„დაგვარწმინეთ, რომ მთავრობას რაიმე უფლებამოსილება გააჩნია“

„დაგვარწმინეთ, რომ მთავრობას რაიმე უფლებამოსილება გააჩნია“

დემირელის სკოლის მენეჯერი19 თებერვლამდე ქართულ ციხეში რჩება. სწორედ ამ ვადამდე გადადო მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების საკითხის განხილვა. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ბრალდების პოზიციის მოსმენის შემდეგ პროცესი გადადო. დაცვის მხარემ პროკურატურის შუამდგომლობაზე წერილობითი და არგუმენტირებული პოზიციის წარსადგენად სასამართლოს გონივრული ვადა სთხოვა, რაც მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა დააკმაყოფილა.

გარდა ამისა, მოსამართლემ განმარტა, რომ საქმეზე შემოსულია სახალხო დამცველის, საია-ს თავმჯდომარისა და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის დირექტორის სასამართლოს მეგობრის პოზიციები, რაც საკმაოდ მოცულობითია და მას დრო სჭირდება, რათა ამ პოზიციებს გაეცნოს. პროცესზე „ადამიანის უფლებების დაცვის და მონიტორინგის ცენტრმა“ მესამედ წარუდგინა სასამართლოს მოსაზრებები „საიასა“ და სახალხო დამცველის შუამდგომლობების შესახებ, რომლებიც შუამდგომლობაში მიუთითებენ, დემირელის სკოლის მენეჯერის ექსტრადირება თურქეთში არ უნდა განხორციელდეს.

სასამართლოსგან სამართილიანი გადაწყვეტილების მოლოდინი აქვს ბრალდებულის მეუღლეს, თუბა ჩაბუქს, რომლის განცხადებით, პოლიტიკური გადაწყვეტილების შემთხვევაში უზენაეს სასამართლოს მიმართავს.

„მე არა პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი გადაწყვეტილების გამოტანას ველოდები და ამაში მე დარწმუნებული ვარ. გამოჩნდა, რომ მოსამართლე ძალიან დაკვირვებულია, გაითვალისწინა ჩვენი ადვოკატების შუამდგომლობა და პროცესი გადადო 19 თებერვლამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ კარგად შეისწავლის და მისთვის გასაგები გახდება, რაშია საქმე. უკვე 24 თებერვლისთვის ჩვენი ოჯახი გაერთიანდება და ჩემი ქმარი გათავისუფლდება“, - აცხადებს თუბა ჩაბუქი.

საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს ფეთჰულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში ხელშეყობაში ბრალდებულის ადვოკატი, სოსო ბარათაშვილი, რომლის მტკიცებით, მუსტაფა ემრე ჩაბუქს თურქეთში პოლიტიკურად დევნიან. ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარე, ისევე როგორც სასამართლო, არ იცნობდა პროკურატურის შუამდგომლობის შინაარსს და შესაბამისად, მისი მოსმენის შემდეგ დაცვის მხარემ საპასუხო არგუმენტების მოსამზადებლად გონივრულ ვადა მოითხოვა.

„ვაპირებთ სასამართლოს წარვუდგინოთ ვრცელი წერილობითი მოსაზრება, თანდართული მტკიცებულებებთან ერთად და დავასაბუთოთ ჩაბუქის თურქეთში დაუშვებლობა და განვუმარტოთ სასამართლოს მრავალრიცხოვან მტკიცებულებებზე დაყრდნობით (მათ შორის ევროკავშირის, ევროსაბჭოს, გაეროს სპეციალური მომხსენებლის, „ჰუმან რაით ვოჩის“, „ემნiსთი ინთერნეშენალის“, საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციის, არასამთავრობო ორგანიზაციათა გამოკვლევების საფუძველზე), რომ ჩაბუქს მოელის წამება და არაადამიანური მოპყრობა. თურქეთის რესპუბლიკაში შეუძლებელია განხორციელდეს სამართლიანი სასამართლო პროცესი, ეს საქმე ატარებს პოლიტიკურ ხასიათს“, - აცხადებს სოსო ბარათაშვილი.

იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო გაიზიარებს პროკურატურის პოზიციას, ასეთ შემთხვევაში დაცვის მხარეს 7 დღე აქვს იმისათვის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გავასაჩივრებთ. ასევე, დაცვის მხარე აპირებს მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რათა გამოყენებულ იქნას ევროპული სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესი და შეჩერებულ იქნას საკითხის არსებით განხილვამდე მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიცია.

როგორც ცნობილია, თუქრეთის ხელისუფლების მოთხოვნით მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. თურქული მხარე ამტკიცებს, რომ ჩაბუქი ფეთჰულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობას უწყობდა ხელს. თუმცა, პატიმრობიდან 10 თვის თავზე თურქეთმა ვერ შეძლო წარმოედგინა მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ საქართველოში მოღვაწე თურქი მასწავლებელი ჩართული იყო სახელმწიფო გადატრიალებაში და ასევე კავშირი აქვს თურქეთიდან ამერიკაში გახიზნული სასულიერო ლიდერთან ფეთჰულა გიულენთან.

სწორედ გიულენი დაადანაშაულა ოფიციალურმა ანკარამ გადატრიალების მოწყობის მცდელობაში, რომელსაც თუქეთში და არა მარტო თურქეთში, ბევრი მიმდევარი ჰყავს, მათ შორის პოლიციაში, სასამართლოში, საგანმანათლებო და სამედიცინო სფეროში. მისი მომხრეები დღემდე იდევნებიან თურქეთის ტერიტორიაზე.

გიულენი არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ოფიციალურ ანკარასა და აშშ-ს შორის ვითარება დაიძაბა. რეჯეფ ტაიპ ერდოღანი აშშ-ს გიულენის ექსტრადირებას სთხოვს, რაზეც აშშ-ი პასუხობს, რომ ექსტრადირების საკითხის განხილვა მაშინ დაიწყება, როდესაც თურქეთი გიულენის დამნაშავეობის დამადასტურებელ მტკიცებულებას წარმოადგენს. ასეთია აშშ-ის პოზიცია. როგორი იქნება ოფიციალური თბილისის გადაწყვეტილება, ეს 19 თებერვალს გახდება ცნობილი.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) თბილისის საქალაქო სასამართლოს მოუწოდებს, სამართლიანად განიხილოს მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმე და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების განუხრელი დაცვა უზრუნველყოს.

განცხადებაში EMC აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის თაობაზე პოლიტიკური ხელისუფლების მიერ მიღებული უსამართლო გადაწყვეტილების ფონზე, რომელიც თურქეთის არადემოკრატიული პოლიტიკური რეჟიმის მიმართ ლოიალობის და საქართველოში ადამიანის უფლებების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მაგალითია, სწორედ სასამართლო ხელისუფლება რჩება სამართლებრივი დაცვის ის ერთადერთი რესურსი, რომელსაც ჩაბუქის უკანონო ექსტრადიციის პროცესის შეჩერება შეუძლია.

„მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიციის დაშვება დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების სრული უგულებელყოფა იქნება, რაც ფუნდამენტურად დააზიანებს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობას და შემდგომი დემოკრატიზაციის პროცესს და საქართველოში დემოკრატიული განვითარების ტესტი გახდება“, - ნათქვამია EMC-ის განცხადებაში.

მმართველი გუნდი აცხადებს, რომ სასამართლო საქმის მსვლელობისას პოლიტიკოსი ვერ ჩაერევა და პოლიტიკურად ვერ მოახდენს შესაბამის გავლენას. უმრავლესობა აცხადებს, რომ მთავარია, ჩაბუქის უფლებები იყოს დაცული, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება კანონიერი და სამართლიანი. აქვე საუბრობენ იმაზე, რომ აღნიშნულ საქმეს დიდი საერთაშორისო რეზონანსი აქვს.

