„ლიდერთა ზამთრის ბანაკი“ ერთ-ერთი საუკეთესო საშულებაა, რომ ახალგაზრდამ არაფორმალური განათლება მიიღოს“, - მიიჩნევს თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ელენე დავლაძე და 16-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს ბაკურიანში ცოდნის გასამდიდრებლად „ლიდერთა ზამთრის ბანაკში“ ეპატიჟება.
თავად ელენეს არაფორმალური განათლების კუთხით კარგი გამოცდილება აქვს მიღებული, რაც მან სხვადასხვა ბანაკსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით დააგროვა. როგორც ამბობს, სამომავლოდ ადვოკატობას აპირებს. მიიჩნევს, რომ სამართლიანობა საქართველოში აქილევსის ქუსლად ქცეულა, ბევრი ხარვეზია გამოსასწორებელი თუმცა, საბედნიეროდ, მომავალი თაობა უკვე სხვაგვარად უყურებს ამ საკითხს და თაობათა ცვლის პროცესში ყველაფერი უკეთესობისკენ წავა. For.ge ელენე დავლაძეს ესაუბრა.
ელენე, როგორც ვიცი, ინოვაციებისა და განვითარების ფონდის პროექტების ორგანიზატორის ამპლუაშიახალი პროექტისთვისემზადები. რამდენად წაადგებათ ახალგაზრდებს „ლიდერთა ზამთრის ბანაკში“ მიღებული გამოცდილება?
- პროექტი „ლიდერთა ზამთრის ბანაკი“ოთხდღიანია და ბაკურიანში 8-დან 11 თებერვლამდე გაიმართება. ეს ბანაკი ზუსტად არაფორმალური განათლებისთვისაა და ბანაკში წასვლა შეუძლიათ 16-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს, ანუ დამამათავრებელი მე-11, მე-12 კლასების მოსწავლეებსა და სტუდენტებს. „ლიდერთა ზამთრის ბანაკში“ ადგილები შეზღუდულია. ამ ეტაპზე შესაძლებლობა გვაქვს, წავიყვანოთ მხოლოდ 30 ახალგაზრდა, თუმცა ზაფხულისთვის უფრო მასშტაბურ პროექტს ვგეგმავთ და ადგილები შეზღუდული არ იქნება. თანაც, ზაფხულის პროექტი მულტიკულტურული, საერთაშორისო იქნება, სადაც საზღვარგარეთიდანაც მივიღებთ ახალგაზრდებს. ჯერჯერობით საზაფხულო ლოკაცია არ გვაქვს შერჩეული, თუმცა გვინდა, ხელი შევუწყოთ ისეთი ადგილების განვითარებას, რომლებიც ამ ეტაპზე ტურისტულ ზონად არ ითვლება, მაგრამ ძალიან ლამაზია, სასურველია და არა მარტო ქართველები, უცხოელებიც ხშირად სტუმრობდნენ ასეთ ადგილებს, ამიტომაც სიამოვნებით მივიღებთ რჩევებსა და რეკომენდაციებს.
„ლიდერთა ზამთრის ბანაკში“ შერჩევისას რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდნენ ახალგაზრდები?
- ვინაიდან ჩვენს ბანაკს ჰქვია „ლიდერთა ზამთრის ბანაკი“ გვინდა ლიდერობითა და გუნდში მუშაობის თემატიკით დაინტერესებული დაინტერესებული ახალგაზრდები წავიყვანოთ. პირველ რიგში რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია მონაწილის მოტივაცია და სურვილი რაც შეიძლება მეტი ცოდნა წაიღოს ჩვენგან. ამ სფეროში გამოცდილების მქონე აპლიკანტს, რა თქმა უნდა მიენიჭება, უპირატესობა.
ბოლო დროს არაფორმალურ განათლებას უფრო მეტი ყურადღება ეთმობა. რატომ ანიჭებს ახალგაზრდა თაობა უპირატესობას ამ ტიპის განათლებას ფორმალურთან შედარებით? ფიქრობთ, რომ ფორმალური განათლება უფრო ჩარჩოებშია მოქცეული და ზღუდავსმოზარდებს?
