დიდხანს ესვენა დაუმარხავად თეირანის სომხურ ეკლესიაში საქართველოს უგვირგვინო მეფის - ალექსანდრე ბატონიშვილის სასახლე. ალექსანრეს თანამოაზრეებს ეგონათ, შეასრულებდნენ მის ანდერძს, გაყიდდნენ უფლისწულის პირად ნივთებს და ამით აღებული ფულით საქართველოში წაასვენებდნენ, მაგრამ ანდერძის შესრულება ვერ მოხერხდა. ამიტომაც უფლისწული თეირანის სომეხთა ეკლესიის ეზოში დაუმარხავთ...
რუსებთან დაუღალავად მებრძოლის, ერეკლე მეფის ძის -ალექსანდრე ბატონიშვილის გადმოსვენების იდეა საქართველოში პერიოდულად გააქტიურდება ხოლმე. ამ იდეას უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეც უჭერს მხარს. ალექსანდრე ბატონიშვილის ნეშტის საქართველოში დაბრუნების სურვილი ჯერ კიდევ საფრანგეთში წასული ჩვენი პირველი ემიგრაციის დროსაც არსებობდა.
როგორც აკადემიკოსი გურამ შარაძე იხსენებდა, ბატონიშვილის სამშობლოში გადმოსვენების სურვილი საფრანგეთში ლტოლვილმა ქართველმა პატრიოტებმა ემიგრაციაში წაიყოლეს. 1920-იან წლებში პარიზში შექმნილმა პატრიოტულმა ორგანიზაციამ „თეთრი გიორგი“ საბრძოლო დროშაზე ქაქუცა ჩოლოყაშვილთან ერთად ალექსანდრე ბატონიშვილის სახელიც წააწერა. „თეთრი გიორგის“ დამაარსებელი, პარიზში მყოფი გენერალი ლეო კერესელიძე თანამზრახველებს მიმართავდა, გინიშნავთ პაემანს ახლო მომავალში მცხეთის ტაძარში, როცა შორეული სპარსეთიდან გადმოვასვენებთ დიდებული წინაპრის ნეშტს და ბაგრატიონთა საფლავებს შორის, თავისი მამის, დიდი მეფის-ერეკლეს გვედით მივაბარებთ სამშობლოს მიწას, რომელიც გარდაიქცევა სიმბოლოდ საქართველოდან რუსეთის საბოლოოდ განდევნისა“. ასეთი სურვილის მიუხედავად, ლეო კერესელიძის და ემიგრანტების ოცნებებს აღსრულება არ ეწერა.
რაც შეეხება მოუსვენარ, უმამაცეს ბატონიშვილს, მას რუსთა წინააღმდეგ აღმართული ხმალი სიკვდილამდე ქარქაშში არ ჩაუგია. ალექსანდრე ბატონიშვილი საქართველოში რუსების წინააღმდეგ წამოწყებული ყველა აჯანყების ხელმძღვანელი იყო. 1802, 1804, 1806, 1812, 1832 წლების აჯანყებები მის სახელთანაა დაკავშირებული. დღეს, როდესაც საქართველოში პრობლემად იქცა კავკასიელების ნდობის მოპოვება, ალექსანდრე ბატონიშვილის სახელი ამ მხრივაც აქტუალურია. კავკასიის ყველა ხალხი ხომ ამ ავტორიტეტული პიროვნების გარშემო იკრიბებოდა. სწორედ ალექსანდრე ხელმძღვანელობდა დაღესტნის აჯანყებებს და სახელოვან ბრძოლებს რუსების წინააღმდეგ. რუსი მოხელეები შეშფოთებას ვერ ფარავდნენ, რომ დაღესტნელთა მღელვარებაზე დიდ გავლენას ახდენდა ქართველი ბატონიშვილის ყოფნა დაღესტანში. გარდა ამისა, ალექსანდრე ცდილობდა, სპარსელები და თურქები რუსების წინააღმდეგ გამოეყენებინა და რუსებისგან გაუქმებული ბაგრატიონთა დინასტია აღედგინა.
