„ავირჩევთ ისეთ პრეზიდენტს, რომლის ადგილი საპარლამენტო რესპუბლიკაში არ არის“

„ავირჩევთ ისეთ პრეზიდენტს, რომლის ადგილი საპარლამენტო რესპუბლიკაში არ არის“

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ რთული ამოცანა აქვს. ის მონაწილეობს პოლიტიკურ კონკურენციაში, შესაბამისად, ისეთი კანდიდატი უნდა შესთავაზოს საზოგადოებას, რომელიც ყველაზე მეტად იქნება მომგებიანი. იმ შემთხვევაში, თუკი მომავალი პრეზიდენტი რომელიმე პოლიტიკური ბანაკის წარმომადგენელი იქნება და არა ზეპარტიული ფიგურა, ეს პრობლემას შეუქმნის სისტემას და ავირჩევთ ისეთ პრეზიდენტს, რომლის ადგილი საპარლამენტო რესპუბლიკაში არ არის.

for.ge დავით ზარდიაშვილს ესაუბრა.

მმართველი გუნდი გამარჯვებაში დარწმუნებულია. ამბობს, რომ ვინც არ უნდა წარადგინოს ოპოზიციამ, სახელისუფლებო კანდიდატს კონკურენციას ვერ გაუწევს. კონკურენციას ვერ გაუწევს იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ ასოცირდება ბიძინა ივანიშვილთან და ამომრჩევლისთვის ეს არის მთავარი ფაქტორი. რა არის უმთავრესი მიზეზი, რატომაც მმართველს გუნდს გარანტირებული აქვს საპრეზიდენტო არჩევნების მოგება?

დავით ზარდიაშვილი: ოპოზიციას არ აქვს რეალური გავლენა საზოგადოებაზე, რომ პოლიტიკური ალტერნატივა შექმნას. დღეს არსებულ პირობებში ოპოზიცია „ქართული ოცნების“ ალტერნატივად არ განიხილება. პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა იყოს ზეპარტიული ფიგურა. არ შეიძლება საპრეზიდენტო კამაპანია პარტიული დაპირისპირების ჭრილში გადავიდეს და ასეთი მძაფრი პოლიტიკური კონტექსტი ჰქონდეს.

აბსოლუტურად სხვა სისტემის პრეზიდენტს ვირჩევთ. ჩვენ ვირჩევთ საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტს. ანალოგია რომ მოვიყვანო, ძველ დემოკრატიებში ზოგიერთი თანამდებობა არჩევითი არ იყო, წილისყრით ხდბოდა დანიშვნა. ანუ კანდიდატი გარკვეულ ცენზს უნდა აკმაყოფილებდეს. პოლიტიკური შეხედულელების მიხედვით კანდიდტის არჩევა, სწორი არ არის. პასუხისმგებლობის მქონე ადამიანს ირჩევენ.

ცენზიც აქედან მოდიოდა. მას უნდა ქონოდა საკუთარი ქონება, საკუთარი შემოსავალი, უნდა ყოფილიყო თავისუფალი მოქალაქე, აუცილებლად ერთი კაცი მაინც უნდა შეენახა და ასეთ დროს ირჩევდნენ რაღაცა თანამდებობაზე, მაგალითად აბანოების ზედამხედველად. ის, რომ საქმე არ იცოდა, ეს არ იყო პრობლემა იმიტომ, რომ დაახლოებით ერთ-ორ კვირაში წინამორბედი შეასწავლიდა საქმეს.

ამ ლოგიკით პრეზიდენტი შეიძლება გახდეს ნებისმიერიის მოქალაქე, რომელიც გარკვეულ ცენზს აკმაყოფილებს...

