გია გაჩეჩილაძე (“უცნობი”)პრემიერ-მინისტრთან დაპირისპირების ახალ ეტაპს იწყებს. ხმაური ბრალდების შემდეგ, უცნობმა პირდაპირ ეთერშიის მესიჯები გაასაჯაროვა, რომელიც გიორგი კვირიკაშვილს გაუგზავნა. SMS-ს შეტყობინებებში უცნობი პრემიერს სთხოვს ჩაერიოს კონკრეტული ტენდერის საქმეში, რადგან მიაჩნია, რომ მისი სიძე „საშინელ უსამართლობაშია მოხვედრილი“. გაგზავნილი 7 SMS-დან პრემიერმა მხოლოდ 2-ს უპასუხა.
უცნობის SMS N1: „გიორგი შეხვედრა მინდა 5 წუთით. ძალიან მნიშვნელოვანია. საბიუჯეტო სახსრების სერიოზულ დაზოგვაზე მაქვს საუბარი და მინდა საქმის კურსში ჩაგაყენო, რომ მოახერხებ შემეხმიანე. მადლობთ. უცნობი“.
უცნობის SMS N2: „გიორგი გამარჯობა, უცნობი ვარ. ბოდიში, რომ გაწუხებ, მაგრამ დათოს დავაბარე გიგიშას, ჩემი სიძის ამბავი, საშინელ უსამართლობაშია მოხვედრილი. ზოგზოგიერთები თავიანთი თანამდებობებით სარგებლობენ და ძალიან უსამარლოდ ექცევიან. აქამდე არ მინდოდა შენი შეწუხება, მაგრამ წესიერი გზით სიარული ეყტობა არ გამოდის ამ ქვეყანაში. გთხოვ, იქნებ დამეხმარო და გაარკვიო რა ხდება. მითხარი. მადლობთ. გელოდები“.
სწერდ ამ SMS-ს შეტყობინებას უპასუხა პრემიერმა და მეგობარს სიძის ტელეფონის ნომერი სთხოვა. მოგვიანებით კი, უცნობის სიძეს პრემიერის თანაშემწე ხვდება და აღნიშნული საკითხებით ინტერესდება. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ტენდერი. აღმოჩნდა, რომ პრემიერის თანაშემწესთან შეხვედრით უკმაყოფილო დარჩა უცნობის სიძე და ამის შემდეგ მომღერალმა ისევ მიმართა პრემიერს.
უცნობის SMS N3: „გიორგი საშინელ უსამართლობაში ვარ ჩარადნილი. გთხოვ მოიკითხე ჯანდაცვაში, არაკეთილსინდისიერ მყიდველებად გამოგვაცხადეს. რაღაცა საშინელება ხდება. რასაც 9 წელი შევაკვდი იმას მიკეთებენ. შენი ხათრით და პატივისცემით საჯაროდ არაფერს ვმოქმედებ. მირჩიე რამე, აღარ ვიცი, სხვა გზას აღარ მიტოვებენ. P.S. ისე ეს ხიჩიკაშვილი ბიზნესმენია, თუ მანქანების ბინძური დილერი, ვეღარ გავიგე. ბოდიშს გიხდი ემოციებისთვის, ვეღარ ვთოკავ საკუთარ თავს, არაფრის გულისთვის გვიპირებენ დაჩაგვრას“.
უცნობის SMS N4: „გიორგი გამარჯობა, უცნობი ვარ. ბოდიში, მაგრამ შენს იქით გზა არ მაქვს. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ სრულდება. ახლა ჩემი მეგობრის ოჯახი ჩივის იმაზე, რომ აღსრულდეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ისედაც მაგარი ნაწამები ოჯახია მიშასგან, მამა და ორი შვილი ჩაყარა ციხეში. სახელმწიფოს ვალი აქვს ამ კაცის წინაშე, ზაალ ჟვანია ჰქვია. სახელმწიფომ თუ არ დაიცვა, ადამიანები როგორ დაიცავენ კანონს? ეს ხომ პირველ რიგში სახელმწიფომ უნდა გააკეთოს. ის 9 წელი მისი შვილი გვერდიდან არ მომშორებია, მაგარი პატიოსანი ოჯახია და ძალიან გთხოვ იღონეთ რამე“.
