„ჩვენს სკოლებში უცხო ენა სათანადო დონეზე ვერ ისწავლება“

„ჩვენს სკოლებში უცხო ენა სათანადო დონეზე ვერ ისწავლება“

განათლების სამინისტრო უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საჯარო სკოლებში მეორე უცხო ენის სწავლება სავალდებულო აღარ არის. სამინისტრო აცხადებს, რომ ორი უცხო ენის სწავლება კვლავაც სავალდებულო იქნება. უბრალოდ, სკოლებს მოუწევთ, მეორე სავალდებულო უცხო ენის ფარგლებში მოსწავლეებს ასარჩევად მინიმუმ ორი ენა შესთავაზონ.

ამასთან, სამინისტრო პირობას დებს, რომ სკოლებში უცხო ენების სწავლების კიდევ უფრო მაღალი სტანდარტი დამკვიდრდება და უცხო ენებს მომავალში ბევრად დიდი მნიშვნელობა მიენიჭება. ორი უცხო ენიდან კი პირველი სავალდებულო უცხო ენის (ინგლისურის) შესწავლას პირველივე კლასიდან შეძლებენ მოსწავლეები, ხოლო მეორე სავალდებულო უცხო ენას მოსწავლე მეხუთე კლასიდან სკოლის მიერ შეთავაზებული ენებიდან თავად აირჩევს.

რამდენად სრულყოფილად ასწავლიან უცხო ენებს ქართულ სკოლებში, ამის შესახებ For.ge საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილეს, ექსპერტს განათლების საკითხებში, პროფესორ ზურაბ ვახანიას ესაუბრა.

ვინც არეულ წლებს მოესწრო, ახსოვს, რომ სკოლაში განათლების მიღების ნაკლები შესაძლებლობა იყო. ამიტომ საკუთარი ძალისხმევით უნდა დაუფლებოდი ცალკეულ საგნებს, მათ შორის, უცხო ენას. საინტერესოა, დღეს როგორი ვითარებაა სკოლებში უცხო ენის სწავლების კუთხით, რადგან შედეგი რადიკალურად განსხვავებულია - მოსწავლეების ნაწილი სრულყოფილად ფლობს უცხო ენას, მაშინ, როცა ბავშვების მეორე ნაწილმა საერთოდ არ იცის უცხო ენა. ეს სკოლისდამსახურებაა“, თუ სხვა პრობლემის?

- საზოგადოდ, ჩვენს სკოლებში უცხო ენა ვერ ისწავლება. აზრიც არ აქვს ასეთ სწავლებას. ეს პროცესი სირთულეს უკავშირდება, რადგან დიდი დაფინანსება სჭირდება. თუ მართლა გვინდა, ჩვეულებრივმა მოსწავლემ ისწავლოს, სრულიად სხვა გზა უნდა ავირჩიოთ. „ჩვეულებრივ მოსწავლეს“ იმიტომ ვამბობ, რომ ზოგიერთ ბავშვს ენებისადმი განსაკუთრებული მიდრეკილება აქვს და მას სულაც რომ არ ასწავლო არაფერი, თვითონვე სწავლობს სიმღერებით, ფილმების ყურებით. დაახლოებით ეს იმის მსგავსია, რომ ზოგიერთ ბავშვს მათემატიკისადმი მიდრეკილება აქვს, ზოგს კი-არა.

სკოლის სახე არის საშუალო, ჩვეულებრივი მოსწავლე, საშუალო მოსწავლის დონე კი ჩვენთან ძალზე დაბალია ყველა საგანში, მათ შორის, უცხო ენაშიც. ამაში პედაგოგი ყველაზე ნაკლებადაა დამნაშავე. რატომღაც ყველა საგანში მასწავლებლის კომპეტენციაზე იწყებენ საუბარს. მასწავლებელზე კი ნუ ლაპარაკობენ, არამედ სისტემაზე გაამახვილონ ყურადღება. როცა სისტემა უვარგისია, მასწავლებელი ვერაფერს გახდება. მასწავლებელს უნდა მიაწოდონ ყველაფერი საუკეთესო, კარგი პირობები შეუქმნან და ამის შემდეგ მოსთხოვონ თავისი კომპეტენციის გამოვლენა. ამის მერე უკვე მასწავლებლის ბრალი იქნება მოსწავლის ცუდი შედეგი. ხოლო, როცა ყველაფერს უვარგისს აწვდი, მასწავლებელმა რა უნდა ქნას?

