ძალაუფლების ბოროტად გამოყენება; სტუდენტთა დაშინება; სტუდენტთა ფიზიკური და მორალური შეურცხყოფა; ძალადობა ხელით შეხებით და უშვერი სიტყვებით; „ურჩ“ პედაგოგთა სახალხოდ და უმკაცრესად დასჯა; რექტორის მიერ ფინანსების არამიზნობრივად განკარგვა; დიპლომების პროტექციითა და „ჩაწყობით“ გაცემა – ეს არის ბრალდებების მცირე ჩამონათვალი, რომელსაც თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის კურსდამთავრებულების ნაწილი, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს უყენებენ.
მთელს ამ პროცესსში საინტერესოა ის ფაქტია, რომ პრობლემაზე რომელზეც ყოფილი სტუდენტები მხოლოდ დღეს ალაპარაკდნენ, თურმე 2004 წლიდან არსებობს, მაგრამ რატომღაც მხოლოდ ახლა გაახსენდათ. შესაბამისად, როგორც პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, ნდობის ხარისხიც საკმაოდ მცირეა.
for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
ციანიდის გახმაუარებული საქმის შემდეგ, საზოგადოებამ ნახა ორ ნაწილად გაყოფილი სასულიერო პირები, რომლებიც ერთმანეთს სკანდალურ ბარლდებებს უყენებენ. მორიგი სკანდალი, რომელიც ახლა ეკლესიის გარშემო ვითარდება, ეს არის სასულიერო აკადემია და სემინარიის კურსდამთავრებულები, რომელთა ნაწილი, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს საკმაოდ მძიმე ბრალდებებს უყენებენ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში განვითარებული პროცესები რომ შევკრიბოთ, შეიძლება ითქვას, რომ ეკლესიის გარშემო მიმდინარე პროცესები არის პოლიტიზირებული და ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა დანაშაულთან, არამედ ძალა-უფლების გადანაწილებასთან?
რამაზ საყვარელიძე: ფაქტორების ძალიან რთული კვანძია, რომლის ყველა შემადგენელს, ალბათ, ჩვენ ვერ ვიპოვით. ასევე, ალბათ, ერთმანეთისგან გასაყოფია შიდა საეკლესიო პოლიტიკა. თქვენ ახსენეთ ძალაუფლებისთვის ბრძოლა და საგარეო პოლიტიკური გავლენები, რომელიც შეიძლება სხვადასხვა მხრიდან იყოს მიმართული ეკლესიის წინააღმდეგ. ანუ - პოლიტიკის ორი დონე.
შიდა საეკლესიო პოლიტიკური პროცესები რომ არსებობდეს, ეს გასაკვირი არ იქნება, რადგან ძალაუფლება ძალაუფლებაა და ყველას უნდა ეს ძალაუფლება. მაგრამ მე მგონია, რომ დღეისთვის ერთმანეთს ემთხვევა შიდა და გარე პროცესები. იმდენად, რამდენადაც მას მერე, რაც ლიდერობაზე უარს იტყვის პატრიარქი, ბრძოლა მიდის იმაზე, თუ ვინ დარჩება ეკლესიის ლიდერად. მეჩვენება, რომ ეს ბრძოლა არანაკლები ინტენსივობით არის გარედან მართული, ვიდრე შიგნიდან.
ანუ, გარეთა ფაქტორები გარკვეულ სირთულეს ხედავენ პატრიარქისა და მისი მიმდევრების ყოფნაში?
– თუ პროცესების დინამიკას გადავხედავთ, ასეა. კერძოდ, პატრიარქს და მის გარემოცვას, ამ შემთხვევაში სწორედ, გარემოცვაზე არის ლაპარაკი, გარკვეული საგარეო კურსი უკავია. უწმინდესი ცდილობს, რომ იყოს პრინციპული და მომთხოვნი რუსული მხარის მიმართ, ამავე დროს ცდილობს არ იყოს რადიკალური არც დასავლეთის მიმართულებით. ვფიქრობ, რომ ორივე შემთხვევაში ამ შიდა ბრძოლებში ძირითადად დაინტერესებული არის რუსეთი.
დასავლეთს რელიგიური თემა ნაკლებად აინტერესებს. რელიგიური თემა წამოწეული იყო ულტრალიბერალიზმის დროს, როდესაც მიაჩნდათ, რომ ლიბერალიზმი და რელიგია შეუთავსებელია.
