეტილებით ქვეყანაში საკითხზე დავა დასრულდა.

„ფილიპ მორისისა“ და „ბრითიშ ამერიქან ტობაკოს“ სასამართლო დავებში აქტიურად იყო ჩართული საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი, რომელმაც „ფილიპ მორის საქართველოს“ და „ბრითიშ ამერიკან ტობაკოს“ დაჯარიმების გამო მოსამართლეს კორუმპირებული უწოდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა კი სასამართლოს მიერ შპს „ფილიპ მორისი - საქართველოს“ დაჯარიმებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება კომპანია „ფილიპ მორისისთვის“ 93 მილიონამდე ლარის დაკისრებასთან დაკავშირებით კითხვებს ბადებდა არასაკმარისი არგუმენტაციის გამო.

ჩვენ ვცდილობთ ეკა გიგაურთან და ფადი ასლისთან დაკავშირებას და მათი კომენტარების მოპოვებას, რამდენად არის „ომეგა ჯგუფი“ დემპინგის მსხვერპლი, როგორც ამას მის მფლობელობაში არსებული ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტები აცხადებენ.