დოდო გუგეშაშვილის შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელის ვინაობა ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა მომხდარის შესახებ უკვე უამრავი ვერსია ვრცელდება.
დოდო გუგეშაშვილის მეგობრები გამორიცხავენ, რომ დანაშაულებრივი ქმედება პანკისის ხეობას შეიძლება, უკავშირდებოდეს. როგორც გუგეშაშვილის მეგობარმა, ირაკლი შიხიაშვილმა განაცხადა, გუგეშაშვილს კარგი ურთიერთობა აქვს ხეობის მცხოვრებლებთან, მათ შორის გარდაცვლილ თემირლან მაჩალიკაშვილის მამასთან, მალხაზ მაჩალიკაშვილთან, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დღეს მომხდარი დანაშაული შესაძლოა, პანკისის ხეობას უკავშირდებოდეს.
კიდევ ერთ ვერსიად სახელდება რუსული სპეცსამსახურების შესაძლო მონაწილეობა, თუმცა დოდო გუგეშაშვილის კიდევ ერთი მეგობარი, მალხაზ თოფურია ამ ვერსიასაც გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ სპეცსამსახურების მიერ შესრულებული დავალების კვალობაზე, დანაშაული ნაკლებ პროფესიონალურ დონეზეა შესრულებული.
გავრცელებული ცნობით, დანაშაული დოდო გუგეშაშვილის წარსულ საქმიანობას არაფრით უკავშირდება. არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე თავდამსხმელი უკვე იდენტიფიცირებულია. ითქვა, რომ თავდამსხმელის მთავარი სამიზნე სწორედ ნოდარ გუგეშაშვილი იყო.
ამ ვერსიით, მკვლელს და ნოდარ გუგეშაშვილს შორის წლების განმავლობაში დაპირისპირება გოგონას გამო არსებობდა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ისინი წლების წინ ერთმანეთს თბილისის ზღვაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ.
გუგეშაშვილის მკვლელობისთვის ძებნილი რამდენიმე წელი სასჯელს იხდიდა. ციხიდან გამოსულმა კი შური იძია.
სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს გარდაცვლილის ბიძა, მეგობარი გოგონა და მეზობლები. მეზობლებმა დაინახეს მკვლელი ლურჯი ფერის ქურთუკში, რომელსაც რაღაც მიჰქონდა გამჭვირვალე პარკით.
არსებობს ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ თავდამსხმელი დაჭრილია, მას დოდო გუგეშაშვილმა ესროლა, ხოლო დანაშაულის ადგილი დიღმის ტყე-პარკის გავლით დატოვა.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს დოდო გუგეშაშვილმა საავადმყოფოში მიყვანისას მკვლელის ვინაობა დაასახელა, ასევე ითქვა, რომ ოპერაციის შემდეგ პოლიციამ დაკითხა, თუმცა, დოდო გუგეშაშვილის მეგობარი, სამსონ ბრეგვაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას. როგორც ბრეგვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დოდო გუგეშაშვილი საძილე საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება და ის არ გამოფხიზლებულა, შესაბამისად, მისი დაკითხვა არ მომხდარა.
როგორც სამსონ ბრეგვაძე აღნიშნავს, ნოდარ გუგეშაშვილს ის ბავშვობიდან იცნობდა, უწესიერეს, ხათრიან და ზრდილობიან ადამიანად მოიხსენიებს. სამსონ ბრეგვაძისთვის უცნობია, თუ რას შეიძლება უკავშირდებოდეს მომხდარი და არც ვერსიები გააჩნია.
33 წლის ნოდარ გუგეშაშვილი საკუთარი ბიძის სახლში გადაასვენეს. თადარიგის პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი კი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
დოდო გუგეშაშვილის ოჯახის ტრაგედიამ ბევრი ადამიანის თანაგრძნობა გამოიწვია. თუმცა იყვნენ ისეთნიც, რომელთაც ამ ამბავმა 26 წლის წინანდელი იარა განუახლა. დაპირისპირება სოციალურ ქსელებსაც გადაედო, სადაც თანაგრძნობის სიტყვებს ცვლიდა წარსულისა და მხედრიონის საქციელის გამო სამაგიეროს გადახდის სურვილი.
იყვნენ ისეთნიც, რომელნიც გაოცებას ვერ ფარავდნენ, რომ „ვეფხისა და მოყმის“ ბალადის ქვეყანაში რატომ უნდა გახარებოდათ ზოგიერთებს დედა-შვილის ტრაგედია და, განსაკუთრებით, უდანაშაულო ახალგაზრდა ბიჭის დაღუპვა?
რამ გააბოროტა ჩვენი საზოგადოება, ამის შესახებ თავისებური ახსნა აქვთ პოლიტიკოსებსა და დოდო გუგეშაშვილის თანამებრძოლებს.
