"ამ ტრაგედიამ ცოტა უნდა დაგვაფიქროს იმაზე, თუ ვინ ვართ და რა საზოგადოებაში გვინდა ცხოვრება“

1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დაჭრეს, მათგან ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება სკოლის ეზოში დაიწყო, მანდატურის შენიშვნის შემდეგ კი მოსწავლეებმა ხორავას ქუჩის 4-ში გადაინაცვლეს. ერთ-ერთი ვერსიით, ურთიერთდაპირისპირება 51-ე სკოლის მოსწავლეებს შორის მოხდა, რა დროსაც ორი მათგანი დაიჭრა. თვითმხილველების ინფორმაციის თანახმად, შელაპარაკება 51-ე სკოლის მოსწავლეებს შორის დაიწყო, შემდეგ ერთ-ერთმა მათგანმა მეგობარს დაურეკა 53-ე სკოლიდან, რის შემდეგაც დაპირისპირება გაგრძელდა და ორი მათგანის დაჭრით დასრულდა. ორივე მოსწავლე 51-ე სკოლიდანაა. როგორც ითქვა, კონფლიქტში დაახლოებით 15 ბავშვი მონაწილეობდა.

მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებმა გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყეს. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა და ექსპერტ-კრიმინალისტებმა საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩაატარეს.

მომხდარი უკვე გახდა საზოგადოების მსჯელობის საგანი - როგორც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა ხორავას ქუჩაზე სკოლის მოსწავლეების დაჭრის ფაქტის კომენტირებისას განაცხადა, 51- ე სკოლის ბაზაზე როგორც ადმინისტრაციის, ასევე მანდატურის სამსახურის კუთხით, არ ქონდა უპასუხისმგებლობას ადგილი, მათი ვალდებულებების ფარგლებში ისინი ასრულებდნენ მოვალეობას.

„უდიდესი ტრაგედიის მომსწრე ვართ. ეს არის ტრაგედია როგორიც ბოლო 4 წელია არ ახსოვს განათლების სისტემას. ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა არის დაზარალებული მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ყველაფერი კეთდება მისი სიცოცხლის გადასარჩენად. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, დღეს ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ სკოლის ბაზაზე როგორც ადმინისტრაციის, ასევე მანდატურის სამსახურის კუთხით, არ ჰქონდა უპასუხისმგებლობას ადგილი, მათი ვალდებულებების ფარგლებში ისინი ასრულებდნენ მოვალეობას. არც ეჭვის დონეზე არ არსებობდა ინფორმაცია, რომ შეიძლებოდა მოსწავლეებს ჰქონოდათ კონფლიქტი, იგივე ან სხვა სკოლის მოსწავლეებთან. ეს ინფორმაცია უცნობი იყო და შესაბამისად, რეაგირებაც ვერ მოყვებოდა ამ ფაქტს. გამოძიება, ბუნებრივია, დაადგენს მეტ დეტალებს“,- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უშუალოდ სკოლის ტერიტორიაზე, არამედ სკოლების გარკვეული პერიმეტრის მასშტაბით მონიტორინგის გაძლიერება, რომლის შესახებაც იგი აუცილებლად გამართავს კონსულტაციებს განათლებისა და შს მინისტრებთან.

როგორც ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ განუცხადა, პაციენტი გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში და მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მისივე თქმით, პაციენტი ექიმების 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ავთანდილ იმედაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ პირდაპირი მნიშვნელობით ბრძოლა მიმდინარეობდა ბავშვის გადასარჩენად და მას ჰქონდა 7 ძირითადი ჭრილობა. ექიმის შფასებით მოზარდს სადისტური ჭრილობები ჰქონდა მიყენებული.

