„როგორია, უცბად გაგიცხელდეს ჭა?!“

„როგორია, უცბად გაგიცხელდეს ჭა?!“

გორის რაიონის სოფელ სკრაში ჭაში სასმელი წყლის 38 გრადუსამდე გაცხელებამ ადგილობრივები საფიქრალში ჩააგდო. მახარაშვილების ოჯახში, სადაც ეს უცნაურობა დაფიქსირდა, აცხადებენ, რომ ჭა თითქმის ას წელს ითვლის და ყოველთვის ცივი წყლით გამოირჩეოდა, ახლა კი ეჭვობენ, რამდენად უსაფრთხოა ამ ტერიტორიაზე ცხოვრება. მით უფრო, რომ ახლოს არანაირი ბუნებრივი ცხელი წყლები არ არის, არც გოგირდის და არც სხვა სპეციფიკური სუნი არ შეინიშნება. მომხდარის გამო ადგილობრივები სკრაში სპეციალისტების ჩასვლას ითხოვენ.

შეიძლება თუ არა მსგავსი უცნაურობა სხვაგანაც დაფიქსირდეს?

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ, ზოგადად, გორის რაონში, ქარელსა და კასპში არსებობს თერმული წყლები. გორს გაცდებით თუ არა, იქ ჭაბურღილებიც იყო დასმული, რადგან მაინც გოგირდიანი წყლებია და მოდიოდა ცხელი წყალი. ამიტომ ეს ფაქტი სპეციალისტებმა ადგილზევე უნდა შეისწავლონ და გაარკვიონ, ხომ არ მოხდა თერმული წყლების შესვლა ჭაში.

„ეს ჩვეულებრივი ზონაა თერმული წყლებისთვის. იქ სათბურებიც აქვთ ადამიანებს გზაზე გაკეთებული. ნანახი მაქვს ეს სათბურები და ეს ფაქტი არ არის ამ ზონისთვის არც უცნაური და არც საშიში. შეიძლება არც იყოს გოგირდიანი წყლები, ვინაიდან არაგოგირდიანი ცხელი წყლებიც არის თუნდაც თბილისში და მხოლოდ გოგირდის აბანოებით არ შემოვიფარგლებით. ასეთი სივრცეებია გორშიც. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომელიღაც ჭაში უცბად გამოჩნდეს ცხელი წყალი. 38 გრადუსი თერმული წყლისთვის არ არის ძალიან მაღალი, ყოველ შემთხვევაში, საშინელება არ არის. თუმცა მესმის, რომ ოჯახის წევრები შეშფოთებულნი არიან. როგორია, უცბად გაგიცხელდეს ჭა?!“ სხვათა შორის, თუ ცხელი წყალი ამოვიდა მიწიდან, შეიძლება გათბობისთვის გამოიყენონ“, - აცხადებს ნინო ჩხობაძე.

როგორც For.ge-სთან საუბარში „მწვანეთა პარტიის“ ლიდერი, დეპუტატი გია გაჩეჩილაძე განმარტავს, სოფელ სკრაში აღნიშნულ ტერიტორიაზე გეოლოგიური კვლევა უნდა ჩატარდეს და გაირკვას, ხომ არ არის ეს ადამიანური ფაქტორით გამოწვეული.

„არა მგონია, ვულკანური პროცესები იყოს. კავკასია საერთოდ სეისმური ზონაა, აქ ვულკანური პროცესები იყო და იქნება მომავალშიც. კავკასიონის მთები ახალგაზრდა მთებად ითვლება გეოლოგიაში, არ არის დასრულებული მთათა წარმოქმნის პროცესი და შესაძლებელია, გარკვეული პერიოდის შემდეგ ყველაფერი მოხდეს. ამიტომ ამ საინტერესო ფაქტს სპეციალური კვლევა სჭირდება. საქართველოში არსებობდა მძლავრი ჰიდროგეოლოგიური სკოლა, რომელმაც უნდა შეისწავლოს ეს ფაქტი“, - აღნიშნა გია გაჩეჩილაძემ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორიგნის ცენტრის ხელმძღვანელი ზურაბ ჯავახიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ გორთან ნაკლებად სავარაუდოა ვულკანური პროცესები, ამიტომ ჯერ უნდა გადამოწმდეს, რამდენად სწორი ინფორმაციაა და ამის შემდეგ გაიზომოს ტემპერატურა, უნდა ვიცოდეთ, ჭის სიღრმე რამდენია და რამდენით იმატა ტემპერატურამ.

„ზოგადად, მიწისქვეშა წყლებში ცვლილებები ფიქსირდება, მაგრამ +38 გრადუსი ცოტა მაღალი ტემპერატურაა. საერთოდ, ჭის სიღრმეები ძალიან პატარაა, ჭაში სულ რამდენიმე მეტრშია წყალი და ეს მოვლენა ცოტა გაუგებარია. უცნაურად და წარმოუდგენლად მეჩვენება, ასე უცბად ჭაში წყლის ტემპერატურამ მოიმატოს. მით უმეტეს, თუ იქ თერმული წყლები არ არის, ჩვეულებრივი ჭაა და აქამდე არაფერი ამგვარი არ ყოფილა“, -აღნიშნა ზურაბ ჯავახიშვილმა.

მოგვიანებით განცხადება გაავრცელა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, სადაც აღნიშნულია, რომ სოფელ სკრაში, მახარაშვილების ეზოში არსებულ ჭაში წყლის ტემპერატურის მატება შესაძლებელია ელექტრო ტუმბოს მწყობიდან გამოსვლას უკავშირდებოდეს და ეს გამოწვეული იყოს არა ბუნებრივი, არამედ ტექნოგენური ფაქტორით. ამჟამად ჭაში ტემპერატურის მატება არ ფიქსირდება.