„ცხოველთა მოკვლის მეთოდი შეცვალეს და პირდაპირ ქუჩებში დაიწყეს საწამლავების დაყრა ძაღლებისთვის“

„ცხოველთა მოკვლის მეთოდი შეცვალეს და პირდაპირ ქუჩებში დაიწყეს საწამლავების დაყრა ძაღლებისთვის“

ბოლო ორი კვირის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა რაიონში ცხოველთა მასობრივი დაცემა დაფიქსირდა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, დაღუპული ცხოველები ვეტერინარებთან გადაიყვანეს, სადაც გაკვეთის შედეგად დაფიქსირდა, რომ ძაღლები მოწამვლამ იმსხვერპლა. ამის მიუხედავად, თბილისის მერიის კონკრეტული სამსახურები ცხოველთა მოწამვლის ფაქტს და ამ საქმეში მათ როლს უარყოფენ.

საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის თავმჯდომარე თემურ ლაჭყეპიანი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ცხოველების მოწამვლამ სისტემატური ხასიათი მიიღო. უამრავი შეტყობინება დაფიქსირდა, თუნდაც სოციალური ქსელით, თუნდაც ტელეფონით, როდესაც მოქალაქეები ან ცხოველების მიმკედლებლები აცხადებდნენ, რომ მათ მიერ მიკედლებული, ან ეზოს ძაღლი, რომელსაც ჰქონია შეხება ქუჩასთან ბოლო დღეების განმავლობაში, დაიღუპა.

 „დავუშვათ, რომ თვეში ერთხელ მოიწამლოს ერთი ან ორი ძაღლი, ან ვიღაცამ მოწამლოს ისინი, მაგრამ ბოლო დროს ასეთი ფაქტები მასობრივია. თითქმის ყველა უბანში ხდება ცხოველების დაცემა. მერე გადაჰყავთ ვეტერინარებთან, საამისოდ ვეტერინართა დასკვნებიც არსებობს, რომ შემოწმებულია ცხოველთა ლეშები და დადგენილია მოწამვლის ფაქტები. ამ დროს კი მერია პირდაპირ ამბობს, არ ხდება მოწამვლაო. რა იციან, იქნებ, მერია არ წამლავს, მაგრამ სხვა ჩადის ამ დანაშაულს? ამ ვარიანტს რატომ არ უშვებენ? ამ დღეებში ტელევიზიით გამოვიდა ლერი ქვარაია, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი და განაცხადა, თითქოს ცხოველთა მოყვარულები რაღაცას იგონებენ. არანაირი მიზანი არ გვაქვს, რაღაც მოვიგონოთ. ფაქტია, ძაღლები მოკვდნენ. ყველას შეუძლია, გადაამოწმოს მეპატრონეებთან, ან იმ ადგილებზე მივიდეს და ნახოს. ჩუღურეთში, ვერაზე, ვარკეთილის ტერიტორიაზე და სხვაგანაც მოქალაქეები ჩიოდნენ, რომ ძაღლები დაიხოცნენ.

ქვარაია კი კონტრდაზვერვიდან მოსული პიროვნებაა, ცხოველთა სფეროში არანაირი გამოცდილება არ გააჩნია. გვეგონა, აქამდეც გაათავისუფლებდნენ, ახლა კი სასწრაფო წესით მოვითხოვთ მის გათავისუფლებას. სწორედ ლერი ქვარაიასა და თემურ ფხალაძის დავალებით გასულ წლებში მოხდა ცხოველების მასობრივი ევთანაზია თავშესაფრებში. უმეტესი მათგანი დააძინეს, გააქრეს თავშესაფრებიდან, ამაში მილიონები აიღეს. ასე ძვირი ღირს ცხოველების დახოცვა? სინამდვილეში, ძვირი არ ღირს და რატომ ვიხდით მილიონებს ბიუჯეტიდან? უბრალოდ, ინგლისური მარილით ახდენდნენ ცხოველთა განადგურებას. ახლა კი მეთოდი შეცვალეს და პირდაპირ ქუჩებში დაიწყეს საწამლავების დაყრა, ანუ იმ ადგილებში, სადაც ძაღლები და კატები არიან მიკედლებულნი.

კატებიც ნადგურდებიან. ყველა მოკლულ ცხოველს ერთი და იგივე სიმპტომი აქვს. დასაბუთებული ეჭვი მიჩნდება, რომ ეს ყველაფერი ლერი ქვარაიას უკანონო დავალებით ხდება“, - აღნიშნა თემურ ლაჭყეპიანმა.

მანვე განმარტა, რომ, საერთოდ, დეზინფექციის დროს ჩადებულია დამცავი პუნქტები. კერძოდ, სადეზინფექციოდ ისეთი საშუალება უნდა შეისყიდონ, რომელიც არ ავნებს შინაურ ცხოველებს, რომლებიც მეპატრონეთა საკუთრებაში იმყოფებიან. მაგრამ ეს სულ სხვა შემთხვევაა და სრულიად სხვა საწამლავით, ქიმიური საშუალებებით ხდება ძაღლების დახოცვა. ეს ქიმიური საშუალება ოფიციალურად ტენდერებში არსად არ არის ასახული, მაგრამ შესაძლოა, ამ საშუალებების გამოყენება ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელს უკანონოდ დაავალეს, ან კიდევ, გარეშე დაქირავებულ პირს ჩაადენინეს ეს დანაშაული.

თემურ ლაჭყეპიანის თქმით, სწორედ ასეთი მეთოდით იშორებენ ქუჩის ცხოველებს. არადა, საჭდე, ე.წ. ბირკა რომ ჩამოდის ევროპიდან, ეს ნიშნავს, რომ „ბირკა“ უნდა გამოიყენებოდეს ძაღლებისთვის. თუკი „ბირკა“ გამოიყენება, ე.ი. ყველგან დასაშვებია, ქუჩაში იმყოფებოდნენ ძაღლები. ნაცვლად იმისა, რომ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება მომხდარიყო, რომ ცხოველები საფრთხეს არ წარმოადგენენ, კონკრეტული სამსახურები ცდილობენ, რაც შეიძლება ნაკლები თანხა დახარჯონ ასეთ პროგრამებში და მეტი თანხა გადაისროლონ საეჭვო მიმოქცევაში.

ცხოველთა დამცველების ბრალდებებს გამოეხმაურა თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე. მან მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ თბილისის ზოგიერთ უბანში გარკვეული შესაწამლი ნივთიერების მოყრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა. მისივე თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი არც ერთი სამსახური მსგავს ღონისძიებას არ ახორციელებს. ამიტომ გაგებით უნდა მოვეკიდოთ იმ ადამიანების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომელთა მიხედვითაც, კონკრეტულ უბნებში დაახლოებით 2-3-4 ცხოველი დაიღუპა. შესაბამისად, მაია ბითაძე ფიქრობს, რომ ექსპერტის დასკვნას უნდა დაველოდოთ.