„პაციენტი პრაქტიკულად, ნული წნევით შემოვიდა. პირდაპირი გულის მასაჟით შევიდა პაციენტი საოპერაციოში. საკაციდან საოპერაციო მაგიდაზე მისი გადაყვანა ვერ მოხერხდა და პირდაპირ საკაცეზე დაიწყო და დამთავრდა ოპერაცია, რითაც შემოიყვანეს. ეს იყო უმძიმესი წუთები ჩვენთვის“, - განაცხადა ავთანდილ იმედაძემ.

როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, ამჟამად მიღწეულია სტაბილიზაცია, პაციენტი გადაყვანილია რენიმაციულ განყოფილებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ სტაბილურია მდგომარეობა.

„რა გართულებები იქნება შემდგომში, ამაზე ლაპარაკი უკვე ძნელია. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ასეთ გამეტებით მიყენებული ჭრილობები 16 წლის ბავშვზე, არ ვიცი, საშინელებაა. ეს იყო შემავალი ჭრილობა გულმკერდის არეში, შემავალი ჭრილობები მუცლის არეში, ღვიძლზე იყო გამჭოლი ჭრილობა. დაზიანებული იყო მაგისტრალური სისხლძრღვები, ბარძაყის არტერია, კერძოდ, ვენა. რომ მოიყვანეს სისხლი არ იყო. ჯგუფის დასადგენადაც კი ვერ ავიღეთ სისხლი ისეთი მდგომარეობა იყო“, - განაცხადა ავთანდილ იმედაძემ.

ამასთან, ექიმის განცხადებით, ჩართულია ყველა სამსახური - რეანიმაციული, ყველა სახის ქირურგი ისევ ადგილზე არიან მობილიზებულები.

„მზად ვართ, რომ თუ კიდევ რამე დასჭირდა, გაკეთდეს. ადგილზე იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. მგონია, რომ ვინც გაიგო, მთელი საქართველო განიცდის და ამ ბავშვის გადასარჩენად ლოცულობს. ჩვენც ერთი სული გვაქვს, როცა ამ გამარჯვებას ვიზეიმებთ“, - განაცხადა ავთანდილ იმედაძემ.

ტრაგედიას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი - გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ საზოგადოება აგრესიული და ძალადობრივია.

მარგველაშვილი მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, კარგად დაფიქრდნენ თავიანთ ქმედებებზე.

„მინდა მივუსამძიმრო მთელს საზოგადოებას, ასეთი ტრაგედიის დროს ყველანი შეძრწუნებულნი და შეშინებულნი ვართ. როგორც საზოგადოება, სამწუხაროდ, ძალიან აგრესიული და ძალადობრივი აღმოვჩნდით. ეს არ გამოიხატება მარტო ამ ტრაგიკულ მოვლენაში. გუშინ იყო დღე, როდესაც მე მივედი და ძალადობის მსხვერპლ ქალებთან მქონდა ურთიერთობა, საღამოს კი კიდევ ერთი ძალადობა დაფიქსირდა ქალზე. დღე არ გავა, რომ არ იყოს ასეთი აგრესიის გამოვლენა. თითეული ჩვენგანი უნდა დაფიქრდეს იმის თაობაზე, თუ რა საზოგადოებაში ვცხოვრობთ და რას ვაძლევთ ერთმანეთს. ამ ტრაგედიამ ცოტა უნდა დაგვაფიქროს იმაზე, თუ ვინ ვართ და რა საზოგადოებაში გვინდა ცხოვრება“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი გარდაცვლილი მოსწავლის მშობლებსა და ახლობლებს თანადგომას უცხადებს და ამბობს, რომ ყველანაირად ეხმარებიან გამოძიებას.

„ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან. სკოლის პერსონალი მზად არის მაქსიმალურად შეუწყოს ხელი სიმართლის დადგენას. ორშაბათს დილიდან მოსწავლეებთან სკოლაში ჩვენი ფსიქოლოგების ჯგუფი იმუშავებს. მივმართავთ ყველა სხვა საშუალებას სამომავლოდ მსგავსი ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად“, - ნათქვამია მინისტრის განცხადებაში, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაავრცელა.