მაიკლ ჯორდანი „არასოდეს ვუკეთბ რეკლამას იმას, რაც არ მომწონს“

მაიკლ ჯორდანი „არასოდეს ვუკეთბ რეკლამას იმას, რაც არ მომწონს“

წინა კვირას ცნობილი ლიტველი კალათბურთელი არვიდას საბონისი წარმოგიდგინეთ. დღეს სპორტის ამ სახეობის თემას გავაგრძელებთ და მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო სპორტსმენზე ვისაუბრებთ.

კალათბურთის არაერთი ცნობილი სპეციალისტი მაიკლ ჯორდანს მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევს. ჯორდანი აშშ-ის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პირველობაზე არაერთი წელი მეფობდა. მისი დიდი დამსახურებაა რომ კლუბმა „ჩიკაგომ“ მის ხელში ჩემპიონის წოდება ექვსჯერ მოიპოვა.

მაიკლ ჯორდანი უდიდესი კალათბურთელი გახლდათ. რამდენი წელია რაც აქტიურ სპორტულ კარიერას გამოემშვიდობა, მასავით საუკეთესო ვერავინ გახდა. ჯორდანი ხომ ერთადერთი და განუმეორებელი გახლდათ.

„ბავშვობაში დილიდან საღამომდე ქუჩაში ვიყავი - კალათბურთის გარდა არაფერი მაინტერესებდა. ბევრჯერ ძმებისთვის მიმიცია მშობლების დატოვებული ფული, რათა მათ სახლში ჩემს ნაცვლად გაეკეთებინათ ყველა საქმე.

რასიზმს პირველად სკოლაში შევეჩეხე. ერთი გოგო მომწონდა და როცა გავეცანი, პირდაპირ მომახალა: შავი ხარ და არ მაინტერესებო. ის დღე ახლაც, ამდენი წლის შემდეგაც ძალიან ცუდად მაგონდება.

სკოლაში ძალიან მოუსვენარი ვიყავი და მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა საგანში სასურველ ნიშანს ვერ ვიღებდი, იმას მაინც ვახერხებდი, რომ მშობლები ჩემს გამო სკოლაში არ მისულიყვნენ. ცელქობის მიუხედავად, უზრდელი არ ვყოფილვარ. ალბათ, მასწავლებლები ამის გამოც მინდობდნენ.

მამა რომ მოკლეს, ძალიან განვიცადე - საშინელ ხასიათზე ვიყავი, არავისთან მსურდა ურთიერთობა, ყველაფერი მაღიზიანებდა. ვერ ვხვდებოდი რატომ გაიმეტეს მამა? ვის რაში სჭირდებოდა მისი სიკვდილი? დღეს ვთვლი, რომ მაინც ბედნიერი ვარ - მამაჩემი 30 წლის მანძილზე ჩემს გვერდით იყო, არადა, ბევრი ჩემი მეგობარი უმამოდ გაიზარდა.

ბავშვობაში NBA ტელევიზორში არასდროს მინახავს. მხოლოდ ორი არხი გვქონდა, იქ კი კალათბურთს არასდროს აჩვენებდნენ. ხანდახან სტუდენტური ლიგის თამაშებს გადმოსცემდნენ და იქედან ვიცნობდი საუკეთესო მოთამაშეებს დევიდ ტომპსონს და უოლტერ დევისს.

როცა ჩრდილოეთ კაროლინაში მივდიოდი, ნათესავებსაც და მეგობრებსაც ეგონათ, რომ უნივერსიტეტში ოთხი წელი ვისწავლიდი და კვლავ უილმინგტონში დავბრუნდებოდი, სადაც ბენზინგასამართ სადგურზე ნორმალური და მშვიდი სამუშაო მელოდა.

ლოს ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის გუნდში მოხვედრაზე ვოცნებობდი! ქარიმ აბდულ-ჯაბარი, ბილ უოლტონი, ჯონ ვუდენი - მათი შემხედვარე მხოლოდ იქ ასპარეზობა მსურდა, მაგრამ გუნდის ხელმძღვანელებმა რატომღაც ჩათვალეს, რომ სახლთან ახლოს თამაში „მსურდა" და ჩემი კანდიდატურა არც განიხილეს.

ჩემი პირველი ავტომობილი 1976 წლის „ფორდ გრან-პრი" იყო, რომელსაც ეწერა „მეჯიკ ჯორდანი". არ ვხუმრობ, მართლა ასე იყო. მერე ეს მეტსახელი ირვინს ერგო. ის მართლა საოცარი კალათბურთელი იყო!

უნივერსიტეტში ფსევდონიმს ხშირად ვიყენებდი. ყველაზე ხშირად ლი უაით სმიტით ვსარგებლობდი. ბილ ჯონსიც ვყოფილვარ, თუმცა მხოლოდ სკოლაში. ისე, წლების შემდეგ რამდენიმე ცნობარში ჩვენი სკოლის მონაცემებს ჩავხედე და ჯორდანი რომ ვერ ვიპოვე, ჩავთვალე, გამომცემლები შეცდნენ-მეთქი, თუმცა მერე ბილ ჯონსი გამახსენდა, კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი მონაცემებს და ვიპოვე. ეგრევე დავწყნარდი.

ავტოგრაფი არასდროს მითხოვია. ჩემთვის ეს არ იყო მნიშვნელოვანი. ვერ ვხვდები რატომაა ძვირფასი ფურცელზე ხელმოწერა. ისე, უამრავი ავტოგრაფი მიმიცია, ალბათ ასიათასამდე.