„მესმის, რომ ამ საქმის მიმართ არის დიდი ინტერესი. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ასეთ საქმეებს, რომლებსაც ახლავს განზოგადების დატვირთვა და ერთგვარი ტესტიცაა, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციით და ქვეყნის ძირითადი კანონით, კონსტუტუციით მოხდეს საკითხის გადაწყვეტა. ჩვენ, პოლიტიკოსებმა, არ უნდა მივუთითოთ სასამართლოს, როგორი უნდა იყოს დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილება. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციის და ევროპული კონვენციის სტანდარტებს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

„ნაციონალური მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ჩაბუქის საქმეზე გადაწყევტილება უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. როგორც ხატია დეკანოიძე აცხადებს, თუ ჩაბუქს თურქეთს გადასცემენ, ეს ქვეყნის ავტორიტეტის შელახვა იქნება:

„როგორც ჩანს, ხელისუფლების ინტერესია (პროკურატურის, რომელიც ამ შემთხვევაში ხელისუფლების ინტერესს გამოხატავს), რომ ამ ადამიანის ექსტრადირება მოხდეს. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც სასამართლო გამოიტანს, უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ექსტრადირების შესახებ, ასევე ადამიანის უფლებების დაცვის კონვენციას, ვინაიდან უკვე არის კონსესუსი საერთაშორისო თანამეგობრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, რომ ეს ადამიანი არის პოლიტიკური დევნის ობიექტი თურქეთში“, - აცხადებსხატია დეკანოიძე.

ხელისუფლება რომ რთული არჩევანის წინაშე დგას, ამის შესახებ საუბრობს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი და ამბობს, რომ სახელმწიფომ უპირველესად უნდა დაარწმუნოს თავისი დასავლელი პარტნიორები, რომ ქვეყანას წინ უძღვება არსებული მთავრობა და არა შემოძახილები რომელიმე სხვა ქვეყნიდან. მისი თქმით, ექსტრადირება იქნება სერიოზული სირცხვილი იქნება და არ იქნება მხოლოდ განცხადებები.

„იქნება უკვე სერიოზული ეჭვი იმისა, რომ საქართველო, რომელიც აჩვენებს უსუსური ხელისუფლების არჩევანს, სერიოზულ საფრთხეს შეუქნმის ჩვენს ევროპულ პრესპექტივას. მით უმეტეს მაშინ, ჩვენდა სამარცხვინოდ დევნილთა მინისტრი, რომელიც ძალიან წარმატებული სახალხო დამცველი იყო, როგორც ჩანს თურქეთის ციხეებს აღიქვამს როგორც სანატორიუმს.

აბა ერთი თურქეთის ციეხეში ნაჯდომ ჩვენს მოქალაქეებს მოუსმინოს რას მოჰყვებიან ისინი არსებულ ვითარებაზე და ამის შემდეგ თქვას, შეიძლება თუ არა რაიმე კონკრეტული დანაშაულის გარეშე ვინმე გაამწესო თურქულ ციხეში. ფაქტი გახლავთ ის, რომ საქართველოში შემოსული თურქები თავად არიან უკმაყოფილო საკუთარ სამშობლოში მიმდინარე პროცესებით.

რასაკვირველია, ჩაბუქის თემა არ გამორჩება უამრავ თურქს, რომლებიც დღეს ევროპაშია არიან და რომლებმაც ორი დღის წინ სერიოზული საპროტესტო აქცია გამართეს რომში და გააპროტესტეს თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტი. ნუ ავიტკივებთ ისედაც ჩვენი სისუსტით ატკიებულ თავს. ბოლოს და ბოლოს დაგვარწმუნეთ, რომ მთავრობას რაიმე უფლებამოსილება გააჩნია“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.