საშინელება იყო ის სახელმძღვანელოები, რითაც მოსწავლეებს ასწავლიდნენ. სწორედ შაშკინის დროს შემოიტანეს ინგლისურის სახელმძღვანელოები, რომელიც საზოგადოდ არ ყოფილა ქართველ ბავშვზე გათვლილი. სინამდვილეში, ეს იყო მეორე ენის სახელმძღვანელო და არა - უცხო ენის. რას ნიშნავს მეორე ენა? მაგალითად, სომეხი რომ ცხოვრობს საქართველოში და ქართული ცოტათი იცის, ასეთ შემთხვევაში, ქართული ენა სომხისთვის მეორე ენაა და არა - უცხო ენა. ანუ აქ იგულისხმება ის შემთხვევა, როცა ბავშვებმა ნაწილობრივ უკვე იციან მეორე ენა, ყურშიც ესმით ეს ენა, დამტვრეულ ქუჩურ დონეზეც იციან მეტყველება. სწორედ ასეთი მეორე ენის შესასწავლად იყო გათვლილი „მაკმილანის“ გამომცემლობის მიერ გამოცემული ინგლისურის სახელმძღვანელოები და არა უცნობი ენის შესასწავლად, რომელიც ბავშვისთვის სრულიად უცხოა. არადა, ეს რთული სახელმძღვანელოები მასობრივად სავალდებულო გახადეს ჩვენს სკოლებში და ყველა სხვა სახელმძღვანელო აკრძალეს.

ამ სახელმძღვანელოების შემოტანა კორუფციული გარიგება იყო?

- ჩემი აზრით, სწორედ კორუფციული გარიგებით აიხსნება ამ სახელმძღვანელოების შემოტანა, თუმცა კონკრეტულად არ ვიცი, რა კორუფციული გარიგება იყო ამის უკან. რაღა მაინდამაინც ამ გამომცემლობის ზუსტად ეს სახელმძღვანელოები შემოიტანეს? მართალია, ძალიან ცნობილი გამომცემლობაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამავე გამომცემლობას უცხო ენის შესასწავლად განკუთვნილი სახელმძღვანელოებიც აქვს და არა მარტო - მეორე ენის შესასწავლი სახელმძღვანელოები. სხვათა შორის, ამ სახელმძღვანელოების შემოტანის მიზეზს როცა ვეკითხებოდი, პასუხს ვერ მცემდნენ. ყოვლად გამოუსადეგარი იყო, ყველა მასწავლებელი ერთხმად ამბობდა, რომ ამით მოსწავლე ვერ სწავლობდა უცხო ენას. თუმცა სახელმძღვანელოები არ არის სკოლის პირველი პრობლემა. ალბათ, არც უნდა დამეწყო სახელმძღვანელოთი, რადგან ყველაზე მთავარია სწავლების მეთოდიკა. ისევ საშუალო ბაზის მოსწავლის მონაცემების მიხედვით ვსაუბრობ და მივიჩნევ, რომ უცხო ენის სწავლება პირველ კლასში არ შეიძლება, ეს დანაშაულია. თვითონ სამინისტროს ექსპერტები ლომაიას დროს ამბობდნენ, რომ პირველ კლასში უცხო ენის შესწავლა სწორი არ იყო.

მაშინ რომელი კლასიდან უნდა დაიწყოს უცხო ენის შესწავლა?

- ეს უნდა დაიწყოს მესამე კლასიდან, რაც საერთაშორისო გამოცდილებას, პრაქტიკას ეფუძნება. მანამდე სწავლება ნაადრევია მოსწავლისთვის. თუმცა შაშკინმა და სააკაშვილმა ერთობლივი ძალით შემოიღეს უცხო ენის სწავლება პირველი კლასიდან. თანაც, უცხო ენის სწავლების პირველსავე წელიწადს არ უნდა იყოს წერა-კითხვა, მხოლოდ ზეპირი მეტყველება და თამაშები უნდა იყოს. როგორც ვიცი, ახლა აპირებენ ამის გამოსწორებას და პირველ წელიწადს წერა-კითხვის ნაცვლად, მხოლოდ ზეპირი მეტყველება დარჩება. ამით ცოტა უკეთესობისკენ წავა საქმე.

მეორე უცხო ენა როდიდან უნდა ისწავლებოდეს?
- ორწლიანი შუალედის შემდეგ, ანუ მეხუთე კლასიდან. თუმცა აქაც მთავარია ერთი პირობა, კლასში 10 მოსწავლეზე მეტი თუ არის, უცხო ენის სწავლება უაზრობაა. 25 ბავშვი როცაა კლასში, იქ უცხო ენის სწავლაზე საუბარი ზედმეტია. მასწავლებელი არაფერ შუაშია, უბრალოდ, შეუძლებელია სწავლება. ასეთ პირობებში ისწავლის მხოლოდ ის ბავშვი, რომელსაც ისედაც მიდრეკილება აქვს, სრულიად სხვა საშუალებით ისწავლოს უცხო ენა. ასოებსა და კითხვას როგორღაც ყველა ბავშვი შეისწავლის, მაგრამ უცხო ენაში მთავარია მეტყველება, მეტყველებას და მოსმენას კი ასე ვერ ისწავლიან. ამიტომ კლასში უნდა იყოს 7-8 ბავშვი, 10-იც კი ბევრია. 25-ბავშვიანი კლასი უნდა იყოფოდეს სამად. ეს პირდაპირ დაფინანსებაზე გადადის, რაც ძვირი სიამოვნებაა. როგორც ცურვის სწავლა არ შეიძლება აუზის გარეშე, ასევეა უცხო ენის სწავლებაც.