წარმატებას რომ მიაღწიო, აუცილებლად ეგოისტი უნდა იყო და გარშემომყოფთა აზრს დიდი ყურადღება არ უნდა მიაქციო. თუმცა, არც მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ყოფნაა კარგი. რაც უფრო ცნობილი ხდები, მით მეტი ადამიანი ჩნდება შენს გვერდით, მაგრამ ყოველთვის უნდა გყავდეს ის 4-5 კაცი, რომელსაც ენდობი და რომლებიც ყოველთვის სიმართლეს გეტყვიან.

ხშირად მიფიქრია, რომ ჩემს ბოტასებს პაწაწინა ფრთები აქვს, რომელიც ახტომაში მეხმარება. ამის შესახებ არავისთვის მითქვამს.

ცრურწმენა? როგორ გითხრათ, მნიშვნელოვან მატჩებში ბოტასებს ყოველთვის იმ ზონარებით ვიკრავდი, რომელსაც ჯერ კიდევ ჩრდილოეთ კაროლინაში ვიყენებდი. და კიდევ, პარკეტზე გასულს აუცილებლად უნდა მცოდნოდა სად იყვნენ ჩემი ოჯახის წევრები.

რასისტი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ იყო პერიოდი, როცა თეთრკანიან თანაგუნდელებს ნაკლებად ვენდობოდი: ძალიან ზარმაცები იყვნენ, ნახტომი არ უვარგოდათ, მუდმივად პასს ითხოვდნენ და საერთოდ, თავი მაგარი ტიპები ეგონათ.

NBA-ში არაერთი ძლიერი ევროპელი მინახავს, მაგრამ არასდროს მინანია, რომ ევროპაში არ მითამაშია. როცა კუკოჩს ვუყურებდი, ვხვდებოდი, რომ ამერიკაში დარჩენით არაფერი დამიკარგავს, პირიქით, მხოლოდ მოვიგე.

ვეტერანებიდან ძალიან დიდხანს მხოლოდ ჯერი უესტის წინააღმდეგ თამაში მსურდა, მაგრამ ერთხელ ჯერი კრაუზემ მითხრა, ჯერი სლოუნის დროს რომ გეთამაშა, უშანსოდ იქნებოდიო. მას შემდეგ უესტის გარდა სლოუნის წინააღმდეგ თამაშზეც ხშირად მიფიქრია.

არასდროს გავუკეთებ რეკლამას იმას, რაც არ მომწონს. თუ „მაკდონალდსთან" მაქვს კონტრაქტი, ხშირად ვსტუმრობ, თუ „გეტორეიდის" პლაკატებზე ვარ გამოსახული, მხოლოდ მას ვსვამ. სხვანაირად არ შემიძლია.

არასდროს მიფიქრია, რომ ბევრი ფული მაქვს. ჩემთვის მთავარია ოჯახს ეყოს. ბიზნესსაც, როგორც საქმეს, ვერ ვუყურებ. ალბათ, ამიტომაც ვერ გამოვდექი კარგი მმართველი.

დღეს თამაშის არაერთი წესი შეიცვალა, კალათბურთი ნაკლებად კონტაქტური გახდა. ახლა რომ მეთამაშა, ალბათ, ყოველ შეხვედრაში 100 ქულას ჩავაგდებდი.

მიმაჩნია, რომ დიდება ევოლუციური პროცესია, რომელიც ათწლეულებზეა გაშლილი. ჯულიუს ირვინგის, დევიდ ტომპსონის, უოლტერ დევისის და ელჯინ ბეილორის გარეშე მე ვერ ვიქნებოდი. მე მათი მემკვიდრე ვარ.

შემიძლია ყველას ავუხსნა როგორ ითამაშოს კალათბურთი. ეგაა მხოლოდ, რომ რასაც ავუხსნი, იმას ვერავინ გააკეთებს.

თუ მიზნისკენ სავალ გზაზე წინააღმდეგობა შეგხვდა, არ გამობრუნდე. ეცადე რამენაირად გადალახო ის: შემოუარე ან თავი აარიდე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გამობრუნდე!

კარიერის მანძილზე თითქმის ცხრაათასჯერ არაზუსტად ვტყორცნე ბურთი, სამასამდე მატჩი წავაგე, ოცდაექვსჯერ ავაცილე გადამწყვეტი სროლა. და სწორედ ამიტომ მივაღწიე ამდენს.

წაგებას, ჩავარდნას, მარცხს გადავიტან, მაგრამ არასდროს შევეგუები გამარჯვებაზე უარის თქმას!

არასდროს მიფიქრია, თუ რა მოყვებოდა ვერჩაგდებულ გადამწყვეტ ბურთს. უბრალოდ, საჭიროდ ვთვლიდი და ვისროდი. იცით, თუ იფიქრებ რა მოჰყვება პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას, ვერასდროს იქნები გაბედული.

ვიღაცას სურს, რომ რაღაც მოხდეს. ბევრი ოცნებობს, რომ რაღაც მოხდეს. სხვა ცდილობს, რომ რაღაც მოხდეს. მე ამ უკანასკნელთ მივეკუთვნები.

იცით, ტალანტის წყალობით შეიძლება მოიგო მატჩი, მაგრამ ჩემპიონის ტიტულს მხოლოდ გუნდური თამაშით მოიგებ.

ამბობენ, რომ ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელი ვარ, იდეალური. ასე არ ვფიქრობ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ იდეალური არაფერია. მათ შორის არც კალათბურთელი.

დრო გავა, მოვხუცდები და ალბათ, ვერც სიარულს შევძლებ. ბურთის ხელში დაჭერასა და სროლაზე ხომ არაფერს ვამბობ, მაგრამ ერთში ბოლომდე დარწმუნებული ვარ - კალათბურთი ცხოვრების უკანასკნელ წამამდე მეყვარება!“