- რასაკვირველია. თუ აქვს უმაღლესი განათლება, არის 40 წლის და ზემოთ, აქვს საკუთარი ქონება და არის დამოუკიდებელი ადამიანი. ის ფუნქციები, რაც შეიძლება პრეზიდენტმა შეასრულოს, მან შეიძლება 2 კვირაში ისაწვლოს. რატომ იქნება ასეთი პრეზიდენტი უკეთესი? იმიტომ, რომ არაპარტიული იქნება. ის იქნება სისტემის ზედამხედველი, რომ სისტემა გამართულად მუშაობდეს. ეს არის პრეზიდენტის ფუნქცია და ამის დაყვანა პოლიტიკურ დაპირისპირებამდე, პარტიულ კინკლაობებამდე, სრული სისულელეა იმიტომ, რომ აბსოლუტურად სხვა ტიპის პრეზიდენტს ვირჩევთ.

გამომდინარე იქიდან, რომ სხვა ტიპის პრეზიდენტს ვირჩევთ, რამდენად რთული ამოცანის წინაშე დგას მმართველი გუნდი?

- „ქართულ ოცნებას“ რთული ამოცანა აქვს. პირველი - ის მონაწილეობს პოლიტიკურ კონკურენციაში და ამიტომ, ისეთი კანდიდატი უნდა შესთავაზოს საზოგადოებას, რომელიც ყველაზე მეტად იქნება მომგებიანი. მეორეც - პრეზდენტი არის ზეპარტიული ფიგურა, პირდაპირ არ უნდა ასოცირდებოდეს მხოლოდ „ქართულ ოცნებასთან“. პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა იყოს გამაერთიანებელი ფიგურა.

ამ ოპოზიციას წარმატების ნაკლები შანსი აქვს. ვერ შემოგვთავაზებს საზოგადოებას ისეთ კანდიდატს, რომელიც იქნება გამაერთიანებელი, რომელიც მთელი ერის წარმომადგენელი იქნება. ეს ძალიან რთული ამოცანაა და შეუძლებელია ოპოზიციამ ასეთი კანდიდატი შესთავაზოს ამომრჩეველს. ოპოზიციის ყველა ფლანგი დისკრედიტირებულია. როგორც ნაციონალები, ასევე არანაციონალები და განსაკუთრებით უსახური ოპოზიცია, რომელიც მრავლად გვყავს. რა თქმა უნდა, ამ ჯგუფისგან არასერიოზული იქნება მოლოდინი იმისა, რომ გამაერთიანებელ კანდიდატს წარადგენენ.

მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა ოპოზიციას, გაერთიანდნენ და ერთი კანდიდატით გავიდნენ საპრეზიდენტო არჩევნებზე. ერთიან კანდიდატზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობა“. შეძლებს ოპოზიცია საერთო კანდიდატზე შეთანხმებას?

- ასეთი რამ არ იქნება. სისტემა, რასაც ჰქვია საპარლამენტო რესპუბლოკა, ითხოვს, რომ სახელმწიფოს მეთაური უნდა იყოს არა რომელიმე პოლიტიკური ბანაკიდან, რომელიც თიშავს საზოგადოებას, არამედ, პირიქით - ეს უნდა იყოს კანდიდატი, რომელიც აერთიანებს. ეს უნდა იყოს პარტიებზე ზემოთ მდგარი ადამიანი, რომელიც ყველა პარტიას ერთნაირად უყურებს.

ოპოზიცია რომ გაერთიანდეს, რაც შეუძლებელა, მაგრამ თეორიულად დაუშვათ და წარადგინოს ერთიანი კანდიდატი, ამ კანდიდატის მთავარი მესიჯი იქნება ნათელი - ის უპირისპირდება „ქართულ ოცნებას“. ვერ იქნება გამაერთიანებელი და ვერც მოიგებს არჩევნებს. ამ ტიპის არჩევნები მომავალი სისტემისთვის არის დამაზიანებელი. ეს არ უნდა იყოს პარტიული დაპირისპირების ველი, პირიქით, ისეთი კანდიდატი უნდა ვეძებოთ, რომელიც გაგვაერთიანებს.

იმ შემთხვევაში თუკი პოლიტიკური კონტექსტის მატარებელი პრეზიდენტი ავირჩიეთ და არა ზეპარტიული ფიგურა, ეს მმართველობაში შექმნის პრობლემას?