გვახსოვს იყო ასეთი პერიოდი საქართველოს პოლიტიკურ იდეოლოგიაში, აგრესიულები იყვნენ ეკლესიის მიმართ. ამ აგრესიით ლიბერალები თითქოს დასავლურ საქმეს აკეთებდნენ, მაგრამ აგრესია ზუსტად მიმართულიყო იმათზე და ის ფიგურები იყვნენ წინ წამოწეული, ვინც რუსული ვექტორით იყო განსხვავებული. ანუ, ამით კეთდებოდა ის, რაც სურდა რუსეთს – რწმენის შერყევა ქართულ მოსახლეობაში და ისეთი ფიგურების წინ წამოწევა, რომლებიც რუსული გავლენებით შეიძლება ყოფილიყვნენ გამაგრებული. ასეთი მისია ჰქონდა იმდრონიდელ ლიბერალიზმს. მე ვლაპარაკობ სააკაშვილის ხელისუფლებაზე, როდესაც დასავლეთის ძახილით რუსული საქმე კეთდებოდა.
ტერიტორიები დავკარგეთ ასეთი მექანიზმით. ვეჭვობ, რომ ამ შემთხვევაშიც იგივე პრინციპი მოქმედებს – დასუსტდეს ეკლესია და შეიცვალოს საზოგადოების დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ. ეკლესიის სათავეში დარჩეს ადამიანი, რომელიც ამ მრევლს რუსულ ორიენტაციას მიაწვდის. ასეთი პრობლემები იყო ქართულ ეკლესიებში.
თქვენ ახსენეთ დასავლეთი და ინტერესი რელიგიის კუთხით. ნატოს ისტორიაში იყო უპრეცედენტო მოვლენა, როდესაც სინოდის წევრების ვიზიტი შედგა ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში. ასევე, სასულიერო პირების ვიზიტი აშშ-ში. უწმინდესი საუბრობს საქართველოს ევროპულ და ევოატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების აუცილებლობაზე, ისევე, როგორც აფხაზეთში ქართული ავტოკეფალიის აღდგენაზე, საუბრობს მკაცრად და მოითხოვს რუსეთისგან უარი თქვას საქართველოს ოკუპაციაზე. ამ კუთხით, მკვეთრად გამოხატული პოზიცია აქვს საქართველოს საპატრიარქოს. ყველა კვლევაში ნდობის თვალსაზრისით საქართველოს ეკლესია არის ლიდერი - აქედან გამომდინარე მოექცა რუსული ინტერესების ქვეშ და ასეთი სკანდალებით ცდილობენ მისი როლის დასუსტებას?
- რა თქმა უნდა, რუსული ინტერესი არის და ეს აშკარაა. თქვენ ახსენეთ დასავლეთთან მჭირდო კონტაქტები, სწორედ ამ კონტაქტების მერე წამოტივტივდა ბევრი ეს პრობლემა, რაც კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ ეს პრობლემები რუსეთის გავლენით ჩნდება და რუსეთის ინტერესით არის ნაკვები. რაც შეეხება დასავლეთს და დასავლეთის ლიბერალიზმს, წინა ხელისუფლება ხშირად ფონად იყენებდა და იძახდა, რომ აი, დასავლეთისკენ მივდივარო და ამით რეალურად რუსულ საქმეს აკეთებდა. ასეთი შემთხვევებიც ბევრი იყო.
მაგრამ დღეს განწყობილებებიც შეიცვალა დასავლეთში. ტრამპის მოსვლასთან ერთად იდეოლოგიური თვალსაზრისით, ლიბერალიზმის რადიკალურობა მკაფიოდ შემცირდა. ამიტომ, დღევანდელ დღეს ლაპარაკი იმაზე, რომ დასავლეთის მიზანია მრევლი დაიახლოვოს, ასე არ არის. იმიტომ, რომ ეს მრვევლი დასავლეთთან ისედაც დაახლოებულია.
ის, რომ ქართული ეკლესია და პატრიარქის გარემოცვა ითხოვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ქართული ეკლესიის გავლენის აღდგენას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორებზე და ა.შ. ეს პრობლემას უქმნის რუსთს და არა დასავლეთს. ამიტომ, ვვარაუდობ, რომ ამ ჯგუფის მიერ შექმნილი სირთულეები შეიძლება იყოს ის ფაქტორი, რომლის გამოც რუსეთს მოუნდეს თავისი თამაშის წარმოება ქართულ საეკლესიო ელიტაში.
ასეთი ფრაგმენტული პროცესებით შეძლებს რუსეთი თავისი თამაშის წარმოებას ქართულ საეკლესიო ელიტაში და ეკლესიის შიგნიდან პროცესების არევას? აშკარად არასახარბიელო პროცესები ვითარდება ეკლესიის გარშემო და ხშირ შემთხვევაში ამას ხელს მეუფეები უწყობენ...
