დრო და დრო თბილისის მერია და “სითი პარკი” ერთმანეთის წინააღმდეგ სიტყვიერად ილაშქრებენ. ამას არანაირი შედეგი არ მოჰყვება. დედაქალაქის ახალი მერი ირწმუნება, რომ კომპანიას საქმეს მალე სამართლებრივად მოუგვარებენ. შესაბამისად, 2018 წელს ამ ორ სუბიექტს შორის სასამართლო დავა უნდა გაჩაღდეს.
კახა კალაძე აცხადებს, რომ კომპანია “სითი პარკს” აქვს სერიოზული დარღვევები, ამიტომ მერია სამართლებრივი კუთხით აპირებს სიარულს საკითხის გადასაწყვეტად. როგორც ქალაქის მერმა აღნიშნა, ის ჯერჯერობით უფრო დეტალური პასუხისგან თავს შეიკავებს, რათა ნათქვამი შემდეგ ისევ ქალაქის მთავრობის წინააღმდეგ არ იყოს გამოყენებული.
“სითი პარკთან” დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებები იყო. თუნდაც საარჩევნო კამპანიის დროს ჩემი ოპონენტებიც საუბრობდნენ ამ პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობას აწუხებს. ბევრი აღნიშნავდა, რომ 25 მილიონს გადავუხდით და შემდეგ ამ თანხას გადაიხდის კომპანია, რომელიც მომავალში შემოვა. აქედან გამომდინარე, ეს თანხები ისევ მოსახლეობას უნდა გადაეხადა. ნათელია, რომ თანხები იმ კომპანიას ისევ ხალხისგან უნდა ამოეღო.
ჩვენი მიდგომაა, რომ წავიდეთ სამართლებრივი გზით. კომპანიას აქვს სერიოზული დარღვევები, ამიტომ ამ წუთში თავს შევიკავებ კონკრეტულ განცხადებასთან დაკავშირებით, რადგან საუბარია სამართლებრივ გზაზე. შეიძლება ჩემი პოზიცია მომდევნო წლებში ისევ მერიის წინააღმდეგ იყოს გამოყენებული”, - განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც ჩანს, ახლა დედაქალაქის მერიაში ეძებენ სამართლებრივ მექანიზმებს საკითხის შედარებით უმტკივნეულოდ გადასაჭრელად. ამასობაში კი თანდათან იწურება ის ვადა, რომელიც თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა 21 ნოემბერს “სითი პარკს” მისცა. მან “სითი პარკს” დარღვევებზე მიუთითა და გამოსწორებისთვის ვადა დაუდგინა, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში უწყება კონკრეტულ მოქმედებაზე გადავა.
“სითი პარკში” კი ამტკიცებენ, რომ დარღვევების გამოსწორებისთვის მერიის მხრიდან კომპანიისთვის მიცემული ვადა არ ამოწურულა და ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.
“შპს “სითი პარკი“ არის მერიის ქვეკონტრაქტორი კომპანია. შესაბამისად, კომუნიკაცია, კორესპონდენცია და სამუშაო პროცესი მერიასა და კომპანიას შორის პარკირების ოპერირებასთან დაკავშირებით მუდმივად მიმდინარეობს. მერიის მიერ გაიცა ზოგადი სახის მითითებები ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით.
ვინაიდან კომპანიას მიაჩნია, რომ შპს “სითი პარკი“ მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს ასრულებს ჯეროვნად, აღნიშნულზე მხარეებს გააჩნიათ სხვადასხვა ინტერპრეტაცია, თუმცა ეს ლოგიკური სამუშაო პროცესია. მუდმივად იმართება სამუშაო შეხვედრები მერიისა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის. ასევე დედაქალაქის ახალ ხელმძღვანელობასა და კომპანიის წარმომადგენლებს შორისაც გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც განხილული იყო სხვადასხვა საკითხი. რაც შეეხება მერიის მითითებებს, განსაზღვრული ვადა არ ამოწურულა და ამ საკითხზე მიმდინარეობს მუშა პროცესი”, - განუცხადეს “ინტერპრესნიუსს” კომპანიაში.
სავარაუდოდ, ახალი წლიდან მერია კონკრეტულ ქმედებებზე გადავა. თბილისის ახლმა მერმა კახა კალაძემ პირველად 9 ნოემბერს, განაცხადა, რომ მერია “სითი პარკის“ წინააღმდეგ სარჩელს სასამართლოში შეიტანდა. მას შემდეგ მან მსგავსი განცხადება არაერთხელ გააკეთა. თუკი მუნიციპალიტეტი უკან არ დაიხევს და “სითი პარკიც” ძველებურად გააგრძელებს მუშაობს, 2018 წელს მათ ურთიერთობას სასამართლო გაარჩევს.