რატომ გარბიან გამალებით საქართველოდან და ვის უტოვებენ საკუთარ ქვეყანას?! ამის შესახებ For.ge-ს დემოგრაფი ანზორ თოთაძე ესაუბრა.
ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ჩვენი მთავრობის მხრიდან გამკაცრებული ღონისძიებები საქართველოდან წასვლის მსურველთა ნაკადს სამომავლოდ მაინც დააბრკოლებს?
- გამკაცრება კარგია, რადგან გარკვეულ ბარიერებს შექმნის საქართველოდან წასასვლელად უცხოეთში, მაგრამ ვიზალიბერალიზაციამდეც არანაკლები ბარიერები იყო, თუმცა ხალხი მაინც მიდიოდა საზღვარგარეთ. საჭიროა დამატებითი ღონისძიებების გატარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო მოსახლეობისგან დაიცლება. უფრო ზუსტად, საქართველოს ყველა რეგიონის მუნიციპალიტეტი სულ რაღაც 41 წელიწადში დაცარიელდება. მოგეხსენებათ, ძალზე გაიზარდა გარე მიგრაციის მასშტაბები. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნიდან ხორციელდება გარე მიგრაცია. ამის გამო საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მოსახლეობა შემცირდა. 2002-2014 წლებში ჩატარებული მოსახლეობის ბოლო ორი აღწერით, სწორედ ამ აღწერების შუა პერიოდში მოსახლეობა გარე მიგრაციის შედეგად შემცირდა.
საქართველოს რეგიონებიდან უფრო ქართული წარმომავლობის ადამიანები გადიან, თუ სხვა ეროვნების?
- ასეთივე პროცესებია საქართველოში მცხოვრებ სომხებსა და აზერბაიჯანელებში, მაგრამ ბოლო წლებში ძირითადად მაინც ქართველები გადიან საქართველოდან. მომავალში შობადობის დონე რომც არ შემცირდეს და მცირედითაც რომ გაიზარდოს, მიგრაციის შედეგად მოსახლეობის დეპოპულაცია გაგრძელდება ჩვენი რეგიონების სრულ გაუკაცრიელებამდე. თუმცა მანამდე, გაცილებით ადრე ჩვენი ქვეყანა დემოგრაფიულად ისე დასუსტდება, რომ სხვა ხალხი დაიჭერს დომინანტის ადგილს. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, თუ საგანგებო ღონისძიებები არ განვახორციელეთ, საქართველოს 59 მუნიციპალიტეტიდან (ქალაქების გამოკლებით) 30 წლის განმავლობაში 16 მუნიციპალიტეტი გაუკაცრიელდება. ეს ნიშნავს მუნიციპალიტეტების 27%-ის დაცლას; სულ რაღაც 31-40 წელიწადში 15 მუნიციპალიტეტს (ანუ 25,4%-ს) ელის გაუკაცრიელება; 41-50 წელიწადში- 10 მუნიციპალიტეტს (7,0%), ხოლო 50-ზე მეტი წლის განმავლობაში-18 მუნიციპალიტეტი (ანუ 30,5%) გაუკაცრიელდება.
ყველაზე მეტად რომელი რეგიონიდან გადიან გარე მიგრაციისთვის?
- მთლიანად ქვეყნის მუნიციპალიტეტები მოსახლეობისგან საშუალოდ 41 წელიწადში დაიცლება. ამის გაანგარიშება სულაც არ არის ძნელი. მკითხველისთვის რომ უფრო ადვილად აღსაქმელი გახდეს, მოვიტან გაანგარიშების მაგალითს. ეს ოფიციალური სანდო მონაცემებია, მოსახლეობის აღწერის შედეგად მიღებული. კერძოდ, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მოსახლეობა 2002-2014 წლებში, ანუ 13 წლის განმავლობაში 50 969 კაციდან 32 089 კაცამდე შემცირდა (ანუ 18 880 კაცით). ამრიგად, თუკი 18 880 კაცით არის შემცირებული კონკრეტული რეგიონის მოსახლეობა 13 წლის განმავლობაში, სულ რაღაც 22 წელიწადში რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი მოსახლეობისგან დაიცლება.
ეს ნიშნავს, რომ ყველაზე მეტად ხალხი რაჭა-ლეჩხუმიდან და ქვემო სვანეთიდან გარბის?
- არა, ეს მაგალითი უბრალოდ მოვიყვანე, თორემ ყველა რეგიონი იცლება. რა თქმა უნდა, საქართველოში არის შიდა მიგრაციაც, მაგრამ უმეტესად გარე მიგრაციაა. ყველაზე მალე შემცირდება ლენტეხის მოსახლეობა. მართალია, ლენტეხში მცირედი ბუნებრივი მატებაა, ანუ უფრო მეტი იბადება, ვიდრე გარდაიცვლება, მაგრამ 2002 წელს ლენტეხში ცხოვრობდა 8991 კაცი, ხოლო 2014 წელს-4386. ანუ მიგრაციულ პროცესთა შედეგად ლენტეხის მოსახლეობა სულ რაღაც 13 წელიწადში განახევრდა. კიდევ 13 წელი რომ გაივლის და ამდენივეთი შემცირდება ლენტეხის მოსახლეობა, ჩათვალეთ, რომ ლენტეხში აღარავინ იცხოვრებს.
თუკი რეადმისიის გამკაცრება შედეგს არ გამოიღებს, მაშინ ქვეყნიდან ქართველების გაქცევის შესამცირებლად საქართველომ ვიზალიბერალიზაციაზე საკუთარი ნებით უნდა თქვას უარი?
