პარლამენტის წინაშე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, საქართველოს სავალუტო პოლიტიკაზე ისაუბრა მან დეპუტატებს 2018-2020 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები წარუდგინა, რომელიც პარლამენტმა დადგენილებით უნდა დაამტკიცოს.
ეს არის დოკუმენტი, რომელიც მომდევნო სამი წლის განმავლობაში უზრუნველყოფს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარებას, რაზეც პასუხისმგებელია საქართველოს ეროვნული ბანკი.
ანგარიშის წარდგენისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ისაუბრა ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე, ფასების არსებულ დინამიკასა და მასზე მოქმედ ფაქტორებზე.
გვენეტაძის განმარტებით, საქართველოში 2009 წლიდან მოქმედებს მცურავი კურსის რეჟიმი, რომელიც ოპტიმალურია მცირე ზომის ღია ეკონომიკის ქვეყნისთვის, მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და სტაბილური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისთვის.
„საქართველოს ტიპის მცირე ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნის შემთხვევაში, რომელიც არ არის მნიშვნელოვნად ინტეგრირებული სტაბილური მონეტარული პოლიტიკის მქონე რომელიმე ეკონომიკასთან და კაპიტალის თავისუფალი მობილობით ხასიათდება, მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის არსებობა აუცილებელია კონკურენტ¬უნარიანობის შენარჩუნებისა და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისათვის. მოქნილი გაცვლითი კურსის რეჟიმი ოპტიმალურია ჩვენი ეკონომიკისათვის გრძელვადიანი სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. იგი ხასიათდება მოკლევადიანი მერყეობებით და ასრულებს შოკების მშთანთქავ ფუნქციას“, - განმარტავს გვენატაძე.
მაგრამ იმავდროულად, მოქნილობის გამო, იგი თამაშობს შოკების მშთანმთქავ ფუნქციასაც, რაც ხელს უწყობს სტაბილურობას გრძელვადიან პერიოდში. 2008-2009 წლის კრიზისმაც აჩვენა, რომ მოქნილი გაცვლითი კურსის მქონე ქვეყნების ეკონომიკებმა უფრო ნაკლები სიმწვავით განიცადეს რეცესია და ამ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, გაჯანსაღების პროცესიც უფრო სწრაფად წარიმართა.
მისივე თქმით, მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის დროს გაცვლით კურსს განსაზღვრავს საბაზრო მექანიზმები და ასეთი რეჟიმის არსებობა აუცილებელია კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისა და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისათვის.
„მონეტარული პოლიტიკის 25 ოქტომბრის სხდომის შემდეგ საგრძნობლად გაუფასურდა ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი, რამაც, წინა პროგნოზთან შედარებით, გაზარდა ზეწოლა ინფლაციაზე (მსგავსი სცენარი განხილული იყო მონეტარული პოლიტიკის 2017 წლის ნოემბრის ანგარიშში). ამასთანავე, ბოლო ორი თვის ბაზრის კვლევის ინდიკატორები ინფლაციური მოლოდინების ზრდაზე მიუთითებს, ხოლო ეკონომიკური აქტივობის მოსალოდნელზე მეტად გაუმჯობესება ასუსტებს მოთხოვნის მხრიდან ინფლაციის შემცირების შესაძლებლობას. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის შემცირების მიზნით, გამოიკვეთა მონეტარული პოლიტიკის რეაგირების საჭიროება. ამ ეტაპზე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 13 დეკემბრის სხდომაზე პოლიტიკის განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით გაზრდა გადაწყვიტა. მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გამკაცრების ზომა და ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შემცირდება ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსიდან ფასებზე მომდინარე ზეწოლა“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
“დიახ, აქციზის მატება გავლენას ახდენს ინფლაციის მატებაზე”, - ასე უპასუხა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თამბაქოს პროდუქციაზე აქციზის მატებით გამოწვეულ შედეგებთან დაკავშირებით პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დასმულ კითხვას.
„გვქონდა ინფორმაცია, რომ აღებულია ვალდებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ აქციზის მატება ყოველ წელს მოხდეს. ვიცით, რომ ამ წელს ეს განსაზღვრული არ არის და ამიტომ ამ წელს ეს პროგნოზში არ ჩაგვიდeევს, მაგრამ ჩვენ დავუშვით, რომ ეს შესაძლოა შემდეგ წლებში იყოს ჩადებული. ამიტომ შემდეგი წლების ინფლაციაში ავსახეთ. ეს გათვალისწინებულია 2019 წლიდან და თუ რაიმე შეიცვალა, ამასაც გავითვალისწინებთ“, - განაცხადა გვენეტაძემ.
კობა გვენეტაძემ ვრცლად ისაუბრა ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის უპირატესობაზე და აღნიშნა, რომ ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი საშუალოვადიან ინდიკატორს წარმოადგენს. ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას იმგვარად წარმართავს, რომ ინფლაცია ეტაპობრივად მიუახლოვდეს მიზნობრივ მაჩვენებელს.
„ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი ყველაზე თანამედროვე და ეფექტური მექანიზმია ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და გულისხმობს ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლის გამოცხადებას და საშუალოვადიან პერიოდში ამ მაჩვენებლის მისაღწევად შესაბამისი მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრას. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ინფლაციის თარგეთირება არ გულისხმობს, რომ ინფლაცია მუდმივად მიზნობრივი მაჩვენებელის ტოლი უნდა იყოს - ინფლაცია ზოგჯერ იქნება მიზნობრივზე მაღალი, ზოგჯერ კი - მიზნობრივზე დაბალი, თუმცა საშუალოვადიან პერიოდში ის იმოძრავებს მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
კობა გვენეტაძემ განმარტა, რომ მონეტარული პოლიტიკის ზემოქმედება ეკონომიკაზე დროითი ლაგით, ანუ გარკვეული დაყოვნებით აისახება, რაც, განვითარებულ ქვეყნებში არის 2-3 წელი, ხოლო საქართველოს მსგავს ქვეყნებში, 1-1.5 წელი.
ინფლაციის მაჩვენებლის უფრო სწრაფად შემცირებაც არის შესაძლებელი, თუმცა ეს გამოიწვევდა ეკონომიკური ზრდის მკვეთრად კლებას და უმუშევრობის ზრდას. ინფლაციის თარგეთირების პირობებში ეკონომიკური ზრდა, სხვა ალტერნატივებთან შედარებით, ყველაზე მაღალი და სტაბილურია. შესაბამისად, მიღწეულია ეროვნული ბანკის მანდატით განსაზღვრული ამოცანა: ფასების სტაბილურობა და ამავე დროს ეკონომიკის გრძელვადიანი და სტაბილური ზრდა“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ ,,2018-2020 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“ დადგენილების პროექტი მოიწონა, როგორც მან აღნიშნა, წარმოდგენილ დოკუმენტში საკმაოდ კარგადაა განხილული, გაანალიზებული და დასაბუთებული ე.წ. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის არსი და მისი უპირატესობები. ასევე ის თუ საიდან, რატომ და როგორ იქნა განსაზღვრული სებ-ის მიერ 2018-2020 წლების ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებლად 3%, რატომ არის იგი მნიშვნელოვანი, რას მოუტანს ეკონომიკას და ჩვენს თანამოქალაქეებს, - ასე შეაფასა
მისი თქმით, ასევე საინტერესოდაა გაანალიზებული ეგზოგენური ფაქტორები, შესაძლო რისკები, მათი გავლენა ჩვენს ეკონომიკაზე და მიზეზ-შედეგობრივი კავშირები ამ მიმართულებით.
როგორც ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომელზეც დიდწილადაა დამოკიდებული როგორც ქვეყნის მაკროეკონომიკური და მონეტარული სტაბილურობა, ასევე საქართველოს მოსახლეობის სოციალური ყოფა.
„წარმოდგენილი დოკუმენტი და შესაბამისად ინფლაციის 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებელი ეყრდნობა სებ-ის მიერ შემუშავებულ ე.წ. „საბაზისო სცენარს“, აღნიშნულია „ალტერნატიული სცენარიც“. მომავალში კარგი იქნება „საბაზისო სცენართან“ ერთად განხილული იქნას არა ზოგადად „ალტერნატიული სცენარი“, არამედ, „ოპტიმისტური“ და „პესიმისტური სცენარებიც“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.