ხევსურებმა განსაკუთრებულად უერთგულეს ერეკლე მეფის ძეს. მათ გუდანის ჯვარ-ხატიონში ბატონიშვილის ერთგულება შეჰფიცეს, რადგან იგი მეფე ერეკლეს ღირსეულ შვილად მიაჩნდათ. ხევისბერებმა უარი შეუთვლეს რუსებისგან მიგზავნილ მსტოვარს, გვირჩევნია, უკანასკნელ ხევსურამდე გავწყდეთ, ვიდრე სტუმარი, ისიც მეფე ერეკლეს ძე გავცეთო. მართლაც, რუსებთან ბრძოლისას ალექსანდრე ბატონიშვილის თანამოაზრე 700 გუროელთან ერთად შატილის მცხოვრები 600 ხევსურიც დაიღუპა. ალექსანდრეს უშუალო მეთაურობით რუსებთან პარტიზანულ ბრძოლებს ეწირებოდნენ ქართველები და მათი დამხმარე ქისტები.
1812 წელს, როცა კახელების აჯანყებას ჩაუდგა სათავეში ალექსანდრე, ხევსურებთან ერთად ქისტებიც მიიმხრო. მოაჯანყეები სოფელ გუროში გამაგრდნენ. შედეგად, მძიმე რუსულმა არტილერიამ 22 ხევსურული და 7 ქისტური სოფელი გაანადგურა, გურო გაუკაცრიელდა და ხევსურების ამოჟლეტის შემდეგ ხევსურებს გუროში აღარ უცხოვრიათ. თავად ალექსანდრე ბატონიშვილი დაღესტანში გადავიდა და იქიდან ცდილობდა კავკასიელთა აყოლიებას რუსების წინააღმდეგ. ხოლო მოგვიანებით ბატონიშვილი რუს მესაზღვრეებს გადაცმული გაეპარა ჯერ ახალციხეში, შემდეგ - ირანში. იგი ირანის დროშის ქვეშაც იბრძოდა, 1844 წელს კი სიღატაკეში გარდაცვლილი ბატონიშვილი თეირანის სომხური ეკლესიის ეზოში დაკრძალეს.
ისტორიას შემორჩა თელავის ციხეში გამაგრებული ბატონიშვილისა და მეამბოხეების მიერ გაგზავნილი წერილი რუსებს: „თქვენსა და ჩვენს შორის ყოველივე გათავდა, ჩვენი მორიგება აღარ შეიძლება!“
ისტორიკოსთა ნაწილი თვლის, რომ ალექსანდრე ბატონიშვილი ის იშვიათი შემთხვევა იყო, რომლის იდეაფიქსიც სამეფო ტახტზე ასვლა არ ყოფილა. 1812 წელს, როცა რუსეთისგან გამოყოფილმა კახეთმა ბატონიშვილს გვირგვინი შესთავაზა, ალექსანდრემ უარი თქვა და ტახტზე გრიგოლ ბატონიშვილი მიავლინა.
ხოლო მოგვიანებით, როცა 1819-20 წლებში აჯანყებულმა იმერეთმაც მიიწვია თავის მეფედ, ბატონიშვილმა ისევ უარი განაცხადა და იმერლებს ვახტანგ ბატონიშვილის გამეფება ურჩია.
არის განსხვავებული მოსაზრებაც, რომლის თანახმადაც, ალექსანდრე ბატონიშვილი წინააღმდეგობრივი ფიგურა იყო, რომელიც საკუთარი ტახტის საძიებლად ყველაფერს აკეთებდა. თუმცა საინტერესოა მისი მიმოწერის წერილები, რომლითაც მტკიცდება, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ალექსანდრე მზად იყო, დაეთმო ამბიციები ტახტთან მიმართებით, ოღონდაც რუსებს საქართველოში მეფობა აღედგინათ და ერეკლეს შთამომავალი რომელიმე ბაგრატიონი გაემეფებინათ. ამის მიუხედავად, გიორგი მე-12-ის გარდაცვალების შემდეგ რუსები ქართლ-კახეთის ტახტზე არავის დამტკიცებას არ აპირებდნენ. მეფობის გაუქმებამდე კი მეფის რანგში ცალსახად უკეთესი იყო ალექსანდრე ბატონიშვილის ზეობა, ვიდრე ზაქიჭამიად წოდებული გიორგი მე-12-ისა, რომელიც რუსებს თავის მარიონეტად სურდათ, მაგრამ ასეთი მოლოდინის მიუხედავად, რუსებმა გიორგი მე-12 ქართლ-კახეთის სამეფოს ნებაყოფლობით გაუქმებაზე ვერაფრით დაიყოლიეს.
