ოპოზიცია პროკურატურას ფოცხოეწერის გზას ასწავლის

ოპოზიცია პროკურატურას ფოცხოეწერის გზას ასწავლის

დავით კირვალიძე
მივარდნილი ფოცხოეწერიდან ძლივსმოღწეულმა ინფორმაციამ საზოგადოებაზე იმდენად ძლიერი ეფექტი იქონია, რომ თბილისიდან გადასაკარგავში გადასახლებული დენილების სანახავად ოპოზიციონერი დეპუტატები გაემართნენ. ნანახმა მათზე იმდენად ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ საქმეში პროკურატურის ჩართვას ითხოვენ.

ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი მინისტრ კობა სუბელიანის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს და პროკურატურას დევნილების ახალი ჩასახლებების საკითხით დაინტერესებას სთხოვს. ცაგარეიშვილმა სპეციალური პრესკონფერენციაც გამართა და ჟურნალისტებს დევნილების ახალი ჩასახლების, წალენჯიხის რაიონის სოფელ ფოცხოში “გარემონტებული” შენობების ფოტომასალაც წარმოადგინა.

ცაგარეიშვილი დედაქალაქის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძესთან ერთად, სოფელ ფოცხოში 18 აგვისტოს იმყოფებოდა.

ფოტომასალის თანახმად, დევნილების ახლადგარემონტებულ შენობებში, უკვე დაზიანებულია იატაკი და კარ-ფანჯარა, სველ წერტილებში კაფელი ჩამოყრილია. ცაგარეიშვილი ოკუპრებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს მიმართავს ოფიციალური კითხვით, რამდენი ლარი დაიხარჯა ამ სამუშაოებისთვის, როდის გამოცხადდა ტენდერი, ვინ გაიმარჯვა, ვინ შეამოწმა შესრულებული სამუშაო და ა.შ.

ამას გარდა, როგორც დეპუტატი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს დასახლება ენგურჰესის მთავარი კასკადიდან 600 მეტრით არის დაშორებული, მათ ელექტროენერგია არ მიეწოდებათ. თავად დასახლება აშენებულია 15-20 წლის წინათ, კასკადზე მომუშავე მუშებისთვის, არის ხეობაში, სადაც სულ ქარია და არ არის სახნავ-სათესი მიწა, ამბულატორია, სკოლა, ბაღი და ა.შ.

“ეს არის ის ადგილი, სადაც უნდა ცხოვრობდნენ არა დევნილები, არამედ ნაციონალური მოძრაობის წევრები და მათი ლიდერი. ჩემი უბედური ქვეყნის ბედნიერი პრეზიდენტი, ერთ დღეს ერთ ლენტს რომ ჭრის და მეორე დღეს - მეორეს. ავიდეს ამ დასახლებაში და თავად ნახოს, რა უბედურება ტრიალებს იქ”, - განაცხადა ცაგარეიშვილმა და დასძინა, რომ ფოცხოში პირდაპირ ბეტონზე მწოლიარე ორსული ქალები ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ზრუნავს ქვეყანა მომავალზე.

ამაჟამად ფოცხოში 17 დევნილის ოჯახი ცხოვრობს. წალენჯიხის რაიონის სოფელი ფოცხო-ეწერი, შეიძლება ითქვას, ყველაფრისგან მოწყვეტილი ადგილია. აქ არც რამე ტიპის სავაჭრო ცენტრია, არც სკოლა და არც საბავშვო ბაღი. ერთადერთი სასწავლო დაწესებულება სოფლიდან 6 კილომეტრშია. ადგილობრივები ამბობენ, რომ გზის სიგრძე დიდად არ აღელვებთ, რადგან ფოცხოელ მოსწავლეებს სკოლაში მისასვლელად ავტობუსი ემსახურებათ.

