„პედაგოგთა 70% წავიდა საქართველოდან და ევროპის ქვეყნებში მოითხოვეს თავშესაფარი“

„პედაგოგთა 70% წავიდა საქართველოდან და ევროპის ქვეყნებში მოითხოვეს თავშესაფარი“

ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი, რომელმაც გლდანის ციხეში მუსტაფა ემრე ჩაბუქი მოინახულა, აცხადებს, რომ არ არის აუცილებელი პედაგოგის გაწირვა იმისთვის, რომ საქართველოს თურქეთთან კარგი ეკონომიკური ურთიერთობა ჰქონდეს. ჰარმსი ამბობს, რომ ჩაბუქი  მასწავლებელია და არა ტერორისტი. ევროპარლამენტარი მიიჩნევს, რომ საქართველომ არ უნდა დააზარალოს თავისი რეპუტაცია და არ უნდა მოხდეს ჩაბუქის ექსტრადაცია.

მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაკავების პარალელურად, საქართველო დატოვეს და სხვადასხვა ქვეყანაში თავშესაფარი მოითხოვეს დემირელის კოლეჯის მასწავლებლებმა. საფედ ბაირათ თუთანი, რომელიც დემირელის სახელობის კოლეჯში ასწავლიდა for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ თანამშრომლების ერთი ნაწილი საზღვარგარეთ კოლეჯის დახურვის შემდეგ წავიდა, თუმცა კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაკავებისა და მისი თურქეთში ექსტრადირების მოთხოვნის შემდეგ, უცხო ქვეყნებში კიდევ რამდენიმე პედაგოგი გაემგზავრა და თავშესაფარი მოითხოვა.

რა მოტივით დატოვებს პედაგოგებმა საქართველო, იმიტომ, რომ დემირელის კოლეჯს შეუჩერდა აკრედიტაცია, თუ გადაწყვეტილების მიღებაში გავლენა მოახდინა ამავე კოლეჯის მმართველის დაკავებამ და იმ პროცესებმა, რომელიც მის გარშემო განვითარდა?

საფედ ბაირათ თუთანი: ორივე ფაქტორმა იქონია გავლენა. ერთ-ერთი მოტივი, რომელიც თქვენ ახსენეთ, ავტორიზაციის გაუქმებაა. რა თქმა უნდა, როდესაც სკოლას ავტორზაცია გაუუქმდა, ეს ადამიანები შემოსავლის გარეშე დარჩნენ. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში დასაქმების ძალიან მცირე შესაძლებლობა არის და რა თქმა უნდა, უმუშევრად დარჩენა გახდა ერთ-ერთი მიზეზი. რაც შეეხება მეორე მიზეზს, დიახ, ბატონი მუსტაფას დაკავების შემდეგ მასწავლებლების გარკვეულმა ნაწილმა დატოვა ქვეყანა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში წავიდნენ.

თუ იმ პერიოდს გავიხსენებთ, მუსტაფას დაკავების შემდეგ მედიაში გავრცელდებოდა ინფორმაცია, რომ არსებობს დასაკავებელ პედაგოგთა 100 კაციანი სია და, რომ თურქეთიდან გამოგზავნილია სპეციალური 15 კაციანი ჯგუფი მათ დასაკავებლად და ა.შ. თან რეალობა იყო ისიც, რომ მუსტაფა უდანაშაულოდ იყო დაკავებული, ამ ყველაფერმა გავლენა მოახდინა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

დაახლოებით რამდენმა მასწავლებელმა დატოვა საქართველო და მოითხოვა პოლიტიკური თავშესაფარი?

- ეს ადამიანები მინიმუმ 10 წელი მუშაობდნენ საქართველოში. ზუსტი ციფრი არ ვიცი, მაგრამ დაახლოებით პედაგოგთა 70% წავიდა საქართველოდან და ევროპის ქვეყნებში მოითხოვა თავშესაფარი.

მიუხედავად იმისა, რომ პერიოდულად ვრცელდებოდა ინფორმაცია 100 კაციანი სიის შესახებ, მსგავი ფაქტი არ დაფიქსირებულა. ერთადერთი ეს არის ბატონი მუსტაფა. დაკითხვაზეც კი არ ყოფილან დაბარებული მასწავლებლები, ამის მიუხედავად, რატომ ჩათვალეს, რომ მათ საქართველოში ემუქრებათ საფრთხე და სხვა ქვეყანაში, სადაც ამჟამად არიან, იქ შეიძლება მეტად დაცული იყოს მათი უფლებები, ვიდრე საქართველოში?

- იცით, ეს უფრო ემოცურ ფონზე მიღებული გადაწყვეტილებებია. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო ძალიან ლოიალურად ეკიდება ჩვენს პედაგოგებს და ყველა მხრივ ეხმარება მათ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ, ვგრძნობთ, რომ ამჟამად არ არის დაკავების საშიშროება. მაგრამ მაშინ, როდესაც ბატონი მუსტაფა დააკავეს, ეს საშიშროება იყო და პედაგოგებმა მიიღეს ემოციური გადაწყვეტილება.