- სამწუხაროდ, ეს ბოლო მომენტი არის ყველაზე მძიმე. ეკლესიის წარმომადგენლები თავიანთი საქციელით ხელს რომ არ უწყობდნენ, კრიტიკა უსაფუძვლო იქნებოდა. როგორც კი აღმოჩნდება, რომ კრიტიკას საფუძველი აქვს, იქ მერე დაინტერესებული მხარე აძლიერებს თავის პროპაგანდას ყველა მიმართულებით.
თუ გავითვალისწინებთ ჰიბრიდული ომის ფრაგმენტებს და საქართველოში მოქმედ რბილ ძალას, როგორ ფიქრობთ, რბილი ძალის შედეგი არის ის რაც ახლა ხდება? აკადემიის კურსდამთავრებულები დღეს საუბრობენ 10-15-20 წლის წინ არსებულ პრობლემებზე.
- იმისთვის, რომ სხვა ქვეყანამ გავლენა არ მოიპოვოს ამ ჰიბრიდულ ომში, შენს ქვეყანაში დალაგებული უნდა გქონდეს ურთიერთობები და ქვეყნის მთლიანი სისტემა, რომ მან ვერ მოახერხოს იდეოლოგიის გამართვა. შევარდნაძესთან კორუფციის პრობლემა იყო და თავი ვერ მოაბა მის გადაჭრას. მაგრამ იმათ, ვინც დაინტერესებული იყვნენ შევარდნაძის ხელისუფლების გადადგომით და მათ შორის საქართველოს ფარგლებს გარეთაც, ეს კარგად გამოიყენეს და მიიღეს ის, რაც მივიღეთ. მოსახლეობამ გაიზიარა, რომ სააკაშვილის მოსვლით აღმოიფხვრება კორუცფია, გადააგდეს შევარდნაძე და დასვეს სააკაშვილი. ეს მეტ-ნაკლებად ხელოვნური მოვლენა იყო და ამან გარკვეული შედეგები მოგვიანებით გამოიღო. ვის ინტერესებში იყო? - შედეგი ვნახეთ.
2012 წელს, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლება შეიცვალა საქართველოს ტერიტორიების 20% რუსეთის სასარგებლოდ აღმოჩნდა დაკარგული, თან ისე, რომ რუსეთმა აღიარა ეს ტერიტორები. შევარდნაძის ხელისუფლება რომ არ შეცვლილიყო, ან შეცვლილიყო სხვანაირად, ეს პროცესი არ მოხდებოდა. ვის ინტერესიში იყო ეს ცვლილება?
ანალოგიური მოვლენები შეიძლება გვქონდეს ყველა სხვა მიმართულებით. ნუ გექნება ხარვეზები და მაშინ დაინტერესებული მხარე ვერ მოახერხებს შენი ხალხის შენს წინააღმდეგ აჯანყებას. ანალოგიურად, ხარვეზები თუ არ იქნება საეკლესიო სისტემაში, ან თვითონ ეკლესია გამოავლენს ამ ხარვეზებს და თვითონ აღმოჩნდება ამ ხარვეზების გამსწორებელი, ყველა ტიპის კრიტიკას ძალა დაკარგული ექნება.
პროცესები რამდენად რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, და რამდენად რთული სცენარით შეიძილება განვითარდეს მოვლენები და ამ შემთხვევაში ხელისუფლების ვალდებულება რა არის? ვხედვათ, რომ ძალიან დიდი ბრძოლა მიდის იმ ინსტიტუტის წინააღმდეგ, რომელსაც ხელისუფლებაზე მეტი ნდობა და გავლენა აქვს საზოგადოებაში...
- ვერ გეტყვით. იმიტომ, რომ საკმარისი ინფორმაცია ნამდვილად არ გაქვს. ალბათ, ბევრი დეტალი იქნება გასათვალისწინებელი. მაგრამ ხელისუფლებას აქვს კი პროგრამა გაწერილი როგორ იმოქმედოს? მთელი სისრულით აქვს შეგროვილი ინფორმაცია და მერე საპასუხო ქმედების გეგმა? მაწუხებს ის, რომ არც ერთი მიმართულებით არ გვაქვს პროგრამები. უამრავი ფრონტია გახსნილი, როგორც ჩვენს გარშემო, ასევე ჩვენს შიგნით და პროგრამები არსად არ ჩანს.
უპირველეს ყოვლისა ასეთი პროგრმა არის შესამუშავებელი. ამ პროგრამაში უნდა იყოს როგორც ოფიციალური ნაბიჯები, ასევე უამრავი არაოფიციალური ნაბიჯები; უამრავი არაფორმალური კონტაქტები ამა თუ იმ ჯგუფებთან, თუ წრეებთან. ასეთი პროცესები არ არის საჯარო განხილვის თემა და არც უნდა გახდეს. ოღონდ დახმარებაც და ხელის შეშლაც თავისი არასწორი, ან სწორი მოქმედებით ხელისუფლებას შეუძლია.