„უცნობმა“ პრემიერის ამ SMS-ს შეტყობიდან პასუხი მიიღო, რომელშიც დაპირდა, რომ სამართალდამცავებთან გაარკვევდა ყველაფერს. პარალელურად, საქმის გარკვევას დაჰპირდა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც. თუმცა, როგორც „უცნობი“ აცხადებს, არანაირი რეაგირება არ ყოფილა.
უცნობის SMS N5: „გიორგი, ისევ მე გაწუხებ. თეა წულიკიანის უწყებამ ყველაფერი შეისწავლა. დასკვნსაც დავწერო მითხრა, მაგრამ ეს ფინანსთა სამინისტროს ეხებაო. გიორგი, უმორჩილესად გთხოვ აღასრულებინე სასამართლოს გადაწყვეტილება. სახელმწიფო რეკეტის პოზიციაშია, თუ თვითონ არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და სხვას და მით უმეტეს მოქალაქეებს როგორ უნდა მოვსთხოვოთ კანონის დაცვა? ვიცი, გულთან მიიტან ამ გამწარებული ოჯახის ამბავს და სამართლიანობას აზეიმებ. მადლობა და ბოდიში. მიყვარხარ უცნობი“.
უცნობის SMS N6: „გიორგი, გიორგობას გილოცავ. იქნებ მაპოვნინო რაიმე გამოსავალი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. თუ რამე ბრალი მიმიძღვის შენს წინაშე, ბოდიშს გიხდი, მაგრამ ნამდვილად ვერ ვხვდები ასეთი რა დავაშავე, რომ ამდენი წვალებისა და ცრემლების მერე, კიდევ მე და ჩემნაირები იჩაგრებიან. მე შენ ძალიან მიყვარხარ., რაც არ უნდა მოხდეს არ გიღალატებ. უბრალოდ გული მწყდება ისევ ჩვენზე, რომ ტყდება უსამართლობის ჯოხი. თეა წულუკიანის უწყება, ყველაფერი შეისწავლა. იქნებ მოიკითხო გთხოვ ძალიან“.
გაჩეჩილაძე ამბობს, რომ პრემიერისგან ასეთი SMS-ი მიიღო: „ორჯერ მოვიკითხე და მაცალე“.
უცნობის SMS N7: „ძალაინ გამახარა შენმა მესიჯმა. მიყარხარ მეამაყები. გიორგი მინდა რომ გნახო სულ 5 წუთით. არ მინდა უშენოდ რაღაცა ნაბიჯების გადადგმა. მინდა, რომ უბრალოდ რჩევა დაგეკითხო, ძალიან გთხოვ უყურადღებოდ ნუ დამტოვებ, ჩვენი ძველი ურთიერთობების ხათრით. მეტს არასდროს შეგაწუხებ. ახლა საჩივარი უნდა შევიტანო“.
ასეთია ის SMS-ს გზავნილები, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გია გაჩეჩილაძისგან მიიღო. გაჩეჩილაძის და „სიტროენ ჯორჯიას“ მფლობელების მიერ გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით, გიორგი კვირიკაშვილი დამატებით კომენტარს აღარ აკეთებს. „სიტროენ ჯორჯიას“ დირექტორი გიორგი შარაშიძე ამტკიცებს, რომ კარტელურ გარიგებას სპორტის ყოფილი მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი მფარველობს და შესყიდვების სააგენტო ფრანგული კომპანიის წარმომადგენლობას ხელოვნურად ძირავს.