მთავარი პრობლემა ის არის, რომ აღნიშნულ სკოლაში მხოლოდ არასრული (9-წლიანი) განათლების მიღებაა შესაძლებელი, შემდეგ კი სწავლის გაგრძელების მსურველი ზუგდიდში უნდა გადაბარგდეს, რაც დიდ ფინანსურ ხარჯს უკავშირდება.ფოცხო არც ადრე და არც ახლა მოსახლეობის მრავალრიცხოვნებით ვერ დაიკვეხნიდა. ადრე ფოცხოეწერში მხოლოდ ის მუშა-პერსონალი ცხოვრობდა, რომელიც ენგურჰესის მშენებლობაში იყო ჩართული. სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ ფოცხოს არცთუ ისე დიდ დასახლებას სპეციალურად დევნილებისთვის აშენებული 17-მდე 3-4-სართულიანი კორპუსი შეემატა. ამიერკავკასიის ყოფილი სამხედრო ოლქის (ზაკვოს) შენობიდან და ისნის ჰოსპიტალიდან გამოძევებულ-გამოსახლებულ დევნილთა ერთი წყება, დაახლოებით, 25-მდე ოჯახი, სუბელიანის უწყებამ უკვე შეასახლა.სოფელს ერთი პატარა, 20 კვადრატული მეტრის მომცველი მაღაზია აქვს, რომელშიც ყველაფერი თბილისის ფასებთან შედარებით ბევრად ძვირად იყიდება.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა წალენჯიხის რაიონსა (ფოცხო) და თბილისში (საყვირის ქუჩა) დევნილთა საცხოვრებელი ფართების მონიტორინგი განახორციელეს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს რეკომენდაციით მიმართეს, გატარებულ იქნას შესაბამისი ღონისძიებები, რათა აღნიშნულ უბნებში დასახლებულ დევნილებს ადეკვატური საცხოვრებელი პირობები შეექმნათ.

როგორც სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, ფოცხო-ეწერის დასახლებაში, სადაც ამ დროისათვის დევნილთა 13 ოჯახი ცხოვრობს, საცხოვრებელი ფართები რეაბილიტირებულია, თუმცა არსებობს გარკვეული პრობლემები. კერძოდ, დევნილებს არ მიეწოდებათ ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი, შენობაში იატაკი დაზიანებულია. ამასთან, დევნილებს არ აქვთ საკვები პროდუქტები, მედიკამენტები, პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთები და ავეჯი.

ფოცხო-ეწერში მცხოვრებ დევნილთა შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები. რამდენიმე დევნილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, რის გამოც ისინი ექიმის მეთვალყურეობას მუდმივად საჭიროებენ. არადა, უახლოესი სამედიცინო პუნქტი დასახლებიდან დაახლოებით 10 კილომეტრში მდებარეობს. ანალოგიური მდგომარეობაა საყვირის ქუჩაზე. აქ მცხოვრები დევნილების საცხოვრებელი პირობები ამ დრომდე მძიმე რჩება – აღნიშნავენ სახალხო დამცველის აპარატში.

გაერო-ს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატი (გლუკ) თბილისში ბოლო დროს იძულებით გადაადგილებულ პირთა კოლექტიური ცენტრებიდან გამოსახლებების გამო წუხილს გამოთქვამს. ამის შესახებ გლუკ-ის თბილისის ოფისის განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების მიხედვით, გამოსახლების პროცესი სათანდო გამჭვირვალობის ან დევნილთათვის ინფორმაციის მიწოდების გარეშე მიმდინარეობს.

გლუკ-ი აგრძელებს დიალოგს ხელისუფლებასთან მისი მთავარი პარტნიორის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ჩათვლით. მიღწეულია პოზიტიური შეთანხმება, რომელიც გულისხმობს სტანდარტული გამოსახლების პროცედურის შემუშავებას. აღნიშნული პროცედურა გამოყენებული იქნება დევნილთათვის გრძელვადიანი განსახლებისთვის საჭირო ორგანიზებული გადაადგილების დროს, - ნათქვამია განცხადებაში.განცხადების მიხედვით, გამოსახლების პროცესი სათანდო გამჭვირვალობის ან დევნილთათვის ინფორმაციის მიწოდების გარეშე მიმდინარეობს.

აქვე აღნიშნულია, რომ გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი საქართველოში იცავს და საჭირო დახმარებას უწევს 355,000-ზე მეტ ადამიანს, რომელთაგან 350,000-ზე მეტი დევნილი, 1,600 თავშესაფრის მაძიებელი და 1,000-მდე ლტოლვილია.