- ფორმალური განათლება ძალზე მნიშვნელოვანია. აუცილებელია, ის ყველა ადამიანს ჰქონდეს მიღებული, თუმცა ფორმალური განათლება ეჭვქვეშ არ აყენებს არაფორმალური განათლების მნიშვნელობას, ან პირიქით. ორივე ტიპის განათლება თანაბრად აუცილებელია დღევანდელი ახალგაზრდობისთვის, რადგან არაფორმალური განათლება ეს არის 21-ე საუკუნისთვის აუცილებელი უნარების დაუფლება , როგორიცაა მაგალითად დროისა და რესურსების მენეჯმენტი, ლიდერობა, გუნდური მუშაობა, საჯაროდ გამოსვლის ხელოვნება და ა.შ.
მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა იცოდეს, როგორ გამოიყენოს სკოლასა და უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა სწორად და ეფექტურად.
პირადად შენ სად გამოიმუშავე გუნდური მუშაობის უნარი, ლიდერობის უნარ-ჩვევები?
- ამისთვის ბევრი კარგი პროექტია საქართველოში. სამწუხაროდ, გვაკლია იმის ცნობიერება, რომ ასეთ პროექტებში მონაწილეობა მივიღოთ, რაც მართლაც მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის. თუკი ბავშვებს თავიდანვე ვასწავლით, რომ უნდა იყვნენ ლიდერები, გამოვუმუშავებთ ისეთ უნარებს, როგორიცაა კრიტიკულ სიტუაციაში მართვის სადავეების ხელში აღება, დროისა და რესურსების სწორი განაწილება, მენეჯმენტი, მაშინ ასეთი მოსწავლეები და სტუდენტები უფრო მეტად აქტიურნი გახდებიან. აქტიური მოსწავლე და სტუდენტი შემდეგ ხდება აქტიური მოქალაქე, ხოლო აქტიური მოქალაქე აქტიური ქვეყნის საწინდარია.
მაგრამ ზრდასრულ ასაკს მიღწეული აქტიური ადამიანები რეალიზების საშუალებას ვერ ხედავენ და გარბიან საქართველოდან. ფაქტობრივად, წყალში იყრება სახელმწიფოს მიერ მათ განათლებაზე დახარჯული თანხები, რადგან აქ განათლებამიღებული ახალგაზრდები სხვა ქვეყანას ახმარენ თავიანთ ცოდნას. შენთვის რა დატვირთვა აქვს უცხოეთში წასვლას?
- უცხოეთში განათლების მიღება ძალზე მნიშვნელოვანია. პირადად მე უცხოეთში განათლების მისაღებად როცა წავალ, აუცილებლად დავბრუნდები და იქ მიღებულ ცოდნას ჩემს ქვეყანას მოვახმარ იმისთვის, რომ მომდევნო თაობას არ მოუწიოს განათლების მისაღებად უცხოეთში გაქცევა. მათ საქართველოშიც უნდა მიიღონ ისეთივე განათლება, როგორიც გერმანიაში, საფრანგეთში, აშშ-შია.
ხშირად გვესმის, რატომ გარბიან ცოდნის მისაღებად უცხოეთში, როცა საქართველოშიც გვყავს დაუფასებელი,მაგრამ ერუდირებული ლექტორები. უცხოეთში წასვლისასთქვენი თაობისთვის უცხო ენის დაუფლებაუფრო მნიშვნელოვანია, თუ კონკრეტული პროფილის ცოდნის ამაღლება?რას ვერ აძლევს ჩვენი უნივერსიტეტები მომავალ თაობას? რა ნაკლოვანებას ხედავთაქაურ განათლების სისტემაში?
- ფორმალური განათლება, ინფორმაციის მიღება და ამ ინფორმაციის დამახსოვრება ჩვენს უნივერსიტეტებში საკმაოდ ძლიერია. ჩემს ფაკულტეტზე კარგი ლექტორები, წამყვანი იურისტები მოღვაწეობენ, თუმცა ნაკლები პრაქტიკული გამოცდილება გვაქვს, უცხოური უნივერსიტეტები კი სწორედ ამას აძლევენ ბავშვებს. მით უმეტეს, ძალიან ბევრი გაცვლითი პროგრამაა, სადაც სწავლობ არა მარტო შენს თანამემამულეებთან ერთად, არამედ შეგიძლია, გაეცნო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს. იმედია, არაფორმალური განათლების კუთხითაც უფრო მეტად დავიხვეწებით. რაც მეტი ასეთი ბანაკი და პროექტი იქნება, რასაც ჩვენ ვთავაზობთ თანატოლებს, უფრო წინ წავალთ.