ის, რომ ეკლესიის გარშემო განვითარებული ხმაურიანი პროცესების შემდეგ პატრიარქმა მისი მოსაყდრე წარუდგინა საზოგადოებას, ესეც ერთგვარი დასტურია იმისა, რომ პატრიარქი ხედავს რა ვითარება მიმდინარეობს ეკლესიის გარშემო და ამიტომ ყველაზე ნდობით აღჭურვილ პირს მიანდო პროცესების მართვა ეკლესიაში?
- თან ისეთი პიროვნება წამოწია, რომლის შესახებ ვერავინ ვერაფერს ამბობს. რამდენი ცუდის მსურველია ეკლესიის მიმართ, მაგრამ ისინიც კი ცუდს ვერ ამბობენ მეუფე შიოზე. შესანიშნავი არჩევანი იყო და ძალიან გონივრიული, როგორც სჩვევია პატრიარქს. რა თქმა უნდა, ამ დიდი ბრძოლის ფრაგმენტი არის ეს ნაბიჯი და ალბათ, კიდევ უფრო მძაფრი იქნება ეს ბრძოლა. პრაქტიკულად, როდესაც პატრიარქმა თავის თავზე აიღო ქართული ეკლესიის გაძღოლა, მას შემდეგ ბრძოლა არ შენელებულა.
ჯერ კომუნისტებთან იყო მოსაგები ბრძოლა, მოსაგები იყო საზოგადოების ნდობა და იქიდან დაიწყო ეს ნდობა, რომელსაც დღეს ვაკვირდებით და უზარმაზარი ნაბიჯები გადადგა პატრიარქმა ამისთვის. პატრიარქის ცხოვრებაში არც ერთი წუთით არ შენელებულა დაძაბულობა. ამ დაძაბულობის განმუხტვის მისაღწევად პატრიქარი მშვიდ და გონივრულ ნაბიჯებს ადგმას, რისი ერთ-ერთი მაგალითი არის მესაყდრის წამოწევა. ძნელი სათქმელია რითი დამთავრდება ეს პროცესები. დავუბრუნდები თქვენგან ნახსენებ ტერმინს ჰიბრიდული ომს. დიახ, ფიბრიდული ომის ფონზე მიმდინარებს ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ და სასურველია დავაკვირდეთ ვის რა აწყობს ამ ომის შედეგებში.
თქვენ ახსენეთ ყოფილი ხელისუფლება და მისი როლი ეკლესიის გარშემო. როდესაც რუსულ ინტერესებზე ვსაუბრობთ, რატომ გამოვრციხავთ „ნაციონალური მოძრაობის“ თანამონაწილეობას პროცესების ამგვარად განვითარებაში? ანუ, რუსეთს პლუს „ნაციონალური მოძრაობა“...
- როდესაც ვლაპარაკობ რუსეთის როლზე, არასოდეს არ ვგულისხმობ იმას, რომ თვალებდაჭყლეტილი რუსი დგას საზღვართან და იქიდან რაღაცეებს ისვრის. ბუნებრივია, რუსეთი მოქმედებს თავისი გავლენის ჯგუფებით და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გავლენის ჯგუფი არის „ნაციონალური მოძრაობა“. ვის ინტერესში იყო 2008 წლის აგვისტოს ომი? - რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობის“. ვის ინტერესში იყო ერგნეთის ბაზრობის დახურვა, რომ მორღვეულიყო ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობა და ისევ საომარი მდგომარეობა შექმნილიყო? - „ნაციონალური მოძრაობის“ და მოარღვიეს კიდეც. ეს პოლიტიკური ჯგუფი ახერხებს და დასავლური ლოზუნგებით რუსეთის საქმეს აკეთებს.
რუსეთს როცა ვიღაცა არ უნდა, საკმაოდ უხეში და მძიმე მეთოდებით უსწორდება. „ნაციონალური მოძრაობა“ 9 წელი ისე იყო ხელისუფლებაში, რომ მის მიმართ აგრესია, გარდა სიტყვიერი თამაშისა არ ყოფილა. მაგრამ როგორც კი ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენზე გაფორმდა ხელშეკრულება, შევარდნეძეს ორჯერ მოუწყვეს ტერაქტი. ღმერთმა დაგვიფაროს ამ ტიპის მოვლენებისგან, მაგრამ ის, რომ თვალები გავახილოთ და „ნაციონალურ მოძრაობაში“ დავინახოთ ის ჯგუფი, ვინც რუსეთზე მუშაობს, სხვა თუ არაფერი, ქვეყანას გამოადგება ასეთი საღი აზრი. სამწუხაროდ, ამ საღი აზრის დანახვა ბევრს უჭირს საქართველოში.