იმ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ კრიტერიუმებს, სავარაუდოდ, დახურვა მოუწევთ. ამის შესახებ პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა და განმარტა, რომ ამ მიმართულებით ნაბიჯები გადასადგმელია, რაც თავისი შედეგით ყველასთვის სასიამოვნო ვერ იქნება.
„შევამცირებთ თუ არა უმაღლესი განათლების ინსტიტუტებს? დიახ, შევამცირებთ, ავტორიზაციის სისტემა შედეგად მოიტანს იმას, რომ გარკვეულ უმაღლეს სასწავლებლებს მოუწევთ დახურვა. რა თქმა უნდა, ვიზრუნებთ იმ სტუდენტების ბედზე, რომლებიც იქ სწავლობენ. არავითარ შემთხვევაში, ეს არ უნდა შეეხოთ სტუდენტებს“, - აღნიშნა პრემიერმა.
მანვე განმარტა, რომ ხელისუფლებას არ აქვს უფლება, მოატყუოს სტუდენტები, მისცეს მათ საშუალება, საკუთარი ფული დახარჯონ, დახარჯონ რესურსი და შეიქმნან არარეალისტური წარმოდგენა საკუთარ მომავალზე, თითქოს ისინი იღებენ პროფესიას. სინამდვილეში, ეს ახალგაზრდები პირდაპირი უმუშევრობისთვის ემზადებიან. ამდენად, ეს მანკიერი წრე სადღაც უნდა ჩაიკეტოს.
საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე, ექსპერტი განათლების საკითხებში ზურაბ ვახანია პრემიერის ინიციატივას იზიარებს. For.ge-სთან საუბარში ის აცხადებს, რომ თავის დროზე უმაღლესი სასწავლებლების ბუმი იმით აიხსნებოდა, რომ ეს ფულის კეთების საშუალება იყო. გარდა ამისა, აკრედიტაციის დროსაც კეთდებოდა ფული და ამდენი სტუდენტი რომ იხდიდა სწავლის საფასურს, სახელმწიფოს იქიდანაც დაბეგვრით შესდიოდა წილი. ამ უმაღლესებში სტუდენტები ყოველწლიურად 1000, 2000 ან უფრო მეტსაც იხდიდნენ, მაგრამ განათლებას ვერ იღებდნენ და, ფაქტობრივად, ეს ახალგაზრდების გზის აცდენას ემსახურებოდა. სტუდენტებს თავი სპეციალისტებად წარმოედგინათ, ე.წ. დიპლომის ხათრით აღარ ჰკიდებდნენ იმ საქმეს ხელს, რასაც, სხვა შემთხვევაში, ხელს მოჰკიდებდნენ. მათი ოჯახები კი უკანასკნელ ძროხებს ყიდდნენ უვარგისი დიპლომისთვის.
ზურაბ ვახანია მოელის, რომ ახლა უკვე ძნელი იქნება ცალკეული უმაღლესი სასწავლებლის დახურვა, რადგან ატყდება წივილ-კივილი, მაგრამ მთავრობამ ყველაფერს უნდა გაუძლოს და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს.
