მუხთარლის საქმეზედრობითი საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება

მუხთარლის საქმეზედრობითი საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება

საქართველოს პარლამენტი უახლოეს დღეებში იმსჯელებს შექმნება თუ არა დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც აფგან მუხთარლის საქმეს გამოიძიებს. არსებული ინფორმაციით, პარლამენტის უმრავლესობა მხარს არ უჭერს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას. შესაბამისად,დრობითი საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება.

ინიციატივა საპარლამენტო უმცირესობას ეკუთვნის, რომელიც მუხთარლიზე თავდასხმის, გატაცების, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ფაქტის შესწავლის მიზნით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს. 

დადგენილების პროექტი უმცირესობამ ჯერ კიდევ ივნისში წარადგინა. როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ყველა გონივრული ვადა ჩატარებულიყო გამოძიება, გასულია, თუმცა არავითარი ხელშესახები შედეგი არ არსებობს. კახიძე ამბობს, რომ არსებობს ეჭვები მუხთარლის გატაცების საქმეში, ქართული სპეცსამსახურების შესაძლო მონაწილეობის თაობაზე.

„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე არის ერთ-ერთი მნიშშვნელოვანი თემა და პარტია მოითხოვს, რომ უახლოეს სესიაზე განიხილონ საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობა.

„ეს თემა დიდ ზიანს აყენებს ქვეყნის რეპუტაციას. ყველა კარგად ხედავს ამას და კიდევ უფრო დიდ ზიანს აყენებს სამწუხაროდ, ის რეაქციები და კომენტარები, რომლებიც ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გვესმის. მგონია, რომ ეს არის სრულიად სამარცხვინო შეფასებები. ადამიანი ჯერ აქ მოიტაცეს და გადასცეს სხვა ქვეყანას და ახლა კიდევ მთავრობის უმაღლესი წარმომადგენლები, პირიქით, აფგან მუხთარლის უტევენ და მოიხსენებენ ისე, როგორც მათ ეს გააკეთეს რამდენიმე დღის წინ.

ეს არის ძალიან სამარცხვინო. ერთადერთი სწორი გამოსავალია, რომ პარლამენტში შეიქმნას კომისია, რომელიც შეისწავლის და დადებს დამოუკიდებელ დასკვნას არა პოლიტიზირებულს, არამედ რეალურად, რა მოხდა და შემდეგ დააყენებს იმ ხალხის პასუხისმგებლობას, ვისაც ამაში ბრალი მიუძღვოდა“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი მის გატაცებაში საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ მისი გატაცება საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების გარეშე ვერ გადაწყდებოდა. გარდა ამისა, მუხთარლი ხელს უშუალოდ ბიძინა ივანიშვილსაც ადებს.აფგან მუხთარლი ციხიდან ორი დღით გაათავისუფლეს, რათა დაღუპული ოჯახის წევრების ორმოცს დასწრებოდა. თუმცა, მსჯავრდებული საპატიმროში ვადაზე ადრე დააბრუნეს.

მუხთალის მეუღლე,ლეილა მუსტაფაევა მეულის ციხეში ვადაზე ადრე შებრუნებას, ჟურნალისტის მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებებს უკავშირებს და ამბობს, რომ ეს ქართული მხარის მოთხოვნით გაკეთდა.

„აფგანი საპატიმროში დილის 8 საათზე უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ სასწრაფო წესით დღეს, დღის 4 საათზე წაიყვანეს და დადგენილ ვადაზე ადრე დააბრუნეს ციხეში. ეს იმ ინტერვიუებს უკავშირდება, რომელიც ჩემმა მეუღლემ ქართულ და აზერბაიჯანულ მედიას მისცა. ვფიქრობ, ამ ინტერვიუს შემდეგ ქართულმა მხარემ ზეწოლა მოახდინა აზერბაიჯანის ხელისუფლებაზე და მოითხოვა, რომ დროულად დაებრუნებინათ ის ციხეში, რადგან აფგანს ბევრი აღარ ელაპარაკა“, -  აცხადებს ლეილა მუსტაფაევა.

პარალელურ რეჟიმში აფგან მუხთარლის ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა პროკურატურას ჟურნალისტის და მისი მეუღლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართავს. გარდა ამისა, ადვოკატი მთავარ პროკურორთან შეხვედრასაც ითხოვს. ამბობს, რომ  აუცილებელია საქმის მასალებს გადაცემა P.S.-სთვის მუხთარლის მიერ მიცემული ინტერვიუ დაერთოს.

