საგზაო ტენდერების სისტემა დაჭაობდა

საგზაო ტენდერების სისტემა დაჭაობდა

ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ტენდერებში მონაწილე კომპანიების მიმართ ეჭვი სულ უფრო მძაფრდება. უკვე საკმაოდ კომპეტენტური ორგანიზაციები საუბრობენ თაღლითურ სქემებზე, რომელიც განსაკუთრებით საგზაო კომუნიკაციების მშენებლობის დროს ვლინდება. არასამთავრობოები მოუწოდებენ ინფრასტრუქტურის მინისტრს და საქართველოს მთავრობას, სასწრაფოდ შეცვალოსტენდერების ჩატარების წესი.

ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატები” კომპანია “სინოჰიდროკორპორეიშენის” საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში საქმიანობის შესახებ კვლევის შუალედურ შეფასებას აქვეყნებს. ორგანიზაცია დარღვევების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელიც კომპანიისა და მის მიმდებარედ საწარმოო ტერიტორიაზე აღმოჩნდა.

“გამოკვეთილია 21 საკითხი, რომელიც უხეში დარღვევის სახითდადგენილია კომპანია “სინოჰიდრო კორპორეიშენის” საქართველოშისაქმიანობიდან. კვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ კომპანიაში არასრულფასოვნადაა დანერგილი შრომის უსაფრთხოებისა დაჯანმრთელობის დაცვის სისტემა. კომპანია არ წარმოადგენს თანამდებობრივ და საწარმოო ინსტრუქციებს.

ინსტრუქტაჟის ჩატარების წესი და შინაარსი ბუნდოვანია. შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები საუბრობენ დასაქმებულთათვის უცხო ენაზე, რაც იწვევს ეფექტური კომუნიკაციის დეფიციტს. აღნიშნულიგანაპირობებს შრომის დაბალ კულტურასა და არაჯანსაღ სამუშაო პროცესს”, - აცხადებენ “ახალგაზრდა ადვოკატები”.

“ახალგაზრდა ადვოკატებმა” კომპანია “სინოჰიდროკორპორეშენისა” და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმართ, სამართლებრივი დავა 2018 წლის 1 თებერვალს დაიწყო, რომელიც ეხება საქართველოში მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში დაზარალებული მესაკუთრეთა უფლებების დაცვას და სახელმწიფოს უმოქმედობის შეჩერებას.

პარალელურად რეგიონული ინფრასტრუქტურის სამინისტროს უპირისპირდება ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთაასოციაცია. ისინი მოითხოვენ მინისტრმა ზურაბ ალავიძემ დაუყონებლივ შეცვალოს მსხვილი საგზაო-ინფრასტრუქტურული ტენდერების ჩატარების წესი.

აფბა-ში ამბობენ, რომ პირველივე ეტაპზე კარგად ჩანს სერიოზული დარღვევები და ხარვეზები, რომელთა სრულად შესასწავლად სამართალდამცავი ორგანოების ჩართვაც კი შეიძლება გახდეს საჭირო. შესაბამისად, სასწრაფოდ უნდა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, რომ თაღლითური სქემები, რომელიც გამოყენებულია საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დროს, მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღმოიფხვრას.

“უმნიშვნელოვანესია, რომ ტენდერების ჩატარების არსებული მახინჯი პრაქტიკა სასწრაფოდ შეიცვალოს. უნდა გაკონტროლდეს ტენდერის პირობებისა და შემდგომ გამარჯვებულთან დადებული ხელშეკრულებების თანაბრობა.

ყველა ცვლილება ტენდერის პირობებიდან, იქნება ეს პროექტის სრული თუ ნაწილობრივი, ცვლილება თუ გარემოზე ზემოქმედების ანგარიშიდან გადახრა, უნდა გახდეს საჯარო. სახელმწიფოდან უფლებამოსილი სუბიექტის მხრიდან აუცილებლად უნდა მოხდეს ექსპერტიზის ჩატარება, ხოლო ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობისა და მშენებლობის სააგენტოდან სამშენებლო ნებართვის ხელახალი გაცემა”, - აცხადებენ აფბა-ში და აღნიშნავენ, რომ ზედამხედველი ორგანიზაციების ყოველთვიური ანგარიშები უნდა გამოქვეყნდეს მედიაში, რათა საზოგადოებას ზუსტი და უტყუარი ინფორმაცია ქონდეს პროექტების მიმდინარეობის თაობაზე.

ორგანიზაცია მოუწოდებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გაამკაცროს ზედამხედველ კომპანიებთან ურთიერთობა და გაზარდოს მათი პასუხისმგებლობა. საქართველოს მოსახლეობა მილიონობით ლარს იხდის მსხვილი საგზაო პროექტების მშენებლობაში, მაგრამ იღებს უხარისხო ინფრასტრუქტურას და გზებს.