არანაკლებ სკანდალური გახდა დავების საბჭოს წევრის, მამუკა ტუსკაძეს განცხადება, რომელმაც ამ კარტელური გარიგების კიდევ ერთი მთავარი ფიგურა დაასახელა. მისი თქმით, ეს არის კომპანია „ჰიუნდაი ავტო“, რომელმაც გაჩეჩილაძის სიძის კომპანია „სიტროენ ჯორჯია“ ტენდერიდან მოხსნა. „ჰიუნდაი ავტოს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გოგი თოფაძის შვილი, ირაკლი თოფაძეა და როგორც მამუკა ტუსკაძე ამბობს, რომ სწორედ ამ კომპანიის სასარგებლოდ, ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, „სიტროენი“ ტენდერიდან უკანონოდ მოიხსნა.
ბიზნესმენი ირაკლი თოფაძე მის წინააღმდეგ გავრცელებულ ბრალდებებს უარყოფს და აღნიშნავს, რომ მას კომპანია „ჰიუნდაისთან“ არანაირი შეხება არ აქვს. თოფაძე ამბობს, კომპანია „ჰიუნდაის“ მფლობელი მისი მეგობარია და მისივე თხოვნით, რამდენიმე წლის წინ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა, თუმცა, კომპანიის საქმიანობაში მას მონაწილეობა არ მიუღია, დროის უქონლობის გამო კი, გარკვეული პერიოდის შემდეგ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა და აღნიშნული პოსტი კომპანიის მფლობელს დავით გიორგობიანს მინდობილობით გადასცა.
„ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ დასახელდა ჩემი სახელი და გვარი, რაც დღეს პირველად მედიის მეშვეობით გავიგე. მე არ ვერევი კომპანია „ჰიუნდაის“ საქმიანობაში და არანაირ ტენდერში მონაწილეობა არ მაქვს მღებული, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კომპანია „ყაზბეგი“ სხვადასხვა უწყებებსა თუ კომპანიებს ამარაგებდა ლიმონათით. კომპანია „ჰიუნდაის“ მფლობელი დავით გიორგობიანი არის ჩემი მეგობარი და ამას არ უარვყოფ.
დაახლოებით 6-7 წლის წინ დავინიშნე სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ, მაგრამ მე ვერ ვღებულობდი კომპანიიის მუშაობაში მონაწილეობას და მალევე აღნიშნული თანამდებობა მინდობილობით გადავეცი დავით გიორგობიანს. ასევე აბსურდულია, რომ მე ვარ კომპანიის მფლობელი ან დამფუძნებელი. კომპანიის მუშაობაში არანაირი მონაწილეობა არ მაქვს მიღებული. აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს შესაბამისი დოკუმენტები, რომლის ნახვაც შესაძლებელია საჯარო რეესტრში“, - აცხადებს ირაკლი თოფაძე.
როგორც მოვლენები აჩვენებს, გია გაჩეჩილაძე („უცნობი“) დავას აგრძელებს. შესაბამიად, გაურკვეველია, როგორ დასრულდება დავა, ვინ მოიხდის ბოდიშს და ვინ დატოვებს თანამდებობას. კონკურენციის სააგენტო „სიტროენ ჯორჯიასგან“ დაზუსტებულ ინფორმაციას ელოდება და შეეცდება, მოკვლევა ერთთვიანი ვადის ამოწურვამდე დაიწყოს. როგორც კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ, ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, სააგენტომ საჩივარი 12 დეკემბერს მიიღო, 13 დეკემბერსვე ეს საჩივარი გადაეგზავნათ მხარეებს.
„ჩვენ გავუგზავნეთ წერილი „სიტროენ ჯორჯიას“ და მოვითხოვეთ გარკვეული ინფორმაციის დაზუსტება. ეს სასამართლოს თემას ეხება, ვინაიდან სასამართლოშიც მიმდინარეობს განხილვა და გვაინტერესებს. ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას მოკვლევის დაწყების შესახებ და პროცესი იქნება საჯარო.
მოკვლევა ვერ დაიწყება, სანამ კონკურენციის სააგენტო ყველა ინფორმაციას არ მიიღებს. ჩვენ გვაქვს ერთთვიანი ვადა. ჩვენ შევეცდებით, რომ მანამდე მივიღოთ ინფორმაცია მოპასუხე მხარეებისგან და თავად „სიტროენ ჯორჯიასგანაც“, - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.