„ამდენი არაკვალიფიციური უმაღლესის არსებობა საქართველოსთვის საზიანო, მავნებლობა იყო. საბჭოთა კავშირის ბოლო წლებში საქართველოში ერთ წელიწადში 8 ათასი ახალგაზრდა ხდებოდა სტუდენტი, თანაც, მათ გარანტირებული ჰქონდათ დასაქმება. ახლა კი ყოველწლიურად 35ათასი ახალგაზრდა ხდება სტუდენტი და არანაირი პროპორცია დაცული არ არის. ამის მიუხედავად, კერძო სასწავლებლის დახურვის უფლება სახელმწიფოს არ აქვს. ყველა სასწავლებელს აქვს ლიცენზირება, რაც საკმარისია იმისთვის, რომ გაიხსნას ეს სასწავლებლები. უბრალოდ, სახელმწიფოს შეუძლია მათ არ მიანიჭოს აკრედიტაცია. დღესაც კანტი-კუნტად არის შემორჩენილი არააკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლები, რომლებიც სტუდენტთა ნაკლებობას განიცდიან. ეს სტუდენტები უმუშევრობისთვის ემზადებიან. ეს იყო მოსახლეობის მასობრივი მოტყუება და სახელმწიფოს დანაშაული, რადგან სწორედ სახელმწიფო ანიჭებდა ამ უმაღლესებს აკრედიტაციას. ცხადია, თუ მიანიჭებ აკრედიტაციას, მერე შენ ხარ პასუხისმგებელი ამ სასწავლებლების კვალიფიკაციაზე. ამიერიდან, ალბათ, ასეთი სასწავლებლები აკრედიტაციას ვეღარ მიიღებენ, შესაბამისად, სტუდენტებიც აღარ ეყოლებათ. ყოველ შემთხვევაში, იმდენი სტუდენტი მაინც არ მოინდომებს არააკრედიტირებულ სასწავლებელში სწავლას და ზოგიერთი მათგანი დაიხურება“, - აცხადებს ზურაბ ვახანია.
ამასთან, განმარტავს, რომ მხოლოდ უმაღლესების არაკვალიფიციურობა არ არის პრობლემა, ეს ყველაფერი სკოლიდან მოდის. სკოლადამთავრებულების ცოდნა და უნარ-ჩვევები იმდენად დაბალ დონეზეა, რომ მზად არ არიან სტუდენტობისთვის. რაგინდ კარგი უმაღლესი სასწავლებელიც არ უნდა იყოს, უსწავლელი ახალგაზრდა უმაღლესში ვერაფერს გააკეთებს, რადგან სტუდენტობის ორი წელი უნდა მოანდომოს იმის შესწავლოს, რაც სკოლაში არ უსწავლია.
ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ზურაბ ვახანია მიიჩნევს, რომ ძალიან კარგი იქნება, თუკი უმაღლესი სასწავლებლები შემცირდება. ამით კონკურენციაც გაიზრდება. ამასთან, სპეციალისტს აინტერესებს, ყველა რატომ უნდა გახდეს სტუდენტი? განა თვითონ ახალგაზრდისთვის არ იქნება უკეთესი, ტყუილად არ მოცდნენ?!
ექსპერტი განათლების საკითხებში მარიამ რამინაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ აუცილებელია, სახელმწიფოს ჰქონდეს ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საერთაშორისოდ აღიარებული ნორმები, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის მაღალ ხარისხს და ეს იქნება ობიექტური (და არა სუბიექტური) შეფასების საწინდარი.
„უმაღლესების რაოდენობა ბევრია თუ ცოტა, საკითხის ასე დაყენება სწორი არ არის, რადგან აქ შედეგია მთავარი, ანუ განათლების მაღალი ხარისხი. ბაზარი თავად დაარეგულირებს ამას. პრემიერი არ უნდა შეცდეს, როგირც ის შეცდა მასწავლებლის ხელფასზე საუბრისას. კვირიკაშილმა აღნიშნა, თითქოს პედაგოგები დაკმაყოფილებულნი არიან საშუალო 800-ლარიანი ხელფასით, რაზეც ოპოზიციას ჰქონდა მკვეთრი შეფასება, რომ ეს დანაპირები შესრულებული არ არის. მართლაც, 800 ლარი და უფრო მეტიც მხოლოდ სერთიფიცირებულ პედაგოგებს ეძლევათ და ასეთი 18 ათასი პედაგოგიდან სრული დატვირთვა მხოლოდ 11 ათასს აქვს. ეს ნიშნავს, რომ მთლიანად 60 ათასი პედაგოგიდან მხოლოდ 14% იღებს 800 ლარს. იმის გამო, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო დანარჩენ პედაგოგთა სრული განაკვეთის შევსება, ზოგიერთი პედაგოგის ხელფასი 500 ლარსაც არ აღემატება“, - აღნიშნა მარიამ რამინაშვილმა.