პატიმრობიდან განთავისუფლებულ ჩაბუქს საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება მოუწევს

პატიმრობიდან განთავისუფლებულ ჩაბუქს საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება მოუწევს

10 თვიანი პატიმრობის შემდეგ, მუსტაფა ემრე ჩაბუქი 1000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილის გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში აშშ–ის კონგრესის და ევროპარლამენტარები ესწრებოდნენ. ჩაბუქს, რომელსაც 24 თებერვალს, წინასაექსტრადიციო პატიმრობის ვადა ეწურებოდა, სასამართლო პროცესზე პროკურატურა შუამდგომლობით წარდგა და საექსტრადაციო ვადის ამოწურვამდე 10 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გათავისუფლება მოითხოვა.

პროკურატურის ამ შუამდგომლობის შემდეგ პროცესზე 10 წუთიანი შესვენება გამოცხადდა, რის შემდეგაც დაცვის მხარემ პროკურატურის აღნიშნულ შუამდგომლობაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და განაცხადა, რომ 10 000-ლარიანი გირაოს შეტანის ფინანსური საშუალება ოჯახს არ გააჩნდა, რადგან ოჯახის ერთადერთი მარჩენალი დაკავებულია. დაცვის მხარემ მუსტაფა ემრე ჩაბუქის უპირობოდ გათავისუფლება მოითხოვა.

თუმცა, მოსამართლემ ჩაბუქი 1000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. არსენ კალატოზიშვილის ამ გადაწყვეტილების გამოცხადებას მუსტაფა ემრე ჩაბუქის ახლობლები და თანამშრომლები, რომლებიც სხდომათა დარბაზის გარეთ იმყოფებოდნენ, ტაშით შეხვდნენ. ადვოკატების განცხადებით, ექსტრადირების საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, სასამართლოში პროცესები კვლავ გაგრძელდება, თუმცა ამ ხნის განმავლობაში მუსტაფა ემრე ჩაბუქი საპატიმრო დაწესებულების გარეთ იქნება.

სოსო ბარათაშვილის განცხადებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში პროცესი კვლავ გაგრძელდება, სადაც პირველივე სხდომაზე განხილული იქნება დაცვის მხარის წერილობითი პოზიცია ექსტრადიციის დაუშვებლობასთან დაკავშირებით.

„ეს არის ნამდვილი ბრძოლა სამართლებრივი სახელმწიფოსთვის და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებისთვის. რაც შეეხება პროცედურებს, მომდევნო სასამართლო სხდომაზე, რომლის თარიღიც ჯერ არ არის ჩანიშნული, განხილული იქნება დაცვის მხარის წერილობითი პოზიცია ექსტრადაციის დაუშვებლობასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ მოსამართლე გავა გადაწყვეტილების გამოსატანად“, – აცხადებს სოსო ბარათაშვილი.

როგორც ადვოკატი აცხადებს, მომდევნო სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარეს მოუსმენენ.

„მომდევნო სასამართლო სხდომაზე, რომლის თარიღი ჯერ უცნობია, განიხილება უკვე დაცვის მხარის პოზიცია ექსტრადიციის დასაშვებლობასთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში თუ სასამართლო დასაშვებლობასთან დაკავშირებით მიიჩნევს ექსტრადიციას, საჩივრდება ეს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში 7 დღის განმავლობაში, პარალელურად, ჩვენ უფლება გვაქვს, მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს დროებითი ღონისძიების ანუ ექსტრადიციის შეჩერების გამოყენების თაობაზე“, – განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

პატიმრობიდან გათავისუფლებული დემირელის კოლეჯის მენეჯერი აცხადებს, რომ მას არავითარ ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირი არ აქვს. ამბობს, რომ ის არის მასწავლებელი და შეყვარებულია განათლებაზე. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, მედიისთვის მიცემულ პირველ კომენტარში, ჩაბუქი აცხადებს, რომ ის ნამდვილად იყო პოლიტიკური პატიმარი.

„15 წელია საქართველოში ვმოღვაწეობ იმ პრინციპით, რომ ბავშვებში ჩანერგილი იყოს მშვიდობა, სიყვარული და მეგობრობა. მე ყოველთვის წინააღმდეგი ვარ ტერორიზმის, ჩხუბის, ძალადობის და ა.შ. ათასობით მოსწავლე მყავს საქართველოში და ყოველთვის ჩვენი პროექტები, ჩვენი მოღვაწეობა ფასდებოდა დადებითად, მათ შორის სახელმწიფოს წარმომადგენლებისგან. ლეგალურად თუ არალეგალურად მე ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ვიქნები რომელიმე ტერორისტული დაჯგუფების წევრი ან მომხრე. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ პოლიტიკური პატიმარი ვიყავი“, – აღნიშნა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა.

ჩაბუქის გათავისუფლების მნიშვნელობაზე საუბარობს აშშ-ის კონგრესმენი ვენდი ტეილორმი, რომელიც დემირელის კოლეჯის მმართველის სასამართლო პროცესს ესწრებოდა.

„ძალიან გახარებული ვარ, ეს ადამიანი უდანაშაულოა და იმსახურებდა, ყოფილიყო თავისუფალი“, – განაცხადა ვენდი ტეილორიმ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის წევრის, თამარ ხულორდავასგან შეიტყო ევროპარლამენტის წევრმა რებეკა ჰარმსმა.

„კარგი ამბავი. ჩემმა კოლეგამ, საქართველოს პარლამენტის წევრმა თამარ ხულორდავამ ახლა მომწერა, რომ მუსტაფა გირაოთი გაათავისუფლეს. ძალიან ბედნიერი ვარ მის გამო, მისი ოჯახის გამო და საქართველოს გამო“, – წერს „ტვიტერში“ რებეკა ჰარმსი, რომელსაც ჩაბუქი ტელეფონით ესაუბრა და ევროპარლამენტარს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ძალიან დიდი მადლობა თქვენ ასეთი მხარდაჭერისთვის. ორჯერ იყავით ჩემს მოსანახულებლად და ეს იყო ძალიან დიდი მორალური მხარდაჭერა ჩემთვის. ყველაფრისთვის დიდი მადლობა რებეკა. ახლა კოლეჯში ვარ, ჩემს ოთახში, მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და ჩემს კოლეგებთან ერთად, ყველა ჩემს გარშემოა, ახლა სკოლაში შევხვდი ჩემს შვილებსაც, ძალიან ბედნიერი ვარ. როდესაც თქვენ თბილისში ჩამოხვალთ ჩემი სტუმარი უნდა იყოთ“, – ამ სიტყვებით მიმართა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა ევროპარლამენტარს.

სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებენ პოლიტიკოსები. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მთავრობა მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.

„ქვეყნის მთავრობას აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი პოზიცია, მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

პარლამენტის თავჯდომარის განცხადებით, პატივს სცემს სასამართლოს გადაწყვეტილებას და აქვე იმედოვნებს, რომ თურქეთი სტრატეგიული პარტნიორია და მეგობრული ურთიერთობები გაგრძელდება.

„ეს იყო სასამართლოს მიერ მისაღები გადაწყვეტილება და სასამართლომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ჩვენ პატივს ვცემთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. რაც შეეხება საერთაშორისო პოზიციებს და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობას, ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ დავალაგოთ ურთიერთობები ყველა პირობებში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ვფიქრობ, მეგობრული ურთიერთობები აუცილებლად გაგრძელდება. მე ამაში დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.