- ვინ მიდის ვიზალიბერალიზაცით? მაქსიმუმ, მოსახლეობის რამდენიმე პროცენტი, რადგან საკმაოდ ძვირი ჯდება ეს ყველაფერი. ვისაც წასვლა უნდოდა და, ვინც ფულიანი იყო, ვისაც სამსახური ჰქონდა, ის ადრეც მიდიოდა. რასაკვირველია, ახლაც მიდიან და უმეტესად უცხოეთში დარჩენას ფიქრობენ. საქართველოში საშინელება ხდება, ბოლო წლებში სოფლების ნახევარი დაცარიელებულია. ძირითადად მოხუცები დარჩნენ, ერთი-ორი ახალგაზრდა ოჯახი თუ კიდევ შემორჩა, მათაც ბარგი აკრეფილი აქვთ. ისინი ხედავენ, რომ მათი ახლობლები, ნათესავები, მეზობლები წავიდნენ, მათი განწყობაც უცხოეთში წასვლისკენაა მიმართული. ამ დროს საქართველოში შემოდის სულ სხვა ერი-ინდოელი, ჩინელი, პაკისტანელი, არაბი, რომლებიც ჯანსაღები არიან, ჯანმრთელები, ისინი ძალიან ბევრს შრომობენ, რადგან, თუ ძლიერად არ იშრომეს, საქართველოში ფეხს ვერ მოიკიდებენ და ვერ დაფუძნდებიან.
თუკი დასავლეთის ქვეყნების შეფასებებს ვირწმუნებთ, რომ საქართველოდან ცუდი კონტინგენტი მიდის, ეს ნიშნავს, რომ ვიზალიბერალიზაცია კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდება?
- ჩვენგან ცუდი კონტინგენტი არ მიდის. ჩვენგან მიდის ყველაზე ჯანმრთელი, ლამაზი და ახალგაზრდა მოსახლეობა 20-დან 50 წლამდე, რომელიც ყველაზე მშობადი კონტინგენტია. თუმცა მათ მიჰყვება ის არასასურველი კონტინგენტიც, რომელიც არც საქართველოში ვარგა და არც უცხოეთში ივარგებს. აქაც ქურდობენ და იქაც მამაძაღლობენ. დასავლეთ ევროპას ისედაც თავი აქვს ატკიებული სხვადასხვა ქვეყნის ემიგრანტთა ჩასვლით, რომლებიც ცუდ საქციელს ჩადიან და, ბუნებრივია, არ უნდათ, ამ კატეგორიას ქართველებიც მიემატონ. თუ საქართველოში შეიქმნება ბარიერები, ეს კარგია, მაგრამ ძალიან ძნელია, ამ ბარიერებით შემცირდეს მსურველთა რაოდენობა, რომლებიც აქამდეც არალეგალურად მიდიოდნენ საზღვარგარეთ სამუშაოდ. არც ის დაგვავიწყდეს, რომ, გარკვეულწილად, საზღვარგარეთის საწარმოები თუ ოფისები დაინტერესებულნი არიან იაფი ახალგაზრდა მუშახელის მიღებით. ეს მათ აწყობთ.
სხვათა შორის, ჯორჯ ბუშმა დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ამერიკამ მიგრანტები უნდა მიიღოს და მადლობა უთხრას იმ სამუშაოს შესრულებისთვის, რაზეც ამერიკელები უარს ამბობენ. კერძოდ, ამერიკელებს არ სურთ პაპანაქება სიცხეში ბამბის კრეფა.
- რა თქმა უნდა, ამიტომაც სხვადასხვა ქვეყანაში არალეგალურად მუშაობენ ჩვენი ემიგრანტები. თუნდაც საფრანგეთში ფრანგებს არ სურთ ჭიქის თუ თეფშის გარეცხვა რესტორანში, ქუჩებისა და ტუალეტების დაგვა. ასეთ სამუშაოებზე სწორედ არალეგალებს იყენებენ. ჩვენი ათი ათასობით არალეგალი დასავლეთ ევროპის ქვეყნებში დღეს მოხუცთა მომვლელად მუშაობს. ისინი გამუდმებით სახლებში იმყოფებიან, არც გადიან სახლის გარეთ და მოხუცთა მოვლაში აღებულ კაპიკებს ან აგროვებენ, რათა ჩამოვიდნენ და რაღაც იყიდონ, ან საქართველოშივე უგზავნიან ღარიბ ნათესავებს, მეგობრებს. ამ მძიმე მდგომარეობას მარტო სამუშაო ადგილთა შექმნა არ უშველის. როგორც ჩანს, უკეთესი ცხოვრებისთვის ზრუნვა ჩვენს მენტალიტეტშიც იდო. ქართველები აქამდე კარგად ცხოვრობდნენ და უცბად რომ ნახეს, ყველა გაიკრიფა, მათაც იგივე სურვილი გაუჩნდათ. წარმოიდგინეთ, სოფლად ცხოვრობდეთ, თქვენს გარშემო ყველა წავიდეს და მეუღლე გეუბნებოდეთ, აქ რა გვინდა, ჩვენც წავიდეთ ქალაქშიო. ცხადია, როცა სოფლად ცოტაა მოსახლეობა, მიწის დამუშავებაც ძნელდება, ტრაქტორი არ არის, სამედიცინო მომსახურება არ არის და იძულებული ხარ, მოჰკიდო ბავშვებს ხელი და წამოხვიდე დედაქალაქში.