„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერს, ფილოლოგიის დოქტორ ლევან ბერძენიშვილს ამასთან დაკავშირებით „ვეფხისტყაოსნის“უნივერსალური ფორმულა ახსენდება- „კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების“. For.ge-სთან საუბარში ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ, როგორიც არის ჩვენი საზოგადოება, ისე ავლენს ხოლმე თავს იმ მომეტებში, როცა ამის საშუალება მიეცემა. ამიტომაც გვაქვს ცუდი სახელმწიფო და ამიტომაც ვართ შავ დღეში, რადგან თავად ჩვენ არ ვარგივართ. ქართულ საზოგადოებაში არიან ადამიანები, რომელთაც ტაქტის არანაირი გრძნობა არ აქვთ. თანაც, ასეთი ადამიანები ერთი და ორი კი არა, უმრავლესობას წარმოადგენენ. ამდენად, ასეთი ტრაგედიის დროსაც კი, რაც დოდო გუგეშაშვილთან მიმართებით მოხდა, ასეთ ადამიანებს შეუძლიათ, ისეთი რამ თქვან, რომლის მოსმენის მერეც ჯანსაღი საზოგადოება შეწუხდებოდა და გამარჯობას არც ეტყოდა ამ ადამიანებს.
„თავის დროზე დოდო გუგეშაშვილთან მიმართებით ცალკეულ ადამიანებს პრეტენზიები ჰქონდათ და ამ პრეტენზიების ნაწილი, შეიძლება სამართლიანიც იყო. ეს ძველი სერიოზული ამბებია და ყველას გვახსოვს, მაგრამ ადამიანებს რატომღაც ავიწყდებათ, რომ მოკლულია მისი შვილი, რომელიც არაფერ შუაშია. სტალინმაც კი თქვა, რომ შვილი არ არის მშობლის დანაშაულზე პასუხისმგებელი. თანაც, დანაშაულზე პასუხისგება ლინჩის წესით ხომ არ უნდა ხდებოდეს?!
ადამიანი რომ გარდაიცვლება, პირველი ფიქრი ის უნდა ჰქონდეთ, ვაიმე, რა კარგია, სად იყვნენ მკვლელები აქამდეო?! თუ, როდესაც ადამიანს სახლში უვარდებიან და კლავენ, პირველი ფიქრი ის უნდა იყოს, სახელმწიფო სად არის, საზოგადოება სად არის? დაცული ვინ არის? თუკი დოდო გუგეშაშვილი არ ყოფილა დაცული, რომელიც სპეციფიკური ადამიანი, სამხედრო ქალბატონი, ვაჟკაცი ქალი იყო და თავის დაცვა მაინც შეეძლო, მაშინ ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელსაც არც იარაღი ჰქონია ოდესმე, არც უსვრია, არც უფიქრია თავდაცვაზე, როგორ იქნება დაცული? ეს არის მთავარი პრობლემა დღეს, თუ 33 წლის ბიჭის დაღუპვით გამოწვეული სიხარული?! ჩვენი შუა საუკუნეები გაცილებით უფრო ჰუმანური იყო. ახლა ვიმყოფებით მე-16-17 საუკუნეების დონეზე, როცა საქართველოს ისტორიაში ყველაზე უფრო მძიმე პერიოდი იდგა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ 20 წელზე მეტია, ჩვენი განათლების სისტემა ჩავარდა. ჩვენ ვართ უბნელესი, გაუნათლებელი საზოგადოება, წერა-კითხვაც აღარ ვიცით და ზნეობაშიც მოვიკოჭლებთ“, - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა და დასძინა, რომ, სანამ ცუკერბერგი და ფეისბუკი არ იყო, ეს ლექი არ ჩანდა. არ ჩანდა ისიც, რომ ცალკეული ადამიანები გალაკტიონსაც აგინებდნენ და რუსთაველსაც. ახლა კი ყველას აქვს საშუალება, თავისი ბოროტება გადმოანთხიოს.
ლევან ბერძენიშვილის თქმით, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა გამოაჩინა, რომ ჩვენი საზოგადოება ავადაა. თუ როგორი მოვლენაა „მხედრიონი“, ეს უფრო ისტორიული შეფასების საკითხია. თუმცა პირადად ლევან ბერძენიშვილისთვის „მხედრიონი“ უფრო უარყოფითი მოვლენა იყო, ვიდრე დადებითი. მიუხედავად იმისა, რომ ამ გასამხედროებულ ორგანიზაციას ჰქონდა დადებითი მომენტები, მათ იბრძოლეს აფხაზეთში, სადაც „მხედრიონელებიც“ დაიხოცნენ, თვითონ მოვლენა არ არის კარგი, რომ მოქალაქეები ხელში იღებენ იარაღს და სახელმწიფო უძლურია; როცა მოქალაქეები თავად აწესრიგებენ ტერიტორიულ საკითხებს. ეს უკვე ბანდიტიზმის პერიოდად ითვლება.