- სამომავლოდ ბევრი რამ დამოკიდებული იქნება ამ საპრეზიდენტო არჩევნებზე. თუ არჩევნები იქნება მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების ასპარეზი და მოიგებს ისეთი ფიგურა, რომლის როლი მნიშვნელოვანი იქნება ძალაუფლების გადანაწილების პროცესში, ასეთ შემთხვევაში საპარლამენტო რესპუბლიკის სისტემა შევა კრიზისში.

აქედან გამომდინარე „ქართულ ოცნებას“ სერიოზული ამოცანა აქვს. არაფერს ვამბობ ოპოზიციაზე, რადგან სახელმწიფო აზროვნების ნატამალი არ მოიძებნება მათში. ისინი მხოლოდ გამორჩენას ეძებენ ამ არჩევნებისგან, რომ მომავალში რაღაც პოლიტიკურ წარმატებას მიაღწიონ. სხვა მიზანი მათ არ აქვთ. ახლა „ქართულ ოცნებაზეა“ პასუხისმგებლობა, ვის შესთავაზებს საზოგადოებას. უნდა მოინახოს ისეთი ფიგურა, რომელიც ერთდროულად იქნება მომგებიანიც, მაგრამ ამავე დროს იქნება ამ პარტიებზე ზემდგომი და რომელსაც პოლიტიკური სისტემის მაკონსოლიდერებელი ფუნქცია ექნება.

როგორ ფიქრობთ, გაართმევს „ქართული ოცნება“ თავს ამ რთულ ამოცანას?

- ვერ გეტყვით. ყველა შემთხვევაში საპრეზიდენტო არჩევნებს მოიგებს „ოცნების“ კანდიდატი, ეს ფაქტია. რადგან, ამ ვითარებაში პოლიტიკური ალტერნატივა არ არის. არც ერთი პოლიტიკური ძალა არ აღიქმება „ქართული ოცნების“ ალტერნატივად საზოგადოებაში. ნაციონალები დისკრედიტირებული არიან. სხვა არასაპარლამენტო წვრილ-წვრილი პარტიები სერიოზულ პოლიტიკურ მოთამაშეებად არ განიხილებიან, ამბიციაც კი არ აქვთ იმისა, რომ შექმნან ალტერნატივა. მაჩანჩალები არიან. ოლიპიური პრინციპით მოქმედებენ, მთავარია არა გამარჯვება, არამედ მონაწილეობა. სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკური სპექტრი მზად არ არის ალტერნატივის შესაქმნელად.

დღევანდელ ეპოქაში რამდენად შესაძელებლია ასეთი წარმომადგენლობითი პარტიული დემოკრატიებით ალტერნატივების შექმნა?

- სხვა ეპოქა, სხვა დროა. არ ჩანს ისეთი პოლიტიკური მოთამაშე, რომელსაც შესაძლოა სოციალური დასაყრდენი ჰქონდეს საზოგადოებაში. ერთადერთი არის მმართველი პარტია და ისევ ამ კრიზისის გამო. ამიტომ, პოლიტიკური თამაშებით, რაც ახლა საპრეზიდენტო რესპუბლიკასთან დაკავშირებით ხდება, ამით წინ არ მივდივართ, საზოგადოება კი არ ვითარდება, პირიქით ერთი და იგივე ჭაობში ვიძირებით. ეს ხდება გაუთავებელი პარტიული კონკლაობით, რომელსაც მიზანი არ აქვს. მიზანი არის ძალაუფლება, ძალაუფლებისთვის. „ქართული ოცნება“ უნდა ეცადოს, რომ  გამოვიდეს ამ ვითარებიდან.

ალტერნატივა შეიძლება იყოს ბიძინა ივანიშვილი, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი? კონსტიტუციონალისტმა ლევან ბოძაშვილმა შესთავაზა ეს ვერსია საზოგადოებას...