ევროპის რომელი ქვეყნისგან მოითხოვეს თავშესაფარი?

- ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში არიან. დაკონკრეტება არ შემიძლია, თუმცა ფაქტი და რეალობა ასეთია. ვინაიდან სკოლა დაიხურა, ძალიან ბევრი პედაგოგი წავიდა საზღვარგარეთ, როგორც სამუშაოდ, ასევე თავშესაფრის საძიებლად.

თქვენც თუქრი მასწავლებელი ბრძანდებით, ასევე მუსტაფა ემრე ჩაბუქის უახლოესი მეგობარი. თქვენი კოლეგებისგან განსხვავებით რჩებით საქართველოში, გრძობთ საფრთხეს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან?

- არა, არანაირი საფრთხე არ მიგვრძნია. ამ მხრივ მე ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. საქართველოს ხელისუფლებაზე მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.

პროცესების ამგვარდ განვითარება უკავშირდება ბატონი მუსტაფას დაკავებას. ამის შემდეგ მოხდა კოლეჯისთვის ლიცენზიის ჩამორთმევაც. რა მოლოდი გაქვთ, უშვებთ ჩაბუქის ექსტრადირების შესაძლებლობას?

- საქართველოს მოსახლეობა, პარლამენტის წევრები, ამ დარგში მოღვაწე ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი, ევროპარლამენტის წევრები, ყველა ერთ აზრზე არიან. ისინი აცხადებენ, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი არის უდანაშაული და მისი თურქეთში ექსტრადირება არის შეუძლებელი. ჩვენ ვხედავთ და ვგძნობთ, რომ საქართველოს მთავრობა ამას ითვალისწინებს და შედეგი გვექნება მომდევნო დღეებში.

თურქეთი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი; თურქეთ-საქართველოს შორის არსებობს კეთილმეზობლური ურთიერთობები და ეს სახელმწიფო ითხოვს საქართველოსგან ჩაბუქის გადაცემას. თურქეთსა და აშშ- შორის პოლიტიკური ვითარება გამწვავდა იმიტომ, რომ ამერიკამ უარი თქვა გიულენის და მისი მომხრეების ექსტარდირებაზე. ასევე, გერმანია, საფრანგეთი, საბერძნეთი -ყველა ამ ქვეყანასთან გართულდა პოლიტიკური ურთიერთობა. როგორ ფიქრობთ, თუკი საქართველომ თქვა უარი ჩაბუქის ექსტრადირებაზე, რა პოლიტიკური გაგრძელება შეიძლება ამას მოჰყვეს, ჩბუქი გახდება საქართველოსა და თურქეთს შორის პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი?

- პირველ რიგში გამოსავალი გახლავთ ის, რომ პრინციპულად დავდგეთ. თუ ამ საქმეს პრინციპულად და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მივუდგებით, გამოვიყენებთ დიპლომატიას, რასაკვირევლია, ამოვალთ არსებული ჩიხიდან. თქვენ ჩამოთვალეთ ევროპული ქვეყნები, დიახ, არც ერთმა ქვეყანამ არ დააკმაყოფილა ექსტრადიციის მოთხოვნა. ეს ხომ რაღაცას ნიშნავს? ჩვენს ამ ქვეყნების მაგალითი უნდა ავიღოთ. თუ ერვოპულ გზაზე ვდგავართ, ამ გზიდან წნეხისა და ზეწოლის გამო არ უნდა გადავუხვიოთ. ჩვენ ერთ გზაზე უნდა ვიაროთ. ევროპული გზა ითხოვს, რომ ზეწოლის გამო არ გავწიროთ თუნდაც ერთი ადამიანი. ეს უნდა იყოს მთავარი პრინციპი. ამაზე თუ შევთანხმდებით, შემდეგ პოლიტიკოსები და დიპლომატები გამონახავენ საუკეთესო გზას.

დიპლომატიური გარანტია მიიღო სოზარ სუბარის უწყებამ თურქეთისგან, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის უფლებები იქნება დაცული...

- ეს არ არის ისეთი გარანტია, რომელიც ჩვენ დაგვარწმუნებს, რომ ბატონ მუსტაფას თურქეთში არ ელის არადამიანური მოპყრობა. საკმარისი რომ ყოფილიყო, ამერიკა და ევროპული ქვეყნებიც გაითვალისწინებდნენ ამ გარანტიას და გადასცემდენ იმ ადამიანებს, რომელთა გადაცემას თურქეთი ითხოვს. ეს გარანტია როგორ შეიძლება იქნას გათვალისწინებული, როდესაც მუსტაფას საქმე ხელოვნურად არის შექმნილი.