FBI-ის ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით და ექსპერტიზით, მათ შორის დნმ-ის ანალიზით და თითის ანაბეჭდებით, დაქტილოსკოპიური კვლევის შედეგად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოფიციალურად ადასტურებს, რომ ბერი გაბრიელ-სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი ერთი პირი, ახმედ ჩატაევია.
რაც შეეხება სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულ ორ პირს, მათი იდენტიფიცირების მიზნით მუშაობა გრძელდება. სუს-ის ინფორმაციით, სპეცოპერაციისას დაღუპულთა შორის ადამ გუმაშვილი არ არის. სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნინო გიორგობიანი ამბობს, რომ ეს უტყუარი და დადასტურებული ინფორმაციაა. ასევე არ დასტურდება ინფორმაცია სპეცოპერაციის დროს დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრის გაქცევის შესახებ.
„დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს მათი მაიდენტიფიცირებელი არანაირი დოკუმენტი არ ჰქონიათ. აღნიშნული პირების იდენტიფიკაციის პროცესში ჩართული არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. გამოძიების ფარგლებში დგინდება, თუ როგორ მოხვდნენ აღნიშნული პირები საქართველოში და დგინდება მათი შესაძლო კავშირი სხვა დანაშაულებრივ პირებთან“, - აცხადებს ნინო გიორგობიანი.
როგორც სუს-ში აცხადებენ, სპეცოპერაციის საწყის ეტაპზე, რამდენიმე საათის განმავლობაში სუს-ის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ჩატაევთან და მის ჯგუფთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს დანებების თაობაზე. მოლაპარაკებების პარალელურად, მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით განხორციელდა ადგილობრივი მაცხოვრებლების ევაკუაცია კორპუსიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სამართალდამცველების შეთავაზებაზე, რომ დანებებულიყვნენ, უარი განაცხადეს და გახსნეს ცეცხლი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და ისროლეს ხელყუმბარები.
გამომდინარე იქიდან, რომ სპეცოპერაცია მიმდინარეობდა მჭიდროდ დასახლებულ გარემოში, ყველა კონკრეტული ნაბიჯი იგეგმებოდა უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვის გათვალისწინებით. როგორც სუს-ში აცხადებენ, უშუალოდ სპეცოპერაციაში არც ერთი ქვეყნის სპეცსამსახური ჩართული არ ყოფილა.
რაც შეეხება ჩატაევის ცოლ-შვილს, რომლებიც გავრცელებული ინფორმაციით, იმ ბინაში იმყოფებოდნენ, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, სუს-ში ამბობენ, რომ საქართველოში არ იმყოფებიან. პანკისის ხეობაში აცხადებენ, რომ ახმედ ჩატაევის ნათესავების და მეგობრების სურვილის შემთხვევაში, შესაძლოა ჩატაევის ცხედარი პანკისში დაიკრძალოს. უხუცესთა კავშირის წევრი ხასო ხანგოშვილი ვარაუდობს, რომ ჩატაევმა და მისმა თანმხლებმა პირებმა შემოვლითი გზებით შეძლეს საქართველოში შემოსვლა.
„რა მიზნით შეიძლება ის საქართველოში ყოფილიყო ჩამოსული, არ ვიცი, მაგრამ არ მგონია, მას რაიმე ცუდი ზრახვები ჰქონოდა. შესაძლოა, მისი ჩამოსვლა უკავშირდებოდეს საქართველოს გავლით სხვა ქვეყანაში გადასვალას, ან მცირე ხნით უსაფრთხო ადგილზე შესვენებას. მე ვვარაუდობ, რომ ახმედ ჩატაევმა და მისმა თანმხლებმა პირებმა შემოვლითი გზებით შეძლეს საქართველოში შემოსვლა“, - განაცხადა ხასო ხანგოშვილმა.
ასევე, უკვე ცნობილია ქობულეთში ჩატარებულ სპეცოპერაციას თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან კავშირი არ აქვს. ამასთანავე, შს მინისტრი გიორგი გახარია არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულ ერთ-ერთ პირს შეიარაღებული ძალების იარაღი ჰქონდა. რაც შეეხება უსაფრთხოების ზომებს, მინისტრის განცხადებით, უსაფრთხოების ზომები იქნება იმ დონეზე, რა დონეზეც უნდა ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რაც დღეს გვაქვს.