„კიდევ ერთხელ ეს კომენტარი ადასტურებს იმას, რომ დანაშაული იყო ჩადენილი. კიდევ ერთხელ სხვა მასალებთან ერთად ადასტურებს იმას, რომ უნდა სწორი კვალიფიკაციით წარიმართოს გამოძიება, 143-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 154-ე მუხლით, მიენიჭოთ დაზარალებულის სტატუსი აფგან მუხთარლის და ლეილა მუსტაფაევას“, - აღნიშნა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს უმრავლესობაში. ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, განცხადებებს, რომელსაც აფგან მუხთარლი აკეთებს, რეალობასთან არათუ საფუძველი არ აქვს, არამედ გამიზნულადაა ჩამოყალიბებული ყურადღების მისაქცევად. მისი თქმით, მას საერთაშორისო ყურადღება სჭირდება.

„მისი არც ჟურნალისტური საქმიანობის შესახებ გამიგია ბევრი. არაადეკვატური განცხადებაა, რასაკვირველია, მაგრამ იმ თვალსაზრისით, რომ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია, ფიქრობს, რომ სკანდალური განცხადებებით მეტ ყურადღებას მიიზიდავს, თუმცა ყველაფერთან მიმართებაში გამოძიებას ჯერჯერობით პასუხები არ აქვს, მაგრამ შეკითხვები ძალიან ბევრია. წლების განმავლობაში ის ცხოვრობდა საქართველოში, მოღვაწეობდა, არავინ ამაში ხელს არ უშლიდა. რეალობა დადგინდება გამოძიების შემდეგ. ერთადერთი დოკუმენტი, რაც ვიცით, ეს არის სასამართლოს მიერ წაყენებული ბრალდება მის მიმართ. განცხადებებს, რომელსაც ის აკეთებს, არათუ რეალობასთან საფუძველი არ აქვს, არამედ გამიზნულად არის ჩამოყალიბებული სწორედ ყურადღების მისაქცევად“, -განაცხადა გია ვოლსკიმ.

რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნას საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, დეპუტატის განცხადებით, ეს ოპოზიციის სტილია. მისი თქმით, ყველაფერზე საგამოძებო კომისია შეიქმნას ისე, რომ თავად წარმართონ პროცესი, ანუ ხელისუფლების რაღაც სტრუქტურა, ან რაღაც ფუნქციები შეითავსოს.

„თუ რაიმე რეალური არგუმენტი არსებობს, ჩვენ სიამოვნებით მოვუსმენთ ნებისმიერს და ყველას, მაგრამ ეს არ არის პოლიტიკური ორგანოს მიერ გადასაწყვეტი საკითხი“, - აცხადებს გია ვოლსკი.

რაც შეეხება ოპოზიციის კიდევ ერთ ბრალდებას, რომ მუხთარლის საქმის გამოძიება გაჭიანურდა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ამბობს, რომ ქართველ სამართალდამცველებს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაკითხვის საშუალება არ ეძლევათ, რაც გამოძიების პროცესს აჭიანურებს.

„როგორც შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ამბობენ, არის გარკვეული შეფერხებები იმიტომ, რომ დაკითხვის საშუალება არ ეძლევათ ჩვენს წარმომადგენლებს და კონკრეტულად ეს აჭიანურებს ამ საქმეს. ჩვენი მხრიდან რა ნაბიჯებიც იყო გადასადგმელი საგამოძიებო კუთხით, გადადგმულია. ვიხილეთ შსს-ის შუალედური დასკვნა და ვაგრძელებთ პროცესზე დაკვირვებას, მაგრამ ამ ეტაპზე ის არის მოცემულობა, რაც არის“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

მმართველი გუნდის არგუმენტი მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობისთვის“. რომან გოცირიძე თვლის, რომ თუ პარლამენტს ელემენტარული ღირსება აქვს და უნდა თავისი რენომეს შენარჩუნება, აფგან მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას.

„აფგან მუხთარლის გატაცება და საქართველოს საზღვარზე გადაყვანა მოახდინა საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, ამიტომ მთავრობა საკუთარ თავს ვერ დასჯის. ამ ადამიანმა ამხილა ყველა, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა - დაწყებული ძალოვანი სტრუქტურებიდან, დამთავრებული ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებით. ერთადერთი ორგანო, რომელსაც ამის გამოძიება შეუძლია, არის პარლამენტი.

კეთილი ინებოს პარლამენტმა, შეასრულოს თავისი საკონსტიტუციო მოვალეობა და შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია. არ შექმნის და მით უარესი პარლამენტისთვის და მით უარესი მთავრობისთვის. რაც უფრო გვიან გამოიძიებენ ამ საკითხს, მით უფრო მკაცრად დაისჯებიან მისი შემსრულებელი პირები“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.