„ძალიან კარგი ბიჭები დაღუპა „მხედრიონმა“. არც მინდა ამის გახსენება, მაგრამ, თუ ვინმეს „მხედრიონთან“ პრეტენზიები აქვს, უნდა ახსოვდეს, რომ მკვლელობასა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს ხანდაზმულობის ვადები არ გააჩნია. ასეთ ადამიანებს უნდა მიემართათ სასამართლოსთვის, მაგრამ გუგეშაშვილების ოჯახში ჩადენილი მკვლელობა „მხედრიონთან“ პირდაპირ კავშირში არ უნდა იყოს. უნდა შეგვეცოდოს მოკლული ახალგაზრდა კაცი და, ასევე, დედა, რომელსაც შვილი მოუკლეს თვალწინ, ვინც უნდა იყოს იგი. განა რელიგიური გრძნობის მქონე ადამიანი იტყვის, მკვლელობა კარგიაო? რომელ სახარებაში წერია ასეთი რამ? ყველგან წერია, „არა კაც კლა“, ყველგან გვეუბნებიან, შეგეცოდოს და აპატიეო. გარწმუნებთ, მკვლელებს რომ ჰკითხოთ, მათზე უფრო რელიგიური არავინაა. თუ სადმე მინახავს რელიგიური გრძნობა, ყველაზე მეტად ციხესა და პოლიციაში, ანუ იმ ადგილებში, სადაც ძალადობას განსაკუთრებული გავლენა აქვს“.
ფილოსოფოსი, „სახალხო ფრონტის“ ლიდერი ნოდარ ნათაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ძალზე ცუდი ფაქტი მოხდა. მართალია, თავის დროზე დოდო გუგეშაშვილი „მხედრიონში“ იყო და ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობდა, მაგრამ არც ერთი კონკრეტული დარღვევა დოდო გუგეშაშვილის მხრიდან პირადად მას არ გაუგონია.
„რა თქმა უნდა, მე ყველაფერი არ ვიცი დოდო გუგეშაშვილის შესახებ, არც მისი ბიოგრაფია ვიცი მთლიანად და არც მისი საბრძოლო ეპიზოდები, მაგრამ კონკრეტული ფაქტი მისი დანაშაულებრივი ქცევის შესახებ ჩემს თვალსაწიერში არ არის. სხვათა შორის, მე მაქვს დაწერილი წიგნი, სახელწოდებით „რაც ვიცი“, სადაც ჩემი ყველაზე მძიმე და ყველაზე არსებითი ცოდნა განვლილი წლების შესახებ გადმოვეცი. „მხედრიონს“ ჰქონდა პლუსები და მინუსები. ძალიან ბევრი კარგი ბიჭი ჰყავდა „მხედრიონს“, თუმცა თვითონ ჯაბა იოსელიანი სულ სხვა თემაა და ამაზე იმ წიგნში მიწერია“,-აღნიშნა ნოდარ ნათაძემ.
დოდო გუგეშაშვილის თანამებრძოლი და მეგობარი, პოლიციის პოლკოვნიკი ნოდარ კენჭაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ პირადად დოდომ მას სიცოცხლე აჩუქა. ამიტომ საკუთარი სიცოცხლით ვალდებულია, მას გვერდში დაუდგეს.
„მომხდარის გამო აღელვებული ვარ. ვინც დოდოზე ზედმეტს იტყვის, ჩემთან ექნება საქმე. პოლიციელი ვარ, მაგრამ ბრძოლის ველზე პოლიციელი, მხედრიონი, გვარდიელი, ერთნი ვიყავით სუყველა. შრომის გზაზე „სნარიადმა“ რომ გადამაგდო ხევში, უკვე კანტუზირებული ვიყავი, მოძრაობა არ შემეძლო, მაშინ დოდო გადმოხტა და ამომიყვანა თავისი ზურგით. ეგეთი გოგოა დოდო და ღმერთმა კარგად მიმყოფოს მისი თავი. ის მეომარია, ნამდვილი, ღირსეული ქართველია. კარგის მეტი მასზე და მის საცოდავ შვილზე არაფერი მეთქმის. ვინც მასზე ცუდს ამბობს, თვითონაც უნდა წასულიყო ომში და ის განეცადა, რაც დოდომ გადაიტანა. მოესმინათ როგორია, ტყვია რომ ყურთან გაუწივლებს ადამიანს, ნასროლი ბომბის დენთი ჩაეყლაპათ“, - აცხადებს ომის 74 წლის ვეტერანი და იხსენებს, რომ ომის დროს დოდო გუგეშაშვილს ბევრი ადამიანი გადაურჩენია, გინდ გვარდიაში, გინდ თვით მხედრიონში, გინდ პოლიციაში. ომში უშიშროების ბიჭებიც იყვნენ წასულნი და დოდოს ისინიც გადაურჩენია, რადგან ტყვიამ გარჩევა არ იცის.