- არ იზამს თორემ კარგი იქნებოდა იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ზეპარტიული ფიგურა. ამომრჩევლის თვალში არ არის ასოცირებული კონკრეტულად „ქართული ოცნების“ ამ გუნდთან. „ქართული ოცნების“ გუნდი არაერთგვაროვანია, სხვადასხვა პოლიტიკური მიმდინარეობის გუნდია შიგნით. თუმცა, რასაკვირველია, მაინც ერთი ორგანიზმია. ბიძინა ივანიშვილს ძალაუფლების წყურვილი არ აქვს.

თუმცა, ამ დრომდე ის განიხილება როგორც არაფორმალური მმართველი...

- ეს სისულელეა. არ არის ასე. რასაკვირველია, უზარმაზარი გავლენა აქვს, მაგრამ - საკუთარი ავტორიტეტის გამო. არავითარი ინსტრუმენტი არ აქვს იმისა, რომ გავლენა მოახდინოს პოლიტიკურ პროცესებზე. ერთადერთი - ეს არის მისი ავტორიტეტი, რომელსაც „ქართული ოცნება“ აღიარებს და ამას ვერაფერს ვერ უზამს. შეუძლებელია ამის შეცვლა. მისი გავლენა ამითი შემოიფარგლება. არ არის ისე, რომ ივანიშვილი საკუთარ ნებას ვინმეს თავს ახვევს. ასეთი რამ არ არსებობს. „ქართული ოცნება“ უნდა ეცადოს, გამოვიდეს ამ მოჯადოებული წრიდან და საპრეზიდენტო არჩევნებიგამოიყენოს იმისათვის, რომ საქართველომ როგორმე თავი დააღწიოს ამ ვითარებას, რადგან ერთადერთი, რასაც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა ველოდოთ, ეს არის კრიზისი.სწორედ ამიტომ აკისრია განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს, რომელმაც უნდა გამოგვიყავნოს კრიზისიდან, შემოგვთავაზოს ზეპარტიული კანდიდატი. რომელიც მაკონსოლიდირებელი ფიგურა იქნება და არავითარ შემთხვევაში ვიწროპარტიული.

არსებობს ინფორმაცია, რომ ქართული ოცნება ფიქრობს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურაზე. რამდენად სწორი გადაწყვეტილება იქნება?

- მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. ზურაბიშვილი უფრო მეტად არის ზეპარტიული ფიგურა, ვიდრე სხვა ნებისმიერი ლიდერი, რომლებიც ამ პოლიტიკურ ველზე არიან. სალომე ზურაბიშვილი უფრო მეტად შეიძლება ასეთ ფიგურად აღვიქვათ, არ ასოცირდება უშუალოდ „ქართულ ოცნებასთან“, თუმცა ქონდა თავისი პარტია, რომელიც უმნიშვნელო იყო, ნაკლებ როლს თამაშობდა ძალაუფლების გადანაწილებაში. სალომე ზურაბიშვილი არის ფიგურა, რომელსაც გარკვეული წონა და ავტორიტეტი აქვს. კარგი იქნება, თუ მმართველი გუნდი ამ კანდიდატზე იფიქრებს. აუცილებელია ისეთი ფიგურა, რომელსაც მაკონსოლიდირებელი ფუნქცია ექნება.

თქვენ ფიქრობთ, რომ ზურაბიშვილს ექნება მაკონსოლიდირებელი ფუნქცია?

- რასაკვირევლია ექნება. ნუ ნაციონალებისთვის - არა, საერთოდ სხვა პლანეტაა. „ქართული ოცნება“ ვერ მონახავს ისეთ კანდიდატს, რომელიც მისაღები იქნება ნაციონალებისთვის. მაგრამ ამას ვლაპარაკობ არა პარტიული თვალთახედვით, არამედ საერთო ეროვნული თვალთახედვით. სალომეს აქვს ასეთი შანსი, რომ ქვეყნისთვის, ერისთვის და არა კონკრეტული პარტიებისთვის იყოს ავტორიტეტული ფიგურა, რომელსაც იქნება გამაერთიანებლის ფუნქცია. თუ ზურაბიშვილი იქნება პრეზიდენტი, როგორც ზეპარტიული ფიგურა, თავის ფუნქციებს კარგად შეასრულებს.