სააკაშვილის დროსაც იყო ე.წ. პატრიოტული ბანაკები, რომელიც აღიქმებოდა გართობისა და თავისუფალი ქცევის არეალად. იმ ბანაკებში მოზარდი სულიერად და გონებრივად ვერ მაღლდებოდა. „ლიდერთა ზამთრის ბანაკს“ რა უპირატესობა ექნება?
- სააკაშვილის დროს პატრიოტთა ბანაკები როცა იყო, ასაკით საკმაოდ პატარა გახლდით. იმ ბანაკში არ ვყოფილვარ და იქაური გამოცდილება არ მაქვს. სამაგიეროდ, მაქვს იმ ბანაკების გამოცდილება, სადაც პროფესიონალი ტრენერები გვიტარებდნენ ტრენინგებს, როგორ დავწეროთ პროექტი, რას ნიშნავს ლიდერობა, გაურკვეველ სიტუაციებსა და პრიორიტეტების ცვლილების გარემოში ეფექტურად მუშაობის შესახებ და ა.შ. გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან დინამიურ სამყაროში ვცხოვრობთ, უნდა ვისწავლოთ ჩვენი რესურსების, დროისა და ამოცანების სწორი გადანაწილება. მნიშვნელოვანია, როგორ ვიმუშაოთ გუნდთან ერთად და რა პრობლემებს შეიძლება წავაწყდეთ ამ პროცესში. პირადად მე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამართული პროექტების მეშვეობით დავხვეწე საჯაროდ გამოსვლისა და პრეზენტაციის უნარები. ეს 21-ე საუკუნისთვის დამახასიათებელი უნარებია. ვფიქრობ, იმ ბანაკებში, სადაც მაქვს გამოცდილება მიღებული, ყველაფერი სწორ ღირებულებებზეა აგებული.
კონკრეტულად რომელი პროფილის ბანაკებში მიიღე გამოცდილება?
- მე ვიყავი USAID-ის მხარდაჭერით საქართველოში მოწყობილ ბანაკებში. მაგალითად GLOW camp რაც ნიშნავს „გოგონები მართავენ ჩვენს სამყაროს“. ამ ბანაკმა მაჩვენა, მიუხედავად იმისა, რომ ქალი ვარ, ეს ხელს არ შემიშლის, ვიყო წარმატებული და ვიყო მმართველ პოზიციაზე. თუ ბევრს ვიშრომებ და შესაბამის განათლებას მივიღებ, შემიძლია, დავიკავო ნებისმიერი პოსტი, რომელსაც მოვინდომებ და შევეჭიდები.
ისტორიული გამოცდილების მიუხედავად, ქვეყანაში, სადაც თამარ მეფე იყო მმართველი, მაინც ფიქრობ, რომ ქალისთვის ძნელია თანამდებობაზე ყოფნა?
- ამ მხრივ საქართველოში იმხელა პრობლემა არ არის, როგორც თავის დროზე ამერიკაში იყო, მაგრამ მაინც იგრძნობა გარკვეული ხარვეზები, რომლის გამოსწორებაც კარგი იქნებოდა. რაც შეეხება ბანაკში მიღებულ გამოცდილებას, ჯერ კიდევ სკოლის პეროდში გახლდით არასამთავრობო ორგანიზაცია „სიქა“-ს მიერ ორგანიზებულ „სამოქალაქო განათლების საგაზაფხულო ბანაკში“. ბანაკში სხვადასხვა წარმატებულ მოსწავლეს მოგვიყარეს თავი, გაგვაცნეს ერთმანეთი და მაშინ მივხვდი, რომ საკუთარ კლასში, კონკრეტულ თემსა და გარემოცვაში საუკეთესოდ ყოფნა სულაც არ ნიშნავს, რომ ბოლომდე საუკეთესო ხარ. ამიტომ გავხდი უფრო მოტივირებული, მიზანდასახული. კიდევ იყო ასეთი პროექტი - გაეროს მოდელირება, რომელიც, ფაქტობრივად, გაეროს სიმულაცია იყო. ჩვენ წარმოვადგენდით სხვადასხვა ქვეყანას, ანუ სხვადასხვა ქვეყნის დელეგატების ამპლუაში ვიყავით. სწორედ იმ პერიოდში დავხვეწე საჯაროდ გამოსვლის უნარები. მაშინ სკოლის მოსწავლე გახლდით და გავიცანი სტუდენტები, რის შემდეგაც უფრო ჩამოვყალიბდი საკუთარ თავში, ზოგადი წარმოდგენა შემექმნა სტუდენტობაზე. სტუდენტების გამოცდილების გაზიარება კი ძალიან დამეხმარა პროფესიის არჩევაში.