„ბოლო დღეებში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შემდგომ თბილისმა უმასპინძლა ძალიან სერიოზულ, საერთაშორისო დონის ღონისძიებებს. წარმოდგენილი იყო რამდენიმე ქვეყნის ხელმძღვანელი და მინდა გითხრათ, რომ ჩვენმა შესაბამისმა უწყებებმა საკმაოდ მაღალი დონის კოორდინაციით ძალიან კარგად გაართვეს თავი მსგავსი ღონისძიების ჩატარებას და ეს ასე გაგრძელდება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
საერთაშორისო ტერორიზმში ბრალდებული ახმედ ჩატაევი, ინტერპოლის მიერ 2015 წლის ოქტომბრიდან იძებნებოდა. ინტერპოლის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ახმედ რაჯაპის ძე ჩატაევი, მეტსახელად „ცალხელა“, ცნობილი იყო ახმად შიშანის, ელმირ სენესა და დევიდ მაიერის სახელებით, ფლობდა რუსულ, ჩეჩნურ, გერმანულ და არაბულ ენებს. ინტერპოლმა ძებნილი პირების სიაში ჩატაევი 2015 წლის 2 ოქტომბერს, „ალ-ქაიდას“, „ისლამური სახელმწიფოს“ და აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მითითებით „ქმედებების დაფინანსებაში, დაგეგმვაში, უზრუნველყოფაში, მომზადებაში და განხორციელებაში მონაწილეობისთვის“, „იარაღის და მასთან დაკავშირებული მატერიალური სახსრების მიწოდებისთვის, გაყიდვისთვის ან გადატანისთვის“, „ხსენებული ორგანიზაციების სასარგებლოდ დავერბოვკების ან სხვა ქმედებებისთვის“ შეიყვანა.
„ჩატაევი 2001 წელს ავსტრიაში გადასახლდა, საიდანაც ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი შეიარაღებული პირების ფინანსური და ლოგისტიკური მხარდაჭერით იყო დაკავებული. 2007 წლის სექტემბერში ჩატაევმა ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი ტერორისტებისთვის ჩეჩნეთში 12 000 დოლარის ოდენობის სამხედრო ფორმები, პერსონალური კომპიუტერები და აუდიო აღჭურვილობა გაგზავნა.
2014 წლიდან ჩატაევი „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი ხდება, რომელიც 130 შეიარაღებულ პირს მეთაურობს და მოუწოდებს მუსლიმებს ხალიფატის შექმნის მიზნით სირიის, ერაყისა და სხვა სახელმწიფოების ოფიციალური ხელისუფლებების წინააღმდეგ შეიარაღებულ ბრძოლას შეუერთდნენ.
კერძოდ, ინტერნეტში გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოში, რომელიც, სავარაუდოდ, 2014 წლის ოქტომბერ-ნოემბერშია გადაღებული, ჩატაევი „ისლამური სახელმწიფოს“ ქმედებებს ამართლებს და სხვა მუსლიმებს მოუწოდებს, მათ შეუერთდნენ. ასევე, ერთ-ერთ ვიდეოში „ისლამური სახელმწიფოს“ ფორმებში გამოწყობილი ახმედ ჩატაევი და ისლამ ატაბიევი გამოხატავენ სიხარულს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ „დაღესტნის ვილაიეთის“ ემირმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადისადმი ერთგულების ფიცი დადო.
ჩატაევი „ისლამური სახელმწიფოს“ რუსულენოვანი მებრძოლების სირიასა და ერაყიდან ტერორისტული ჯგუფების შესაქმნელად და ტერაქტების მოსაწყობად რუსეთში გადაყვანაზე არის პასუხისმგებელი. ის საზღვარგარეთ რუსული დიპლომატიური მისიების წინააღმდეგ დაგეგმილი ტერორისტული აქტების ორგანიზატორი და სულისჩამდგმელია“, - ასეთია ინფორმაცია, რომელიც ინტერპოლმა ჩატაევის შესახებ გაავრცელა.
მას შემდეგ, რაც სუს-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულთაგან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია, ოპოზიცია ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ალაპარაკდა და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ახმედ ჩატაევის გათავისუფლებაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება. „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე, სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, კიდევ უფრო მეტი ბუნდოვანება და კითხვის ნიშანი გაჩნდა.
„ერთ კვირაზე მეტი გავიდა სპეცოპერაციიდან და ხელისუფლებამ დაადასტურა მხოლოდ და მხოლოდ ის ფაქტი, რაც საზოგადოებამ პირველივე დღიდანვე იცოდა, რომ სპეცოპერაციისას ერთ-ერთი ლიდკვიდირებული იყო ახმედ ჩატაევი. შესაბამისად, კიდევ უფრო მეტი ბუნდოვანება და კითხვის ნიშანი გაჩნდა იმ საკითხებთან მიმართებაში, რაზეც თავიდანვე ვსაუბრობდით. როგორ მოხვდა თავის დროზე და რა პოლიტიკური შედეგი იყო, ქართული ციხიდან ჩატაევის გაშვება? როგორ შემოვიდნენ ტერორისტები საქართველოს ტერიტორიაზე?“, - აცხადებს ირაკლი აბესაძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ ჩატაევი მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლა და ბრალდება მოუხსნა, რომ ამით ლაფანყურის სპეცოპერაციისთვის ჩრდილი მიეყენებინათ.
„ის, რომ ეს არის ჩატაევი, მნიშვნელოვნად ამძიმებს საქართველოს ხელისუფლების მდგომარეობას, ვინაიდან ჩატაევი არის ამ ხელისუფლების პროდუქტი, ის გაათავისუფლა პროკურატურამ და ამის შემდეგ მან მოაწყო ტერორისტული აქტები. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ნებისმიერ დამნაშავეს შეეკვრებოდა, ოღონდ მას ხელი დაედო მაშინდელი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისათვის, თუნდაც ეს ყოფილიყო ცილისწამება“, - აცხადებს რომან გოცირიძე.