ბევრს სჯერა მოარული ვერსიის, რომ „კავკასიელი არწივის“-იმამ შამილის სახელი სწორედ ალექსანდრე ბატონიშვილს უკავშირდება და თითქოს შამილი მისი უკანონო შვილი იყო. ამ ვერსიას ამყარებს ინგლისელი ოფიცრის მანტეისის სიტყვებიც, „ყველაზე ძვირფასი, რაც ალექსანდრე ბატონიშვილს ამქვეყნად დარჩა, მისი მოწაფე და მიმდევარი შამილი იყო, მისი ასლი და კვალი შესახედავად და იდეებით, დაუძინებელი მტერი რუსეთისა“. საუბარია იმ ვერსიაზე, რომლის თანახმადაც, დაღესტანში გადახვეწილ ბატონიშვილს შამილი სწორედ დაღესტნელი ქალისგან შეეძინა.
შამილის მამობის შესაძლო ვერსიაზე საუბრობს ვაჟა-ფშაველაც. მისი გადმოცემით, ალექსანდრე ბატონიშვილი ფშავის ხშირი სტუმარი ყოფილა. ერთხელ ქეიფისას ალექსანდრე ბატონიშვილს უთქვამს, ეჰ, მე იქნება, ამოდენა ტანტალში უძეოდ მოვკვდე. თუმცა კი არც უძეო ვარ, მხოლოდ ის მენანება, რომ ჩემი თესლი დაღესტანში დარჩაო.
საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სიმბოლოდ მიჩნეული ალექსანდრე ბატონიშვილის საქართველოში გადმოსვენების მომხრეა ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე. For.ge-სთან საუბარში ისტორიკოსი აცხადებს, რომ ამას უფრო მეტი დატვირთვა ექნება, ვიდრე ბაგრატოვანთა სახლის წარმომადგენლის უბრალო გადმოსვენებაა. საქმე ისაა, რომ ალექსანდრე ბატონიშვილი გაიგივებულია რუსეთის კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ შეუდრეკელ მებრძოლად. რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ბაგრატოვანთა სამეფო სახლის ინტერესები არ შელახულიყო. თუმცა ძალა აღმართს ხნავს და კახეთის 1812 წლის აჯანყება დამარცხდა. შედეგად, ალექსანდრე ბატონიშვილი იძულებული გახდა, ჯერ თუშეთში გადასულიყო, შემდეგ კი -თუშეთიდან დაღესტანში, საბოლოოდ დაღესტნიდან ირანში აღმოჩნდა, სადაც აღესრულა კიდეც.
„ალექსანდრე ბატონიშვილის საფლავი ირანში არაფერს ნიშნავს, მაგრამ მისი საფლავი საქართველოში, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ერეკლე მეფის, ანუ მამის გვერდით სულ სხვა სიმბოლური დატვირთვის იქნება ჩვენი სახელმწიფოებრიობის იდეის კიდევ უფრო გაღვივებისა და გამყარებისთვის. რაც შეეხება სომხურ ეკლესიაში მის დაკრძალვას, ირანის ტერიტორიაზე დღემდე ასეა, რომ ისინი აღიარებენ მხოლოდ სომხური ეკლესიის იურიდიულ უფლებას ირანის ტერიტორიაზე. ამიტომ სად უნდა დაესაფლავებინათ ბატონიშვილი? სპარსულ სასაფლაოზე ხომ ვერ დაასაფლავებდნენ?“ - აცხადებს სერგო ვარდოსანიძე.
შამილის შესახებ გავრცელებულ მოსაზრებასთან დაკავშირებით კი ისტორიკოსი ამბობს, რომ ცოტა ძნელია იმის პირდაპირი მტკიცება, თითქოს შამილი ნამდვილად ალექსანდრე ბატონიშვილის შვილი გახლდათ. თუმცა შესაძლოა, ეს რეალობაც იყოს, რადგან, როცა მე-19 საუკუნის 80-იან წლებში ალექსანდრე ბატონიშვილის წინააღმდეგობა შეწყდა და იგი გარდაიცვალა, შამილი ამ დროს ირან-თურქეთისა და ინგლისის პოლიტიკაში ძალიან დიდ როლს ასრულებდა და, რადგანაც რუსეთის წინააღმდეგ ომს აწარმოებდა, შამილს ლეგიტიმურად სურდა, თავისი უფლებრივი მდგომარეობა საქართველოზეც განევრცო. ამის მიუხედავად, ვერსია, რომ შამილი ალექსანდრე ბატონიშვილის შვილი იყო, ისტორიკოსისთვის ძალიან თამამი მტკიცებულებაა.