როდესაც ლიდერობაზეა საუბარი, ფიქრობთ, რომ ქართველ სტუდენტებს აკლიათ ეს უნარი? თუ პირიქით, ზედმეტად სურთ ლიდერობის ტვირთის აღება, მაშინ, როცა ამის კომპეტენცია არ გააჩნიათ?
- მე ვფიქრობ, ყველა ადამიანში უნდა იყოს ლიდერის თვისებებიდა ეს ლიდერი უნდა გამოჩნდეს მაშინ, როდესაც საჭიროა. ადამიანი იმ სფეროში უნდა იყოს ლიდერი, რომელ სფეროშიც განათლება აქვს მიღებული. ერთ მაგალითს მოვიყვან. გარეული იხვები თბილ ქვეყნებში როდესაც მიფრინავენ, ქმნიან V ფორმაციას. ერთი იხვი მოექცევა სათავეში და ერთმანეთის ფრთების ქვეშ ფრენა ძალიან უადვილდებათ დანარჩენ იხვებს. როდესაც პირველი იხვი, ანუ ლიდერი დაიღლება, გადაინაცვლებს გუნდის ბოლოს და მის ადგილს იკავებს მომდევნო იხვი. ზუსტად ეს არის ლიდერობის პრინციპი. როდესაც ერთი ლიდერი დაიღლება და აღარ შესწევს ძალა გაუძღვეს გუნდს, ამ გუნდში უნდა იყოს სხვა ლიდერიც, რომ პირველი ლიდერი ჩაანაცვლოს.თუკი ფორმაციას მხოლოდ ერთი ლიდერი ეყოლება ფრენის ბოლომდე, ისინი დანიშნულების ადგილამდე ვერ მიაღწევენ, ვერც იმ შემთხვევაში თუკი ყველა ერთად ერთ ხაზზე იფრენს.
საქართველოს პოლიტიკა ხშირად აჩვენებდა, რომ ძირითადად „კოჭლი ლიდერები“ ექცეოდნენ სათავეში, ანუ თქვენებურად რომ ვთქვათ, კოჭლი იხვები. ზოგჯერ ლიდერობა ესმით ისე, რომ არანაირი ერუდიცია, წარსული არ უნდა გქონდეს და მხოლოდ მოექცე სათავეში იმისთვის,რომ ყვლიფო სახელმწიფო და ტვირთი გახდე ქვეყნისთვის. ჩვენთან არასწორად არის გაგებული ლიდერის ცნება?
- ზუსტად არაფორმალური პროექტების ნაკლებობა იწვევს ჩვენში ლიდერობის არასწორ გაგებას. უფროსობა და ლიდერობა აქ სხვადასხვანაირად ესმით. ლიდერი არ ნიშნავს მხოლოდ მართვას, ლიდერი უნდა დაეხმაროს კიდეც თავისი გუნდის წევრებს საერთო საქმის მისაღწევად. ამ დროს კი მმართველი, ე.წ. ბოსი ერთადერთი, რასაც აკეთებს, ისაა, რომ დავალებებს გასცემს და თვითონ ნამდვილად არ შესწევს მის მიერვე გაცემული დავალებების შესრულების ძალა და უნარი. თუკი უფრო მეტი იქნება ასეთი პროექტი და ბანაკი, სადაც ახალგაზრდები სწორ ლიდერობას ისწავლიან, ლიდერობის დამახინჯებული გაგებაც აღარ იქნება. თუმცა ეს არ ხდება მხოლოდ ერთი და ორი პროექტით.