ოპონენტების ბრალდებას არ ღებულობს მმართველი გუნდი და მას უსაფუძვლოს უწოდებს. უმრავლესობის წევრი, სოფიო კილაძე განმარტავს, რომ ტერორიზმის საფრთხის წინაშე არა ერთი ქვეყანა დგას და მომხდარი არ ნიშნავს იმას, რომ ქართული სპეცსამსახურები ცუდად მუშაობენ.
„სამწუხაროდ 21-ე საუკუნეში, ყველა ქვეყანაში, განსაკუთრებით დასავლურ ქვეყნებში ხდება ის უბედურება, რასაც ტერორიზმი ჰქვია და ასევე გვინახავს არა ერთი ტერორისტული აქტი, მათ შორის ჩვენს დასავლურ პარტნიორებთან. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი სამსახურები მუშაობს არაეფექტურად.
რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებას იმის შესახებ, რომ ახმედ ჩატაევის ქართული ციხიდან გათავისუფლება პოლიტიკური მოტივით მოხდა, ორი საკითხი უნდა გავყოთ ერთმანეთისგან, რატომ მოხდა იმ ადამიანის გათავისუფლება, ამას სულ სხვა საფუძველი ჰქონდა და დღესდღეობით ის, რაც ჩაიდინა ამ ადამიანმა. ერთი მეორესთან პირდაპირ კავშირში შეიძლება არ იყოს და ამიტომ, აქედან გამომდინარე, სჯობს დაველოდოთ გამოძიების საბოლოო შედეგებს“, - აცხადებს სოფიო კილაძე.
ზრდის თუ არა საფრთხეს „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ახმედ ჩატაევის ლიკვიდაცია, „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელი, ზურაბ აგლაძე ამბობს, რომ ჩატაევი ცნობადი სახე იყო ჩეჩნურ დიასპორაში, ვიდრე „ისლამურ სახელმწიფოში“. შესაბამისად, ჩატაევის ლიკვიდაციის გამო, „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან შურისძიებას ნაკლებად ელოდება.
„ვფიქრობ, გაზვიადებულია საუბარი იმაზე, რომ რაღაცა რისხვა დაგვატყდება. თუმცა, შესაძლებლობა იმისა, რომ რაღაცა მოიმოქმედონ საქართველოს წინააღმდეგ, ეს არსებობს. მაგრამ თუ მოიმოქმედებენ, ალბათ, უფრო ის ჯგუფი, რომელიც საქართველოდან არის გასული და პიროვნული ურთიერთობა ჰქონდა ჩატაევთან. მაგათი ხელით უნდა შესრულდეს ეს შურისძიება. მაგრამ აქვე უნდა ითქვას, ბათირაშვილის შემთხვევაში, იგივე ლაფანყურის სპეცოპერაციის შემდეგ, საქართველოში დღემდე ტერორისტული აქტი არ მოხდარა.
ამიტომ, ეს ყველაფერი მაფიქრებინებს იმაზე, რომ ნაკლებად სავარაუდოა საქართველოში რაღაცა მოხდეს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამას არ გააკეთებენ არც საქართველოდან წასულები, რომლებსაც ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ჩატაევთან, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათი ოჯახის წევრები საქართველოში ცხოვრობენ და მათ იციან, რომ საკმაოდ დიდი პრობლემები შეექმნება მათი ოჯახის წევრებს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზურაბ აგლაძე.
რაც შეეხება შესაძლო საფრთხეების პრევენციაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობას, აგლაძე ამბობს, რომ შესაძლებელია უსაფრთხოების სამსახურებს ჰქონდეთ ინფორმაცია საფრთხეების შესახებ, მაგრამ მისი თქმით, ინფორმაციის ქონა არ ნიშნავს, რომ ეს საფრთხე არსებობს.
„ძალიან დიდი ინფორმაცია შედის სპეცსამსახურებში, ყველა ამ ინფორმაციას გადამოწმება სჭირდება. საფრთხის არსებობა არ ნიშნავს, რომ აუცილებლად განახორციელდება. იმიტომ, რომ ჩვენ გვყავს სპეცსამსახურები და სამართალდამაცავი ორგანოები, რომლებიც მუშაობენ და კარგია, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობენ.
უსაფრთხოების სამსახურები სხვა განცხადებას ვერ გააკეთებდნენ. ამ ფაქტის შემდეგ, მათ ყოველდღიურ რეჟიმში უნდა იმუშაონ იმაზე, რომ საქართველოს მოსახლეობა იყოს დაცული. ეს განცხადება პირდაპირ არ მეტყველებს იმაზე, რომ რაღაცა საშიშროება გველოდება. ეს არის განცხადება განცხადებისთვის, ვიდრე ის, რომ რაღაცა გვემუქრება“, - აცხადებს ზურაბ აგლაძე.