ამით აიხსნება, რომ ჩვენი სკოლადამთავრებულები უცხო ენას ნაკლებად ფლობენ?

- ნაკლებად კი არა, საერთოდ ვერ ფლობენ. სხვათა შორის, კომუნისტების დროს მთავრობა რას არ აკეთებდა, რომ საბჭოთა კავშირის ყველა მოქალაქეს რუსული ესწავლა. კომუნისტებმა იმას მიაღწიეს, რომ კოსმოსში პირველები იყვნენ, მაგრამ ის ვერ შეძლეს, თავიანთი მოსახლეობისთვის ესწავლებინათ რუსული. რუსული ვინც იცოდა, იცოდა მხოლოდ მეზობლებთან საუბრით და ჯარში სწავლით, სკოლიდან მაინც ვერავინ სწავლობდა რუსულს, გარდა მიდრეკილების მქონე ბავშვისა. ასე რომ, ეს გაკვეთილებიც ტყუილად ტარდება.

ბოლო პერიოდში მოდურად იქცა უცხოელი პედაგოგების შეშვება კლასებში. რამეს გააგებინებს უცხოელი ბავშვებს, თუ მასთან ურთიერთობა დილემა იქნება?

- უცხოელის ჩამოყვანა უმჯობესია. სკოლაში უცხოელის შეშვება ნიშნავს კლასში უცხოენოვანი გარემოს შექმნას, რადგან მოსწავლეები ქართულად ვეღარ ისაუბრებენ. კლასში უნდა იყოს მეტყველება, ურთიერთობა მხოლოდ უცხო ენაზე. როცა კლასში თუნდაც 15 მოსწავლეა, იქ ყველა გაჩუმებულია, რადგან 15-მა ბავშვმა ერთობლივად როგორ ილაპარაკოს? თუმცა პრობლემაა ისიც, რომ უცხოელთა დიდი უმრავლესობა სკოლაში არაფერს აკეთებს. ეს დამოკიდებულია თავად უცხოელის კეთილსინდისიერებაზე. შეიძლება, ათიდან ორი კეთილსინდისიერი ადამიანი იყოს და მოსწავლეებთან მუშაობდეს, ხოლო სხვები არ მუშაობენ. ყოველ შემთხვევაში, პირველ ორ წელიწადს იყო ასე, უცხოელები სკოლაში სეირნობაში იღებდნენ ფულს. მით უმეტეს, არც ერთი მათგანი პედაგოგი არ ყოფილა თავისი პროფესიით. ბავშვთან მუშაობას კი დიდი მოთმინება, ნერვები სჭირდება.

სხვათა შორის, ბაღის ასაკშიც აქვთ მცდელობა, უცხო ენა შეასწავლონ ბავშვებს, ესეც დიდი მინუსია.

- რასაკვირველია, ეს სისულელეა. მთელი პარადოქსი ის არის, რომ ამით ბავშვს ამახინჯებენ და უცხო ენას მაინც ვერ ასწავლიან.

უცხო ენას კი არა, ბავშვი ქართულსაც ვერ ითვისებს, რადგან არ ესმის, მისგან რატომ ითხოვენ სხვადასხვა ენაზე საუბარს.

- ქართული რომ არ იცის ბავშვმა, ე.ი. მას აზროვნების განვითარება უკვე შეჩერებული აქვს, რადგან აზროვნების განვითარება ხდება მხოლოდ მშობლიურ ენაზე. სხვანაირად შეუძლებელია. საბავშვო ბაღებში უცხო ენას კი არ ასწავლიან, არამედ მშობლებს ატყუებენ. მაჩვენონ ერთი, რომელმა ბავშვმა ისწავლა უცხო ენა ბაღში. ასე ვითომ მუსიკასაც ასწავლიან, მაგრამ, ვინ ისწავლა მუსიკა? გარდა გამონაკლისი შემთხვევების, რომელთაც საამისო მიდრეკილება აქვთ და ზოგიერთი ბავშვი პიანინოზე თავად სწავლობს დაკვრას. როგორც ადრე რუსული იცოდნენ, დაახლოებით ასევე ეცოდინებათ ინგლისური. მაშინაც რამდენმა იცოდა რუსული? საკმაოდ ცოტამ. ახლაც ცოტას ეცოდინება ინგლისური, მაგრამ ეს სკოლის დამსახურებით კი არ ეცოდინებათ, არამედ რეპეტიტორის დამსახურებით, რომელსაც 1 ან 2 ბავშვი უზის სამეცადინოდ, ან პირადი ურთიერთობით, ან საკუთარი მიდრეკილებით.